პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ტრენინგის მონაწილეთა ტიპები და მათთან ურთიერთობის სტრატეგიები

უკანასკნელ ათწლეულში სიტყვა „ტრენინგმა“ ისე მოიკიდა ფეხი ჩვენს მეტყველებაში, რომ საეჭვოა, მოიძებნოს ადამიანი, რომელიც მის განმარტებას მოგვთხოვს. ხშირად ტრენინგი სასწავლო პროცესში დასახული მიზნების მიღწევის საუკეთესო საშუალებაა, მეტადრე მაშინ, როცა ზრდასრულთა სწავლებასთან გვაქვს საქმე. ტრენინგის დროს მხოლოდ ცოდნის გადაცემა კი არ ხდება, არამედ განსაზღვრული უნარ-ჩვევების გამომუშავება და განწყობა-დამოკიდებულების შეცვლაც, თუმცა ამას სირთულეებიც ახლავს თან, რომელთა გაუთვალისწინებლად მიზნის მიღწევა ხშირად შეუძლებელიც კია.

განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი რამ: ჯგუფში, როგორც წესი, თავს იყრიან სრულიად სხვადასხვა მოტივით, სხვადასხვა განზრახვითა და მიზნით მოსული, განსხვავებული ინტერესების, შესაძლებლობებისა და ტიპოლოგიური თავისებურებების მქონე ადამიანები. თუ ყოველივე ეს არ გავითვალისწინეთ სატრენინგო აქტივობების, მეთოდების, სასწავლო და საკომუნიკაციო სტრატეგიების შერჩევის დროს, შესაძლოა, დიდ სირთულეებს შევეჯახოთ.

მაინც რა ტიპის მსმენელებს შეიძლება შევხვდეთ აუდიტორიაში?

  • „ყველაფრის მცოდნეებს“. მათი საყვარელი ფრაზაა „თქვენ ახალს ვერაფერს შემომთავაზებთ“. მართალია, ამას ყოველთვის ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ განწყობა, რომლითაც ტრენინგზე მოდიან და გამომეტყველება ხშირად სწორედ ამ შინაარსის მატარებელია. ამ ტიპის მსმენელებს მიაჩნიათ, რომ უკვე ყველაფერი იციან – აქვთ კარგი თეორიული ცოდნა, მოუსინჯავთ ყველა სტრატეგია და ტრენინგი მათ ახალს ვერაფერს მისცემს. სატრენინგო დავალებების შესრულებისას „ყველაფრის მცოდნეები“ ხშირად არაფრით განსხვავდებიან ჯგუფის სხვა წევრებისგან, მაგრამ მათი თავდაჯერება, თავმომწონე პოზა და დამაჯერებელი კილოთი გაკეთებული განცხადებები საკუთარი უპირატესობის შესახებ, როგორც წესი, თრგუნავს ჯგუფს, სადაც შესაძლოა ახალბედა და არცთუ დიდი გამოცდილების მქონე წევრებიც იყვნენ, ეს კი სერიოზულ სირთულეებს უქმნის ტრენერს. იმისთვის, რომ ამ ტიპის მსმენელებს ცნობისმოყვარეობა გავუღვივოთ და მოტივაცია გავუძლიეროთ, შეიძლება, ჯგუფს ტრენინგის დასაწყისშივე ასეთი სიტყვებით მივმართოთ: „მე ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს უკვე საკმარისი ცოდნა აქვს ამ სფეროში. სავსებით შესაძლებელია, სამუშაოს ძალიან კარგად ასრულებდეთ, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ ჩვენს ტრენინგზე იპოვით იმის მტკიცებულებებს, რომ თქვენი საქმიანობა პირდაპირ ეხმიანება თანამედროვე მოთხოვნებს, თანამედროვე მიდგომებს და, ამასთან, ახალ იდეებსაც გაეცნობით“;
  • „ტურისტებს“. ისინი, ერთი შეხედვით, შესაძლოა იდეალურ, აქტიურ მსმენელებად მოგვეჩვენოს. ამ ტიპის მსმენელები მზად არიან ჩვენთან კონტაქტისთვის. თუმცა აქ პატარა საიდუმლო იმალება: მრავალი მათგანი ტრენინგზე იმიტომ მოდის, რომ მოსწონს ყველაფერი ახალი, ჰგონია, ტრენინგი მრავალფეროვნებას შემატებს მის ყოველდღიურ ცხოვრებას, ცოტას გაერთობა კიდეც, გაეცნობა ახალ, საინტერესო ადამიანებს, მონაწილეობას მიიღებს თამაშებში და სხვა გასართობ აქტივობებში. ამ ტიპის მსმენელები, როგორც წესი, მზად არ არიან სერიოზული ინფორმაციის აღსაქმელად და სერიოზულ მსჯელობაში, განხილვაში, დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. არსებობს საფრთხე, ტრენინგი „საცირკო წარმოდგენად“ გადააქციონ, სადაც თავად ვარსკვლავები იქნებიან, ტრენერი კი შეუმჩნევლად აღმოჩნდება წამყვანის როლში. ამ ტიპის მსმენელებთან კონტაქტის დასამყარებლად შეიძლება ჯგუფს ასეთი სიტყვებით მივმართოთ: „ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენთაგანს მოსწონს ყველაფერი ახალი, უყვარს საინტერესო, სიახლეებით სავსე ცხოვრება. მოხარული ვარ, რომ მოხვედით. ვიმედოვნებ, ტრენინგი საინტერესო აღმოჩნდება თქვენთვის“.
  • „ტრენინგზე იძულებით მოსულებს“. ამ ტიპის მსმენელები მოდიან არა საკუთარი სურვილით, არამედ იმიტომ, რომ ხელმძღვანელობა ან ვინმე თუ რამე სხვა აიძულებს მათ ამის გაკეთებას, ამიტომ არცთუ იშვიათად გაღიზიანებულები არიან, თუმცა მორჩილად ასრულებენ ხელმძღვანელობის მითითებებს. ტრენინგის მიმდინარეობის დროს ისინი, ჩვეულებრივ, სხვა, მათთვის უფრო სასურველ ადგილას ყოფნაზე ოცნებობენ. ასეთი მსმენელების გასაგონად შეგვიძლია ვთქვათ: „ზოგი ტრენინგზე სხვისი მოთხოვნით მოდის და არა საკუთარი სურვილით. თუ ეს რომელიმე თქვენგანსაც ეხება, იცოდეთ, რომ მას არ აკისრია პასუხისმგებლობა აქ მოსვლის გამო, მაგრამ მოხარული ვარ, რომ მოხვედით და რაკი აქ ხართ, თქვენზეა დამოკიდებული, რას წაიღებთ აქედან. იმედი მაქვს, ტრენინგზე დასწრებას არ ინანებთ“.
  • „ცნობისმოყვარე და სწავლისთვის მზად მყოფი მსმენელები“. მათ შეიძლება იდეალური მსმენელებიც ვუწოდოთ. ისინი, თუნდაც არც კი იცოდნენ, რა სურთ, მზად არიან ტრენერთან ურთიერთობისთვის, ყურადღებით უსმენენ მას და, საზოგადოდ, სურთ სწავლა, შედეგად კი ხვდებიან, რისთვის მოვიდნენ ტრენინგზე. მალე ისინი ჯგუფის ყველაზე აქტიური წევრები ხდებიან – სიამოვნებით მონაწილეობენ ყოველგვარ აქტივობაში, აკეთებენ ჩანაწერებს, აქტიურობენ დავალებების შესრულების დროს, ხშირად პირველები მოდიან და ყველაზე ბოლოს მიდიან. სწორედ ისინი იღებენ ტრენინგისგან ყველაზე დიდ სარგებლობას და პრაქტიკაშიც აქტიურად ახორციელებენ ნასწავლს. გამორიცხული არ არის, მოვტყუვდეთ – ცნობისმოყვარე მსმენელი აღმოჩნდეს შენიღბული „ტურისტი“, რომელსაც ტრენინგზე მხოლოდ რამდენიმე საინტერესო დღის გატარება ენდომება, მაგრამ თუ მათ კეთილგანწყობი, მეგობრულად შევხვდებით, სავსებით შესაძლებელია, მუშაობის პროცესში არაერთი შემოქმედებითი იდეა წამოაყენონ და ტრენინგის ეფექტურ წარმართვაში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანონ.
  • „ანალიტიკოსები“. ყველა ტრენერს სურს, რაც შეიძლება მარტივად და სრულყოფილად მიიტანოს ინფორმაცია ჯგუფის წევრებამდე, მაგრამ ყოველთვის მოიძებნებიან მსმენელები, რომლებსაც ეს ინფორმაცია არასრულყოფილი და გაუგებარი მოეჩვენებათ. ისინი, როგორც წესი, უამრავ კითხვას სვამენ და უფრო ვრცელ ახსნა-განმარტებას, ინფორმაციის მკაცრ სტრუქტურირებას და დეტალურ ანალიზს მოითხოვენ. სწორედ ამ ტიპის მსმენელებს უწოდებენ „ანალიტიკოსებს“. თუ ჯგუფში ასეთი წევრები გვყვავს, უნდა ავუხსნათ, რომ სიტუაციის ზედმიწევნით პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან მასზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. შეიძლება, შევთავაზოთ მათ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე თავისუფალ დროს დამოუკიდებლად ჩაატარონ მათთვის საინტერესო საკითხის უფრო დეტალური ანალიზი.
  • „იდეალისტები“. ამ ტიპის მსმენელები ტრენერისგან ელიან წარმატების უნივერსალურ რეცეპტს, სჯერათ, რომ ტრენინგი კარდინალურად შეცვლის მათ ცხოვრებას. ისინი ხარბად ისრუტავენ ინფორმაციას, თუმცა არცთუ დიდი ხალისით ასრულებენ დავალებებს. ასეთ მსმენელებს აუცილებლად უნდა ავუხსნათ, რომ წარმატების მისაღწევად მინიმალური ძალისხმევა მაინც უნდა გავიღოთ.
  • „მსხვერპლი“. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მძიმე ცხოვრებისეულ განსაცდელს შეეჯახნენ და ელიან, რომ ტრენერი მათ პრობლემის მოგვარების მზამზარეულ რეცეპტს ასწავლის. ისინი მოითხოვენ, ყველაზე მეტი ყურადღება მათ დაუთმოს, დაამშვიდონ, თანაუგრძნონ და გამოსავალი აჩვენონ. სასურველია, ასეთ მსმნელებს ავუხსნათ, რომ ადამიანი თავად უნდა ცდილობდეს პრობლემის მოგვარებას მიღებული ცოდნის, სიტუაციის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე.

საეჭვოა, ტრენინგის შედეგებით ყველა მსმენელი კმაყოფილი დარჩეს. უფრო მეტიც – ზოგი შესაძლოა გაუნაწყენდეს კიდეც ტრენერს და აღნიშნოს, რომ იმედი გაუცრუვდა. ვეცადოთ, რაც შეიძლება ნათელი, შინაარსიანი და ემოციურად დატვირთული გავხადოთ ტრენინგის თითოეული დღე, რათა, თუ ყველა მსმენელის მოლოდინს ვერ გავამართლებთ, დადებითი ენერგიით მაინც ავავსოთ და ისე გავუშვათ აუდიტორიიდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი