სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

არ იყო ხნიერ… წერილი მეთერთმეტეკლასელებს

…ილიას „განდეგილზე“ ვლაპარაკობდით.

თქვენ უკვე იცით ამ პოემისა და მისი მთავარი პერსონაჟის ნაირგვარი ინტერპრეტაცია. გთხოვეთ, წაგეკითხათ აკაკი ბაქრაძის „გზა ხსნისა“. მოგაწოდეთ მეცნიერთა და კრიტიკოსთა  მოსაზრებები. ჩვენში დღემდე პოპულარული „პოეტის სათქმელის“ ამოცნობის თვალსაზრისით, ბაქრაძის ინტერპრეტაცია, ვფიქრობ, ძალიან მკაფიოდ გამოხატავს მრავალთა მიერ გაზიარებულ პოზიციას, რომ „ქვეყნის ხსნა ვერ განხორციელდება, თვინიერ პიროვნების ხსნისა. აქაც ორი საფეხური ყოფილა: ჯერ პიროვნება, მერე ერი. როცა პიროვნების ზნეობრივი სრულყოფის პროცესი დამთავრდება, მერე იწყება ერის ხსნა. ყოველმა კაცმა ხორცი უნდა მისცეს სულისათვის, მაშინ გახდება შესაძლებელი ერის გათავისუფლება. განდეგილსაც ეს გზა უნდა გაევლო. ჯერ საკუთარი სულის ხსნისათვის უნდა ებრძოლა და  შემდეგ მიეცემოდა საშუალება მამულზეც ეზრუნა. მაგრამ პიროვნების სულის ხსნა არ არის იოლი საქმე. ამისათვის ჯვარცმულის რწმენა, ნებისყოფა და ენერგია უნდა ჰქონდეს  კაცს. მისი სულის სიმტკიცისა და ძალის პატრონი უნდა იყოს. რაკი განდეგილს ეს თვისებები არ აღმოაჩნდა, დაიღუპა კიდეც. ეს სიკვდილი სულის სიმტკიცის, ძალის, ენერგიის, ნებისყოფის აღზრდისაკენ მოუწოდებს მკითხველს“.

ერთია, რას მივაწერთ ილია ჭავჭავაძეს და მეორეა, ჩვენ როგორ გვესმის პოეტის ტექსტი.  ჩვენი გაგება დამაჯერებელი არ იქნება, თუ პოემა მოკავშირეობას ვერ გაგვიწევს. თუმცა, მკვლევარი მაია ნინიძე, როცა მოკლედ გადმოგვცემს  სხვადასხვა დროს გამოთქმულ შეხედულებებს „განდეგილის“ შესახებ, ამ მცირე მიმოხილვას ცოტა სადაო მოსაზრებას წაუმძღვარებს:

„ჩვენი აზრით, ლიტერატურათმცოდნეობის, როგორც მეცნიერებისათვის, შეუფერებელია, რომ ამა თუ იმ თხზულების შემოქმედებით ჩანაფიქრთან დაკავშირებით გვერდიგვერდ თანაარსებობდეს აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები, „განდეგილის“ შემთხვევაში კი სწორედ ასეთი სურათი გვაქვს. სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით ილიამ თხზულება შექმნა განდეგილობის დასაგმობად, (კიტა აბაშიძე წერს: „რა უნდოდა ეთქვა „განდეგილში“ პოეტს თუ არა ის, რომ ყოველი კაცი, რომელიც გაურბის ცხოვრებას, ცხოვრებისგანვე იქნება დასჯილი, როგორც განდეგილი.“ („ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, თბ. 1962, ილია ჭავჭავაძე, გვ. 131) ვახტანგ კოტეტიშვილის აზრით: „აქ სრულიად მარტივად არის ნაჩვენები საზოგადოებრიობა და ასკეტიზმი და ასევე მარტივად არის ნაჩვენები უკანასკნელის დამარცხება.“ (იხ. ქართული ლიტერატურის ისტორია, XIX ს. თბ.1959, ილია ჭავჭავაძე, გვ. 304-366) მიხეილ ზანდუკელი: „განდეგილის“ დედააზრი მკითხველისათვის აშკარაა: კაცის სიცოცხლე ცხოვრების გარეშე ამაოა, კაცი ცხოვრების გარეშე ვერ მოიპოვებს ვერც სიმშვიდეს, ვერც კმაყოფილებას. ის ისევე განადგურდება, უკვალოდ, როგორც განადგურდა თვით განდეგილი.“ (ილია ჭავჭავაძის მხატვრული ოსტატობა“, თბ. 1968, გვ.55)

მეცნიერთა მეორე ჯგუფის თვალსაზრისით კი პირიქით, ეს პოემა განდეგილობის დასაგმობად არ შეიძლება იყოს დაწერილი. (გრიგოლ ყიფშიძის აზრით ეს ნაწარმოები ილიას ღვთისმსახურებისადმი სიყვარულით აქვს შექმნილი (იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტ.I, 1914, გვ. XVI); ესტატე ბოსლეველი წერს: „ბატონ ჭავჭავაძის პესიმისტურს შეხედულებას „სააქაოზე“ საზღვარი არა აქვს…“ (იხ. გაზ. „შრომა“, 1883, № 18); დავით კეზელის აზრით: „ამ სოფლიდან გაცლა და ლოცვაში სიცოცხლის გატარება აქ იდეალად არის დასახული…“ კიტა აბაშიძის გადმოცემით საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით ილია აქ ბერად შედგომას გვიქადაგებდა: „საწუთრო ესე საზიზღარია და სულის მშვიდობას მხოლოდ რომელსამე უდაბნოს სენაკში მოიპოვებთო.“ (იხ. „ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, თბ. 1962, გვ. 157) აკაკი ბაქრაძე წერს: „უბრალო ლოგიკის თანახმად, დასაგმობი შეიძლება გახდეს ის უარყოფითი მოვლენა, რასაც ამა თუ იმ მიზეზით, საზოგადოებაში აქვს ფეხი მოკიდებული. ასკეტიზმი კი მაშინ არც ფეხმოკიდებული ყოფილა და არც ფესვგადგმული.“ (იხ. ილია ჭავჭავაძე, წიწამური, თბ. „ნაკადული“, 1984, გვ.97)

ფაქტია, რომ ორი ამგვარი საპირისპირო განზრახვა ერთდროულად ვერ ექნებოდა შემოქმედს და აქ ცალსახა დასკვნაა საჭირო. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორი თვალსაზრისიდან ერთ-ერთი მცდარია. რადგან ლიტერატურათმცოდნეობა მეცნიერების დარგია, აუცილებელია, რომ სათანადო დასკვნის გაკეთებისთვის დავეყრდნოთ ფაქტობრივ დოკუმენტურ მასალას, ლოგიკურ არგუმენტაციას და არა განყენებულ პირად შთაბეჭდილებებს“.

მე კი გეტყვით: გნებავთ, აღიარეთ, გნებავთ, ნუ აღიარებთ, რომ რომელიმე თვალსაზრისი მცდარია. კი ბატონო, მნიშვნელოვანია, როგორ ასაბუთებენ ამ თვალსაზრისებს. მაგრამ ასევე ღირებულია თვალსაზრისთა მრავალფეროვნება. ლიტერატურა იმითაცაა მშვენიერი, რომ ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციების ამარა არასოდეს გტოვებს. მოდი, ჩვენც სწორედ ამ მშვენიერებას ჩავეჭიდოთ.

დროებით თავი დავანებოთ იმას, რას ნიშნავს განდეგილის კრახი ან რამ დაღუპა განდეგილი, როგორც ამას ფილოლოგი ფატი ფირუაშვილი კითხულობს და პასუხსაც უძებნის. მთლად არასერიოზულობაში ნუ ჩამომართმევთ და, თუ მეცნიერული სიზუსტე  ჩვენი ორიენტირია, განდეგილი, ჩემი აზრით, მოკვდა ინტენსიური სტრესული ღამის შემდეგ გულის პარკუჭების ფიბრილაციის  ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის შედეგად. გაცილებით საინტერესოა, რა მოუვიდა მას სიკვდილამდე. როგორ შეიძლება „აღვადგინოთ სურათი“ მისი ცხოვრებისა თუ არა, გზის მაინც, რომელმაც აღსასრულამდე მიიყვანა?

კატასტროფისკენ შეუქცევადი შემობრუნების წერტილი პოემაში სწორედ გზის უცაბედი და სწრაფი გააზრებაა. ის პოემის, ალბათ, ყველაზე ცნობილი ფრაზით გადმოიცემა, რომელსაც განდეგილი მწყემსი ქალის პასუხად ამბობს:

„ხსნა ყველგან არის… ხოლო გზა ხსნისა
ესეთი მერგო მე… უბედურსა…“

ეს სიტყვები ბოლოა, რაც პოემაში „ხმამაღლა“, სხვა პერსონაჟის გასაგონად გაისმის. აქ წყდება დიალოგი, გზააბნეულ ქალს ეძინება. ის აღარაფერს იტყვის, ხოლო დაფეთებულ მწირს ხშირი და მძიმე ფიქრები თუ შეკითხვები შემოეჯარება. სხვისთვის სათქმელი ამ სიტყვათა შემდეგ მაინც არაფერი აქვს. აწი გონების მზერა მან მხოლოდ საკუთარ  თავში უნდა ჩაიბრუნოს.

რა არის მაინც ეს „მე… უბედურსა…“? წამოცდენა? სიმართლის გამხელა უნებლიეთ? ან ეგებ არასწორი, არაზუსტი  სიტყვა, რომლითაც განდეგილმა მანამდე გამოვლილი გზა შეაფასა? იქნებ ეს წინასწარი აღიარებაა იმის, რასაც მწირი სულ ცოტა ხანში გააცნობიერებს: უბედური ყოფილხარ, თუ აქამდე დაგკლებია, არ გინახავს და არ გცნობია დიდი სილამაზე, ამ შემთხვევაში მოვლენილი მწყემსი ქალის სახით. აბა, გაიხსენეთ, როგორ აღიქვა მძინარე სტუმარი:

საოცარ იყო მიძინებული
იგი სიტურფე, იგი შვენება!..
თითქო მის შექმნას ერთად ცდილანო
თვით სიყვარული და ნეტარება.
თითქო თვით მადლსა შვენებისასა
თვისი საუნჯე აქ დაჰბნევია
და ეშხსა, ვითა იადონს ვარდზედ,
სული მის ღაწვზედ დაულევია.

მაგრამ მშვენიერებასთან შეხვედრა, მისი აღქმა ან თუნდაც გაცნობიერება, რომ აქამდე მშვენიერებას მოკლებული იყავი, ასეთ ძლიერ (და ეგებ ღრმა), ტრაგიკულ განცდას, საეჭვოა, წარმოშობდეს. მით უმეტეს, მშვენიერების ემოციური ჭვრეტა მწირს არ ეუცხოება, როცა ის მზის ჩასვლას გასცქერის. სიტყვა „უბედური“, ვფიქრობ, იყო მაცნე ან პირველი ნიშანი იმისა, რაც პოემის ფინალში მკითხველისთვის უფრო ცხადია, ვიდრე განდეგილისთვის. ესაა გაცნობიერება საკუთარი არასწორი არჩევანის, ინტელექტუალური შეცდომისა, რაც პერსონაჟმა დაუშვა თავისი მოწოდების გააზრების, შემდეგ კი ცხოვრების შეუფერებელი წესის არჩევისა და მიდევნებისას.

რა ვიცით განდეგილზე? ილია-პორტრეტისტის პირველივე მონასმი გვეუბნება, რომ მწირი „არ იყო ხნიერ“, ხოლო ქალისთვის ნათქვამი – „არ ვთვლი წელთა-სვლას,
მოვშორდი, შვილო, წუთის-სოფელსა და რაღას ვაქნევ იმის ჟამთა-ცვლას!“ – გვავარაუდებინებს, რომ ეს ცოდვილი ქვეყანა მწირმა ახალგაზრდა ასაკში დაუტევა,  როგორც ერთმა თქვენგანმა მითხრა, თავისი ნებით ჩატეხა ხიდი. მისი ახალგაზრდობა პირველად, მგონი, გერონტი ქიქოძემ შენიშნა. მართლაც, დაუთვლელი წლების შემდეგ კაცი ჯერაც არ არის ხნიერი. მთელი ის სულიერი ღვწა, ილია პოემის მეოთხე თავში რომ აღწერს, დიდწილად საკუთარ ლიბიდოსთან, სექსუალურ სურვილებთან ბრძოლა და სექსუალური ლტოლვის სხვა, სრულიად არასექსუალურ მიზნებზე გადართვის „ისტორიაა“. ასეთ ბრძოლაში, ჭირს, იყო ბედნიერი. ამიტომაცაა მწირის „სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი“.

განდეგილის პორტრეტისათვის საგულისხმოა ილიას ერთი სტროფიც:

ლოცვით და მარხვით ხორც-უძლურ-ქმნილი
ჰგვანდა წმინდანსა იგი წამებულს,
მრავალგზით ტანჯულს და ტანჯვათ ზედა
ძლევით-მოსილსა და განდიდებულს.

დიახ, ის ჰგავდა წმინდანსა და წამებულს, მაგრამ არც ერთი იყო და არც მეორე. ილია აქ უბრალო შედარებას არ გვთავაზობს, ეს მკითხველის  თავისებური გაფრთხილებაა ან, გნებავთ, პოეტური ცრუმოძრაობა, რისი არსიც აუცილებლად გაირკვევა მოგვიანებით. პოეტი ამ ხერხს მიმართავს სტიქიის აღწერის დროსაც:

ესე ყოველნი, ერთად რეულნი,
ჰგვანდნენ ცით ვლენილს რისხვას ღვთისასა,
თითქო ღმერთი სჯის ქვეყანას ცოდვილს
დღეს მას საშინელს განკითხვისასა.
ამ დროს ის მწირი სენაკში იყო,
ცრემლით ალტობდა ღვთის-მშობლის ხატსა
და ხელაპყრობით ევედრებოდა
წაწყმედისაგან ქვეყნისა ხსნასა.

ღვთის რისხვააო, დღესაც ვიტყვით ძალიან ცუდ ამინდზე, მაგრამ მხოლოდ მცირედნი ვერ ხედავენ მიჯნას მეტეოროლოგიასა და თეოლოგიას შორის. „თითქო ღმერთი სჯის“, მაგრამ ღმერთი არ სჯის, ეს სტიქია ბობოქრობს.

ეგ უკვე ვიცით, რომ სეტყვა, ჭექა-ქუხილი, წვიმა, გრიგალი წინასწარი მეტაფორაა იმისა, რაც მწირის სულში  და მწირის თავს  მოხდება. მეორე მხრივ, მოქმედებასაც ავითარებს: რომ არა  დელგმა, მწყემსი ქალი მწირს არ მიადგებოდა.

აქ კიდევ ერთი ამბავია: განდეგილი გრიგალის დროს ლოცულობს და ღვთისმშობელს შესთხოვს ქვეყნის გადარჩენას. განდეგილისთვის უფლის ძალა ბუნების კანონზეც ვრცელდება, მას სწამს: ღვთის ნებას ძალუძს ქარიშხალი მართოს იმგვარად, რომ, დღევანდელ ფრაზეოლოგიას თუ ვესესხებით, დასახლებულ პუნქტებსა და მოქალაქეებს, რაც შეიძლება, ნაკლები ზიანი მიადგეს. ღვთის რისხვად სტიქიას მწირი აღიქვამს, ყოველგვარი „თითქოს“ გარეშე; თითქო – ეგ მთლიანად საჩვენო სიტყვაა, მკითხველისა, პერსონაჟს არ ეხება. მწირის ასეთი აღქმა ბუნებრივად გვეჩვენება, რადგან ის ყოველდღე ხედავდა უფლის ძალას – მზის სხივზე დაყრდნობილ ლოცვანს. მაგრამ თუ ეს სასწაული პიროვნების მიმართ ზეგარდმო წყალობის გამოხატულება გახლდათ, ამავე პიროვნებას, მეტი კრიტიკული და/ან  ლოგიკური აზროვნების შემთხვევაში უნდა გასჩენოდა  შეკითხვა: თუ მე დავშვერი ჩემი სულისთვის და უფალი მაძლევს ნიშანს, რომ ესმის ჩემი, რა დააშავა ქვეყანამ, გამძვინვარებულ სტიქიას რომ ატეხს თავს? მაგრამ მწირს ასეთი შეკითხვა არ უჩნდება. მას უბრალოდ სჯერა, რომ ლოცვით მიაწვდენს ღვთისმშობელს  ვედრებას, დაინდოს ქვეყანა. მას სჯერა უფლისაც და თავის ლოცვის ძალისაც. მაგრამ ვინ იტყვის, რომ ქარიშხლის შემდეგ წყნარი ამინდი და ნელი სიო მისი ლოცვის დამსახურება გახლდათ? სულსწრაფობას, მოუთმენლობას, რითაც განდეგილი მოელის მზის ამოსვლას, ჩანს, მთლიანად წაუშლია მისი რუდუნებისა და სულიერი მუშაობის კვალი. იერიც სხვა აქვს – დაძრწის, ჰტანტალებს, თმააბურძგნული, ვითა სიკვდილი გაფითრებული – წერს ილია. მწირის მრავალტანჯული იერიც წუხანდელ ქარიშხალს წაუღია.

და მაინც, ვერ ვიტყვით, რომ ის მკვდარია სიკვდილამდე, ვერ ვიტყვით, რომ არ აქვს შანსი, გადარჩეს. მით უმეტეს, წინა ღამეს თავად ამბობდა, ხსნა ყველგან არისო და ახლა, ჩანს, ან დავიწყებია თავისივე სიტყვები ან მართლა ჰგონია, რომ ის გზა ერგო, რაც, სინამდვილეში, თვითონ ირგუნა. გავიხსენოთ მეუდაბნოეს „წარსული“:

საიქიოსთვის ეს სააქაო
დაუთმია და განშორებია.
განშორებია ვით ცოდვის სადგურს,
ვით სამეუფოს ბოროტისასა,
სადაც მართალი გზას ვერ აუქცევს
განსაცდელსა მას ეშმაკისასა,
სად ცოდვა კაცსა სდევნის დღე დდა-ღამ,
ვითა მპარავი და მტაცებელი;
სად, რასაც ჰხადის მართალი მართლად,
მას უმართლობად ჰქმნის ცოდვის ხელი;
სად რყვნა, წაწყმედა და ღალატია,
სადაც ძმა ჰხარბობს სისხლსა ძმისასა,
სად ცილი, ზაკვა ძულებადა ჰხდის
წმინდა სიყვარულს მოყვასისასა
განშორებია ამ წუთისოფელს,
სად ყოვლი ნიჭი მაცდურებაა,
სად თვით სიტურფე და სათნოება
ეშმაკის მახე და ცდუნებაა.

განმარტების გარეშეც გასაგებია, რომ მწირს გამოქვაბულში დაყუდებამდე ასეთად მიაჩნდა ქვეყანა. ხვდებით, რომ ეს სიტყვები გამოხატავს არა ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისს წუთისოფელზე, არამედ მისი პერსონაჟის შეხედულებას. რას ეფუძნება ეს შეხედულება? ჩვენ არაფერი ვიცით მწირის საერო ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ, რაც ამგვარ მიდგომებს ჩამოუყალიბებდა. ის ფიქრობს და ჰგონია, იცის, რომ წუთისოფელი სწორედ ასეთია – მიწიერ ჯოჯოხეთს ჰგავს. განდეგილად მიდის მხოლოდ თავისი წარმოდგენების ამარა. წარმოდგენებისა, რომლებიც, სავარაუდოდ, არც გამოცდილებად ქცეულან და არც ცოდნად. არ იყო ხნიერ, ახალგაზრდა იყო, უკმარი სულიერი გამოცდილებითა და სუსტი ინტელექტით, შესაბამისად, არც ღრმა თვითრეფლექსიის უნარი უნდა ჰქონოდა.

ილია პოემაში არაფერს ამბობს მწირის გონებრივ შესაძლებლობებზე. სულისთვის ხორცის წამებას, ხორციელი გულისთქმების დამარხვას, ჩანს, უფრო ნების მუშაობას უკავშირებს, ვიდრე გონებისა. განდეგილი მიზანსწრაფულია, მაგრამ ჭკვიანი არ არის. ტექსტის კითხვისას თვალში გეცემათ (და ეს შენიშნულია კრიტიკულ ლიტერატურაშიც), რომ მწირი ვერ უპასუხებს მწყემსი ქალის მარტივ შეკითხვებს. რატომ? წლების მანძილზე დათრგუნული ლიბიდო იმდენად მოაწვა, რომ პასუხს ვერ მოაბა თავი? ქალის მშვენიერებამ დაამუნჯა? ზოგადად, ხმამაღლა მეტყველებას, ანუ ცოტა თანამედროვედ რომ ვსთქვათ, არტიკულირებას იყო გადაჩვეული?  მისი ერთადერთი წიგნი ლოცვანია და ამ წიგნის თუნდ  ყოველ ჯერზე მგზნებარე რელიგიური გრძნობით კითხვა შენი ინტერესების და ყურადღების მიღმა ათავსებს სხვა სამყაროს, რომელიც დატოვე მისი გააზრების გარეშე და არაფერს ჰმატებს შენს ცოდნას ამ სამყაროს შესახებ. მწირი წუთისოფელს გაერიდა, კი ბატონო, სულიერი სრულყოფისა და  სასუფევლის დასამკვიდრებლად მომზადებისათვის, მაგრამ ამით ის გაექცა შეკითხვებსა და პასუხების ძებნას წუთისოფლის შესახებ. ის არა მხოლოდ ემოციურად შეძრულია მწყემის ქალის წინაშე, არამედ ინტელექტუალურად უძლურიც. არ შეუძლია ლოგიკურად ახსნას, რატომ აირჩია ცხოვრების ასეთი წესი. და არ შეუძლია არა მხოლოდ კონკრეტულ მომენტში, არამედ საერთოდ.

მწირის გონებრივი მოუქნელობა ხდება მისი დაღუპვის ერთი მიზეზიც. ის შეუშინდა საკუთარ ფრაზას „ხსნა ყველგან არის… ხოლო გზა ხსნისა ასეთი მერგო მე… უბედურსა“ და ნაცვლად იმისა, რომ ეფიქრა, რატომ იფიქრა ის, შეუდგა კატეგორიულ, ბრმა უარყოფას. ასეთი ფიქრი ნიშნავს დაეჭვებას  არა რწმენაში, არამედ მხოლოდ გზის სისწორეში. მაგრამ ფრაზა და მისი წარმოთქმის შემდგომ განვითარებული მოქმედება გვიჩვენებს, რომ მწირი ვერ იაზრებს მარტივ ამბავსაც კი: გზა მას კი არ ერგო – თავად აირჩია.

განდეგილს არ ჰყოფნის უნარი და, რაც მთავარია, ვაჟკაცობა, იაზროვნოს. რჩება ძლიერი ნეგატიური განცდის ამარა და ვერ ერევა მას. არადა, ხომ შეიძლება გაუსწორო თვალი საკუთარი სულის სიღრმეს და აღიარო, რომ აქამდე გამოვლილი გზა არ იყო მრუდე და მცდარი; ის, უბრალოდ, არ იყო საშენო გზა. შენ შეგეშალა გზის არჩევა, შეცდი, როცა გადაწყვიტე, რომ შენი მოწოდება უფლის სამსახურია გამოქვაბულში დაყუდებითა და მხურვალე ლოცვით. როგორც კი ეს განცდა გაცოცხლდა შენში, მან აგიტანა და არ დაგანება, მიგეღო ის უფრო მშვიდად, გეფიქრა და არ დაგეტეხა უბედურება შენი თავისთვის. მაგრამ მხოლოდ ცალმხრივად მომართულმა ნებამ და აზროვნებას მიუჩვეველმა გონებამ ვერ გადახარშა მარცხი და იქცია ის კატასტროფად.

…გამთენიისას წყნარად ირიჟრაჟა. მთაში დილის გრილი ნიავი უბერავდა. ირგვლივ არაფერი შეცვლილიყო. მწირს აზრად არ მოსვლია, ის მაინც ეფიქრა, რომ ღვთისმშობელმა შეიწყნარა მისი ლოცვა და ქვეყანა ქარიშხალს გადაარჩინა. დაავიწყდა, ვერ დაინახა, რომ ღმერთი მოწყალეა. ანაც – თუ ბოლომდე მატერიალისტებად ვრჩებით, ბუნებამ გაუძლო სტიქიის შემოტევას. აი, განდეგილი კი ვერ მოერია თავის სტიქიებს. მზის ამოსვლისთანავე შევარდა სენაკში, მივარდა ლოცვანს (ილია სწორედ ამ ზმნებს იყენებს) და საჩქაროდ დააყრდნო მზის სხივს – იმის შესამოწმებლად, მოქმედებდა თუ არა უფლის სასწაული, მისი სულიერი სიმაღლისათვის ზეგარდმო გამოგზავნილი ჯილდო, ვინ იცის, რა ხნის მანძილზე გაწეული სულიერი ღვწის დამადასტურებელი სერტიფიკატი და… სხივმა წიგნი არ დაიჭირა.

…მაინც ვფიქრობ, გონების ძალა რომ ჰქონოდა, მწირს შეეძლო ეს ამბავი არ მიეღო ღვთის რისხვად, არც თავისი შრომის წყალში გადაყრად და ცხოვრებაში საბოლოო მარცხად. ღმერთი მოწყალეა – მან თავის მოწყალების ნიშანი დილითაც უჩვენა განდეგილს – გადარჩენილი ქვეყანა და ესეც, სხივით ვერდაჭერილი წიგნი, ასევე უფლის ნიშანი იყო: წადი, ეძიე სხვა გზა ცხოვრებაში, ხსნა ყველგან არის, შენ თავად ამბობდი  და ეს ასეცაა…

მოკლედ, „განდეგილი“ ტრაგედიაა. ტრაგედია ადამიანისა,  რომელმაც თვითონ იქცია ცხოვრება ჯერ დრამად და მერე კატასტროფად. დაიღუპა ისე, რომ ვერ მიხვდა, რისთვის იყო მოწოდებული. თავისთავად, მოწოდების ვერპოვნა ტრაგედია არ არის, მაგრამ გონება კაცს იმისთვის აქვს, რომ ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ გაიცნობიეროს, ასევე, რაც არსებითია, მარცხი გამოცდილებად იქციოს და პირველივე ჯერზე საბოლოოდ არ დაეცეს. შენ შეიძლება მოერიო ვნებებს, გქონდეს ძლიერი ნება, მაგრამ გონების მუშაობის გარეშე შენი ტაძარი მაინც გამოქვაბულად დარჩება, შენ მოკვდები ნაწილობრივ გამოქვაბულის კაცად…

არ გეჩვენებათ?! – თითქოს ცოტა მოულოდნელი გზით მივადექით იმ ადამიანების განათლებისა და გონიერების პრობლემას, ვისაც დღეს სასულიერო პირად ყოფნა იზიდავს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი