ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დაგვიანებული ბოდიში კახას

ეძღვნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ადამიანების ხსოვნას, რომლებიც სახლიდან გამოუსვლელად  გარდაიცვალნენ.

ამ ბოლო ერთ თვეში ორჯერ მესიზმრა, მე და კახა კიკვიძის პარკში ვსეირნობდით. ის რაღაცას მეუბნებოდა, მე ვერ ვარჩევდი მის სიტყვებს. არადა მაშინ, 14-19 წლისას, მესმოდა. არ იყო ადვილი მისი მეტყველების გაგება, მაგრამ მე მესმოდა. კიდევ დეიდამისს ესმოდა, მეტი არც არავინ ჰყავდა.

ისტორიას ცოტა შორიდან დავიწყებ.

გასული საუკუნის 30-იანი წლები იყო. სამეგრელოში ჩემს დიდ ბებიასა და ბაბუას სახლი დაეწვათ. ბებიაჩემი სულ თოთო ყოფილა და მამიდაშვილს შეუთავაზებია, ამას მე გამოვაზამთრებ, გამართავ სახლ-კარს და დაგიბრუნებო. მერე აღარ დაუბრუნებია. იყო სანათესაოს შორის მუდმივი ჩხუბი, სასამართლოები, გაწევ-გამოწევა, მაგრამ დედაჩემი უკვე სტუდენტი ყოფილა, როცა სისხლით ნათესავები გაიცნეს და ურთიერთობა აღადგინეს.

კახას დედა მიმტაცებელი დედობილ-მამობილის შთამომავალი იყო. მგონი, დეიდაშვილად ერგებოდა დედაჩემს.

რაც მის დაბადებაზე ვიცი, ესაა: გათხოვილა დედამისი და მალევე გაშორებია ქმარს. დარჩენილა ფეხმძიმე. ექვსი თვის ორსული რომ ყოფილა, ყოფილმა ქმარმა დაარეკვინა ვიღაცას, შენმა ძმამ შენი ყოფილი ქმარი მოკლაო. არ უნდოდა ბავშვის დაბადება და იფიქრა, მუცელი მოეშლებაო. მართლაც დაეწყო უდროო მშობიარობა, მაგრამ ბავშვი გადარჩა, ოღონდ ეტლიდან არასოდეს ამდგარა, მეტყველება უჭირდა, ხელების კოორდინაციაც, სახე მონგრეული ჰქონდა, ფეხები განუვითარებელი. არ ვიცი, რა ჰქვია ასეთ დაავადებას, არც ის ვიცი, იყო თუ არა ნაადრევი მშობიარობით გამოწვეული, მაგრამ მთელი სანათესაო ამას აბრალებდა.

დედამისი კახას დარდს გადაჰყოლია. ასე ამბობდნენ, ულამაზესი იყოო. ამას აღნიშნავდნენ დედა-დეიდები და ფოტოებს სინანულით დაჰყურებდნენ. მე არასდროს მომწონდა ეს ფოტოები და ვერ ვგებულობდი, რატომ იყო ულამაზესი. ბავშვთა კბილის ექიმი ყოფილა და პუშკინის ქუჩაზე სტომატოლოგიური კლინიკის ფოიეში მისი დიდი სურათი ეკიდა. იქაც აიცრემლებოდა ხოლმე დედა. ხშირად დავყავდი. მერე, წამოზრდილი სამი წელი დამოუკიდებლადაც დავდიოდი, კბილებს ვისწორებდი. მოსაცდელში თავზე გადმომყურებდა ამ ქალის ღიმილიანი ფოტო. ძალიან მინდოდა, მეც მომწონებოდა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, მაშინ მივხვდი, უფროსებისთვის სხვანაირი იყო სილამაზე, ჩემთვის – სხვანაირი.

ბიძაზეც ბევრი არაფერი ვიცი. ბავშვი ვიყავი და ერიდებოდნენ ჩემთან ამაზე საუბარს. ამბობდნენ, რომ ისიც ძალიან ლამაზი იყო, თან ძალიან განათლებული, რომ საწყალმა თავი დაიღუპა. მოგვიანებით გავიგე, საბჭოთა კანონიერი ქურდი ყოფილა, შეიძლება ნარკომანიც. როგორ და რატომ გარდაიცვალა ახალგაზრდა ან მიმალავდნენ, ან აღარ მახსოვს.

ვიცი, რომ 4-5 წლის კახა დეიდას შერჩა მოსავლელად. დეიდას ძალიან შეშინებია და რუსეთში ჩაუყვანია კახა შესაბამისს ბავშვთა სახლში, მე ვერ მოვუვლი, საქართველოში რომ ჩავაბარო, გული არ გამიძლებს და უკან გამოვიყვანო.

გულს მაინც არ გაუძლია და ორ თვეში უკან ჩამოუყვანია. იმის მერე ერთად ცხოვრობდნენ კახა და დეიდამისი – ვენერა. ვენერამ მოსავლელ დისშვილთან ერთად ოჯახის შექმნა ვეღარ მოახერხა და ბოლომდე მარტო იყვნენ, არავინ ჰყავდათ ახლობელი.

პატარაობიდანვე მახსოვს კახას დაბადების დღეები. უფრო სწორედ, მახსოვს ტორტები, იმ დროისთვის ძალიან უცნაურად მორთული, რომლებსაც ვენერა კერძოდ უკვეთავდა. სხვათა შორის, ისიც ძალიან მიკვირდა, რომ ვიღაცას შეიძლებოდა შეკვეთით ტორტი გამოეცხო. არ იყო ხშირი ასეთი ამბები, ალბათ საბჭოთა კანონიც კრძალავდა.

ეკონომიკურად არ უჭირდათ. მთელი სახლი ანტიკვარებით იყო გამოტენილი. ალბათ ვენერა ამ ნივთებს ჰყიდდა. ერთხელ საბჭოთა ფული გამოიცვალა. მახსოვს, მამამ ძალიან დიდი თანხა გადაურჩინა. მწერალთა კავშირში ჰქონდათ გადაცვლის უფლება. მაშინ მამასავით ყველა მწერალი ახლობლებს ეხმარებოდა. აბა, თავად სად ჰქონდათ მუთაქებში შენახული საბჭოთა ოცდახუთმანეთიანები?!

ისე გავიზარდე, კახას დაბადების დღეებზე, ჩვენსა და დეიდაჩემების გარდა, არც არავინ არ მინახავს, თუმცა ვიცოდი, რომ მათ ჰყავდათ ნათესავები.

ბოლო კლასებში სასწავლებლად დიდუბიდან ნაძალადევში გადავედი. იქვე ცხოვრობდნენ კახა და ვენერაც. ჩემი და კახას მეგობრობაც მაშინ დაიწყო. სკოლასთან ახლოს იყო და ხშირად შევუვლიდი ხოლმე.

კახასთან ურთიერთობა არ იყო ადვილი. მაშინ ასე ვფიქრობდი. ყოველი სტუმრობისას თან მომყვებოდა უსამართლობის განცდა. ისევე როგორც სხვები, მეც მის ამ მდგომარეობას მამამისს ვაბრალებდი. არ იყო ადვილი 15-16 წლის გოგოსთვის იმის მიღება, რომ ამქვეყნად კახას მამისნაირი ადამიანებიც არსებობენ. თანაც ზუსტად იმ პერიოდში გამოჩნდა. დაიწყო გაუთავებელი რეკვა ვენერასთან, გვარი შეუცვალე, რომ მოკვდება, არ მინდა საფლავზე ჩემი გვარი ეწეროსო. თვითონ კომუნისტური გაზეთის მთავარი რედაქტორი გახლდათ. იმ რეჟიმის მსახური, რომელიც უკვე სულს ღაფავდა.

ყოველი წამოსვლისას ზურგით მომქონდა რაღაც ტვირთი, რომლის ზიდვის თავიც არ მქონდა, რომელიც მამძიმებდა, სულს მიხუთავდა, კარგად არც გარკვევა შემეძლო, არც ანალიზი, მით უფრო, გამკლავება. კახასგან ყოველი წამოსვლა გამოქცევას ჰგავდა, მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ მასთან მივრბოდი. მივრბოდი, რადგან არავის დედამიწის ზურგზე ისე არ უხაროდა ჩემი დანახვა, როგორც მას. ისედაც დიდი და მოღრეცილი პირი მთლად გაეხეოდა სიცილისგან და დაჭიმული ხელით ისე ძლიერად მიკრავდა გულში, ლამის ძვლები დაემტვრია. მერე ეს სიცილი და სიხარული გულიან ხარხარში გადასდიოდა. ხუთ-ათ წუთში დამშვიდდებოდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ, გაჭირვებით მიყვებოდა თავისი რადიოს ამბებს. რადიო იყო ერთადერთი სარკმელი მასსა და სამყაროს შორის. წერა-კითხვა არ იცოდა, ვერც შეძლებდა. იჯდა თავის ეტლში და უსმენდა. საბედნიეროდ, საბჭოთა რადიო ბევრად სჯობდა ტელევიზიას. ბევრი რამ იყო მოსასმენი. კახას ცოდნაც გარესამყაროზე არც ისე მწირი იყო. იცოდა და უყვარდა ჭადრაკის თამაშიც, მაგრამ მე პარტნიორად არ ვვარგოდი, ძალიან ადვილად მიგებდა. ამიტომ საკუთარ თავს ეთამაშებოდა.

იმ პერიოდში საერთოდ გამოცლილი მქონდა ფეხქვეშ მიწა. მთავარი კითხვიდან დაწყებული – უყვარხარ თუ არა იმ ბიჭს, რომელზე ფიქრშიც ღამეებს ათენებ – ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებდი. ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვიყავი, კახას სიყვარული იყო ჩემ მიმართ. ამიტომ, მიუხედავად იმ სიმძიმისა, რაც მისგან წამოსულს მომყვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ კახა სახლში გამოკეტილი რადიოსა და დეიდას ანაბარა დარჩენილი ბიჭი იყო, მე კი – ჩვეულებრივი გოგო გარდატეხის ასაკის ჩვეულებრივი სირთულეებით, ჩვენი ურთიერთობა არ იყო უთანასწორო. როგორც მისთვის ვიყავი ერთადერთი ნათელი, გარე სამყაროდან შემოსული, ისე ისიც იყო ერთადერთი დასაყრდენი, ვისგანაც ზუსტად ისეთ უპირობო სიყვარულს ვიღებდი, როგორიც ჰაერივით მჭირდება, უფრო მაშინ, სანამ სამყაროში ჯერ კიდევ ორი ფერია: შავი და თეთრი და სანამ პატარ-პატარა თუ დიდ-დიდი კომპრომისები არ გისწავლია.

მერე ვენერა დაავადდა და გარდაიცვალა. კახას მომვლელი აუყვანეს. დაავადდა და გარდაიცვალა მამაჩემიც. მამა სოფელში დავკრძალეთ და ორმოცამდე იქ დავრჩით. რომ ჩამოვედი, დამირეკეს, კახაც გარდაიცვალაო.
მომვლელმა ქალმა მითხრა, რომ ერთადერთი ნატვრა ჰქონდა, სიკვდილის წინ ენახეო. არც ერთმა ნათესავმა არ მომცა შენი ტელეფონი მანამ, სანამ არ გარდაიცვალაო. ქონების გამო შეეშინდათ და დაუმალეს. რომც მიეცათ, ხმას ვერ მომაწვდენდა, სოფელში ვიყავი, მობილური ტელეფონები მაშინ არ იყო.

მერე იყო კახას დაკრძალვა, სადაც კუბოს აქეთ-იქიდან მჯდომი გააფთრებული ქალები ერთმანეთს თმებში სწვდნენ ორი ბინისა და ძვირფასეულობის ხელში ჩაგდების ჟინით შეპყრობილები.

რა თქმა უნდა, ძალიან განვიცდიდი, სიკვდილის წინ რომ ვერ ვნახე, მაგრამ მართლა არ იყო ჩემი ბრალი და საკუთარი თავი არაფერში დამიდანაშაულებია. ახლა არ მახსოვს, მაგრამ ალბათ ძალიანაც მომწონდა 19 წლისას, რომ ერთადერთი ვიყავი, ვინც მართლა ტიროდა, ვისაც მართლა მოუკვდა კახა. იმ ქონებას დახარბებულ სანათესაოს თუ შევედრებოდი, საერთოდაც ანგელოზად მომეჩვენებოდა ჩემი თავი.

ამ ამბების მერე 25 წელია გასული და დანაშაულის შეგრძნებამ ახლა მომაკითხა. მომაკითხა, იმიტომ, რომ გავიზარდე და რაღაცები გავიგე; მომაკითხა, იმიტომ რომ ქვეყანაც გაიზარდა და აღმოჩნდა, რომ ეტლს მიჯაჭვული ადამიანები ბევრნი არიან; აღმოჩნდა, რომ თუ საზოგადოება ვარგა, ეს მიჯაჭვულობა ძალიან პირობით რამედ შეიძლება იქცეს.

ფეხი რომ მქონდა მოტეხილი, ორი თვე ვერ გავძელი სახლში გამოკეტილმა. მეგობრებმა აქვე, ჩემს სახლთან ახლოს, გამოფენის პარკში წამიყვანეს. გამოფენა კი იყო ადაპტირებული ეტლით მოსიარულეებისათვის, მეპატრონე თვითონ იჯდა ეტლში, მაგრამ გზაზე არსად იყო პანდუსი, ვდგებოდი, ასკინკილათი გადავდიოდი, მაგრად ვიწვალეთ, მაინც ძალიან კარგი იყო.
ახლა გაჩერებაზე ტროტუარს აკეთებენ და ძალიან მიხარია, რომ პანდუსები უკვე მზადაა.

სახელმწიფოსა და საზოგადოების ჰუმანურობაცა და განვითარებულობაც, ალბათ, პირველ რიგში იმით იზომება, როგორ ეპყრობა შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს.

საბჭოეთი ბევრი რამის გამო მძულს, მაგრამ დღეს ვიცი, მთავარი მიზეზი კახაა. ეს იყო ქვეყანა, სადაც მე, საკმაოდ დიდმა, ვერც კი მოვიფიქრე, რომ შეიძლებოდა მისი გარეთ გაყვანა, გასეირნება, რაღაცების დასათვალიერებლად წასვლა. ასეთი ადამიანების არსებობის რცხვენოდათ კიდეც, მაგრამ ეს ჩემთვის ნამდვილად არ იქნებოდა პრობლემა, არც ეტლის ტარება გამიჭირდებოდა. იმ დროისთვის ბიჭებთან უფრო ვმეგობრობდი და არცერთი არ მეტყოდა უარს, მომხმარებოდა. უბრალოდ ვერ მოვიფიქრე. არც კახას გამოუთქვამს სურვილი, არც არავინ ლაპარაკობდა ამაზე. წესი იყო, სახლში უნდა ყოფილიყო. ახლა ძალიან მრცხვენია და უკვე ორჯერ მესიზმრა, მე და კახა კიკვიძის ბაღში ვსეირნობდით, ოღონდ მე მისი აღარ მესმოდა.

ბოდიში, კახა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი