ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

შეცდომების მდინარე  

ერთხელ წიგნის თარგმნისას ისეთი შეცდომა დავუშვი, რომელიც თავზარდამცემი სიცხადით მიუთითებდა არა მხოლოდ მთარგმნელის უმეცრებაზე, არამედ ამ საქმიანობისთვის მისი ჩამოშორების აუცილებლობაზეც. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ მიწას ურმით არ ხნავენ, მაგრამ, რატომღაც, სწორედ ასე დავწერე და შეუსაბამობა არც წინადადების გამართვისას მომხვედრია თვალში. ფრანგული სიტყვის ქართული შესატყვისის ძებნისას წარმოსახვაში გაჩენილ სურათ-ხატს ენაზე მომდგარი სიტყვა გადაეფარა და ძიების გაგრძელებაზე ხელი ამაღებინა. მიწას ურმებით ხნავდნენ-მეთქი. თავის მართლებას არ მოვყვები, რომ ყოველდღიურ მეტყველებაში „ურემსა“ და „გუთანს“ აღარ ვხმარობთ, რომ ისინი ჩვენი ყოფის განუყოფელ ნაწილს აღარ წარმოადგენენ… არ უნდა დამვიწყებოდა. მართალია, ერთიც და მეორეც მხოლოდ ილუსტრირებულ წიგნებსა და ისტორიულ ფილმებში მინახავს, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.

ასეთი შეცდომების დაშვებისას გამაოგნებელი სწორედ ისაა, რომ წამიერად ბრმავდები და ყველაზე იოლად გასარჩევ ობიექტებსაც კი ვეღარ ხედავ. გრძნობის ორგანოები, გონება, ენა – თითქოს პირი შეკრესო, რაღაც სასტიკ თამაშში გითრევენ.

ყოველდღიურ საუბრებში მექანიკური შეცდომის სახელით ვიხსენიებთ იმას, რისი მაგალითიც ზემოთ მოვიყვანე. ეს არაფერს ცვლის. რა სახელიც უნდა დავარქვათ, შეცდომა შეცდომაა. მექანიკურად მოუვიდაო, პოლიტიკოსებზე ამბობენ ხოლმე – ძირითადად, ორაზროვნად.

არსებობს უხეში, ყოველმხრივ გაუმართლებელი, სრულიად უპატიებელი შეცდომებიც – წიგნებშიც და ცხოვრებაშიც.

ალბათ არაფერია ადამიანისთვის იმაზე ბუნებრივი, რომ ცდებოდეს. ეს მისი უფლებაცაა, ბედისწერაც, უბრალო ყოველდღიურობაც. თანამედროვეთაგან ყველაზე დიდი ამერიკელი მწერლის, ფილიპ როთის რომანში „ამერიკული პასტორალი“ ვკითხულობთ: „ვცდებით და ამით ვხვდებით, რომ ცოცხლები ვართ“.  ვცდებით, მაშასადამე, ვარსებობთ.

მაშ, რატომღაა თავზარდამცემი თითოეული შეცდომის გაცნობიერება? იმიტომ ხომ არა, რომ არავინ გვასწავლა, რა ფასი აქვს თითოეულ მცდარ ნაბიჯს, მცდარ პასუხს, არასწორად არჩეულ მიმართულებას ,ზოგადად, ადამიანის არსებობისთვის? არავინ გვითხრა: გიყვარდეთ თქვენი შეცდომები, რადგან ისინი თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. არავინ გაგვაფრთხილა: თქვენ უმთავრესად წყლისგან და შეცდომებისგან შედგებით, სხვადასხვა შემთხვევაში – სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით.

წამიკითხავს სტატიები, რომელთა ავტორებიც – ქართველი თუ უცხოელი მკვლევარები, განათლების სფეროს ექსპერტები – ამ თემას უტრიალებენ, აფასებენ საგანმანათლებლო პროცესის დროს შეცდომების დაშვების ალბათობასა თუ მათგან მიღებულ სარგებელს. ბოლო ათწლეულებში დამოკიდებულება შეიცვალა და მოსწავლეს აღარ აქვს – დიდი ალბათობით,  აღარ უნდა ჰქონდეს – ისეთი განცდა, რომ მცდარი პასუხისთვის ან უნებლიე უზუსტობისთვის ეშაფოტი ელის.

მე ეს განცდა მქონდა. რაც მართალია, მართალია.

ალბათ ამიტომაც ვიგრძენი სრული სასოწარკვეთა სკოლის დამთავრებიდან მრავალი წლის შემდეგ, როცა გავაცნობიერე, რამდენად საბედისწერო შეცდომა დავუშვი. ასეთი მთარგმნელისთვის ყველა სასჯელი მცირეა – მხოლოდ მიწას თუ ახვნევინებ ურმით. ფრანგული სიტყვის ქართული შესატყვისი – „გუთანი“ უცებ, გაუფრთხილებლად, აღსასრულის მაუწყებლად მომადგა ენაზე. წიგნის თარგმანი გამომცემლობაში უკვე გაგზავნილი მქონდა – გამოსაცემად ამზადებდნენ. შეცდომის გამოსწორება – სიტყვების შეცვლა მოვასწარი, რაც ნიშნავს, რომ ამ ამბავს კეთილი დასასრული აქვს, მაგრამ სინამდვილეში არც არაფერი დასრულებულა.

ვის შეუძლია თქვას, შეცდომების მდინარიდან მშრალი გამოვედიო?

სკოლა – ისეთი, როგორიც მახსოვს – აღრმავებდა და აღრმავებდა სწავლის დაწყებისთანავე გაჩენილ დანაშაულის განცდას. ყველაზე დიდი დანაშაული იყო, რომ ის იყავი, ვინც იყავი და ამდენად, აუცილებლად ჩაიდენდი რაღაც ცუდს, რომელიღაც წესს დაარღვევდი, შენი რომელიღაც ქმედება სრულიად მიუღებელი აღმოჩნდებოდა, რომელიღაც საქციელი – ყოველმხრივ დასაგმობი. არავინ ამბობდა, რომ ასეც უნდა მომხდარიყო; რომ მართალია, პატარა, მაგრამ მაინც ადამიანი იყავი და უამრავი მექანიკური, უხეში, ძნელად საპატიებელი, სასაცილო თუ სატირალი შეცდომის დაშვების უფლება გქონდა.

საკუთარი თუ სხვისი შეცდომების მიმართ ასეთი დამოკიდებულება  სულაც არ გულისხმობს მათ გააზრებასა და შეფასებაზე უარის თქმას.  ეს, უბრალოდ, იმ მოცემულობის მიღება და გათავისებაა, რომ ამგვარია ჩვენი ბუნება – წყალზე სიარული არ შეგვიძლია, არც – შეცდომების გარეშე არსებობა, არც – ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება, სწორი სიტყვების პოვნა.

არ დამვიწყებია, რომ ამ ტექსტს მასწავლებლების ინტერნეტ-ჟურნალისთვის ვწერ.

და ვის უჭირს ყველაზე მეტად საკუთარი შეცდომების აღიარება?

და ვინ იცის, რომ ყველაფერი იცის?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი