პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბიოლოგიის სწავლების მეთოდები

ბიოლოგიის სწავლებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რთული საკითხია სწავლების მეთოდები. მათზე გავლენას ახდენს ბიოლოგიურ მეცნიერებათა თეორიული და პრაქტიკული განვითარება, მეთოდოლოგიის ტენდენციები, ბიოლოგიის დიდაქტიკისა და მეთოდიკის მიღწევები. მეთოდი (ბერძ. methodos – შემეცნების გზა), ფართო მნიშვნელობით, არის მოწესრიგებული საქმიანობა ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად. სასწავლო მეთოდი კი წარმოადგენს მასწავლებლისგან მოსწავლისთვის ცოდნის გადაცემის და მოსწავლის მიერ ამ ცოდნის ათვისების გზას. ყოველგვარი მეთოდი გულისხმობს ორ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს: მასწავლებელ-გადამცემს და მოსწავლე-მიმღებს/ამთვისებელს. ამ ურთიერთქმედების ხასიათი დამოკიდებულია მესამე მნიშვნელოვან კომპონენტზე – ცოდნის წყაროზე.

ცოდნის წყარო დამოკიდებულია სასწავლო მასალის შინაარსზე, რომელიც წამყვანია საგანმანათლებლო პროცესში და ხელს უწყობს სწავლების მიზნის მიღწევას.

პრაქტიკაში ჩამოყალიბდა ბიოლოგიის სწავლების სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც შეიძლება დავაჯგუფოთ მეტ-ნაკლებად საერთო ნიშნების მიხედვით. ეს ნიშნებია:

* ცოდნის მიღების წყარო;
* მასწავლებლის ქმედება სწავლების პროცესში;
* მოსწავლის ქმედება სწავლის პროცესში.
ამ თვისებების მიხედვით შეიძლება გამოიყოს მეთოდთა სამი ჯგუფი:
* ვერბალური (ცოდნის ერთი წყარო – სიტყვა);
* თვალსაჩინოებისა (ცოდნის ორი წყარო – სიტყვა და თვალსაჩინოება);
* პრაქტიკული (ცოდნის სამი წყარო – სიტყვა, შესასწავლი ობიექტი და საგნის პრაქტიკული კვლევა).
ვერბალურ მეთოდებს მიეკუთვნება: თხრობა, საუბარი, ახსნა-განმარტება, ლექცია. აქ მასწავლებლის ქმედება გამოიხატება სიტყვით, ხოლო მოსწავლის ძირითადი ქმედებაა მოსმენა, ზეპირი ან წერილობითი პასუხების გააზრება.

თვალსაჩინოების მეთოდებს მიეკუთვნება ცდებისა და თვალსაჩინო მასალის დემონსტრირება, საგნებისა და მოვლენების ნატურალური ან გამოსახულების (სურათი, სქემა, მულაჟი, მოდელი) სახით ჩვენება.

მასწავლებელი სიტყვიერად უწევს ორგანიზებას შესასწავლი ობიექტის დათვალიერებას, მასზე დაკვირვებას, ხოლო მოსწავლეები მისი მითითების საფუძველზე გაიაზრებენ, გამოაქვთ დასკვნები და იძენენ ცოდნას.

პრაქტიკულ მეთოდებს ბიოლოგიაში მიეკუთვნება სამუშაოები შესასწავლ ობიექტზე ან სახელმძღვანელოზე.
განვიხილოთ ბიოლოგიის გაკვეთილზე გამოყენებული რამდენიმე მეთოდი:
თხრობა. თხრობისათვის დამახასიათებელია სამი ძირითადი ელემენტი: კვანძის შეკვრა, კულმინაცია და კვანძის გახსნა. თხრობას პედაგოგი გაკვეთილზე იყენებს ისეთი ინფორმაციის გადასაცემად, როგორიცაა, მაგალითად, დიდი აღმოჩენების ისტორია, მეცნიერთა ბიოგრაფიები, რაიმე მოვლენის ან ფაქტის აღწერა. თხრობა მალე ღლის მოსწავლეებს, განსაკუთრებით – უმცროსკლასლებს, რადგან მათ უჭირთ ყურადღების მობილიზება 10-25 წუთზე მეტხანს. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ეს და რამდენიმე კითხვასა და მოკლე შინაარსის გადაცემას დასჯერდეს.
საუბარი. სიტყვიერი მეთოდის ეს სახესხვაობა გულისხმობს სასწავლო მასალის განხილვას კითხვა-პასუხის ფორმით, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის მოსაზრებათა გაცვლა-გამოცვლას.

საუბრის მიზანი განისაზღვრება კონკრეტული კითხვით, რომელიც უნდა გაიხსნას მოსწავლეთა ცოდნის მობილიზებით. საუბარი სრულდება დასკვნების გამოტანითა და განზოგადებით.

საუბარი იმართება ნაცნობი ან ნაწილობრივ ნაცნობი მასალის შესახებ. მას ხშირად იყენებენ განვლილი მასალის გამეორების დროს, ახსნილი მასალის განსამტკიცებლად გაკვეთილის ბოლოს, ახალი თემის დაწყებისას, რათა მოსწავლეები მოემზადონ ახალი ინფორმაციის აღსაქმელად. გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებელმა თანდათან უნდა გაართულოს საუბარში ჩართული კითხვები.

სასწავლო პროცესში შეიძლება გამოვყოთ საუბრის შემდეგი ფორმები: შესავალი; ცოდნის განზოგადება; ცოდნის განმტკიცება; საკონტროლო-მაკორექტირებელი საუბარი (შესწორება).

საუბრის წარმართვისას აუცილებელია შემდეგი მეთოდური მოთხოვნების გათვალისწინება:

. სწორად და მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ კითხვები;
. კითხვები ისე იყოს შერჩეული, რომ პასუხები გამომდინარეობდეს შესასწავლი მასალის შინაარსიდან;
. მოსწავლეთა ყურადღება მიმართული იყოს მასალის მთავარი, მნიშვნელოვანი საკითხებისკენ ისე, რომ გამოყენებულ იქნეს მათი წინარე ცოდნა ან ცხოვრებისეული გამოცდილება;
. გათვალისწინებულ იქნეს კითხვები, რომლებიც მოსწავლეებს მიაჩვევს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას (კითხვები განსჯისათვის).
ახსნას ბიოლოგიაში ხშირად იყენებენ. მას ახასიათებს სასწავლო მასალის მკაფიო, ლოგიკური გადაცემა ფაქტებისა და მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე და, დასასრულ, დასკვნების ფორმულირება. ახსნა მოიცავს მსჯელობასაც. ახსნას მიეკუთვნება პრაქტიკული სამუშაოს ჩატარების ინსტრუქტაჟიც, რომელიც უნდა იყოს მოკლე, მკაფიო და ზუსტი.
სასკოლო სასწავლო ლექცია გულისხმობს სასწავლო მასალის ზეპირ გადაცემას, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20-25 წუთს. მასალის შინაარსისა და მოსწავლეთა ცოდნის გათვალისწინებით, ლექცია შეიძლება გადაჯაჭვული იყოს თხრობასთან ან საუბართან. ლექციაზე, წესისამებრ, განიხილავენ დიდი მოცულობის სასწავლო მასალას ან სახელმძღვანელოში არასათანადოდ გაშუქებულ საკითხს.
დემონსტრირებას ბიოლოგიის გაკვეთილზე ხშირად მიმართავენ. ის ემყარება ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას. ის საკმაოდ ეფექტურია. ხშირად უმჯობესია, მასალა აუდიო- და ვიზუალური გზით ერთდროულად მივაწოდოთ მოსწავლეებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შეუძლია როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეს. ეს მეთოდი გვეხმარება, თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაზუსტოთ, რისი გაკეთება მოუწევთ მოსწავლეებს დამოუკიდებლად. ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.
ნახატი. მნიშვნელოვანია დაფაზე შესრულებული ნახატი, სქემა. ამ დროს მოსწავლეთა ყურადღება კონცენტრირებულია დეტალებზე, რომელთა შესახებაც ლაპარაკობს მასწავლებელი.
ბიოლოგიის სწავლების პრაქტიკული მეთოდები მრავალფეროვანია. მათ შორისაა:

. სამუშაო ობიექტის განსაზღვრა, ამოცნობა და აღწერა;
. ცდების ჩატარება;
. ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვება.
ამ მეთოდებს იყენებენ მორფოლოგიური, ანატომიური, სისტემატიკური, აგრეთვე ევოლუციური და ეკოლოგიური შინაარსის მასალის შესწავლისას.
პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პრაქტიკული მეთოდების გამოყენება მოითხოვს გარკვეული რაოდენობის დასარიგებელი მასალის ქონას.
დაკვირვება ორგვარია: მოკლევადიანი/ხანმოკლე და გრძელვადიანი/ხანგრძლივი.

მოკლევადიანი დაკვირვება ცოტა დროს მოითხოვს და შეიძლება ჩავრთოთ საგაკვეთილო პროცესშიც, გამოვიყენოთ ექსკურსიაზეც. ის ყოველთვის სრულდება მასწავლებლის მითითებით.

გრძელვადიანი/ხანგრძლივი დაკვირვება გამოიყენება ისეთი საკითხების შესწავლისას, როგორიცაა, მაგალითად, თესლის გაღვივება, კვირტის ან აღმონაცენის ზრდა-განვითარება, ბუნებაში ფენოლოგიური დაკვირვება.
ექსპერიმენტს როგორც პრაქტიკულ მეთოდს ხშირად იყენებენ ფიზიოლოგიური და ეკოლოგიური მასალის შესწავლისას. ისიც ორგვარია – ხანმოკლე და ხანგრძლივი. ხანგრძლივი ექსპერიმენტი იწყება გაკვეთილზე, კლასგარეშე წრეზე ან სახლში; მერე, განსაზღვრული პერიოდულობით, ხდება დაკვირვება, მონაცემების შეგროვება, დახარისხება და ა. შ.
სწავლების მულტიმედიური მეთოდი გულისხმობს სწავლებას ინტერნეტითა და მულტიმედიური საშუალებებით. სწავლების მულტიმედიური საშუალებები შეიცავს ვერბალურ (მასწავლებელი მოუთხრობს, მოსწავლეები უსმენენ), სადემონსტრაციო (მასწავლებელი აჩვენებს, მოსწავლეები აკვირდებიან) და პრაქტიკულ (მოსწავლეები ახორციელებენ ქმედებებს, მასწავლებელი ხელმძღვანელობს, უწევს ინსტრუქტაჟს) ნიშნებს, ამიტომ მას კომპლექსურსაც უწოდებენ.

სწორედ სხვადასხვა საშუალებით ინფორმაციის გადაცემაა მულტიმედიური მეთოდის გამორჩეული თავისებურება. ბიოლოგიის სწავლებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მულტიმედიური ლექცია, მულტიმედიური პრაქტიკული სამუშაო, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, შეასრულოს ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაო ან ვირტუალურად იმოგზაუროს ბუნებაში.

სწავლების დროს გამოყენებულ ყველა მეთოდს აქვს განსაზღვრული ფუნქცია, უმთავრესად – სასწავლო, განმავითარებელი, აღმზრდელობითი, წამახალისებელი, შემაჯამებელ-მაკონტროლებელი. მათი საშუალებით ხდება მოსწავლეთა პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, ამიტომ ერთი და იგივე მეთოდი, სასწავლო მასალის შინაარსისა და მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით, სხვადასხვა ინტენსივობით გამოიყენება. მათი განვითარება განისაზღვრება სამი პარამეტრით:

. მოსწავლეთა დამოუკიდებლობის ზრდით სწავლების პროცესში;
. მოსწავლეთა წინაშე დასმული ამოცანების გართულებით;
. მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობის ზრდით.

მთლიანი სასწავლო პროცესისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა მეთოდისა და ტექნიკის სწავლება. სწავლების მეთოდების არჩევანი ობიექტურად მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. უმთავრესად – გაკვეთილის მიზანზე, სასწავლო მასალის შინაარსზე, მატერიალურ ბაზაზე, მოსწავლეთა ასაკსა და მომზადების დონეზე. ამ ფაქტორების ცოდნა მასწავლებელს საშუალებას აძლევს, სწორი ორიენტირი მოიძიოს და შეარჩიოს კონკრეტულ სიტუაციას მორგებული აქტივობები.
ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების შემოწმების მეთოდიკა სწავლების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი მიზანია ეფექტური უკუკავშირი – იგი იძლევა იმის შემოწმების საშუალებას, როგორ აითვისეს მოსწავლეებმა მასალა, ეხმარება მასწავლებელს, გააანალიზოს თავისი პედაგოგიური საქმიანობა, მიღწევები, აღმოაჩინოს და აღმოფხვრას ხარვეზები. ეს ძალზე მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლისთვის, ასევე თავად მასწავლებლისთვისაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი