პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ნდობა პოეზიისადმი – შეიმას ჰინი

როცა პირველად გავიგონე ქალაქ სტოკჰოლმის სახელი, ფიქრადაც არ გამივლია, ოდესმე იქ თუ მოვხვდებოდი, არათუ შვედეთის აკადემიისა და ნობელის ორგანიზაციის სტუმარი ვიქნები-მეთქი. იმ დროს, რომელზეც ვლაპარაკობ, ეს ნაკლებ მოსალოდნელი კი არა, დაუჯერებელიც იყო. ორმოციანი წლებია. უფროსი შვილი ვარ ოჯახისა, რომელიც გამუდმებით იზრდება. ვცხოვრობთ თივით გადახურული ფერმის სამ ოთახში, როგორც ბუნაგში, მეტ-ნაკლებად რომ გვიცავს ემოციურადაც და ინტელექტუალურადაც გარეშე სამყაროსაგან. ეს იყო გულითადი, ფიზიკური და სულიერი თანაარსებობა, ერთმანეთს რომ უთავსებდა საძინებელი ოთახის კედლის იქითა თავლიდან ცხენების ჭიხვინს და მეორე საძინებლის მეზობელი სამზარეულოდან გამომავალი უფროსების საუბარს. ბავშვები ყველაფერს ვისრუტავდით – წვიმის წვეთების ხმაურს, ჭერში თაგვების საქმიანობას, ორთქლმავლის რახრახს ეზოს გადაღმიდან, მაგრამ ვისრუტავდით ისე, თითქოს ლეთარგიულ ძილში ვიყავით. ისტორიის გარეშე, სექსის ჩათვლით, მოძველებულსა და თანამედროვეს შორის რომ გაჩხერილიყო, აღქმის უშუალობითა და მგრძნობიარობით ვგავდით სასმელ წყალს, სამზარეულოს სათლში რომ გვესხა: ყოველთვის, მატარებელი რომ გაივლიდა და მიწა აძიგძიგდებოდა, წყლის ზედაპირი იფარებოდა უჩუმარი, უჩვეულო ციმციმით.

მაგრამ მარტო მიწა კი არ ძიგძიგებდა: ჰაერიც სიგნალებს გვაწვდიდა ყოველ მხრიდან. როცა ქარი წიფლის ტოტებს ახმაურებდა, იგი გუგუნებდა მავთულებშიც, წაბლის ზედა ტოტზე რომ იყო მიბმული; შემოიჭრებოდა ქვევიდან, სამზარეულოს ფანჯრის კუთხეში არსებული ნახვრეტიდან, პირდაპირ რადიომიმღებს მიაწყდებოდა, საიდანაც ხანმოკლე წრიპინისა და ღმუილის ნარევის მერე ისმოდა ბი-ბი-სის დიქტორის ხმა, რაიმე მოულოდნელს რომ გვაუწყებდა; უფროსების საუბარში აღრეული იგი საძინებელშიც გვესმოდა. გვესმოდა ყოველგვარი ხმაურის გადამფარავი მორზეს ანბანის საშინელი, გულგამგმირავი სიგნალებიც. შეგვეძლო გაგვერჩია ჩვენი მშობლების მიერ ადგილობრივი აქცენტით წარმოთქმული მეზობლების სახელები, დიქტორის ჟღერადი ინგლისურით წარმოთქმულში კი – ბომბდამშენებისა და დაბომბილი ქალაქების დასახელებანი, ცნობები სამხედრო ფრონტებისა და დივიზიების, ჩამოგდებული თვითმფრინავებისა და ტყვეების რაოდენობის, კატასტროფებსა და ჯარების შეტევებში დახოცილთა და დაჭრილთა შესახებ. და, რაღა თქმა უნდა, ყოველთვის გამოვარჩევდით განსხვავებულ, სერიოზულ და ერთმანეთთან საოცრად დაკავშირებულ სიტყვებს: “მტერი” და “მოკავშირე”. ყოველივე ამის მიუხედავად იმ მსოფლიო კატაკლიზმების თაობაზე არც ერთი ახალი ცნობა შიშს არ მგვრიდა.

რადიოკომენტატორის ხმას კიდეც რომ ეუწყებინა რაიმე ავის მომასწავებელი, ჩვენ არ შეგვეძლო მისი გაცნობიერება. თუმცა კი დასაძრახია აპოლიტიკურობა იმ დროს და იმ ქვეყანაში, ამის შედეგად მე უშიშრად ვგრძნობდი თავს და სწორედ ეს იყო დადებითი მომენტი. სხვა სიტყვებით, ომის წლები ჩემთვის იყო ფიქრებამდელი და ლიტერატურამდელი დრო. მაშასადამე, ერთგვარად, ისტორიამდელიც. წლების შემდეგ, როცა უკვე საზრიანად შემეძლო მოსმენა, ჩვენი დიდი დივანის სახელურზე შევდგებოდი, რომ ყური მიმედო რადიომიმღებისათვის, თუმცა ახალი ამბები არც მაშინ მაინტერესებდა. გატაცებული ვიყავი მიმზიდველი რამეებით, მაგალითად, დეტექტიური სერიალით ბრიტანელთა სპეციალური აგენტის დიკ ბარტონის შესახებ, შეიძლება კაპიტან უ. ნ. ჯონსის ზღაპრული თავგადასავლების რადიოვერსიებითაც, სამხედრო-საჰაერო ძალების სახელგანთქმული მფრინავის ბიგლზის გმირობითაც. ახლა, როცა სხვა ბავშვებიც წამოიზარდნენ და სამზარეულოშიც ყოველთვის რაღაცა ხდებოდა, იძულებული ვიყავი თითქმის მივწებებოდი რადიომიმღებს, რომ არაფერი გამომრჩენოდა. რეგულატორის მეზობლობამ მიმასწავლა უცხოურ სადგურებთან – ლაიფციგთან, ოსლოსთან, შტუტგარდტთან, ვარშავასთან და, რასაკვირველია, სტოკჰოლმთან.

ამასთანავე, რეგულატორის ბი-ბი-სიდან ირლანდიის რადიოზე, ლონდონური ინტონაციიდან დუბლინურზე გადართვისას მივეჩვიე მესმინა უცხოური ლაპარაკის ნაწყვეტები და თუმცა არაფერი გამეგებოდა, უკვე დავიწყე მოგზაურობა გარე სამყაროს ყველა განედზე. თავის მხრივ, ეს იქცა ენების განედებზე მოგზაურობად, რომლის დროსაც ყოველი ახალი პუნქტი – მნიშვნელობა არა აქვს, პოეზიაა იგი თუ ვისიმე ცხოვრება, უფრო საშუალებაა ხოლმე, ვიდრე მიზანი და სწორედ ასეთმა მოგზაურობამ მომიყვანა დღეს ამ საპატიო ადგილას. ტრიბუნაც კოსმოსურ სადგურს მაგონებს და არა მიზნის მიღწევის საშუალებას, ამიტომ ვაძლევ თავს ამჯერად ფუფუნების უფლებას, არ ვგრძნობდე ფეხქვეშ მიწას. მწამს, რომ პოეზიას ძალუძს სივრცეში განავარდება. ამაში დარწმუნებული ვარ იმ სტრიქონის გამო, ახლახან რომ გარკვევით გამოვთქვი, დავარიგე რა საკუთარი თავი (აბა, სხვას ვის შეეძლო გაეგონა) – “იფრინე, მიწა არ იგძნო ფეხქვეშ, მიუხედავად საღი აზრისა”. თუმცა ეს იმიტომაც მჯერა, რომ პოეზიას შეუძლია შექმნას გარეშე ზემოქმედებისათვის ისეთივე შესაფერი და პოეტური არსის შინაგანი კანონებისადმი ისეთივე მგრძნობიარე წესრიგი, როგორიც ციმციმს, წყლის ზედაპირს ფარავდა სამზარეულოს ვედროში ორმოცდაათი წლის წინათ. წესრიგი, რომლითაც შეგვიძლია განვახორციელოთ ყველაფერი, რაც გვიგროვდებოდა, სანამ ვიზრდებოდით. წესრიგი, რომელიც გიკმაყოფილებს ყველაფერს, რასაც გონებრივი შესაძლებლობებიდან ელოდები და გეხმარება გაერკვე გრძნობებში. სხვანაირად, მწამს, რომ პოეზიას შეუძლია, თავისთავადიც იყოს და იმაშიც დაგეხმაროს, შესაძლებელი გახადო ცვალებადი და ძალის მომცემი კავშირი გონების ცენტრსა და პერიფერიას შორის, რადიო­მიმღებზე სიტყვა “სტოკჰოლმის” ამომკითხველ ბავშვსა და იმ მამაკაცს შორის, პირისპირ რომ წარუდგა ამ დიდად საზეიმო მომენტში კეთილგანწყობილ და ოფიციალურ პირებს სტოკჰოლმში. მწამს ეს, იმიტომ რომ რწმენა ყოვლისშემძლეა ჩვენს დროშიც და ყველა დროშიც თავისი ცხოვრებისეული სიმართლით, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით.

დავიწყებ იქიდან, რომ მინდოდა ცხოვრებისეული სიმართლე კონკრეტული უტყუარობით დაღდასმული ყოფილიყო და ძალზე მიხაროდა, ლექსი რომ სიწრფელით, სიმართლით ასახავდა სამყაროს, რომელშიც ამ სიმართლეს ძალუძდა გაეძლო კიდეც, თავიც დაეცვა და წინააღმდეგობაც გაეწია. სკოლის წლებშივე მიყვარდა ჯონ კიტსის ოდა “შემოდგომას”, იმისათვის, რომ იგი ენისა და განცდების ურთიერთ­დამაკავშირებელი თაღი იყო; ყმაწვილობისას შემიყვარდა ჯერარდ მენლი ჰოპკინსი ღრმა განცდებისათვის, ასე რომ აწონასწორებდნენ აღტაცებასა და ტკივილს, – არც ვფიქრობდი, თვითონაც თუ განვიცდიდი მათ, სანამ მისი ლექსები არ წავიკითხე; მიყვარდა რობერტ ფროსტიც ფერ­მერული გულმოდგინებისა და ეშმაკური მიწიერებისათვის; ჩოსერიც, მეტწილად, იმავე თვისებებისათვის. მოგვიანებით აღმოვაჩინე აკურატულობისა და სულიერი მიწიერების ახალი სახეობა, – რომელიც მაღელვებდა და მიზიდავდა, – უილფრედ ოუენის ლექსებში ომზე, პოეზიაში, სადაც ახალი აღთქმის მოწყვლადობა ითრგუნება და იმსჭვალება უახლესი ბარბაროსული საუკუნის ძრწუნებებით. შემდგომში ელიზაბეტ ბიშოპის სტილის, რობერტ ლოუელის სრული ქედუხრელობისა და პატრიკ კავანაგის ღია კონფრონტაციის ზუსტი მიბაძვით ხელახლა აღმოვაჩინე მრავალი მიზეზი, რომ მერწმუნა პოეზიის ყოვლისშემძლეობა – და პასუხისმგებლობაც, – უნარი იმის თქმისა, რაც ხდება, “შეებრალოს პლანეტა”, რომ “არ აინტერესებს პოეზია”.

არაგულგრილი დამოკიდებულება ხელოვნებისადმი, სერიოზულისა და საგნებისათვის ზუსტი სახელების დამრქმევისადმი, განმიმტკიცდა ჩრდილოეთ ირლანდიაში დაბადების, აღზრდისა და ცხოვრების გამოცდილებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოცდახუთი წელია, სხვაგან ვცხოვრობ. დედამიწის არც ერთ კუთხეში არსად არ ამაყობენ ასე თავისი სიფხიზლითა და რეალიზმით, არსად არ კიცხავენ ასე კანის გამო რაიმე განსხვავებას ანდა თავშეუკავებლობას. ამიტომაც, ნაწილობრივ იმის გამო, რომ თვითონაც ავითვისე ყველაფერი ეს, რაკი იქ გავიზარდე და ნაწი­ლობრივ სქელკანიანობის გამო, რაც თავდაცვისათვისაა საჭირო, ისე ვიც­ხ­ოვ­რე, ხან თავს ვარიდებდი, ხანაც ვებრძოდი ფუფუნებასა და ექსპენსიურობას ისეთი განსხვავებული პოეტებისას, როგორებიც არიან უოლეს სტივენსი და რაინერ მარია რილკე; არცთუ ძალიან ვენდობოდი ემილი დიკინსონის გამჭვირვალე არსს, ასოციაციების ამ ზიგზაგისებურ გაელვებებსა და ტეხილებს; ვისაკლისებდი ელიოტის მოჩვენებით უცნაურობებს. და ეს მეტნაკლებად თავდაჭერილი დამოკიდებულება განმტკიცებული იყო პოეტისათვის იმაზე მეტი უფლების მიცემაზე უარის თქმით, რაც ყოველ მოქალაქეს ეკუთვნის. შემდგომშიც იგი გამოწვეული იყო პოეტის მოქმედებით განუწყვეტელი პოლიტიკური სიმკაცრისა და საზოგადოების მოლოდინის სიტუაციაში. უნდა ითქვას, რომ საზოგადოებას ესაჭიროება პოეზია არა თავისთავადი, არამედ პოლიტიკური მდგო­მარეობის შესაფერი, სხვადასხვანაირად რომ იმსახურებს მოწონებას ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფების მიერ.

გონება ჯერ კიდევ ცდილობს მოდუნდეს ასეთ ვითარებაში, სემიუელ ჯონსონმა ერთხელ კეთილშობილური რწმენით “სიმართლის შეურ­ყევლობა” რომ უწოდა, როცა გაცნობიერებული აქვს საკუთარი მოქ­მედებებისა და მოთხოვნილებების ბუნებაც. არ საჭიროებს რა თეორიულ დასაბუთებას, ცნობიერება სწრაფად იწვრთნება განასხვაოს დაპირისპირებულები. ბავშვი, ერთდროულად რომ უსმენს შინაურების ირლანდიურსაქცევებიან საუბარს და ოფიციალურ ბრიტანულ მაუწყებლობას, თან ათასგვარ უბედურებათა სიგნალებს, უკვე მიჩვეულია დიდობაში თავისი მდგომარეობის სირთულეს, იმას, რომ მომავალში მას მოუწევს არჩევანის გაკეთება სხვადასხვა გულისწადილს შორის: ეთიკურის, ესთეტიკურის, მორალურის, მატერიალურის, პოლიტიკურის, სკეპტიკურის, კულტურულის, თემატურის, სიმბოლურის, პოსტკო­ლონიალურისა, და თუ ყველას თავს მოვუყრით, უბრალოდ შეუთავსე­ბელთა შორის. აი, ასეთად ვიპოვე მე საკუთარი თავი სამოცდაათიანი წლების შუა ხანებში დუბლინის სამხრეთით სხვა პატარა სახლში ახლად შექმნილი ოჯახითა და ნაკლებად შთამბეჭდავი რადიოწერტილით. მესმოდა ფოთლების შრიალში არეული წვიმის ხმაური და ცნობები დაბომბვათა შესახებ, – ახლა უკვე სახლთან ახლოს, – არა მხოლოდ იმათი, “დროებითთა” პარტია (ერა) რომ აწყობდა, არამედ ასეთივე სასტიკი შეიარაღებული შეტაკებების ნაყოფი პარამილიტარისტების მომხრეებთან დუბლინის ჩრდილოეთით. ვგრძნობდი რა საკუთარ მტკიცებულებათა არარაობას მას შემდეგ, ოსიპ მანდელშტამის 1930-იან წლებში კანონზომიერ-ტრაგიკული დაღუპვის თაობაზე რომ წავიკითხე, ასეთსავე არარაობას ვგრძნობ და მეეჭვება ჩემი მოქალაქეობრივი მდგომარეობაც კი, როცა მესმის, მაგალითად, რომ განსაკუთრებით გულჩვილი ერთი ჩემი სკოლის მეგობარი შეიპყრეს და საქმის გარჩევის გარეშე დააკავეს როგორც პოლიტიკური მკვლელობის მზადებაში ეჭვმი­ტანილი. გაშმაგებით მსურდა აბსოლუტური სტაბილურობა კი არა, ფარდობითობის ჭაობიდან გაქცევა, ვოცნებობდი მივნდობოდი პოეზიას სავსებით და გაბედულად. ლექსში “დაუცველობა” ვწერდი:

რომ შემძლებოდა მეტეორიტით მოვფრენილიყავი!..

ამის ნაცვლად კი სველ ნეშოში დავხეტიალობ.

გასრულდა შემოდგომის კეთილნაქნარი,

თავი რომ მოჰქონდა ჭენჭყოს გმირად

და მისი საჩუქარიც

შურდულიდან გატყორცნილ ქვასავით

უიმედობამ წარიტაცა.

ნეტა მეც ასე გავსრულდე.

ხშირად წარმოვიდგენ მეგობართა რჩევებს.

ისინი პრიზმულად ლამაზები არიან

და ურო აცხრება თავზე ყველას,

ვისაც ვეზიზღები.

სანამ ვიჯექი და ვულოლიავებდი

ჩემს ნამუსიან რენომეს,

რისათვის? საამბობლად? ხალხისათვის?

რისათვის ამბობენ უკან – დაიხიე?

თხმელის ტოტებში იღვრება წვიმა

მისი დაბალი სასიამოვნო ხმა

ბუტბუტებს იმედგაცრუებებსა და მსხვრევებზე

და თითოეული წვეთი იხსენებს

ალმასის აბსოლუტებს.

არც წვეული ვარ, არც მაბეზღარა,

შინაგანი ემიგრანტი ვარ. “გრძელთმიანად” აღზრდილი

და ჩაფიქრებული; ტყის ყაჩაღი,

ჩაკვლას რომ გადაურჩა,

ყიჟინისა და ლულისაგან

თავდასაცავი შეფერილობა რომ მიიღო,

ვცახცახებ ქარის ყოველ ქროლაზე;

ვინც, ამ ნაპერწკლებს რომ აჩაღებს

ნამცეცა სითბოსათვის,

ერთადერთი ცხოვრებისეული შანსი დაკარგა

ამაღლდა მფეთქავ კომეტად.

ჩემი თაობის სტუდენტებისათვის კარგად ცნობილ ერთ ლექსში, რომელზეც შეიძლება ითქვას, სიმბოლისტური მოძრაობის ვიტამინებს იღებდა და კაფსულის ფორმით გამოსაყენებლად აქცევდაო, ამერიკელი პოეტი არჩიბალდ მაკ ლეიში ამტკიცებდა, რომ “ლექსებს შეუძლიათ იყვნენ ტყუილი”. როგორც მოურიდებელი დადასტურება პოეტური ნიჭისა, თქვას სიმართლე, მაგრამ ცოტ-ცოტაობით, ეს უეჭველი და კორექტულია. დიახ, არის შემთხვევები, როცა ჩნდება უფრო ღრმა საჭიროება, როცა გვინდა ლექსი იყოს არა მხოლოდ წესისმიერი, არამედ აუცილებლად ბრძნული, არა მხოლოდ მოულოდნელი ვარიაცია, მთელი სამყაროსადმი მიმართული, არამედ თავად სამყაროს ახალხატი. გვინდა გაოცებამ ისე განგვმსჭვალოს, როგორც ნათება აღადგენს ხოლმე უეცრად გამო­სახულებას ტელეეკრანზე ანდა ელექტროტალღა უბრუნებს გულის კუნთს ჩვეულებრივ რიტმს. გვინდა იგივე, რაც უნდოდა ქალს, სიცივისაგან გალურჯებული რომ იდგა ლენინგრადის სატუსაღოსთან კომუნისტური რეჟიმის საშინელებათა მედგრად გადამტანი და ჩურჩულით ეკითხებოდა ანა ახმატოვას, ძალუძდა კი მას აღეწერა ყოველივე, რაც ხდებოდა, თუკი შეიძლებოდა საერთოდ ამის გაკეთება ხელოვნების მეშვეობით. მეც გამჩენია ეს მოთხოვნილება გაცილებით უფრო ხელსაყრელ პირობებში ჩემს მშობლიურ კუთხეში, როცა ვწერდი სტრიქონებს, ახლახან რომ გაგაცანით. პოეზიისათვის აუცილებელია გულისხმიერება ობიექტური რეალობის ზემოქმედებისადმი და ალღო პოეტური არსის შინაგანი კანონებისა. ეს თვისებები განსაზღვრავენ პოეზიის სახელს.

ობიექტური რეალობა და შინაგანი მამოძრავებელი მოვლენები 1968-1974 წლების ჩრდილოეთ ირლანდიაში სიმპტომატური იყო საერთო თვალსაზრისით მკვეთრი, მაგრამ აქ მცხოვრები უმცირესობისათვის მაინც დიდი ხნის ნანატრი გარდაქმნებისათვის. ეს ადრეც უნდა მომხდარიყო, სამოციანი წლების სახალხო მღელვარების შედეგად, მაგრამ არ მოხდა და ინკუბატორში დაბუდებული მუდმივი საფრთხე ძალიან მალე გამოიჩეკა. სანამ ზოგიერთში მთვლემარე “ქრისტიანი მორალისტი” ცრემლებს ღვრიდა ირას მკვლელობათა და აფეთქებათა კამპანიის მხეცური სისასტიკის გამო, “უბრალო ირლანდიელი” კი სხვათა გულებში შეძრწუნებული იყო ბრიტანული არმიის სისხლიანი კვირით დერიში 1972 წელს, მოქალაქეთა უმცირესობა, აღზრდილი იმ შეგნებით, რომ მისი კლასი ეჭვმიტანილი და შევიწროებულია როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური საშუალებებით, სიტუაციას პოეტური სიმართლით აღიქვამდა და მიაჩნდა, რომ ირლანდიის კეთილდღეობისათვის გარდაქმნები აუცილებელი იყო. მაგრამ მოქალაქის ეს აღქმა თანაარსებობდა იმ სიმართლესთან, რომ გარდაქმნების მისაღწევად ერას მიერ გამოყენებული მეთოდების უკიდურესი სისასტიკე დამღუპველი იქნებოდა სწორედ იმ სიმართლისათვის, საფუძველი რომ უნდა გამხდარიყო ახალ შესაძლებლობათათვის.

მიუხედავად ამისა, მანამდე, სანამ ბრიტანეთის მთავრობა სანინგდეილის 1974 წლის კონფერენციის შემდეგ თავს დაესხმოდა ძალადობის მომხრე ოლსტერელ ლოიალისტებს (დიდი ბრიტანეთისაგან ჩრდილოეთ ირლანდიის გამოყოფის მოწინააღმდეგეებს), რაციონალური გონი ცდილობდა ჩასწვდომოდა მომხდარის არსს, გაეწონასწორებინა დაპირებული და ნამოქმედარი, ერთი სიტყვით, ექნა ის, რის მიღწევასაც ლამობდა ნახევარი საუკუნის წინ იეიტსი, სახელდობრ, “ერთმანეთთან მოერიგებინა წარმოსახვაში რეალობა და კანონიერება”. თუმცა 1974 წლის შემდეგ მთელი ოცი წლის განმავლობაში, 1994 წლის აგვისტოში ცეცხლის შეწყვეტამდე, ამ იმედს აღსრულება არ ეწერა. სისასტიკემ ქვემოდან არაფერი მოიტანა, გარდა საპასუხო სისასტიკისა ზემოდან, ფიქრი სამართლიანობაზე აღიქმებოდა როგორც რეალობის გულგრილობა, ხალხი კი, 25 წლის მანძილზე რომ იტანჯებოდა ფიზიკურადაც და სულიერადაც, პოლიტიკური სოლიდარობის, ემოციური თავდაცვის ამ ერთადერთი იმედის ანაბარაღა დარჩა.

ჩრდილოეთ ირლანდიის ტანჯვა-წამების ისტორიის ერთ-ერთი უმწვავესი მომენტი მაშინ დადგა, 1976 წლის იანვრის ერთ საღამოს ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა შინ მომავალი მუშებიანი მიკროავტობუსი რომ გააჩერეს, გვერდზე გადააყენეს, ტყვეები გაამწკრივეს და ერთ-ერთმა ჯალათმა ბრძანა: “თუ თქვენ შორის ვინმე კათოლიკეა, წინ გამოვიდეს!” თითქოსდა საგანგებოდ ეს სპეციფიკური ჯგუფი ერთის გარდა მთლიანად პროტესტანტებისაგან შედგებოდა და უნდა ევარაუდებინათ, რომ ნიღბიანები პროტესტანტი პარამილიტარისტები იყვნენ და განზრახული ჰქონდათ სექტანტური, შურისგებითი მკვლელობა შემთხვევითი კათოლიკესი, იმ ერთადერთისა, რომელშიც შეიძლებოდა დაეჭვებულიყავი, ერასა და მისი აქციებისადმი სიმპათიითაა განწყობილიო. ეს იყო უმძიმესი წუთი კათოლიკე მუშისათვის, შიშსა და მოწმეებს შორის მოქცეულისათვის, მაგრამ მაინც დააპირა წინ გამოსვლა. მაშინ, როგორც შემდგომში თქვეს, მეზობელმა პროტესტანტმა მუშამ ხელი ხელზე მოუჭირა იმის ნიშნად, თითქოს ეუბნებოდა, არ გაინძრე, არ გაგცემთ, არავის საქმე არაა, რომელი რწმენისა თუ პარტიისა ხარო. ამაოდ. კაცი გამოვიდა მწკრივიდან, მაგრამ ტყვიის ნაცვლად მუჯლუგუნები მიიღო, გვერდზე გააგდეს, მწკრივი კი ერთიანად ჩაცხრილეს, რაკიღა ნიღბიანები პრო­ტესტანტი ტერორისტები კი არა, უნდა ვივარაუდოთ, ერას “დროებითი” პარტიის წევრები აღმოჩნდნენ.

ხანდახან ძნელია არ იფიქრო, რომ ეს იმდენად ჭკუის სასწავლებელი ისტორია არაა, რამდენადაც სასაკლაო; რომ მართალი იყო ტაციტუსი, – სამყარო მხოლოდ სიცარიელეა, დაუნდობელი ძალის გადამწყვეტი მოქმედების შემდეგ რომ რჩება. მახსოვს, მაგალითად, როგორ ვიყავი შოკირებული სამოცდაათიან წლებში პოლიტიკურ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთი ჩემი მეგობრის დაპატიმრების გამო: ვფიქრობდი, თუნდაც დამნაშავე იყოს, ალბათ, უკეთესი მომავლისათვის ზრუნავს, რეპრესიული ფორმების აღკვეთისა და ახალ შესაძლებლობათა გამოთავისუფლებისათვის იმ ერთადერთი საშუალებით, რომლითაც შეიძლება რაიმეს მიაღწიო, სასტიკით, მაგრამ, ფართო გაგებით, ნაღდი საშუალებით. ეს იყო წუთით, მაგრამ ისეთით, თითქოს კოსმოსურ გამყინვარებაში მოვხვდი, შიგნით თუ გარეთ შემზარავ სტიქიაში, ადამიანურმა არსებამ რომ ყოველივე უნდა განჭვრიტოს და საკუთარი ბედი განაგოს. მაგრამ ეს მხოლოდ წუთიერი ფიქრი იყო. ის მომავალი, რომელზედაც ვოცნებობთ, განპირობებულია იმით, რაც განიცადა შიშისაგან გონდაკარგულმა კათოლიკემ მაშინ, როცა მეზობლის ხელმა ხელზე მოუჭირა და არა მაშინ, როცა ცეცხლმა მთელი მწკრივი მოცელა და იგი ეულად და მარტოსულად აქცია იმ მუსიკალური ფრაზის ნაწყვეტივით, მომხდარს რომ გვაუწყებს. როგორც მწერლებსა და მკითხველებს, როგორც ცოდვილებსა და მოქალაქეებს ჩვენი რეალიზმი და ესთეტიკური გრძნობა იძულებულს გვხდის ეჭვით მოვეკიდოთ დადებითი თვისებებისადმი ნდობას. ტყვიის ცეცხლი გვამაგრებს, სისასტიკე კი სულს უდგამს ბრძოლას, იწვევს კვლავაც დაუპირისპირდეს მას. ჩვენ სათანადოდ გვაძრწუნებს პოლ ცელანის პოეზიის კრუნჩხვები და აღტაცებას გვგვრის სემიუელ ბეკეტის სუნთქვაშეკრულობა, რამდენადაც ისინი გვიდასტურებენ, რომ ხელოვნებას ძალუძს აღმოჩნდეს მოწოდების სიმაღლეზე და ასე თუ ისე შედეგი იყოს ჰოლოსტოკს თავდაღწეული ცელანის გასაოცარი ბედისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრის სემიუელ ბეკეტის თავდაჭერილი გმირობისა. უფრო მეტიც, სამართლიანი ეჭვი გვაქვს იმის მიმართ, რაც დიდად გვანუგეშებს მოცემულ ვითარებაში.

ულმობელობა ჩვენი ცოდნისა XX საუკუნის დასასრულს დიდი გამოცდის წინაშე აყენებს ბევრ რამეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობიდან. მხოლოდ ყველაზე ბრიყვსა და ყველაზე გლახაკს არ ჰგონია, რომ ცივილიზაციის საბუთებიც სისხლითა და ცრემლებითაა დაწერილი, არა ნაკლებ რეალურით, თუმცა კი შორეულით. და როცა ეს ინტელექტუალური წინასწარგანწყობილება თანაარსებობს ოლსტერის, ისრაელის, ბოსნიის, რუანდისა და დედამიწის სხვა კუთხეთა სისხლიანი იარების რეალობასთან, საქმე მხოლოდ ის კი არაა, რომ არ ვენდოთ ადამიანის ბუნებას, არამედ ისიც, რომ არ ვენდოთ მეტისმეტად დადამბითსაც ხელოვნებაში. აი, ამიტომ ვიყავი წლების მანძილზე მიჯაჭვული ჩემს საწერ მაგიდასთან, როგორც მოქადაგე ანალოესთან, ვაყურადებდი საკუთარ ცნობიერებას, რათა გამომეწურა სამყაროს ტკივილების ნაწილი მაინც, თუმცა ძალზე შორს ვიყავი გმირობისა და ზვარაკობისაგან, ჩემი პრინციპების გამო იძულებული ვხდებოდი კვლავ და კვლავ გამემეორებინა ჩემი მცდელობანი. გამეჩაღებინა ნაპერწკლები მათი ნამცეცა სითბოსათვის. დამევიწყებინა რწმენა და მისწრაფება კეთილაღნაგი საქმეებისადმი. გამომეჩინა გულგრილობა ალმასის აბსოლუტებისადმი, რომელთა შორისაც საკმაო რაოდენობა შეიძლებოდა ყოფილიყო აბსოლუტურად გამოსახვადი. მერმე, საბოლოოდ და საბედნიეროდ, არა ჩემი მშობლიური მხარის სამწუხარო გარემოებათა გამო, არამედ სწორედ მათ მიუხედავად, წელში გავიმართე. რამდენიმე წლით ადრე ვცადე შემექმნა აზროვნებითი და წარმოსახვითი სივრცე როგორც მშვენიერის, ასევე მომაკვდინებლისთვისაც. და ერთხელ კიდევ ვცდი ამ შეცვლილი ორიენტაციის მნიშვნელობა დავუკავშირო ირლანდიის ამბებს. ესაა მოთხრობა ბერზე, მედგრად რომ გადაიტანა სულიერი ცდუნებანი. ყვებიან, თითქოს ერთხელ წმინდა კევინი დაჩოქილიყო, ხელებგაწვდილი ლოცულობდა ირლანდიის საეკლესიო მამულ გლენდალუში უიკლოუს ახლოს, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ერთ-ერთ ყველაზე ტყიან და ნესტიან ადგილას ქვეყანაში. ასე იყო თუ ისე, სანამ კევინი ლოცულობდა, მისი გაწვდილი ხელისგული შავ შაშვს შეცდომით რაღაც ქანდარის მსგავსი ჰგონებია, ჩამჯდარა, კვერცხი დაუდვია, მერე ბარტყების გამოჩეკაც მოსურვებია, რაკი ხელი ხის ტოტად მიუჩნევია. წმინდა კევინს, სიბრალულით აღსავსეს და ყოველი ღვთიური ქმნილების, დიდის თუ პატარის მიმართ სიყვარულით განმსჭვალულს, ფეხი არ მოუცვლია საათების, დღეების, ღამეების, კვირების განმავლობაში, სანამ ბარტყები არ დაიჩეკნენ და დაფრთიანდნენ…

წმინდა კევინის ისტორია ირლანდიის ისტორიაა, თუმცა კი მგონია, რომ ასევე შეიძლებოდა მომხდარიყო ინდოეთში, აფრიკაში, არქტიკაში და ორივე ამერიკაში. არც ის მგონია, რომ იგი შეიძლება მხოლოდ ფოლკლორული ზღაპრების რიგს მივაკუთვნოთ, ან დავეჭვდეთ მის ღირებულებაში, ვარკვიოთ რა კულტურის საზღვრები მრავალკულ­ტურულობის პროცესის ჩარჩოებში. პირიქით, მისი საიმედოობა და გავრცელებულობა უნდა უზრუნველყონ სწორედ გარემო პირობებმა. რა თქმა უნდა, ეს გარემო დღეს შემიძლია წარმოვიდგინო განადგურებულად, როგორც კოლონიალიზმის ცნებათა სისტემა, სადაც კევინი ფიგურირებს უწყინარ იმპერიალისტად (ან მისიონერად იმპერიალისტის კილვატერში), რომელიც ერევა აბორიგენების ცხოვრებაში და აზიანებს მათ თავდაპირველ ეკოლოგიას. უნდა ვაღიაროთ: არის ერთგვარი ირონია იმაში, რომ სწორედ კევინია ის, ვინც უკვდავყო და შემოგვინახა ირლანდიური მემკვიდრეობის ჭეშმარიტი მშვენიერება: მისი ამბავი მოთხრობილია ჟირალდუს კამბრენსისის თხზულებაში, ერთ-ერთისა იმ ნორმანებიდან, XII საუკუნეში რომ დაიპყრეს ირლანდია და რომელსაც ხუთასი წლის შემდეგ ირლანდიურენოვანმა ისტორიკოსმა ჯოფრი კიტინგმა უწოდა “ხარი იმ ჯოგიდან, რომელმაც დაწერა ირლანდიის ყალბი ისტორია”. ამ შემთხვევაშიც კი არ მინდა დავიჯერო, რომ ადრეული ქრისტიანული ცივილიზაციის ასეთი გამოვლინება მთლიანობაში უნდა აიხსნას ისევე მარტივად, როგორც გზა რაღაც ექსპლოატატორულისა და პირველ­ყოფილისაკენ ჩვენს ისტორიაში, წინათაც და ახლაც. მთელი კონცეფცია უფრო იმ ნამუშევრების ერთგვარ სახესხვაობად მიმაჩნია, რამდენიმე კვირის წინ სპარტის ერთ-ერთ მუზეუმში რომ ვნახე სწორედ იმ დღეს, როცა გამოაცხადეს ლიტერატურაში ნობელის პრემიის მინიჭების თაობაზე.

ეს იყო ხელოვნება, გამოჩეკილი რელიგიიდან, არაფერი საერთო რომ არ ჰქონდა წმინდა კევინის რწმენასთან. იქაც გამოსახული იყო მჯდომარე ჩიტი, უცნაური მხეცი და შთაგონებული ადამიანი, ოღონდ ამჯერად ადამიანი ორფეოსი იყო, აღფრთოვანება კი უფრო მუსიკით იყო გა­მოწვეული, ვიდრე ლოცვით. ეს იყო პატარა რელიეფური კვეთილობის ნიმუში და არ შემეძლო არ გადმომეხატა; ისიც გადმოვწერე, რასაც თანმხლები ბარათი იუწყებოდა. ნახატმა შემძრა სიძველითა და მარადიულობით, ბარათის ტექსტმაც გული ამიჩუყა, რამდენადაც მისახელებდა და მიმტკიცებდა იმის რწმენას, რასაც ოცდაათი წელია ვაკეთებ. “აღთქმათა ნუსხა, – ეწერა ბარათში, ალბათ, ორფეოსისთვის ადგილობრივი პოეტის მიერ მირთმეული. ელინისტური პერიოდის აქაური ოსტატის ნამუშევარი”. კვლავ ვიმედოვნებ, რომ არ გამოვიყურები სენტიმენტალურად ან უბრალოდ კერპთაყვანისმცემლად ყოველივე ადგილობრივის მიმართ. პირიქით, მინდა ვივარაუდო, რომ ნახატები და ამბები, დღეს რომ აქ გავიხსენე, ფასეულობათა მატარებლის ფუნქციას ასრულებენ. ჩვენი საუკუნე მოწმე გახდა ნაციზმის განადგურებისა შეიარაღებულ ძალთა მიერ; მაგრამ საბჭოთა რეჟიმი მოიშალა, სხვა მრავალ რამესთან ერთად, თავსმოხვეული იდეოლოგიის მორჩილებისათვის შეუპოვარი წინააღმდეგობის გაწევით, მათ შორის, კულტურულ ფასეულობათა დაპირისპირებითა და ფიზიკური წინააღმდეგობითაც, იმათ მსგავსად, რაც შემოგვინახეს ამ ნახატებმა და ისტორიებმა. კიდეც რომ გვესწავლა, სამართლიანად და სერიოზულად გვეშინოდეს ნებისმიერი ხალხის კულტურის სხვადასხვა ფორმის განვითარებისა და კონ­სერვატიზმისა ნორმალური და განსაკუთრებული სისტემებისას, კიდეც გვქონოდა უეჭველი დამამტკიცებელი საბუთები, რომ საკუთარი ღირსების გრძნობა ეთნიკურ და რელიგიურ მემკვიდრეობაში მალე გადაიზრდება ფაშიზმში, ჩვენი სიფხიზლე ამის საფუძველზეც კი ვერ გამოდევნიდა სიყვარულსა და უკეთესისადმი რწმენას ადამიანის ბუნებიდან. და, პირიქით, ამ უკეთესის უდრეკობისა და განვრცობილობის იმედმა უნდა ჩაგვინერგოს ნდომა, რომ სამყარო გახდება ისეთი, სადაც ყოველი ტრადიციის მნიშვნელობისათვის პატივისცემა წარმოშობს შემოქმედებას და უზრუნველყოფს ხელსაყრელი პოლიტიკური სივრცის შენარჩუნებას.

მიუხედავად ნგრევისა და განუწყვეტელი ხოცვა-ჟლეტისა მოწმე გავხდით ნდობის კოლოსალური აქტებისა, რომლებითაც აღინიშნა ახალი ურთიერთობანი პალესტინელებსა და ებრაელებს, სამხრეთ-აფრიკელ თეთრკანიანებსა და ფერადკანიანებს შორის, გამოიძებნა საშუალებანი ევროპაში კედლების დასანგრევად და რკინის ფარდის ჩამოსახსნელად, ყოველივე ეს კი იმედს გვაძლევს, ახალი პერსპექტივების გათვა­ლისწინებით ირლანდიაც ამოისუნთქავს თავისუფლად. ამ პრობლემის არსი გულისხმობს მოცემულ მომენტში კუნძულის დაყოფას ბრიტანულ და ირლანდიურ იურისდიქციებად და პრაქტიკულად ასეთსავე მუდმივ დანაწილებას გავლენებისას ჩრდილოეთ ირლანდიაში ბრიტანულ და ირლანდიურ მემკვიდრეობათა შორის. მაგრამ ქვეყნის თითოეულ მცხოვ­რებს უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ მთავრობები თავიანთი ძალაუფ­ლებით შეძლებენ შექმნან ისეთი ორგანოები, რომლებიც ამ დაყოფებს დაამსგავსებენ ჩოგბურთის ბადეს, სადემარკაციო ხაზს, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთდათმობებს, შეჯიბრებასა და მეტოქეობას, მომავლის განჭვრეტას, სადაც ცხოველუნარიანობა, თავდაპირველად გამომდინარე ისეთი უცნაურად დაწყვილებული სიტყვებიდან, როგორიცაა “მტერი” და “მოკავშირენი”, ბოლოსდაბოლოს მიღწეული იქნება ნაკლებად გაორებული და მთლიანობაში ნაკლებად მაიძულებელი სიტყვიერი მარაგით. როცა უ. ბ. იეიტსი სამოცდაათი წლის წინათ ამ საკითხს წამოჭრიდა, ირლანდია თანდათანობით აღწევდა თავს ტკივილებს სამოქალაქო ომისას, აუცილებლად რომ თან სდევდა ხოლმე ბრიტანელთა წინააღმდეგ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. თანამდევი ომი ამჯერად ხანმოკლე იყო. იგი დასრულდა 1923 წლის მაისისათვის, შვიდი თვით ადრე იეიტსის სტოკჰოლმში გაფრენამდე, მაგრამ შერკინება იყო სისხლიანი, სასტიკი და ღრმააზროვანიც, იგი კარნახობდა პოლიტიკურ პირობებს ახალ თაობებს ირლანდიის ოცდაექვსი დამოუკიდებელი საგრაფოდან – კუნძულის იმ ნაწილიდან, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ცნობილი იყო როგორც ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო, შემდგომში კი როგორც ირლანდიის რესპუბლიკა. თავის სანობელო სიტყვაში იეიტსი თითქმის არ შეხებია სამოქალაქო და დამოუკიდებლობისათვის ომებს. მასზე უკეთ არავის ჰქონდა შეგნებული კავშირი სახელმწიფო დაწესებულებათა შექმნასა და დაშლას, კულტურული ცხოვრების საფუძველჩაყრასა და ჩაფლავებას შორის, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაცვლად ასეთი მწვავე თემისა მან საჭიროდ მიიჩნია ელაპარაკა ირლანდიის თეატრალურ მოძრაობაზე. ხაზი გაუსვა მის შემოქმედებით მიზნებს და დასაბამითვე გამართლებას, რაც იმით გამოიხატა, რომ თავად იეიტსის გარდა მას მხარს უჭერდნენ მისი ნიჭიერი მეგობრები ჯონ მილინგდონ სინჯი და ლედი აუგუსტა გრეგორი. თქვა, რომ შვეციაში ჩამოვედი, რათა მსოფლიოსათვის მეუწყებინა, ჩვენი პოეტებისა და დრამატურგების მუშაობა ისევე საჭირო რომაა ქვეყ­ნისათვის, როგორც პარტიზანთა რაზმების ჩასაფრებანიო. და მისი სიამაყის საგანი ამ ამაღლებულ პროზაში არსებითად ისეთი იყო, როგორც აგვიწერა ათი წლის შემდეგ პოემაში “კვლავ მუნიციპალურ გალერეაში”. აქ იეიტსი თავს წარმოიდგენს პორტრეტებსა და ბატალურ ტილოებს შორის, ახლო წარსულის გმირებსა და მოვლენებს რომ ხოტბას ასხამენ და უეცრად აცნობიერებს, რომ მოხდა ჭეშმარიტად ეპოქალური რამ. “ირლანდია ეს მიცვალებული კი არა, ისაა, მხიარული და მრისხანე, პოეტის ფიქრში ჩარჩენილი”. ამ ლექსის დამამთავრებელია ყველაზე უფრო ცნობილი ორი სტრიქონი:

რაა დიდება, რითაც ტკბებიან?

ჩემი დიდება მეგობრებია.

გახსნილი და ამაღელვებელი ეს სტრიქონები მაგალითია პოეზიისა, რომელიც კი არ იყინჩება, არამედ ამჟღავნებს საკუთარ თავს; ესაა საპატიო წრე პოეტისა და ამ მხრივ ისინი ჩამოჰგავენ იმას, რის თქმასაც ვცდილობ ჩემს ლექციაში. საქმე საქმეზე თუ მიდგება, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით სხვა სტრიქონებსაც მოვიყვან ამ ლექსიდან: “მთლად იქ როდი ვარ, რასაც მელნით ფურცელზე ვწერდი, მე აქაცა ვარ, ახლა, თქვენს გვერდით”. ამის მაგივრად, გთხოვთ ის ვქნათ, რასაც იეიტსი სთხოვდა თავის აუდიტორიას და წარმოვიდგინოთ რა წარმატებებს მიაღწიეს ბოლო ორმოცი წლის მანძილზე ირლანდიელმა პოეტებმა, დრამატურგებმა, რომანისტებმა, რომელთა შორისაც სიამაყით გამოვარჩევ ჩემს დიდ მეგობრებს. ლიტერატურის საკითხებში რჩევის მიცემისას ეზრა პაუნდი აღნიშნავდა, სათვალავში არ ჩააგდოთ იმისი აზრი “ვისაც თვითონ არ შეუქმნია მეტ-ნაკლებად საყურადღებო ნაშრომი” და მე მაქვს პრივილეგია, მივდიო ამ რჩევას, რამდენადაც იგი გამორჩეულ შემოქმედთა შესანიშნავი შეფასებაა, – არა მარტო ჩემს თანამემამულეთა, – მხარს რომ უჭერდნენ ჩემს ძალისხმევას მას შემდეგ, რაც წერა დავიწყე ბელფასტში ოცდაათი წლის წინათ. ირლანდია, სადაც ახლა ვცხოვრობ, ისაა, რომლის წარმოდგენაც გამიადვილეს ჩემმა ირლანდიელმა თანამედროვეებმა. და მაინც იეიტსი არამც და არამც არ იყო ძნელად ­საცნაური. ჩვენს საუკუნეში პოეზიისადმი ნდობის გამომხატველად უეჭველად ჩაითვლება, თუკი შეიძლება ამის განსჯა, მისი ლექსების ორი ციკლი სათაურით “ათასცხრაასცხრამეტი” და “ფიქრები სამოქალაქო ომისას”, რომელთაგან უკანასკნელში შეხვდებით ცნობილ ლირიკულ პწკარებს ჩიტის ბუდეზე, შოშიამ რომ გაიკეთა პოეტის ფანჯარასთან. იეიტსი მაშინ ცხოვრობდა ნორმანთა კოშკში, ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს რომ წარმოადგენდა წარსულ და ამასთანავე, შფოთიან ეპოქებში და შთაგონება წარმართა ცივილიზაციათა ირონიისაკენ, სასტიკმა და მძლავრმა დამპყრობლებმა რომ შეაკავშირეს, დაბოლოს, მხატვ­რებსა და არქიტექტორებსაც ნიშნავენ. ლექსში ასოციაციითაა ურთიერთდაკავშირებული ბარტყების დამპურებელი დედაჩიტისა და თაფლის დამგროვებელი ფუტკრის სახეები, ღრმა ფესვები რომ გაუდგამთ პოეტურ ტრადიციაში და ყოველთვის განგვაწყობენ ფიქრისათვის ენერგიული, მშვიდობისმოსურნე და მზრუნველი თანამეგობრობის იდეალზე.

კოშკის კედლებში ეძებენ ბინას,

ფუტკრის ოჯახმა არ იცის დაღლა,

ფუტკრებო, ნუ გსურთ ეგ ქვა და რკინა,

შოშიის ბუდე ირჩიეთ სახლად.

ვიღაცა შიშით ვერ ტოვებს სოროს,

სიღატაკემაც ძვალ-რბილი დახრა,

განუწყვეტელად ხვადაგთა ქორო

ამრავლებს წყვდიადს, ავსულს და ბოროტს:

შოშიის ბუდე ირჩიეთ სახლად.

ბარიკადებზე სიკვდილი დადის,

სისხლი და ცრემლი იმატებს ახლა,

საქმე ვერ მოსდევს მამაცის ქადილს,

საფრთხეა მტერთა მახის და ბადის.

შოშიის ბუდე ირჩიეთ სახლად.

უხეში ხდება თანდათან სული,

აღარ მიილტვის მაღლა და მაღლა.

მაცდურს შეეკრას, ზოგს ურჩევს გული,

თაფლის ქურუმნო! დამიცხრეთ წყლული,

შოშიის ბუდე ირჩიეთ სახლად.

ბოლო ოცდახუთი წლის მანძილზე ხშირად მსმენია, როგორ იმეორებდნენ ირლანდიელები ამ ლექსს მთლიანად თუ ნაწილ-ნაწილად და ამაში არაფერია გასაკვირველი, იგი ხომ ისეთივე სათნო და ყურადღე­ბიანია ცხოვრების მიმართ, როგორც წმინდა კევინი და ისეთივე მრისხანე, როგორც ჰომეროსი. ცხადია, რომ კვლავ და კვლავ ექნება ადგილი მხეცურ სისასტიკეს შარაგზაზე, კვლავ გაამწკრივებენ მიკროავტობუსიდან ჩამოყრილ მუშებს და რამდენიმე წუთში დახვრეტენ. მაგრამ მწამს გაწვდილი ხელისგულის რეალურობაც, სიმპათიის უტყუარობაც, ერთი არსების მიერ მეორის გამოქომაგებაც. პოეზია აცხრობს წინააღმდეგობრივ საჭიროებებს, რომელთაც ცნობიერება წარმოშობს საგანგებო კრიზისებისას, ერთი მხრივ, იმისას, რომ თქვა სიმართლე, მკაცრი და დამთრგუნველი და მეორე მხრივ, – არ გაამძვინვარო გონება იმ მიჯნამდე, რომლის იქითაც იგი უარს ამბობს რწმენისა და სიკეთისაკენ მგზნებარე სწრაფვაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი