პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სიყვარულის მეტაფორები: ცეცხლი

„რაც არ იწვის, არ ანათებს, –

უჩინარად ლპება ნელა.
მოდი, დამწვი, სიყვარულო,
მიაშუქე, სადაც ბნელა.”

აკაკი წერეთელი

„…მე ფრთები მინდა, რომ ისევ ავმაღლდე. მხოლოდ შენ შეგიძლია შემასხა ფრთები. შენ სანთელი ხარ სიყვარულისა, მე ცეცხლი, რომელიც იმ სანთლისათვის გამოკვესა ღმერთმა. ჩვენ ერთი სანთელი და ერთი ცეცხლი ვართ…”

გრიბოედოვის წერილიდან ნინოს მიმართ
სიყვარული – სულის ისეთი მდგომარეობაა, რომელიც განმარტებას არ ექვემდებარება. განმარტებით ლექსიკონებში ამ სიტყვის გასწვრივ ბევრს ვერაფერს ამოიკითხავთ. შეიძლება ითქვას, რომ განუმარტავი ტერმინია; ალბათ ამიტომ არსებობს „სიყვარულის ახსნა”: სიტყვების მეშვეობით გამოთქვას ის, რაც გამოუთქმელია. მაგრამ მხოლოდ ცნებითი განმარტება (ახსნა) ვერაფერს გეტყვით სიყვარულის შესახე; ლოგიკურად და მარცხენა ნახევარსფეროთი გამოხატული და აღქმული სიყვარული მაინც „განუმარტავი” რჩება. ერთი სიტყვით, უმწეოა ენის მეშვეობით აიხსნას ის, რასაც დამოუკიდებელი „ენა” აქვს და ეს ენა „მეტაფორების ენაა”.

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში „სიყვარული” გვაგაზავნის „სიყუარულისკენ” და ეს უკანასკნელი „ყავ სიყუარულისკენ”, რომლის გასწვრივაც ვკითხულობთ: „სიყვარული ქენ, გინა ჩვენთან(ა) ჭამე…”
სიყვარული – უფალთან სადღესასწაულო სადილია… ალბათ გაგახსენდებათ ქრისტეს იგავი: უფალი რომ საქორწილო ნადიმზე ეპატიჟება ადამიანებს, მაგრამ მოუცლელობის და საქვეყნო საქმეების გამო ისინი ვერ მიდიან…

დაე, ეს წერილი იყოს „მიპატიჟება უფლის ნადიმზე”. ჰო და, „ვისაც ყურნი აქვს, ისმინოს…”

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიც „სიყვარულზე” ძირითადად ნიმუშების მოტანით ამოიწურება და სულ ეს არის. უფრო მეტს გვეუბნება ალბათ ფრაზეოლოგიზმები, რომელთაგან უმეტესი ცეცხლით გამოიხატება.

სიყვარულის ცეცხლთან დაკავშირება – უნივერსალური მეტაფორული კავშირია ყველა კულტურისა და ყველა ენისთვის. ქართულში შეყვარებული ადამიანის სინონიმად (განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით) გამოიყენება „სიყვარულმოდებული”, რომელიც „ცეცხლმოდებულის” ანალოგიური წარმოებაა. სიყვარულს გამოხატავს ფრაზეოლოგიზმები: ცეცხლის მოკიდება, მოდება, ცეცხლში დაწვა, ცეცხლში დაფერფლვა, გულში ცეცხლის ანთება, თვალებში ცეცხლი, ტრფობის (სიყვარულის) ალი, სულის ცეცხლი, წმინდა ცეცხლი და სხვა;
სიყვარული – ცეცხლთან საბედისწერო თამაშია.

რატომ „ცეცხლი”?

შეყვარებულები „ცეცხლთაყვანისმცემლები” არიან. ჯალალ-ედ-დინ რუმის დავიმოწმებ:

„შენ, გულო, ცეცხლის თაყვანის მცემო,
ცეცხლი რომ გექცა სახლად და კარად…”

მეტაფორიზება სულაც არ არის ორი ცნების შემთხვევითი კავშირი. მეტაფორების ენა ხომ ცოცხალი ენაა – განცდათა, შეგრძნებათა ენა. ეს არ არის უბრალო სახელდების პროცესი, სახელის დარქმევა. ცეცხლსა და სიყვარულის სულიერ მდგომარეობას შორის რეზონანსული კავშირია (ფიზიოლოგიურადაც გამოხატული), ამ რეზონანსის გამოა, რომ შეყვარებული ადამიანი მართლაც განიცდის „ცეცხლის წაკიდებას”, მართალია, ეს შინაგანი, სულის ცეცხლია, მაგრამ ფიზიკურად ისე განიცდება, თითქოს ადამიანი მართლაც ცეცხლმოდებული იყოს. ამიტომ შეყვარებულები უფრო მძაფრად განიცდიან „ცივი წყალის” გადასხმას (როცა რაიმე არასასურველი ხდება); „ცივი წყალიც” მეტაფორაა, მაგრამ ზუსტად აღწერს შეყვარებულის იმედგაცრუებულ მდგომარეობას…

გოდერძი ჩოხელი პატარა მოთხრობაში, „სიყვარულის ცეცხლი”, წერს: „შეყვარებულ ადამიანებს, რაკი ერთხელ სიყვარულის ცეცხლი წაეკიდებათ, მერე იმათთვის სულ გაზაფხულია, სულ გაზაფხულის სასიამოვნო ჟრუანტელი ჩქეფს იმათ ძარღვებში”.

ადამიანის ცეცხლთან კავშირი უძველესი და არქეტიპულია, ჩვენი ფსიკის უღრმეს შრეებშია „ჩაწერილი”, მათ შორის, ყველა მითი, რომელიც ცეცხლს უკავშირდება. ბევრი ტრადიციის მიხედვით, ცეცხლს აქვს განმწმენდელი ძალა, ინდური მისტიკური ტექსტების მიხედვით, თუ ადამიანი შეძლებს შინაგან ცეცხლზე კონცენტრირდეს, ფიზიკურად ცეცხლში ჩავარდნის შემთხვევაშიც კი, ის არ დაიწვება.

სიყვარულის ცეცხლი – განმწმენდელი და გარდამქმნელი ძალის მქონეა. ამ მხრივ საინტერესოა მითები ფსიქეასა და ფენიქსზე.

ფსიქეასა და ამურს სწორედ „ცეცხლი” აკავშირებთ: ამური ხასიათდება, როგორც „ყოველი ცეცხლის ბატონი”, გამოსახულებებში იგი ხშირად ხელში ჩირაღდნითაა. მითის მიხედვით, ფსიქეა ამურს სანათიდან დაღვენთილი ზეთით დაწავავს. ფსიქეა „ფარვანაა”, რომელიც ცეცხლს არასდროს არ ერიდება. „ცეცხლში ჩამწვარს” სატრფო-ამური მკვდრეთით აღადგენს და ამაში ვლინდება ცეცხლის განმწმენდელი ძალა. ის, ვინც ტრფობას არ გაურბის და მის ცეცხლს ეწირება, მარადიულ სისცოცხლეს მოიპოვებს.

ამ მითის ინტერპრეტაციაა ქართულ პოეზიაში ლექსში: „ფარვანა და სანთელი”.

„ნეტა ვიცოდე, ეს სანთელი რისთვისა დნება?
ანუ ფარვანა რას დასტრიალებს, რისთვისა კვდება?
დახე, საწყალსა, მის ალისგან ფრთები ეწვება,
მაგრამ მაინცა არა ფრთხილობს და არ ეშვება”. (1957, „ცისკარი”, თ. ბ. ჩ.)

ფენიქსი თითქოს ფსიქეას ახალი სიცოცხლეა. იგი, მითის მიხედვით, თავს იწვავს და ფერფლიდან აღდგება. ფენიქსი მზის ფრინველია, მარადიული აღორძინების სიმბოლო.

სიყვარულის ცეცხლში „დაწვაც” ტრანსფორმაციაა, აღდგენა, ხელახალი დაბადება.

„აღსანიშნავია აგრეთვე ჰერაკლეს უჩვეულო აღსასრული. მას თავისი მეუღლე დეიანეირა იჭვიანობის ნიადაგზე უგზავნის კენტავრ ნესოსის სისხლით (სიყვარულის წამლით) გაჟღენთილ სამოსს, რომელიც მას სიყვარულის ცეცხლით სწვავს, რაც მისთვის სასიკვდილო სამსალად იქცევა. ჰერაკლე იწვის ამ ცეცხლში, ამ დროს ცაში მეხი იქუხებს, ღრუბელი ეშვება, ათენე და ჰერმესი ცად აღამაღლებენ ჰერაკლეს ოქროს ეტლით, რაც განასახიერებს სიბრძნის, ინტელექტისა და სიყვარულის ჰარმონიას და აღზევებას ინიციაციის გზაზე. ასე რომ, მითების საერთო საზრისი დაკავშირებულია ადამიანის შინაგანი განვითარების ხატოვან ასახვასთან.” (ზვიად გამსახურდია, „ვეფხისტყაოსნის” სახიმეტყველება).

როდესაც „სიყვარულის ცეცხლზე” ვსაუბრობთ ქართულ კულტურაში, „ვეფხისტყაოსანი” „ცეცხლის (სიყვარულის) პოემად” შეგვიძლია განვიხილოთ: ამ პოემის „გაგება” ნიშნავს, შეხვიდე ღვთაებრივ ცეცხლში და იქიდან გამოსულმა იგრძნო, რომ სრულიად განსხვავებული ადამიანი ხარ, სხვა სივრცისა და განზომილების მოქალაქე.
„მიჯნურობითა დამწვარ ვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია” – წერს ავთანდილი.

ტარიელი კი მოთქვამს: „ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!”
სატრფოები „ცეცხლში იწვიან”, როდესაც ერთმანეთს იგონებენ, ერთმანეთს ხვდებიან:
„ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად.”

ავთანდილი ველად გაჭრილ ტარიელს ეუბნება, რომ ყველა მიჯნური ცეცხლით (სახმილით) იწვის და მოუწოდებს ქმედებისკენ: „ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან? ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?”

ნიკოლოზ ბარათაშვილის „ცეცხლით” დავასრულოთ ეს სტატია:

„შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს,
გულსა დავიწვავ დასანაცრებელს,
და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს,
შევსწირავ სატრფოს, ჩემსა სალოცველს!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი