პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ანტილის კუნძულები: ეპიკური ხსოვნის ფრაგმენტები – დერეკ უოლკოტი

ფელისითი არის სოფელი ტრინიდადში, კარონის დაბლობთან, სადაც დღემდე ხარობს ლერწამი, რომლის მოსაჭრელად ყმათა გათავისუფლების შემდეგ მუშების საგანგებოდ დაქირავება დაიწყეს. ფელისითის მოსახლეობას ძირითადად ინდოელები შეადგენენ. შაბათის იმ საღამოსაც, ამერიკელ მეგობრებთან ერთად რომ ვეწვიე სოფელს, გზად ინდოელთა სახეები შემოგვხვდნენ. მართლაც მშვენიერი სანახავი იყო, როგორ მიიწევდნენ ისინი იქ, სადაც რამლეელა – ინდური ეპოსის, რამაიანას ინსცენირება უნდა გამართულიყო. მინდორი, რომელზეც სოფლის კოსტიუმირებული მსახიობები იყრიდნენ თავს, ფერადი დროშებით მოერთოთ და ის ახალ ბენზინგასამართ სადგურს მოგაგონებდათ. შავ-წითელ სამოსში გამოწყობილი ლამაზი ინდოელი ბიჭები საღამოს ბინდბუნდში ქაოტურად ისროდნენ მშვილდებიდან ისრებს. ჰორიზონტზე დაბალი, ლურჯი მთები მოჩანდა. ხასხასა ბალახი, დაისის შუქით შეფერილი ღრუბლები… ფელისითი! რა სასიამოვნო და შესაფერი ანგლოსაქსური სახელწოდებაა ეპიკური ხსოვნისთვის.

მინდვრის განაპირას, ღია ფარდულში აღმართული ბამბუკის ორი უზარმაზარი კარკასი უშველებელ გალიებს ჰგავდა. ეს ღვთაების სხეულის ნაწილები იყო – გიგანტური გამოსახულება, რომელიც ეპიკური წარმოდგენის დასასრულს უნდა დაეწვათ. კონსტრუქცია შელის სონეტს მოგაგონებდათ ოზიმანდიას დანგრეული ქანდაკებისა და დაცემული იმპერიის შესახებ – “შემზარავი კატასტროფა” ცარიელ უდაბნოში.
მედოლეებს ჩარდახში კოცონი აენთოთ. ცეცხლის ალზე უადვილდებოდათ დაფებზე ტყავის გადაჭიმვა. ალისფერი ცეცხლი, მწვანე ბალახი, ღვთაების ხელნაკეთი კონსტრუქცია, რომელიც ცოტა ხანში დაიწვებოდა არა რომელიმე უდაბნოში, სადაც იმპერიის ძალაუფლება საბოლოოდ დაემხო, არამედ იქ, სადაც ყოველწლიურად მეორდება რიტუალი, როგორც ლერწმის მოსავლის აღება – ამგვარი მსხვერპლშეწირვის აზრი მის გამეორებაშია, დანგრევის საზრისი ცეცხლში განახლებაშია.
მინდორში ღვთაებები შემოაბრძანეს. ერთ-ერთი ღია ფარდულიდან გაისმა მუსიკა, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ “ინდურს” ვუწოდებთ. გამოჩნდნენ კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობები, ჩემი ვარაუდით, ღმერთები და უფლისწულები… რა სამწუხარო აღიარებაა! “ალბათ, ღმერთებია…” – ამგვარად მხრების აჩეჩვა ჩვენს აფრო-აზიურ დიასპორასაც სჩვევია. ხშირად მიფიქრია რამლეელაზე, მაგრამ არასოდეს მინახავს ის. არასოდეს მინახავს ეს თეატრი, ღია მინდორი სოფლელი ბავშვებით, მლოცველებით, უფლისწულებითა და ღვთაებებით. აზრზე არ ვიყავი, რომელი ეპიკური ისტორია თამაშდებოდა, ვინ იყო მისი გმირი ან ვის ებრძოდა ის. ახლახანს შევისისხლხორცე ინგლისური თეატრის ოდისეა, ვვარაუდობდი, რომ მაყურებელი იცნობდა მცირე აზიის სხვა ეპოსის გმირის, ოდისევსის ხიფათიან თავგადასავლებს, თუმცა ტრინიდადში არავინ იცოდა ჩემზე მეტი რამაზე, კალიზე, შივაზე, ვიშნუზე, გარდა ინდოელებისა – ამ გამოთქმას შეგნებულად ვხმარობ აქ ისე, როგორც ხშირად შეიძლება გაიგონოთ ტრინიდადში – “გარდა ინდოელებისა”.
თითქოს ძირითადი დაბლობის მიღმა კიდევ სხვა ვაკე ადგილი არსებობდა. იქ, ლერწმის ოკეანეში საცოდავად უნდა წარმოედგინათ რამაიანა. თუმცა ეს იყო ჩემი, როგორც მწერლის ხედვა ამ მოვლენისა, მცდარი ხედვა. მე რამლეელას ფელისითიში ვუყურებდი როგორც თეატრს მაშინ, როცა სინამდვილეში ის რწმენა იყო.
ჩემი ვარაუდით, მსახიობს, გადაცმულსა და გარდასახულს, სცენაზე გასვლის წინ სარკეში უნდა ჩაეხედა იმ ფიქრით, რომ ის რეალობაა, რომელმაც ილუზიაში უნდა შეაბიჯოს. სინამდვილეში კი ასე არ ხდებოდა, რადგან ისინი არ იყვნენ მსახიობები. ისინი შეირჩნენ ან თავად შეარჩიეს საკუთარი თავი როლებისათვის, რომელიც ცხრა დღის მანძილზე, საღამოობით, ორი-სამი საათის განმავლობაში უნდა მოერგოთ. ისინი მოყვარულები ან პროფესიონალები კი არ იყვნენ, არამედ მორწმუნეები. არ არსებობს თეატრალური ტერმინი, რომელიც განსაზღვრავდა მათ. ამ “მსახიობებს” არ სჭირდებოდათ მუშაობა საკუთარ თავზე, ფსიქოლოგიური მომზადება როლების სათამაშოდ. მათი თამაში უნდა ყოფილიყო ისეთივე მსუბუქი და ცოცხალი, ისეთივე ბუნებრივი, როგორც ეს ისრები, საღამოს საძოვრებს რომ კვეთდნენ. მათ სწამდათ იმისა, რასაც თამაშობდნენ, სჯეროდათ ინდოეთის წონისა თუ ტექსტის სიწმინდისა მაშინ, როცა მე ჩემი მწერლური ჩვევების გამო ვეძებდი ელეგიის, დანაკარგის შეგრძნებას, უსუსურ მიმიკას მლოცველი ბიჭების ბედნიერ სახეებსა თუ სოფლელი უფლისწულების ჰერალდიკურ პროფილებში. აღფრთოვანებითა და ეჭვებით ვაბინძურებდი საღამოს. მცდარად ვკითხულობდი ჩემ თვალწინ გადაშლილ მოვლენას ისტორიული ექოს ჭრილში – ლერწმის მინდვრები, მოლაპარაკებები, სადღაც გაუჩინარებული ჯარის მოწოდება, ტაძრები და სპილოების ბღავილი – მაშინ, როცა ჩემ გარშემო სულ სხვა რამ ხდებოდა: ამაღლებული განწყობა, ბიჭების მხიარული შეძახილები, მტკიცე რწმენის სიხარული და არა დანაკარგი. სახელწოდება ფესილითი ხორცს ისხამდა, აზრს იძენდა.
წარმოიდგინეთ, რომ მთელი აზია შემდეგ ფრაგმენტებამდე დავიწროვდა: ლერწმის მინდვრებში მიმოფანტული თეთრი მინარეთები და ქვის ტაძრები. შეიძლება გასაგებიც იყოს იმ ადამიანების გაღიზიანება და ერთგვარი თვითირონია, რომლებიც აღნიშნულ რიტუალში პაროდიასა და გადაგვარებას ხედავენ. ამგვარი პურისტები ცერემონიას ისე აკვირდებიან, როგორც გრამატიკოსები – დიალექტს, როგორც ქალაქები უყურებენ პროვინციებს, ხოლო იმპერიები – თავიანთ კოლონიებს. ხსოვნა, რომელსაც სწადია წარსულთან შეერთება, სხეულის ნაწილი, რომელსაც უნდა, ხელნაკეთი ღვთაების ბამბუკის ღეროების მსგავსად, ტანს შეერწყას, სხვა სიტყვებით, გზა, რომელსაც კარიბიელი ისევ გაჰყურებს, უკანონოა, აკრძალულია. “იქ არ არის ხალხი” – როგორც ფრუდი იტყოდა – “ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით”. არ არის ხალხი, არის მხოლოდ ნამდვილი ხალხის ფრაგმენტები და ექოები, არაორიგინალური, დამტვრეულ-დამსხვრეული.
რიტუალური წარმოდგენა დიალექტს ჰგავდა, ორიგინალი ენის განშტოებას, მის შეზღუდულ ფორმას, მაგრამ არა დამახინჯებას ან თუნდაც დამცირებას ეპიკური მასშტაბურობისა. აქ, ტრინიდადში აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ეპიკური ნაწარმოები ყოველ სეზონზე იდგმებოდა არა უიმედო, უპერსპექტივო მორჩილებით კულტურის შენარჩუნების აუცილებლობის წინაშე, არამედ რწმენის ღიაობით. ეს რწმენა კი ისეთივე მყარი იყო, როგორც კარონის დაბლობზე მქროლავი ქარი. სამწუხაროდ, სპექტაკლის დაწყებამდე უნდა დაგვეტოვებინა იქაურობა, კარონის ჭაობთან უნდა მივსულიყავით, მიმწუხრზე შინ დაბრუნებული ალისფერი იბისებისთვის რომ მიგვესწრო. იბისების წარმოდგენა კი ისეთივე ბუნებრივი იყო, როგორც რამლეელას მსახიობების მიერ დადგმული. ვუყურებდით ბუმბულებს, რომლებიც ისე ბრწყინავდა, როგორც მეისრე ბიჭების ალისფერი სამოსი, როგორც წითელი დროშები. ბუმბულებით დაფარული პატარა ადგილი აყვავებულ ხეს დაემსგავსა. ისტორიის ნიშანწყალი აქ აღარაფერს ნიშნავს. ამ ორმა სანახაობამ – რამლეელამ და იბისებმა – მადლიერების გრძნობით აღგვავსო. კარიბიში ბუნებრივი რამაა სანახაობით აღფრთოვანება, რაც აქაური პეიზაჟებიდან და ხედებიდან თავისთავად მოდის, ხოლო ამ სილამაზის პირისპირ აღმოჩენილი ისტორიული ნიშანი სადღაც ქრება.
ჩვენ ხშირად ვოხრავთ წარსულის გამო. თავი პრივილიგირებულად ვიგრძენი, როცა იბისები და ფელისითის მშვილდოსნები აღმოვაჩინე.
ისტორიული ნიშნები ნანგრევების გარშემო ჩნდება და არა პეიზაჟებში. ანტილიში ცოტაა ასეთი ნანგრევები, თუ არ ჩავთვლით მიტოვებულ პორტებსა თუ ლერწმის მიგდებულ ნაკვეთებს. ნელა მიმოვიხედე გარშემო, როგორც ამას კამერა გააკეთებდა – კადრში მოხვდებოდა დაბალი ლურჯი გორაკები, ესპანეთის პორტი, სოფლის გზა და სახლები, მებრძოლი მშვილდოსნები, ღვთაებების როლის შემსრულებლები და მათი გამწვრთნელები. მუსიკაც მზადაა. საოცრად მომინდა ფილმი გადამეღო ფელისითიზე. მთელი საღამო ვცდილობდი, მახსოვრობაში აღმედგინა დაკარგული ინდოეთი. მაგრამ რატომ “მახსოვრობაში”? რატომ არ უნდა შევხაროდე “რეალურ აწმყოს”? რატომ უნდა დაიკარგოს “ინდოეთი”, როცა ამ სოფლელთაგან არც ერთს არ სცოდნია იგი ოდესმე, და რატომ არ უნდა გაგრძელდეს, სამუდამოდ რატომ არ უნდა შენარჩუნდეს სიხარული ფელისითისა თუ ცენტრალური დაბლობის სხვა ადგილებში? რატომ ვერ გავიხარე მთელი გულით? ვცდილობდი, გამეხარა ნებისმიერი სხვა ტრინიდადელივით. მქონდა უფლება, ჰუსეინის დღესასწაულს დავსწრებოდი, ხელი მიმიწვდებოდა მუსლიმური ეპიკური ტაძრების სარკეებსა თუ ჩინური დრაკონის ცეკვაზე, შემეძლო მენახა ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე დიდებული ებრაული ტაძრის რიტუალები. მე მხოლოდ ერთი მერვედი ნაწილი ვარ იმ მწერილსა, რაც სინამდვილეში შეიძლებოდა ვყოფილიყავი, ტრინიდადის ყველა დანაწევრებული ენა რომ მცოდნოდა.
თუკი ლარნაკი გატყდება, სიყვარული, რომელიც მის ნაწილებს შეაწებებს, უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ის სიყვარული, ჭურჭლის სიმეტრია რომ აღიქვა მანამ, სანამ ის მთელი იყო. წებო, რომელიც ნატეხებს შეაერთებს, ლარნაკის თავდაპირველი ფორმის გამკვრივებაა, სიმტკიცეა. ასეთი უნდა იყოს სიყვარული, რომელიც ჩვენს აფრიკულ და აზიურ ნაწილებს შეაგროვებს. ოჯახის დაზიანებულ ნივთზე გაჩენილი თეთრი ნაწიბურები მიგვანიშნებს, რომ ის რესტავრირებულია. ანტილიზე ზრუნვა, მისი ტკივილი დაზიანებული ნაწილების შეგროვებაა. და თუ ნაწილები კიდევ უფრო განცალკევდება, მათი ტკივილი თავდაპირველად არსებული მთელის ტკივილს გადააჭარბებს. ხატებსა და წმინდა ჭურჭელს შთამომავლობით მიღებულ, საგვარეულო ადგილებში უნდა მივუჩინოთ ბინა. ანტილის ხელოვნება ჩვენი დანაწევრებული ისტორიის გამთელებაა, გაბნეული სიტყვების მარაგის აღდგენაა, ის არის არქიპელაგი, რომელიც ძირითადი კონტინენტიდან მოგლეჯილი ნაწილების სინონიმი ხდება.
ზუსტად ამავე პროცესს წარმოადგენს პოეზიის შექმნა, რასაც არა “კეთება”, არამედ “გადაკეთება” უნდა ერქვას. ფრაგმენტული მახსოვრობა, აღმართული ღვთაების ფორმა, მის გარშემო გამართული რიტუალები; ლერწამ-ლერწამ, ღერო-ღერო, სათითაოდ შეგროვილი ღმერთი, ფელისითის ხელოსნების მიერ აღმართული მისი წმინდა ექო…
პოეზია სრულყოფილების ოფლია, თუმცა ის უნდა ჩანდეს ისეთივე ცინცხალი, როგორც წვიმის წვეთი ქანდაკების წარბზე. პოეზია აერთიანებს ბუნებრივს და მარმარილოსგან გაკეთებულს, აკავშირებს ორ დროს: წარსულსა და აწმყოს. თუკი წარსული ქანდაკებაა, აწმყო არის ნამის წვეთები ან სულაც წვიმაა წარსულის შუბლზე. არსებობს დაფლული ენა და არსებობს ინდივიდის ლექსიკა. პოეზიის წერის პროცესი გათხრისა და თვითაღმოჩენის მსგავსია. ენის იმპერიული კონცეფციისაგან განსხვავებით, ინდივიდის ხმა თავისი გამორჩეული ინტონაციით ის დიალექტია, რომელიც საკუთარ აქცენტს, საკუთარ ლექსიკასა და მელოდიას აყალიბებს. სულ სხვაა ოზიმანდიას, ბიბლიოთეკების, ლექსიკონების, სასამართლოების, კრიტიკოსების, ეკლესიების, უნივერსიტეტების, პოლიტიკური დოგმისა და ინსტიტუციების ენა. პოეზია კუნძულია, ძირითად ნაწილს ჩამოცილებული. ჩემი არქიპელაგის დიალექტები ისეთივე ქორფად და ნედლად მეჩვენება, როგორც წვიმის წვეთები ქანდაკების შუბლზე. ეს არ არის ოფლი მარმარილოზე მუშაობის ძალხმევისას დაღვრილი, ეს მაცოცხლებელი ელემენტების – წვიმისა და მარილის კონდენსაციაა.
მშობლიური, ორიგინალური ენის გარეშე დარჩენილმა დაპყრობილმა ტომებმა თავიანთი საკუთარი ენა შექმნეს, რომელშიც აზიური და აფრიკული ეპიკური ლექსიკის წილიც შევიდა, მაგრამ ვერაფერი ჩაანაცვლებს მამაპაპისეულ, სისხლში გამჯდარ აღფრთოვანებულ რიტმს, ვერც მონობა და ვერც შეთანხმება-მოლაპარაკებები. თუმცა სახელწოდებებიც გადარქმეულია და სოფლებისთვის შერქმეული სახელებიც – ფელისითის მსგავსად – მიღებულია. დედაენა, მეტაენა ისე ქრება დიდი მანძილის გადალახვისას, როგორც ბაყაყი, ოკეანის გადაცურვას რომ ცდილობს. თუმცა გადარქმევის, ახალი მეტაფორების პოვნის ეს პროცესი იმის მსგავსია, რასაც პოეტი აწყდება ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში. ის რობინზონ კრუზოსავით საკუთარ იარაღს აკეთებს, აუცილებელ სიტყვებს აგროვებს, რომელთა შორის, უნდა თუ არ უნდა, სახელგადარქმეულ ფელისითისაც გამოიყენებს. სრულიად გაშიშვლებული კაცი თავისდაუნებურად უკან დაიხევს, ქვეცნობიერის კარნახით. ეს არის ანტილის გამოცდილების საფუძველი – არა საცოდავი, არამედ ძლევამოსილი ექოების, ფრაგმენტების, უზარმაზარი ტომის სიტყვების ნარჩენების, ნაწილობრივ დამახსოვრებული წეს-ჩვეულებების წარუმატებლობა და კრახი – თუმცა ისინი არ არიან გახრწნილნი და გადაგვარებულნი, არამედ კვლავ ინარჩუნებენ ძალას. მათ გადაარჩინეს აფრიკელი მონები, ჯერ ევროპაში რომ მიჰყავდათ და იქიდან ტყვეებად რომ ყიდდნენ ამერიკაში. გემმა მადრასის პორტიდან ფელისითის ლერწმის მინდვრებისაკენ ინდოელი მუშების პირველი ნაკადი გადაიყვანა ისე, როგორც გადაჰყავდა კრომველის პატიმარი, ებრაელი, ჩინელი თუ ლიბანელი ვაჭარი.
ყველანი აქ არიან, კარიბის ერთადერთ ქალაქში, ესპანეთის პორტში, ეს “არა ხალხი”, ბაბილონის გოდოლივით აღრეულნი, მრავალენოვანნი, ისტორიის არმქონენი, როგორც ზეცა. ახალ მსოფლიოში სწორედ ასეთი ქალაქია მწერლის ზეცა.
ჩვენ ვიცით, რომ კულტურა მისი ქალაქებით იქმნება.
კიდევ ერთი პირველი დილა შინ… ძილგატეხილი მოუთმენლად ველი მზის ამოსვლას. ხუთ საათზე ჯერ ისევ ბნელა, ფარდების გადაწევა არ ღირს; და შემდეგ… უეცარ შუქზე, კრემისფერკედლებიანი და ყავისფერჭერიანი პოლიციის უბანი, რომელიც ესაზღვრება კოლონიურ სტილში ჩამწკრივებულ მოკლე სამეფო პალმებს… მათ მიღმა უფრო მაღალი პალმებია… სარდაფში შეფრენილი მტრედი… ერთ დროს მოდერნული საცხოვრებლის ნაშთები… დილის გზა პოლიციის უბნამდე არცთუ ისე გადატვირთულია. ეს ყოველივე გასაოცარი სიმშვიდის ნაწილია. ამგვარი სიჩუმე ყოველი ვიზიტისას მეორდება ქალაქში, რომელიც ღრმადაა ჩემში ჩასახლებული. სასიამოვნოა ყვავილებისა და ბორცვების დანახვა, რადგან ეს სწორედ ისაა, რის ნახვასაც ელი, მაგრამ აი, არქიტექტურა პირველივე დილას გეჩხირება თვალში. ამერიკული ცდუნებიდან დაბრუნებული უმალ იგრძნობ, რომ რაღაც არ არის სრულყოფილი, რაღაცა გამოტოვებულია, რაღაცას დასრულება უნდა ისევე, როგორც ამ ბეტონის ნასახლარებს. ფანჯრის რაფაზე დარჩენილი ჯამი და ბალახ­ბულახით დაფარული ფეხსალაგი… ქალაქი ცდილობს გაიზარდოს, გაუხეშდეს, ამერიკულს დაემსგავსოს, ისეთივე ტრაფარეტულობით იყოს დაღდასმული, როგორც კოლუმბუსი ან დე-მოინი. აქ ვლინდება ძალაუფლების სიმტკიცე, მისი დეკორატიულობა, შენობებზე მიმაგრებული ჰაერის კონდიციონერები და სითბოს მოკლებული, არაგულღია დაწესებულებები სულ სხვა კლიმატის იმიტაციაა. აქ გეუფლება სინანული და მონატრება, სიცივის განცდის სიძულვილი.
დიდ ქალაქებში, ნაცრისფერ, გაწელილ ზამთრებში მოკლე დღეებით, თითქოს მთელი დრო შეკრულ პალტოებში გადის, თითოეული სახლი უნიათო ბარაკად მოჩანს, რომლის ფანჯრებიდან სინათლე გამოდის. და როცა უეცრად თოვლი წამოვა, ზამთრის ლიტერატურულობის, ზღაპრულობის გამო თავი რუსულ რომანში გეგონება, XIX საუკუნეში. კარიბიში ჩამომსვლელმა კი უნდა იგრძნოს, რომ ის ღია ბარათების გაუთავებელ მწკრივში მოხვდა. ორივე კლიმატი თავისი განსაკუთრებულობით ხასიათდება, ყველას წაგვიკითხავს მათ შესახებ. შეუძლებელია, კარიბიში მოხვედრილი ტურისტისთვის კარგი ამინდი, მზის სხივები, მხიარულება სერიოზულად აღიქმებოდეს. ზამთარი ცხოვრებასაც და ლიტერატურასაც თავისებურ სიღრმესა და სიბნელეს სძენს, ხოლო ტროპიკულ, გაუთავებელ ზაფხულში ვერც სიღარიბე და ვერც პოეზია (ანტილიში ხომ თავად სიღარიბეა პოეზია, როგორც ადგილობრივების, ისე ემირგაციაში მყოფთა მოუწყობელი ცხოვრებისა) ვერ გამოჩნდება ისე აშკარად, მთელი თავისი სიღრმითა და ტრაგიზმით, რადგან გარშემო ბუნება ხარობს, ყველაფერი მუსიკასავით აღგაფრთოვანებს. მხიარულებაზე დაფუძნებული კულტურა კი ზედაპირულობისკენაა მიდრეკილი. ნაღველს იწვევს საკუთარი თავის გაყიდვა (კარიბიელი ხომ სიცარიელის და უაზრო ყოფის ტრფიალია) როგორც ზამთრისგან გაქცეულების ადგილისა, ასევე იმ სერიოზულობისგან გამოქცეულებისა, რომელიც მხოლოდ ოთხი სეზონის კულტურას ახასიათებს. ამგვარად, როგორ შეიძლება აქ იცხოვროს ხალხმა ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით?
კარიბიში მცხოვრებმა ადამიანებმა არაფერი იციან იმ სეზონების შესახებ, როცა ხეებს ფოთლები სცვიცა, შენობების სახურავები ბურუსში იკარგება ან სულაც თეთრდება, ბუხრებში კოცონი ინთება. ისინი ცხოვრობენ იმ მხარეში, სადაც გეოგრაფიის რიტმი, მისივე მუსიკის მსგავსად, ორი ძირითადი აქცენტით განისაზღვრება: სიცხე და ნამი, მზე და წვიმა, სინათლე და ჩრდილი, დღე და ღამე. ამიტომაც არ შეუძლია ამ ხალხს დაპირისპირებების, კონფლიქტების, უკიდურესობების დახვეწილი და ღრმა ანალიზი, მხატვრული თუ წარმოსახვითი კოლიზიების გააზრება.
ჩვენი ქალაქები არ არის ჩვეულებრივი ქალაქები, თითქოს არც ერთ მათგანს სურს, რომ ასეთი იყოს. სხვები გვკარნახობენ საკუთარ პროპორციებს, საკუთარ განსაზღვრებებს. პროზაც ამახინჯებს რეალობას. დღეს სენტ ჯეიმსი ის ქუჩები და ეზოებია, ნაიპოლი რომ აღწერს თავის მოგონებებში, სადაც ქალაქის შუკები ისეთივე მოკლე და ბრწყინვალეა, როგორც ტრინიდადელ-ბრიტანელი მწერლის წინადადებები. სადღაც გაქრა ტუნაპუნას ხმაური და მხიარულება, მისი ადგილი კი ჯეიმზის წარმოსახვამ დაიკავა წიგნში “საზღვრებს მიღმა”. რაც შეეხება სოფელ ფელისითის კარონის დაბლობზე, ის სამ სელვონის სოფლად იქცა. ასე ემართებათ კუნძულებსაც: ჯინ რისის ძველი დომინიკა, როგორსაც მწერალი ქალი აღწერს, ახლაც ძალიან აქტუალურია; სეზერის ადრეული მარტინიკი, პირსის გვადელუპა, ტყავის ჩაფხუტებისა და ვირების გარეშე. რა მშვენიერი სანახავი იყო ეს ლიტერატურა – ერთი ლიტერატურა რამდენიმე იმპერიის ენაზე ამეტყველებული – ინგლისურად, ფრანგულად თუ ესპანურად – მწვანე, ღია კუნძულები კულტურის განთიადზე, არც შებოჭილი და არც ხელოვნურად შექმნილი. ეს არ არის აგრესიული კვეხნა, მხოლოდ იმის აღნიშვნაა, რომ რაც მოხდა, ყველაფერი გარდუვალი, შეუქცევადი იყო.
ცხელ ნაშუადღევს უჩვეულო სინათლით განათებულა ესპანეთის პორტის ხეივანი, რომლის ზემოდან სიყვარულით ეშვება ვაზი, მოშორებით პალმებია და ნისლში ჩაძირული მთები, და გახსენდება ვანისა თუ ჰერბერტის “პალმებით დაჩრდილული ქალაქი” ან ჰამონდის ორღანო კასტრის ხის ეკლესიაში, სადაც გალობდნენ “ოქროს იერუსალიმს”. მიჭირს, ასეთი სიცარიელე გაკოტრებად, მოოხრებად და გაჩანაგებად აღვიქვა. ეს მოთმინებაა, რომელიც აფართოებს ანტილურ ყოფას. ნუ მოვთხოვთ მას ამბიციას, რომელიც ანტილის მკვიდრს საერთოდ არ აინტერესებს. ჩამოსული მოგზაური კი ყოველივე ამას აღიქვამს, როგორც აპათიას, მოდუნებას, ინდიფერენტულობას.
ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ აქ არ არის საკმარისი წიგნები, თეატრები, მუზეუმები, რომ აღარ იცი, რა აკეთო. თუკი ადამიანს უწიგნოდ დატოვებ, ის დაიწყებს ფიქრს, რა მოიმოქმედოს. შეიძლება შეუკვეთოს წიგნი ან სულაც გადაწეროს. თუ ამის საშუალებაც არ არის, მაშინ დაიზეპიროს. წიგნის არქონას დადებითი მხარეც აქვს – ადამიანი თავს დააღწევს გაუფერულებულ ნაკადს, რადგან დღეს წიგნების შექმნა კი არა, უკვე არსებულის გადაკეთება ხდება. დიახ, ქალაქები ქმნიან კულტურას. თვალწინ გვეშლება გამაოგნებელი, თვალისმომჭრელი საბაზრო ქალაქები, მაგრამ როგორია იდეალური კარიბული ქალაქი? ის გარშემორტყმულია ფოთლებით დაფარული გარეუბნებით, სოფლის ტიპის დასახლებებით და თუ გაუმართლა, მის მიღმა ღია ვაკე იშლება, რომლის ბოლოს ლამაზი მთები და ინდიგოსფერი ზღვაა. წაწვეტებულსახურავებიანი კოშკების გარშემო სკვერები იყრიან თავს. მტრედები ფრენენ ცაში და თან მკითხველების რწმენის მოგონება გადააქვთ. ქალაქის ცენტრში დაინახავთ ცხენებს, დიახ, ცხენებს, რომლებსაც ევროპის ქუჩებში XIX საუკუნის ბოლოს შეხვდებოდით, ეკიპაჟებით რომ გადაჰყავდათ მაღალქუდიანი ბატონები და ქალბატონები. ეს ცხენები, რომლებიც ნალების კაკუნის ელეგიური ექოს გარეშე ცხოვრობენ ახლანდელ დროში, სავანნას დედოფლის პარკში განთიადისას გამოჩნდებიან ხოლმე მაშინ, როდესაც ნისლი ცივი მთებიდან სახურავებზე ეშვება. სეზონურად ცხენების შეჯიბრსაც მოაწყობენ და მაშინ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, XIX საუკუნის ცხოველის გრაციოზულობასა და სისწრაფეს უგულშემატკივრონ. სანახაობა მეტად არეულია – წარმოდგენილია აფრიკული, აზიური, ევროპული, ხმელთაშუა ზღვის კულტურა. ხალხის სიჭრელე ჯოისის დუბლინის მრავალფეროვნებასაც კი აჭარბებს. ადგილობრივ მცხოვრებთა ინსტინქტებით და არა ტრადიციულობის შეგნებით განპირობებული შერეული ქორწინებები იმდენად ხშირია, რომ მათ შვილებს ხანდახან უჭირთ საკუთარი გენეალოგია გამოიკვლიონ. ქალაქის ქუჩები საკმაოდ რთული და საშიშია ფეხით მოსიარულეთათვის, კომერციული უბნები კი – კაკოფონიური, არაკეთილხმოვანი, ძველი ენის ფრაგმენტებით გაჯერებული. კვირაობით, ხუთი საათისთვის ეს ხმებიც წყდება.
ასეთია ჩემთვის ესპანეთის პორტი, იდეალური ქალაქი თავისი კომერციული და ადამიანური პროპორციებით, ფეხით მოსიარულე მოქალაქეებით. ალბათ, ასეთი იყო ათენი მანამ, სანამ ის კულტურის ცენტრი გახდებოდა.
ესპანეთის პორტის არაჩვეულებივ სილუეტს მისი ოსტატები ქმნიან. აქ ნახავთ ხის შესანიშნავ, უსაზღვრო წარმოსახვით შესრულებულ ნაკეთობებს. ქალაქს მიღმა კარონის დაბლობია თავისი სოფლებით, სალოცავი დროშებით, ხილით მოვაჭრეებითა და დროშებივით მოფარფატე იბისებით. რა ფოტოგენურია! არის ყოველივე ამაში ღია ბარათების სევდა. სულაც არ ვცდილობ ახალი ედემის შექმნას; “ანტილიში” ვგულისხმობ სინათლის, შრომის, გადარჩენის რეალობას, ვგულისხმობ სოფლის გზის განაპირას მდებარე სახლს, კარიბის ზღვას, რომლის სუნიც ძალების აღდგენისა და გადარჩენის სუნია. გადარჩენა სიჯიუტის გამარჯვებაა, სულიერი გამძლეობაა, ამაღლებული სისულელეა, სწორედ ესაა ის, რაც აძლებინებს პოეზიას მაშინ, როცა ბევრი რამ არსებობს, რასაც უნდა დაეცარიელებინა იგი. ყველაფერი კი ერთ სიტყვაში ეტევა – “სამყარო”.
მაშ, ესაა ანტილის ხილული პოეზია – გადარჩენა.
თუ გსურთ, ჩასწვდეთ იმ დამამშვიდებელ თანაგრძნობას, რომლითაც კუნძულებს ეპყრობოდნენ, დააკვირდით ანტილის ტყეების შეღებილ გრავიურებს პალმებითა და ჩანჩქერებით. მათ აქვთ ცივილიზებული წესიერება, ბოტანიკური ბაღებივისთვის დამახასიათებელი მოწესრიგებულობა, თითქოს ცა მინის ჭერია, რომლის ქვეშაც კოლონიზებული მცენარეები და მათ შორის გაყვანილი გზები რიგებად ჩამწკრივებულა. ხედები იმავე პათოსითაა გამსჭვალული, გრავიორის იარაღს ან ტოპოგრაფის ფანქარს რომ ამოძრავებს. ირონიაა, მაგრამ სწორედ ამ პათოსით არქმევენ ფელისითის მსგავს სოფლებს სახელებს. საუკუნემ ამ მწვანე მიწას მცდარ შუქზე და მცდარი თვალით შეხედა. ამგვარი სურათი კიდევ უფრო მოწყენილი და სევდიანია, ვიდრე თავად ტროპიკები. შაქრის საფქვავებისა თუ ნავმისადგომების, ადგილობრივ სამოსში გამოწყობილი ქალების ეს დახვეწილი გრავიურები ისტორიის ნაწილია, იმ ისტორიისა, რომელიც ჯერ გრავიორის, მოგვიანებით კი ფოტოგრაფის მზერაში მოხვდა. ისტორია სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა თვალით უყურებს და აღიქვამს რეალობას. მას შეუძლია გადაარქვას სახელები ნოსტალგიიდან ექომდე. ისტორიას ძალუძს ტროპიკული სინათლის ბრწყინვალება პროზის ელეგიურ მონოტონურობად, კონრადის სასამართლოს ტონად, ტროპოლის სამოგზაურო ჟურნალებად გადააქციოს.
მოგზაურებს თავიანთი დაავადების ინფექცია ჩამოჰქონდათ. ჩამომსვლელთა პროზამ აქაური პეიზაჟი მელანქოლიური გახადა, მას საკუთარი თავისადმი პატივისცემა დააკარგვინა. თითოეული მცდელობა, არქიტექტურით დაწყებული, მუსიკით დამთავრებული, იმიტაციამდე, კოპირებამდე, მიბაძვამდეა დამცირებული. ფროიდის აზრით, რაკი ისტორია მიღწევებზეა დაფუძნებული და რაკი ანტილის ისტორია სისხლისღვრით, მონობითა და დაპყრობებით გენეტიკურად ასე იყო დამახინჯებული და გაფუჭებული, კულტურა აქ მიუწვდომელი იქნებოდა და გავერანებულ პორტებსა თუ შაქრის ფეოდალურ ნაკვეთებში ვერაფერი შეიქმნებოდა. ამ მოსაზრებას არაფრად აგდებს არა მხოლოდ ანტილის მთების სინათლე, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის უბრალო, ხალხური ენერგია და მრავალფეროვნება. დადექი ახლოს ჩანჩქერთან და ვეღარ გაიგებ მის ხმას. ცხენებივით XIX საუკუნეში ჩარჩენა, როგორც ბროდსკი ამბობდა, შესაძლოა არც ისე ცუდი ხვედრი იყოს. ანტილიში ცხოვრების რიტმიც გასულ საუკუნეს მოგაგონებთ, დასავლური ინდური რომანის მსგავსს.
ისეთ სიახლის მოყვარულ ავტორთანაც კი, როგორიც გრემ გრინი გახლავთ, კარიბიელი ელეგიური პათოსითაა დახატული. ამ გაუთავებელ ნაღველს ლევი-შტრაუსი ტროპიკულ სევდას უწოდებს, სადაც სიტყვა სევდა კარიბული მტვერისადმი, წვიმისადმი, უსისტემოდ გამრავლებული მცენარეებისადმი, იმ ქალაქების პროვინციული ამბიციისადმი დამოკიდებულებას ასახავს, სადაც თანამედროვე არქიტექტურის სიუხეშეს პატარა სახლები და მოხდენილი ქუჩები დაუჯაბნია. განწყობა გასაგებია – მელანქოლია, როგორც ინფექცია, როგორც მზის ჩასვლის ცხელება, როგორც ქოქოსის პალმის ოქროსფერი ფოთლები… თუმცა რაღაც არის უცხო და საფუძველშივე მცდარი ისეთ სევდასა და ავადმყოფურობაში, როგორსაც ინგლისელი, ფრანგი ავტორები ან სხვა ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი მწერლები აღწერენ. ყოველივე დაკავშირებულია სინათლის და იმ ხალხის ბოლომდე ვერგაგებასთან, ვისაც ეს შუქი ეცემა.
ეს მწერლები აღწერენ ჩვენი ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ქალაქების ამპარტავნებას, ამბიციებს, თუმცა კარიბული ქალაქის მშენებლობა შეიძლება დასრულდეს იქ, სადაც ის თავის საკუთარ მასშტაბებს დააკმაყოფილებს, ისევე, როგორც კარიბული კულტურა, რომელიც ევოლუციის პროცესში კი არ არის, არამედ უკვე ჩამოყალიბებულია. ქალაქის პროპორციებს ვერც ჩამოსული მოგზაურები განსაზღავენ და ვერც ემიგრაციაში წასულები, არამედ მისი მკვიდრნი და მისივე არქიტექტურა. ასეთი პასუხია საჭირო მათი მისამართით, ვინც გვეუბნება, რომ თქვენ ჯერ არ ხართ ქალაქი და ჯერ არ ხართ კულტურა. მე არა ვარ თქვენი ქალაქი და თქვენი კულტურა. ყოველივე ამის შემდეგ ტროპიკული სევდაც შესაძლოა ნაკლები იყოს.
ამ კათედრიდან სიხარულით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი მიწა და ისტორია “ბოლოს და ბოლოს” ცნეს. ბოლოს და ბოლოს – ასე ჰქვია კარიბიზე დაწერილ ერთ-ერთ პირველ წიგნს, რომლის ავტორია ვიქტორიანელი მოგზაური ჩარლზ კინგსლი. ეს გახლავთ ანტილისა და მისი ხალხის ინგლისურ ლიტერატურაში გამოჩენის ერთ-ერთი ადრინდელი მცდელობა. არასოდეს წამიკითხავს ეს წიგნი, მაგრამ ვფიქრობ, მისი ტონი კეთილგაწყობილი იქნება. ანტილის არქიპელაგის შესახებ წერდნენ ტროლოპი და პატრიკ ლეი-ფერმორსი, მაგრამ ამას ისე აკეთებდნენ, როგორც მე აღვწერდი სოფლის წარმოდგენას ფელისითიში, როგორც თანაგრძნობით სავსე აუტსაიდერი, რომელიც ცდილობს, გაერთოს, თუმცა სანახაობის მოწონების მიუხედავად დისტანცირებულია, რეალურად შორს არის ინდოელთა სოფლისაგან. შეუძლებელია იმის შეყვარება, რაც დაფარულია. მოგზაურს ვერ ეყვარება, რადგან სიყვარული სტატიკურია, მოგზაურობა კი მოძრაობას გულისხმობს. თუ ადამიანი დაუბრუნდება იმას, რაც უყვარს, თუ თავის მიწაზე დარჩება, ის აღარ იქნება მოგზაური, არამედ ერთ ადგილზე დასახლებული, მობილიზებული და კონცენტრირებული, დედამიწის ამ ნაწილზე შეყვარებული ადგილობრივი მცხოვრები. ბევრი ამბობს, რომ უყვარს კარიბი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ინახულებს ამ მიწას, მაგრამ აქ არასოდეს დარჩება, ვერ იცხოვრებს. ეს ჩვეულებრივი მოგზაურის ჩვეულებრივი განცდაა. საუკეთესო შემთხვევაშიც კი ტურისტი გამვლელად რჩება. ვიქტორიანულმა პროზამ პატივი მიაგო ჩვენს კუნძულებს, თუმცა მათი სილამაზე შვებულების დამთავრებისთანავე დავიწყებას მიეცა.
ალექსის ლეჟე, რომლის ფსევდონიმი სენ ჟონ პერსი იყო, პირველი ანტილელი გახლდათ, ნობელის პრემია რომ დაიმსახურა პოეზიაში. ის გვადელუპაში დაიბადა და წერდა ფრანგულად, თუმცა არაფერია ისეთი სუფთა და ხალასი გრძნობით სავსე, როგორც მისი ბავშვობისდროინდელი ლექსები, როცა ის ანტილელი პლანტაციების მფლობელის პრივილეგირებული თეთრკანიანი შვილი იყო. პერსის პირველ პოეტურ კრებულებში “Pour Feter une Enfance”, “Eლოგეს” და “Images a Crusoe” როგორც იქნა, შეაღწია პირველმა ნიავმა, პალმის ხეების ხმებმა და ყავის არომატივით დატრიალდა.
კარიბულ გენიას მიესაჯა, საკუთარ თავს დაპირისპირებოდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პერსის გახსენებით ვიხსენებთ პლანტაციების ძველ სისტემას, ტერასებს და მულატ მოსამსახურეებს, ფრანგულ ენას თეთრ ტროპიკულ ქუდში, მფარველების რიტორიკასა და ქედმაღლობას. პერსს საკუთარი წარმომავლობაც რომ უარეყო – დიდ მწერლებს ხომ ახასიათებთ ერთგვარი ახირება, მიჩქმალონ საკუთარი წარმომავლობა – ჩვენ ვეღარ ვიტყვით მასზე უარს, რადგან უკვე გვყავს აფრიკელი ემე სეზერი. ეს არ არის თავშესაფარი, ეს პოეზიის ირონიული რესპუბლიკაა. და მაინც, როდესაც მზის ჩასვლისას პალმების დიდი ფოთლების რხევას ვუყურებ, მგონია, ისინი პერსს კითხულობენ ხმამაღლა.
პერსის კეთილსურნელოვანი, პრივილეგირებული პოეზია, რომელიც პოეტმა თეთრი ბავშვობის და ფელისითის მუქკანიან მშვილდოსნებთან ჩაწერილი მუსიკის სამახსოვროდ შექმნა, მასში ასახული პალმები და ანტილის ცა მეც მაღელვებს, იმავე სიამაყეს ვგრძნობ ლექსებსა და სახეებში. რატომ არ უნდა იყოს ანტილის ეს ისტორია ასეთი ღირსშესანიშნავი და მნიშვნელოვანი? მსოფლიოს ისტორია, რომელშიც, რა თქმა უნდა, ევროპას ვგულისხმობთ, ტომთაშორისი დაპირისპირებებისა და ეთნიკური წმენდის გრძელი ჯაჭვია. როგორც იქნა! გამოჩნდა კუნძულები, რომელზეც არაფერი დაუწერიათ, მაგრამ, რომელმაც საკუთარი თავი დაწერა. პალმები და მუსლიმური მინარეთები ანტილეს აღფრთოვანების საგანია. როგორც იქნა! გვადელუპეს სამეფო პალმები ზეპირად ამბობენ ელეგიებს.
მოგვიანებით გამოსულ კრებულში – ნაბასე – პერსმა წარმოსახვითი ეპოსის ფრაგმენტები მოაგროვა – გრანდიოზული ჭიშკარი თეთრი კბილებით, უნაყოფო დაბლობები შხამიანი ტბებით და ცხენოსნები უდაბნოს ქვიშის ქარებში, და ეს ყველაფერი გრილი კარიბული დილის ნაცვლად. თვალნათლივია კონტრასტი, ერთი მხრივ, ფელისითის მუქკანიან მშვილდოსან ბიჭებს – საკრალურ ტექსტს რომ უსმენენ დროშებით მორთულ მინდორში, რომელიც სპილოებითა და ღვთაებების ქანდაკებებითაა სავსე, და მეორე მხრივ, გვადელუპეში მცხოვრებ თეთრკანიან ბავშვს შორის, რომელიც საკუთარი ეპოსის ფრაგმენტებს აგროვებს ანტილის ცაზე, ლერწმის მინდვრებში, თავისი მამულების ეტლებიდან და რქოსანი საქონელიდან, ბამბუკის ფოთლების კალიგრაფიიდან, ისეთი უძველესი ენებიდან, როგორიცაა ინდური, ჩინური, არაბული. რამაიანადან ანაბასისამდე, გვადელუპედან ტრინიდადამდე არსებული მთელი არქეოლოგიური მასალა აფრიკის დამხობილი სამეფოებიდან, სირიიდან თუ ლიბანიდან მიწაში კი არ არის მიმოფანტული, არამედ ჩვენს ხმაურიან, უწესრიგო, უბრალო, ხალხურ ქუჩებში.
სუსტთვალებიანი ბიჭი ეგეოსის ყურის ლივლივა წყალზე მისრიალებს. მისი მოძრაობა, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ქმედება ილიადასა და ოდისეას მოგაგონებთ. მეორე ბავშვს ბამბუკის მშვილდები მიაქვს სოფლის ფესტივალზე, სხვა კი პალმების შრიალს უსმენს მზის ამოსვლისას. სწორედ ამ ხმებიდან, რომელიც ტომობრივი მითოლოგიის ფრაგმენტებს შეიცავს, პერსის ეპოსის შეზღუდული ექსპედიცია იწყება ისე, რომ საუკუნეები და არქიპელაგები გათვალისწინებული არ არის. თითოეული პოეტისთვის ყოველთვის დილაა ამ სამყაროში. ისტორია დავიწყებული, უძილობით დატანჯული ღამეა. ისტორია და სტიქიური თრთოლვა ყოველთვის ჩვენი საწყისია. პოეზიის ბედისწერა სამყაროს შეყვარებაა ისტორიული ქარტეხილების მიუხედავად.
გასაგებია ზეიმის, დღესასწაულის ნამდვილობა, წარმატების აღნიშვნა, როდესაც მწერალი იმ კულტურის განთიადის მოწმე ხდება, რომელმაც საკუთარი თავი უნდა გამოკვეთოს. თვითგანსაზღვრის ამგვარ გარიჟრაჟს, განსაკუთრებით ზღვის სანაპიროზე, მზის ამოსვლის რიტუალი ამშვენებს. ასეთ ვითარებაში სახელწოდება “ანტილი” ჟღერს, როგორც კამკამა წყალი. ფოთლების, პალმების, ჩიტების ხმა ადგილობრივი ენის, სუფთა დიალექტის ბგერებია. პერსონალური ლექსიკა, ინდივიდუალური მელოდია, რომლის საზომი კონკრეტული ბიოგრაფიაა, უერთდება ამ ბგერებს და მთელი სხეული ისე მოძრაობს, როგორც მოსიარულე, ახლად გამოღვიძებული კუნძული.
აი, ამგვარი წყალობა აღინიშნება ზეიმით, ახალი ენა, ახალი ხალხი… ადგილი აქვს შიშნარევ მორჩილებას.
აქ მე მათი სახით თუ არა, მათი სახელით მაინც ვდგავარ, მათი დიალქეტების სახელითაც, რომლებიც ისე გამოიცვალეს, როგორც ხე იცვლის ფოთლებს. ფოთლების სახელები – მწვანე, დრეკადი… – laurier canelles, bois-flot, bois-canot, მინდვრების სახელები – Fond St. Jacques, Matoonya, Forestier, Roseau, Mahaut ან დაცარიელებული სანაპიროების სახელები – LAnse Ivrogne, Case en Bas, Paradis – მაშინ, როდესაც ყველა სიმღერა და ისტორია ადგილობრივ სალაპარაკო ენაზეა და არა ფრანგულად.
ზოგიერთი ისე აღიზარდა, რომ პარალელურად ორი ენა ესმოდა – ხეების ენა და იმ სკოლის ენა, სადაც ბავშვებს ინგლისურად უნდა დაესწავლათ:
I am monarch of all I survey,
My right there is none to dispute;
From the centre all round to the sea
I am lord of the fowl and the brute.
Oh, solitude! where are the charms
That sages have seen in thy face?
Better dwell in the midst of alarms,
Than reign in this horrible place …

[მე ვარ ყველაფრის მბრძანებელი, რასაც ჩემი თვალი სწვდება,
არავის შეუძლია ჩემი უფლება სადავო გახადოს;
ცენტრიდან მოყოლებული ზღვის ჩათვლით
ვარ ფრინველებისა და ცხოველების ბატონი.
ო, მარტოობავ! სად არის მომხიბვლელობა,
ბრძენკაცებმა რომ ნახეს შენში?
სჯობს ბრძოლის განგაშში ყოფნა
ამ საშინელი ადგილის მართვას…]
მაშინ, როცა სოფლელი გოგონა სახელად სენსენი ხელნაკეთი ვიოლინოს, ჩაკ-ჩაკისა და თხის ტყავისგან გაკეთებული დასარტყამი ინსტრუმენტის თანხლებით იმავე საზომის სიმღერას მღეროდა:
Si mwen di ‘ous ça fait mwen la peine
‘Ous kai dire ça vrai.
რომ მეთქვა, ეს ტკივილს მანიჭებს-მეთქი,
მეტყოდი, მართალიაო.
Si mwen di ‘ous ça pentetrait mwen
‘Ous peut dire ça vrai
რომ მეთქვა, ჩემი გული განგმირე-მეთქი,
მეტყოდი, მართალიაო.
Ces mamailles actuellement
Pas ka faire l ‘amour z’autres pour un rien.
დღეს აღარავის უყვარდება ერთმანეთი
არაფრის გამო.
ეს ისტორია მზის ამოსვლით ვერ გაქრება, რადგან ის თვით ანტილის გეოგრაფიაში, მის მცენარეებშია ფესვგადგმული. ზღვა ტირის და ღელავს აფრიკიდან წამოყვანილი მილიონობით ადამიანის გამო, რომლებიც ევროპიდან ამერიკაში გადაჰყავდათ და ტყვეებად ჰყიდდნენ, რასაც აბორიგენი მოსახლეობის უმოწყალოდ ხოცვა ემატებოდა. ზღვის მოქცევასაც კი არ ძალუძს აფრიკული ხსოვნის ამოშლა. შაქრის ლერწმები, როგორც დატყვევებული აზიელების შთამომავლების – ფესილითის მოსახლეობის მწვანე ციხე, კვლავ ემსახურება დროს.
აი, რას ვკითხულობდი ჩემი პატარაობიდან, იმ პერიოდიდან, როდესაც განსაკუთრებული მონდომებით დავიწყე ლექსების წერა. ხისმჭრელების მუქწითელი ხეები, დათხუპნული სახე, ნახშირის სანთურები, კაცი მხარზე ჯვარედინად გადაკიდებული ხმლით, რომელიც სანაპიროზე დგას ხაკისფერ უსახელო ძაღლთან ერთად; მეორეს თბილი ტანსაცმელი ჩაუცვია დილით, რადგან როცა ადგა, ჯერ კიდევ ბნელოდა და ციოდა, და წავიდა თავის ბაღში მაღლობზე, რომელიც მილებითაა მისი სახლიდან დაცილებული. აღარაფერს ვამბობ მეთევზეებზე, ლაქიებზე, სულ რომ ოხრავენ უკმაყოფილოდ. დღეს აფრიკული ფრაგმენტები თავისთავადობით, მხოლოდ ოდნავ სახეცვლილი, კუნძულებშია ფესვგადგმული. ეს ადამიანები წერა-კითხვის უცოდინრები არიან ისევე, როგორც ფოთლები. მათ არ იციან კითხვა, სხვამ უნდა წაიკითხოს ისინი და თუ სრულყოფილად წაიკითხავენ, დაინახავენ, რომ ეს ხალხი საკუთარ ლიტერატურას ქმნის.
თუმცა ჩვენს ტურისტულ ბროშურებში კარიბი ცისფერი აუზია, რომელშიც რესპუბლიკა თავისუფლად აქანავებს ფლორიდის გამოშვერილ ფეხებს, როგორც გაბერილი რეზინის კუნძულებს. აი, როგორ ყიდიან კუნძულები თავიანთ თავს გამოუვალი სირცხვილისაგან. ეს არის იდენტობის სეზონური რღვევა. ეს მხიარული გამეორება ერთი და იმავე ტიპის მომსახურებისა, რომელსაც ვერ განასხვავებ კუნძულიდან კუნძულზე გადასვლისას, გემების დაბინძურებული სადგომები, მიწა, რომელზეც მინისტრები მართავენ მოლაპარაკებებს. ყოველივე ამას თან ახლავს ბედნიერი საათის მუსიკა და ღიმილი. რას ნიშნავს მიწიერი სამოთხე აქ ჩამომსვლელთათვის? ორი კვირა წვიმის გარეშე და მაჰაგონის რუჯი. მზის ჩასვლისას კი ადგილობრივი მომღერლები ჩალის ქუდებითა და ყვავილებიანი პერანგებით უკანასკნელი ძალების გამოლევამდე იმღერებენ “ყვითელ ჩიტს” და “ნავის სიმღერას”. ეს უფრო ფართო ტერიტორიაა, ვიდრე რუკაზეა შემოსაზღვრული – უსაზღვრო ზღვა და ყველაფერი ის, რაც მას ახსოვს.
მთელი ანტილი, მისი თითოეული კუნძული ხსოვნის, მახსოვრობის ძალისხმევაა. ყოველი ნააზრევი, ყოველი რასის ბიოგრაფია დავიწყების ბურუსითაა მოცული. მზის შუქი ალაგ-ალაგ მოჩანს ნისლში და უეცრად გაჩენილ ცისარტყელებს შორის. ეს სინათლე იმ ანტილელების წარმოსახვის ძალისხმევას მოგაგონებთ, რომლებმაც ხელახლა, რუდუნებით აღმართეს ღმერთები ბამბუკებისგან.
არუს კუნძულების უკანსვლა ანტილის ისტორიის ჩამონგრეული ჭერია. და უსაფრთხო დაავადება, რითაც ტურიზმმა შეიძლება დააავადოს კუნძულის ყველა ხალხი არა თანდათანობით, არამედ წარმოუდგენელი სისწრაფით, ვიდრე გუანოთი გათეთრებული თითოეული ნატეხი კლდისა თეთრ სასტუმროდ, პროგრესის თაღად არ გადაიქცევა.
სანამ ყველაფერი არ გამქრალა, სანამ რამდენიმე ხეივანი შენარჩუნებულია, სანამ წინსვლა და განვითარება ყველა ხელოვანს ანთროპოლოგისტად და ფოლკლორისტად არ აქცევს, ჯერ კიდევ არსებობს ადგილები, რომლებსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება. ისინი არ წარმოადგენენ იდეების ექოს, ჯერ არ ემუქრებათ ცვლილებების საფრთხე. ეს გახლავთ არა ნოსტალგიური ხედები, არამედ შემოფარგლული სიწმინდეები, ისეთივე უბრალო, როგორც მზის შუქი. იშვიათი სილამაზის ადგილებს ემუქრებათ პროზა, ბულდოზერით გადათხრა, ნუშის ხეებს – ტოპოგრაფის საზომით გადაზომვა, მთის დაფნას – დაავადება.
უკანასკნელი ეპიტაფია: სუფრიერის გარეუბანში, მინდორში დიდი ეკლესიის ქვაა. გორაკებს სახლები თითქოს ყავისფერ მდინარესთან მიუყრიათ, მზე ირეკლება პრიალა ფოთლებზე. არ შეიძლება აქ ინვესტიცია ჩადო და ეს ადგილი გადაყლაპო, მისი ხსოვნა მოსპო. კვირაობით აფრიკელი ბავშვები ჩვეულებრივი ბეტონის კიბეებით ჩამოდიან ეკლესიაში. ბანანის ფოთლები ბრწყინავს. ეზოში სოფლის ბოსტნეული იყიდება, მოხუცი ქალი ბარბაცით მიდის ტაძრის შესასვლელისკენ. ეს ის ადგილია, სადაც ნამდვილი ფრესკა დაი­ხა­ტებოდა, შესაძლოა არც ისეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ნაღდი რწმენით, რუკისა და ისტორიის გარეშე.
რა სწრაფად შეიძლება გაქრეს ეს ყველაფერი?! რაღაც გვიბიძგებს, წავიდეთ იქით, სადაც ვიმედოვნებთ, რომ არის ხელუხლებელი ადგილები, იდუმალი სიმწვანე სადღაც, დანგრეული გზის ბოლოს, არის ხელუხლებელი სანაპიროები უბრალო მეთევზეებით და არა სასტუმროებით, მისი მკვიდრი მოსახლეობისთვის კარიბი არ არის იდილიის ადგილი. ამ მიწიდან ისინი ორგანულად იღებენ მამოძრავებელ ძალას, ენერგიას, როგორც ხეები. აქაური გლეხები და მეთევზეები იმისთვის კი არ არიან აქ, რომ შეგიყვარდეს ისინი ან სურათი გადაუღო მათ. გლეხები არიან დანამული, გაოფლილი ხეები, რომელთა ქერქი გაჯერებულია მარილით. თუმცა ყოველდღე რომელიმე კუნძულზე ბიზნესმენებს დიდ გადასახადებს აკისრებენ და ამასთან, ზღვას, პიკანტურ დაფნასა და მთებზე შეფენილ ფესვიან ხეებს აბინძურებენ. შესაძლოა, ერთ მშვენიერ დილას მთავრობამ იკითხოს, რა მოუვიდა არა მხოლოდ ტყეებსა და ყურეებს, არამედ ანტილის მთელ ხალხსო.
აი, აქ არიან, ისევ დაბრუნდნენ სახეები, კორუმპირებული ანგელოზები, გადაგლესილი შავი კანითა და სიხარულისგან გაფართოებული, თეთრი თვალებით. ასეთივე ანთებული თვალები ჰქონდათ რამლეელას მონაწილე აზიელ ბავშვებსაც; ორი სხვადასხვა რელიგია, ორი სხვადასხვა კონტინენტი, ორივე ავსებს გულს ტკივილით, რომელიც სიხარულია.
მაგრამ რა არის სიხარული შიშის გარეშე? ეგოიზმით, თავმოყვარეობით გამოწვეული შიში, როცა აქ მსოფლიო ყურადღების ცენტრში ვარ მოქცეული მე და არა ისინი, მსურს, მათი უბრალო, პრიმიტიული სიხარული დაუზიანებლად მოვიტანო თქვენამდე არა იმიტომ, რომ ის ზედმეტად ნაივურია, არამედ იმიტომ, რომ ნამდვილია. ის ისეთივე ნაღდია, როგორც პერსმა გაიგონა მცირე აზიაზე დაწერილი საკუთარი ეპოსის ფრაგმენტები მოშრიალე პალმებში, რომ აზიის შუაგულში წარმოსახვები ხეტიალობენ, რომლებიც ჩვენი მოდგმის კოლექტიურ მახსოვრობას უპირისპირდებიან. ეს სიხარული ისეთივე ნამდვილია, როგორც იმ პატარა ბიჭის კმაყოფილება, ბამბუკის მშვილდს რომ ისროდა ფელისითის დროშებით მორთულ მინდორში. ახლაც ისეთივე სიამოვნებისმომგვრელია სიხარული და ისეთივე კურთხეულია შიში, როგორც პატარა ბიჭისა, თავისი სახელმძღვანელო რომ გადაშალა, სადაც ჩარჩოში საგანგებოდ გამოკვეთილი ლექსი გაურკვევლობით კურთხეული კუნძულის მთების სინათლეს შეიცავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი