ესთეტიკურის სუროგატები – ლევ ვიგოტსკის „პედაგოგიური ფსიქოლოგია“

ლევ ვიგოტსკი  თავისი ადრეული წიგნის „პედაგოგიური ფსიქოლოგია“, ერთ-ერთ თავში, რომელიც ესთეტიკური აღზრდის საკითხს ეძღვნება, გამოყოფს სამ ფსიქოლოგიურ შეცდომას, რომლითაც სცოდავს ტრადიციული პედაგოგიკა: მორალისტური ხელოვნება, ხელოვნება და სინამდვილის შესწავლა და ხელოვნება, როგორც თვითმიზანი. ვიგოტსკი მათ   ესთეტიკურის  სუროგატებად განიხილავს, რომლებიც ანაცვლებენ და განდევნიან  ესთეტიკურს და მის ველს იკავებენ.

ვიგოტსკის აზრით, ჩვეულებისამებრ, მიიჩნევენ, რომ მხატვრული ნაწარმოები ფლობს დადებით ან უარყოფით, მაგრამ უშუალო მორალურ ეფექტს. მხატვრული შთაბეჭდილებების შეფასებისას, განსაკუთრებით საყმაწვილო და ბავშვურ ასაკში უპირველესად მხედველობაში აქვთ მორალური იმპულსი. საბავშვო ბიბლიოთეკები შეირჩევა იმ პრინციპით, რომ ბავშვებმა წიგნებიდან დიდაქტიკური მაგალითები, მოსაწყენი გაწერილი მორალი, ყალბი მსწავლელობა ამოიკითხონ. ეს იქცა საბავშვო ლიტერატურის აუცილებელ სტილად. დღესდღეობით თუ წიგნის მაღაზიებში არასასკოლო საბავშვო ლიტერატურას თუნდაც ზედაპირულად გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ის სავსეა კლიშეებით, განსაკუთრებით გენდერულით, თუმცა ამაზე სხვა დროს.

            საზოგადოდ ფიქრობენ, რომ ერთადერთი სერიოზული, რაც შეიძლება ბავშვმა ხელოვნებასთან ურთიერთობის შედეგად მიიღოს – ესაა მეტ-ნაკლებად ცოცხალი ილუსტრაცია ამა თუ იმ ტიპის მორალური წესების. სხვა ყველაფერი ბავშვის შემეცნებისთვის გაუგებრად ცხადდება და მორალს მიღმაც, საბავშვო ლიტერატურა, როგორც წესი, შემოისაზღვრება სულელური (ავტორის ციტირება, გ.ფ.) პოეზიით, როგორც ერთადერთ ხელმისაწვდომობად ბავშვის გაგებისთვის. ავტორი თითქოს ხელმძღვანელობს იმ მოსაზრებით, რომ რაც უფრო სულელურია ლექსი, მით უფრო ახლო, მნიშვნელოვანი და გასაგებია ბავშვისთვის. როგორც, ვიგოტსკი აღნიშნავს ასეთი ტიპის ლიტერატურა ბავშვებზე მხოლოდ უარყოფით გავლენას ახდენს. მისი აზრით აქედანვე მომდინარეობს სულელური სენტიმენტალიზმი, რომელიც ახლავს საბავშვო ლიტერატურას, როგორც განმასხვავებელი ნიშანი. უფროსი ადამიანი ცდილობს ბავშვის ფსიქოლოგიას მოერგოს, ხელოვნურად და მოუქნელად ატკბილებს სიტუაციებს და გმირებს, გრძნობას ანაცვლებს მგრძნობიარობით, ემოციას – სენტიმენტით.

            როდესაც ვიგოტსკი საუბრობს მორალზე, როგორც ესთეტიკურის სუროგატზე, არ გულისხმობს მორალურობის უარყოფას, არამედ ხელოვნების ნაწარმოებების ხარჯზე მორალისტურობით გაჟღენთილი და შეფუთული სწავლების უარყოფას. ეს ტენდენცია დამახასიათებელია არამხოლოდ სასკოლო ტიპის ლიტერატურისთვის. საქართველოში ხშირად ხელოვნებას აღიქვამენ, როგორც  მორალის აპრიორ მაწარმოებელს და მის ძირითად დანიშნულებად მორალურ გადაწყვეტას მიიჩნევენ, მაშინ როდესაც ხელოვნება შესაძლოა იყოს იმორალური, ანუ მორალურისა და ამორალურის მიღმა მყოფი.

            ესთეტიკური აღზრდის სხვა არანაკლებ მავნებლურ ფსიქოლოგიურ ილუზიად, მისთვის უცხო მიზნებისა და ამოცანების თავს მოხვევად, ვიგოტსკი ასევე სოციალური და შემეცნებითი ხასიათის სწავლებას მიიჩნევს ხელოვნების ნაწარმოებებით და არა სწავლების ხელოვნებით. მისი აზრით, მიზანმიმართულად იცვლებოდა მხატვრული ფაქტების შესწავლა სოციალური და საზოგადოებრივი ელემენტების წესების შესწავლით. აქ შესაძლოა საბჭოთა კავშირში გავრცელებული ერთადერთი დეკლარირებული და ნებადართული სახელოვნებო მიმართულება სოციალური რეალიზმი გაგვახსენდეს.

ვიგოტსკი მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცის ლიტერატურული ხატებით შესწავლა, ყოველთვის მცდარ და სახეცვლილ ფორმებში მყარდება. რადგან მხატვრული ნაწარმოები არასდროს გამოხატავს რეალობას სრულყოფილად და დანამდვილებით, არამედ წარმოადგენს სინამდვილის ელემენტების რთული გადამუშავების პროდუქტს. სწავლების ასეთ შეხედულებას საფუძვლად უდევს წარმოდგენა, რომ ლიტერატურა წარმოადგენს სინამდვილის ერთგვარ კოპირებას, რომელიც გვაგონებს კოლექტიურ ფოტოს. ამ შემთხვევაში კი ინდივიდუალური მახასიათებლები ჩრდილში ექცევა.

            შესაძლოა, ერთი შეხედვით ეს საკითხი დღევანდელი გადმოსახედიდან აღარ იყოს აქტუალური, რადგან წარმოადგენს არქაული პედაგოგიკის  და იმ პერიოდში გაბატონებული სოციალური რეალიზმის არაპირდაპირ კრიტიკას და როგორც ვარაუდობენ, რომ არა ავადმყოფობის გამო სიკვდილი ვიგოტსკი აუცილებლად მოხვდებოდა 1937 წლის დასახვრეტთა სიაში. მან გარკვეულწილად იწინასწარმეტყველა ტენდენცია, რომელიც შემდგომში საბჭოურ არამხოლოდ საგანმანათლებლო სივრცეში აისახა, არამედ სახელოვნებო სივრცეც სრულად შთანთქა. ჩემი აზრით, წარსულის ინერცია საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოურ ქვეყანას დღემდე მოყვება. იმ პერიოდში, როცა ვიგოტსკი ამას წერდა ხელოვნებაში იქმნებოდა ან უკვე შექმნილი იყო უამრავი ახალი მიმდინარეობა, როგორიცაა სიურრეალიზმი, აბსტრაქციონიზმი, ეგზისტენციალიზმი, მოგვიანებით – აბსურდისტები, რომლებიც სწორედ ასეთ და ხელოვნების ამგვარ გაგებას უპირისპირდებოდნენ.

მესამე ილუზია, რომლითაც სცოდავს ტრადიციული პედაგოგიკა, (არამხოლოდ იმ თუ ამ პერიოდის პედაგოგიკა, დღესდღეობით ასეთად შეიძლება განვიხილოთ მასმედიაც, მარკეტინგული ხერხები, რეკლამა და ა.შ.) ეს არის შემთხვევები, როდესაც ესთეტიკა დაყვანილია სასიამოვნო გრძნობამდე, მხატვრული ნაწარმოებით ტკბობამდე და ამაში ხედავს თვითმიზანს. სხვა სიტყვებით დაჰყავს ესთეტიკური მღელვარების მნიშვნელობა იმ უშუალო სიამოვნების შეგრძნებასთან, რომელსაც ის აღძრავს ბავშვში. აქ მხატვრული ნაწარმოების ტრაქტირება კვლავაც ხდება, როგორც ჰედონისტური რეაქციების გამღვივებლის და შინაარსობრივად დგება რეალური წესრიგის სხვა მსგავსი რეაქციების და გამღიზიანებლების გვერდით.  ვიგოტსკი თვლის, რომ ბავშვის ასაკის განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ ბავშვისთვის ბევრად მნიშვნელოვანია კონკრეტული რეალობის მღელვარებები, ვიდრე წარმოსახული ემოციის ძალა. შედეგად ვხედავთ, რომ პედაგოგიკა ცდილობს ესთეტიკურ აღზრდას თავს მოახვიოს მისთვის უცხო და არადამახასიათებელი მიზნები. ამ აზრის განზოგადება და უფრო ფართოდ განხილვაც შეიძლება. თუ 50-იანი წლების და შემდგომ სახელოვნებო მოვლენებს გადავხედავთ, ვიგოტსკის ეს პოზიცია ნაწილობრივ გამყარდება იმით, რომ იმ დროისთვის ხელოვნებაში შემოდის ისეთი გაგება, როგორიცაა ანტიესთეტიკა, რომელმაც როგორც ლიტერატურაში, ისე მუსიკაში, მხატვრობაში და კინოშიც ჰპოვა განსახიერება და დაუპირისპირდა იმდროინდელ, როგორც მეინსტრიმულ ისე არამეინსტრიმულ ხელოვნებას.

კომენტარები

comments