პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

“სამოქალაქო თავდაცვის” გაკვეთილების ნოსტალგიური სარგებლის შესახებ

თანამედროვე მასწავლებელს ნეტავი თუ სმენია რამე სამოქალაქო თავდაცვის შესახებ? რასაკვირველია, სმენია და მერე როგორ! თუმცა, რომ კითხო, მაინც რა არის, რას ითვალისწინებს, ან რას ასწავლიდნენ ამ გაკვეთილებზე-მეთქი, შესაძლოა ცოტა ნაწყენი, დაბნეული სახითა და ხმით მომიგოს – მაგას დაკონკრეტება რაში სჭირდება – “სამოქალაქო თავდაცვა” სამოქალაქო თავდაცვააო.

არც გაგემტყუნება! თქვენს თაობას, დანამდვილებით ვიცი, რომ ხსენებული გაკვეთილები ერთი მარტივი მიზეზის გამო არ უტარდებოდა – კომუნისტრური გადმონაშთიაო, დაასკვნეს დისიდენტურად განწყობილმა, იმდროინდელმა ქართული განათლების სამინისტროს “მეტრებმა” და მორჩა და გათავდა!

არავინ დამწამოს, საკუთარ ბავშვობას მისტირის და ნოსტალგიის მაგვარი რამ გრძნობა გასჩენიაო. არადა, კვირაში ორჯერ, ბოლო 45-წუთიან გაკვეთილად “სამოქალაქო თავდაცვა” გვიტარდებოდა. წიგნიც მახსოვს, სრულიად უწყინარი, თეთრი ყდით მოღიმარი საბჭოთაფარაჯიანი ჯარისკაცითა და უკანა პლანზე კიდევ შეუმჩნევლად იარაღის მთელი არსენალი.

ამ მასალის ავტორი სკოლაში გასული საუკუნის 80-იან წლებში დადიოდა და, თავისდა სამწუხაროდ, განუხრელად სჯეროდა და 100 პროცენტით დარწმუნებული იყო, რომ “თავისუფალ ერთა ძმურ მძლე კავშირს” ყველა სხვა მეზობელი სახელმწიფო ღრენით ესაუბრებოდა და იარაღს უჟღარუნებდა. დროის ამ მოცემულ პერიოდში საბჭოთა კავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს სკოლაში აუცილებელ საგნად ითვლებოდა “სამოქალაქო თავდაცვა”.

ეს სოციალისტური ეპოქის “ძველი დიდების ნაშთი”, ნურავინ იტყვის, რომ ბავშვისათვის სრულებით უსარგებლო რამ იყო. გასაგებია, რომ სოციალისტური გადმონაშთები დასაგმობი და დღევანდელობისათვის სრულიად უსარგებლოა, მაგრამ “მედლის ორი მხარიდან” გამომდინარე, ვერ გამიგია, სასარგებლოსა და საინტერესოს რატომ უნდა ვაქციო ზურგი.

სტატიას ვბეჭდავ და საკუთარ დასახიჩრებულ თითებს დავყურებ მარცხენა ხელზე. მეხუთე კლასელები პიონერთა ხელმძღვანელის დავალებით ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯართს ვაგროვებდით და ხელზე გვარიანი რკინის ნაჭერი დამეცა. სიმწრისაგან ისეთი ღრიალი მოვრთე, დაზაფრული მაიმუნები გაოცებით მომაცქერდნენ, ჩაფიქრებულმა სპილომ კი რამდენჯერმე აიქნია ხორთუმი. აბა იქ ექიმს ვინ გამიჩენდა?

ჯართის შესაგროვებლად სამი ბიჭი და ხუთი გოგონა ვიყავით. კლასელებმა სასწრაფოდ მომაცილეს ხელიდან რკინის ნაჭერი, ერთმა ქამარი შემოიძრო, სისხლის შესაჩერებლად მაჯაზე გადამიჭირა. გოგონებმა კი არც აცივეს და არც აცხელეს – ხუთივეს ჰქონდა მხარიღლივ გადაკიდებული ქათქათა ნაჭრისაგან საკუთარი ხელით შეკერილი საექიმო ჩანთა. ჯერ წყალბადის ზეჟანგი გააძრეს და ხუთივემ ერთად მომაქივლა, მერე უშველებელი ბამბის ქულით გამიწმინდეს და ბოლოს, აბა, რა გითხრათ, ერთმანეთს ასწრებდნენ თუ რა იყო… იოდის ხსნარი, ალბათ იმის მერე შემძულდა. პოლიკლინიკაში რომ მიმიყვანეს, მორიგე ექიმმა სათუთად შეხვეული ბანდი შემომხსნა, ჭრილობა დაათვალიერა და “ამ ჭრილობას მეტი არაფერი უნდა, აქ რად მოგიყვანიათო?”

გულის ამაჩუყებელია, ხომ? ამ ყველაფერს ჩემი თაობა “სამოქალაქო თავდაცვის” გაკვეთილებზე, კვირაში ორჯერ რომ გვიტარდებოდა, იქ სწავლობდა.

სამოქალაქო თავდაცვის გაკვეთილებს ბიჭებს გადამდგარი პოლკოვნიკი, ……”პაველ ბელკინ, დლია დრუზეი პროსტა პაშა” გვიტარებდა, გოგონებს კი, “წოწზოია” (დეიდა ზოია); ასევე კვირაში ერთხელ, თითოეულ კლასს გვიტარდებოდა საჩვენებელი სასწავლო გამოცდა. პოლკოვნიკი “პაშა” და “წოწზოია” თვითნაკეთ განგაშს ტეხდნენ და მთელი კლასი ვალდებული ვიყავით ზუსტად სამ წუთში სკოლის სარდაფში აღმოჩენილიყავით. რას ემსახურებოდა ეს რეგულაცია?

პირველ რიგში იმას, რომ გოგონებს დაშავებულისათვის პირველი დახმარების გაწევა პანიკისა და ზედმეტი ემოციების გარეშე შესძლებოდათ. ოდნავ ზემოთ ვახსენე და გავიმეორებ, რომ ბავშვები საკუთარი ხელით კერავდნენ “სამედიცინო ჩანთებს” და მასში მუდმივად ჰქონდათ აუცილებელი პრეპარატები (იოდი, წყალბადის ზეჟანგი, ნიშადურის სპირტი, ბამბა, ბინდი და ა.შ.) იმის თქმა დამავიწყდა, რომ ყველა კლასის გოგონებს მორიგეობა ჰქონდათ დაწესებული მცოცავი გრაფიკით და ყოველდღე კლასს მინიმუმ ერთი მედდა “გვემსახურებოდა”, რაც შერჩეული მოსწავლისათვის ერთობ დიდ პატივს წარმოადგენდა.

მეორე სარგებელი კიდევ ის გახლდათ, რომ უკვე უნივერსიტეტის სტუდენტმა სამხედრო კათედრაზე ჯერ უშუალო პედაგოგს დავაღებინე გაოცებისაგან პირი, შემდეგ კათედრის გამგე, პოლკოვნიკ კურკუმულთან მიმიყვანეს და იქაც 2 წუთსა და 55 წამში რომ შევძელი აკ-47 (კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური იარაღია) დაშლა-აწყობა, პოლკოვნიკმა ჩაიბურდღუნა, ამ პატივცემულს ტერორისტების სკოლა ხომ არ აქვს გავლილიო.

ამ გაკვეთილების მესამე დადებითი მხარე – წელი აღარ მახსოვს, სსრკ დაშლილი არ იყო ჯერ და მიწისძვრამ სკოლაში მოგვისწრო. ნგრევისა და უბედურებისაგან უფალმა ღმერთმა დაგვიცვას და, მე არ მახსოვს, მაგრამ სკოლის დირექტორიცა და მასწავლებლებიც დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ მთელი სკოლა სულ რაღაც 3 წუთის განმავლობაში სარდაფში, უსაფრთხო ალაგას იყო მობილიზებული ყოველგვარი პანიკისა და არეულ-დარეულობის გარეშე.

დღეისათვის “სამოქალაქო თავდაცვის” გაკვეთილების ფუნქციას სკოლაში მანდატურის სამსახური უნდა ითავსებდეს. სასწრაფოს მოსვლამდე მანდატურმა უნდა აღმოუჩინოს დახმარება დაშავებულ მოსწავლეს, მანვე უნდა უზრუნველყოს ამა თუ იმ სკოლაში შეჭრილი სავარაუდო მოძალადისა თუ დამნაშავის გაუვნებელყოფა და ბოლოს, ხანძრისა თუ სხვა სტიქიური უბედურების შემთხვევაში მანდატურმა სკოლის პერსონალთან ერთად ბავშვების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა უნდა უზრუნველყოს.

ჩემი უახლოესი მეგობრის მეუღლე თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მუშაობს მანდატურად. ამათი შვილი ნათლულია ჩემი და დაბადების დღეზე გახლდით მიწვეული. მონატრებული ნათლიის დანახვას ანდრია ინდიელის მაგვარი ყიჟინით შეხვდა, ჩემკენ გამოქანდა და… ფეხი აუცდა და ხელში ბროწეულის წვენით (ერთობ სასარგებლო რამ არის) სავსე ჭიქასთან ერთად იატაკზე გაიშხლართა. ჭიქა ნამსხვრევებად იქცა, იატაკი და ჩემი ნათლული კიდევ წითლად შეიღებნენ. წამი უნდოდა იმის მიხვედრას, რომ ბავშვს არაფერი დაუშავდა. სიცილით ვტაცე ხელი და წვენის ჩამოსაბანად სააბაზანოსაკენ გავაქანე. უკან მობრუნებულს კი გაოცებისაგან პირკატა მეცა – ჩემი მეგობარი გულწასულ, მანდატურ მეუღლეს იმ ნიშადურის სპირტით აბრუნებდა, რომელიც ალბათ ჩვენივე თანაკლასელ გოგონებს მუდმივად თან დაჰქონდათ ჩანთით.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი