პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შეფასება – მიდგომები და ზოგადი სტრატეგია

აღიარებულია, რომ სწავლების სხვადასხვა სტრატეგია, კლასის ორგანიზების ფორმები და გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში მასწავლებლის მიერ განხორციელებული აქტივობები სწავლის შედეგზე დიდ გავლენას ახდენს. მაგრამ ხშირად უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა: როგორ გავიგოთ, სწავლობენ თუ არა მოსწავლეები იმას, რაც ჩვენ დავგეგმეთ? ამის გასარკვევად მასწავლებელი შეფასებას ეყრდნობა.

არსებობს შეფასების ტრადიციული და ალტერნატიული მეთოდები და შეფასების საგანი მხოლოდ ნიშნის დაწერა არ არის – ის მოიცავს პედაგოგიური პრაქტიკის შეფასებას, საგაკვეთილო შეფასებას, საშინაო დავალებას და მშობლებთან კომუნიკაციას.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მასწავლებლები პროფესიული დროის მესამედს შეფასებისთვის ხარჯავენ. მიუხედავად ამისა, მრავალი პედაგოგისთვის შეფასება მაინც აქილევსის ქუსლად რჩება. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ შეფასებას საკლასო დონეზე, ფორმალურ და არაფორმალურ შეფასებას, შეფასების სისტემის ფუნქციებს, ეფექტური შეფასების დამახასიათებელ ნიშნებს. მასალა მომზადებულია Don Kauchak-ისა და  Paul Eggen-ის წიგნის „learning and Teaching: Research-Based Methods“-ზე დაყრდნობით. ავტორები მიმოიხილავენ შეფასების პროცესს, გვაცნობენ სხვადასხვა კვლევის შედეგებსა და საკუთარ მოსაზრებებს. წიგნში ყურადღება გამახვილებულია შეფასების ისეთ სახეებსა და მიდგომებზე, რომლებიც დეტალური რუბრიკების არსებობას არ მოითხოვს. ვფიქრობ, ყოველივე ეს განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ქართველი მასწავლებლებისთვის.

სანამ შეფასების სისტემის სპეციფიკურ თვისებებს შევეხებოდეთ, უნდა გავეცნოთ ფუნქციებს, რომლებსაც შეფასების სისტემა ასრულებს. ავტორები მათ ორ ფართო კატეგორიად ყოფენ – ინსტრუქციულად და ინსტიტუციურად. ჩვენ ვაფასებთ მოსწავლეს, რათა ხელი შევუწყოთ სწავლას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუქციული ფუნქციაა. ურთიერთდამოკიდებულება სწავლასა და შეფასებას შორის აშკარაა. მოსწავლეები უფრო მეტს სწავლობენ, როდესაც შეფასება დღიური რეჟიმის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის უკუკავშირითაც უზრუნველყოფს მოსწავლეებს. ამ ურთიერთკავშირის მიზეზები ადვილი გასაგებია. პრაქტიკა და უკუკავშირი ეფექტური სწავლების აუცილებელი კომპონენტებია და საკლასო დავალებები, ქვიზები, ტესტები და ალტერნატიული შეფასებები შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, მოახდინონ საკუთარი გაგების დემონსტრირება და მიიღონ მასწავლებლის კომენტარი. ასეთი უკუკავშირი ძალზე სასარგებლოა არა მხოლოდ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, არამედ სხვა დაინტერესებული მხარეებისთვისაც, მაგალითად, მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის.

მასწავლებლებს შეფასება აწვდის ინფორმაციას სწავლის შედეგების ეფექტურობის შესახებ. თუ მოსწავლეები ვერ სწავლობენ, მასწავლებელმა უნდა შეცვალოს მიდგომები და სწავლების მეთოდები. თუ სწავლობენ, მას შეუძლია განაგრძოს მუშაობა და განავითაროს და განავრცოს მოსწავლეთა ცოდნა. შეფასების შედეგები აგრეთვე მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის მშობლებს, ხელს უწყობს მათ, მიიღონ გადაწყვეტილებები სკოლასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. გარდა ინსტრუქციული ფუნქციებისა, შეფასება ემსახურება ინსტიტუციურ საჭიროებებსაც. სკოლამ და გადაწყვეტილების მიმღებმა უწყებებმა უნდა იცოდნენ, რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა შედეგები არსებულ სტანდარტებს.

შეფასების სისტემის მიმოხილვისას ავტორები გამოყოფენ შეფასებას საკლასო, ფორმალურ და არაფორმალურ დონეზე. ეს ცნებები არც ქართველი მასწავლებლებლებისთვისა უცხო.

სიტუაცია 1. წარმოვიდგინოთ, რომ ქართული ენის გაკვეთილზე მოსწავლეები სწავლობენ მრავლობითი რიცხვის წარმოებას. მასწავლებელი აკვირდება მათ მუშაობას და ხედავს, სახელდობრ რა უჭირთ ბავშვებს. დაკვირვების შედეგად შეკრებილ მონაცემებს ის დაფაზე აღნუსხავს და სთხოვს მოსწავლეებს, ერთად განიხილონ ჩანაწერები.

სიტუაცია 2. ქიმიის მასწავლებელი აკვირდება კლასს და ამჩნევს, რომ უმრავლესობას შეუძლია მოლეკულების გრამებში გადაყვანა, საპირისპირო მოქმედების შესრულება კი უჭირს. ის მოსწავლეებს სთხოვს, თავად შეაფასონ  საკუთარი ნამუშევარი.

პირველ ეტაპზე მასწავლებლები დაკვირვებით აგროვებენ ინფორმაციას. ეს საკლასო დონეზე შეფასებაა. შეფასება საკლასო ოთახში ინფორმაციის შეკრებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესია, რომელშიც ეს მასწავლებლები არიან ჩართულნი. შეფასება სხვადასხვა პროცესს მოიცავს, მათ შორის – მოსწავლეების მუშაობაზე დაკვირვებას, მათი პასუხების მოსმენას დისკუსიის განმავლობაში და მასწავლებლისა და სტანდარტული ტესტის შედეგების შეფასებას.

მასწავლებელი აგროვებს ინფორმაციას, როდესაც ისმენს მოსწავლეთა პასუხებს, ამჩნევს, რომ ზოგიერთი მათგანი გაკვეთილში სათანადოდ არ არის ჩართული. ეს არაფორმალური შეფასებაა, რაც გულისხმობს ინფორმაციის შეგროვებას შემთხვევითი გზებით. მისგან განსხვავებით, ფორმალური შეფასება ნიშნავს ინფორმაციის შეგროვებას სისტემურად, ტესტების, ქვიზებისა და საშინაო დავალებების მეშვეობით, რათა განისაზღვროს, რა ისწავლეს მოსწავლეებმა.

შეფასების ორივე ფორმა მნიშვნელოვანია, რადგან მასწავლებელს სხვაადსხვა სახის ინფორმაციას აწვდის. გადაწყვეტილება ნიშნების დაწერის თაობაზე მიღებული უნდა იქნეს ფორმალური შეფასების საფუძველზე, მაგრამ მასწავლებლის მიერ ყოველდღიურად მიღებული გადაწყვეტილებების უმრავლესობას საფუძვლად უდევს არაფორმალური შეფასება. მაგალითად, გადაწყვეტილება, გავიძახოთ უყურადღებო მოსწავლე, მოსწავლის საქციელზე დაკვირვებისგან გამომდინარეობს და  მიეკუთვნება შეფასების არაფორმალურ ტიპს.

 ავტორები გამოყოფენ ეფექტური შეფასების დამახასიათებელ სამ ნიშანს: მიზანთან შესაბამისობას (ვალიდურობას), სანდოობასა  და პრაქტიკულობას. პროფესიულად სანდო და სასარგებლო შეფასება სამივე კომპონენტს უნდა აერთიანებდეს. მიზანთან შესაბამისობა (ვალიდურობა) ზუსტად უნდა ზომავდეს იმას, რის შესაფასებლადაც ის არის განსაზღვრული. იგი გვიჩვენებს ლოგიკურ კავშირს შეგროვებულ ინფორმაციასა და მის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას შორის. ვალიდურობის დადგენის ერთ-ერთი გზაა კითხვა: „შეესაბამება თუ არა შეფასება მიზანს, რომელიც უნდა შეფასდეს?“ ხშირად პირიქით ხდება. ხშირად თავად შევჯახებივართ არავალიდურ შეფასებას. ალბათ ჩვენთვისაც უსწავლებია მასწავლებელს, რომელსაც სულ სხვა რამ აუხსნია, შემაჯამებელი წერა კი სხვა თემაზე ჩაუტარებია. ეს არა მხოლოდ აღაშფოთებს მოსწავლეებს, არამედ ცოდნის შეჯამებასაც უსარგებლოს ხდის. ვალიდურობა ასევე უნდა შევაფასოთ ინსტრუქციული თანმიმდევრობის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ  სწავლება უნდა შეესაბამებოდეს მასწავლებლის მიზანს, ხოლო ტესტი – ორივეს. როდესაც არსებობს ლოგიკური კავშირი შეფასების პროცედურებს, სწავლების მიზანსა და ნასწავლებ მასალას შორის, ე.ი. ორივე კომპონენტი – თანმიმდევრულობაც და ვალიდურობაც – სახეზეა. მასწავლებელი უნდა ეცადოს, თავიდან აიცილოს ფაქტორები, რომლებიც ვალიდურობას ამცირებს. ის არ უნდა აფასებდეს მოსწავლეს ისეთი ფაქტორების მიხედვით, რომელთა გაზომვაც ადვილია, მაგალითად, ქცევებისა და შესრულებული ამოცანების რიცხვის მიხედვით, ნაცვლად მათი ხარისხისა  და სირთულის შემოწმებისა. გარდა ამისა, მასწავლებლები მიჯაჭვულნი არიან მოსწავლისგან მიღებულ პირველ შთაბეჭდილებაზე, რომელიც შესაძლოა მცდარი იყოს. ასეთი ტენდენციების განვითარება რომ არ დავუშვათ, უნდა შევქმნათ და დავნერგოთ „სისტემური შეფასების სისტემა“, რომელიც სანდოობის ხარისხისკენ წაგვიყვანს.

ვთქვათ, მასწავლებელი ხსნის კონკრეტულ თემას და სთხოვს მოსწავლეებს, მოიყვანონ მაგალითები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, გამოვიყენოთ იგი სხვა სიტუაციაში. რომელიმე მოსწავლე იწევს ხელს და მოჰყავს ძალიან კარგი მაგალითი. იმავეს აკეთებს რამდენიმე სხვა მოსწავლეც. ასეთ დროს მასწავლებელი ასკვნის, რომ კლასმა თემა კარგად გაიაზრა, მაგრამ ავიწყდება, რომ მან მხოლოდ რამდენიმე მოსწავლის პასუხი მოისმინა, თანაც მხოლოდ იმ მოსწავლეებისა, ვინც საკუთარი ინიციატივით აიწია ხელი. დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, რამდენად გაიგო ახალი თემა მთელმა კლასმა, განსაკუთრებით კი – შედარებით დაბალი შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებმა. აქედან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია, მასწავლებლის დასკვნა მცდარი იყოს, რადგან იგი არასანდო ინფორმაციას ეფუძნება. შეფასების სანდოობა ნიშნავს, რომ საზომი კრიტერიუმები განმეორებადია. ვინაიდან მასწავლებელს ინფორმაცია ყველა მოსწავლისგან არ მიუიღია, ე.ი. არ მომხდარა კითხვის გამეორებით დასმა, ამრიგად, შედეგი არ არის სანდო. არასანდო კრიტერიუმები არ შეიძლება იყოს ვარგისი, თუნდაც შეესაბამებოდეს მასწავლებლის მიზანს.

რამდენად გავრცელებულია ტენდენცია მასწავლებელის მიერ არასანდო შეფასების გამოყენებისა გადაწყვეტილების მიღების პროცესში? ავტორები აღნიშნავენ,  რომ იმაზე ფართოდ, ვიდრე ვვარაუდობთ. როდესაც მასწავლებელი იღებს რუტინულ გადაწყვეტილებებს, რათა გაკვეთილის მიმდინარეობა გაგრძელდეს, ამ დროს ადგილი აქვს მონაცემთა შეგროვების მცდელობას. მაგალითად, ის ცდილობს გაითვალისწინოს მოსწავლეთა პასუხები და არავერბალური ქცევები, რათა გადაწყვიტოს, კიდევ ერთხელ ახსნას საკითხი თუ ახალ თემაზე გადავიდეს. სისტემატური მცდელობა, შევაგროვოთ მონაცემები ყველა მოსწავლისგან და არა მხოლოდ მათგან, ვინც საკუთარი ნებით პასუხობს, პროცესს უფრო სანდოსა და ვალიდურს ხდის.

ვალიდურობასა და სანდოობასთან ერთად პროცესი უნდა იყოს პრაქტიკულიც. შეფასება ეფექტური სწავლების ერთ-ერთი კომპონენტია, მაგრამ არ შეიძლება, მას იმდენი დრო და ენერგია დაეთმოს, რამდენიც სხვა კომპონენტებს.

დაწყებითი კლასის მასწავლებლები პასუხისმგებელნი არიან კითხვაზე, წერაზე, ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკაზე, ხშირად –უცხო ენასა და ხელოვნებაზე, მუსიკასა და ფიზიკურ აღზრდაზეც. საშუალო და უფროსი კლასის მასწავლებლებს, ჩვეულებრივ, დღეში 5 გაკვეთილის ჩატარება უწევთ 25 მოსწავლისგან შემდგარ კლასში. ასე რომ, მასწავლებლები ძალიან დატვირთულები არიან და არ შეუძლიათ, მიმართონ შეფასების ისეთ პროცედურებს, რომლებიც არ არის პრაქტიკული და პროდუქტიული. შეფასება, რომელიც მასწავლებლებმა გამოიყენეს ზემოთ მოცემულ ორ მაგალითში, დროის თვალსაზრისით ძალზე ეკონომიური იყო. ქართულის მასწავლებელმა სწრაფად ჩამოწერა სიტყვები დაფაზე და ადვილად შეაფასა პასუხები. მას მხოლოდ ორი წუთი დასჭირდა პრობლემის განსაზღვრისთვის, ხოლო ქიმიის მასწავლებელმა მოსწავლეებს თავად შეაფასებინა ნამუშევარი. თითოეულ შემთხვევაში შეფასებაზე დაიხარჯა ცოტა დრო და მასწავლებლის მინიმალური ენერგია.

სტატიის მომდევნო ნაწილში ვისაუბრებთ შეფასების პრაქტიკულ გამოყენებაზე სწავლების ხელშეწყობისთვის, შეფასების სისტემათა საერთო ნიშნებზე და მოსწავლეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი