შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ ტიროდნენ საქართველოში

„წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა შვილისა,
იქნება ვეფხის დედაი ჩემზე მწარედა ტირისა”

ცხადია, გლოვა ინტიმური აქტია, ვისაც როგორ შეუძლია, ისე გლოვობს, ისე ტირის, მაგრამ არსებობს გლოვის კულტურული ფენომენიც. რა მოთხოვნებს გიყენებს ამ დროს კულტურა და საზოგადოება? რადგან ადამიანის სიკვდილი ისევ რჩება საერთო სახალხო წარმოდგენად, თანამედროვეობა ეძებს ფორმებს, ცვლის წესებს, ქცევის ეთიკას.

ბოლო დროს რამდენიმე პანაშვიდზე მომიხდა მისვლა. ინანიშვილი გამახსენდა, არ შეეგუოთ სიკვდილს, იტირეთ, იყვირეთო. თბილისი თითქოს შეეგუა, თითქოს სიცოცხლემ დაკარგა ფასი. ყავლგასულ თეატრალურობასა და უნიჭო, სხვების დასანახ ხმით ტირილს, მეორე უკიდურესობა – სრული სიმშვიდე დაუპირისპირა. ლამისაა ამ „ფსევდოკულტურულობის” მოთხოვნამ ჭირისუფალს დააკისროს ფუნქცია – მისასამძიმრებლად მისული კარგად შეგიქციოს ხმადაბალ საუბრებში და იმის სწრაფი მიმოხილვის შემდეგ, რითი და როგორ გარდაიცვალა საწყალი, ოსტატურად გადაიყვანოს საუბარი აქტუალურ ან საკაცობრიო, ან კიდევ მოდურ თემებზე.

არადა გახსენდება, იმ ერის შვილი ხარ, რომელსაც შეეძლო იქვე, კუბოსთან, ან იქნებ უკიდურესი გაჭირვების დროს. კუბოსთანაც არა, საკაცეზე დასვენებულ მიცვალებულთან შეექმნა შედევრები:
მოჰკვდია, ბეჩავო იერემო,
დასდევა სიღარიბის ჯოხი,
მიწანიმც დაილოცვებიან,
შიშველნი დაგიმალნეს ხორცნი.

მიწა რომ ერთადერთი თავშესაფარი იყო, მაშინაც ჰქონდა სიცოცხლეს ფასი, მაშინაც ღვრიდნენ ცრემლებს, სიკვდილს თუ არა, სიცოცხლის ტრაგიზმს დასტიროდნენ.

არ მოახვიო სხვას შენი ტკივილი, იგლოვო სხვათა თვალისგან მოშორებით, – ცალკე კულტურაა. ალბათ ილიასაც აწუხებდა, ალბათ მეცხრამეტე საუკუნეშიც ყავლი გასდიოდა გასვენება-სამძიმრების საყოველთაო თეატრალურობას. ამიტომ ატირა ოთარაანთ ქვრივი სხვათა თვალთაგან მოშორებით, ატირა და ისიც თვალნათლივ აღწერა, როგორი ინტიმური რამაა ტირილი. ქმარს ხომ ჩუმად ტირის და არც შვილი უნდა იგლოვოს სხვების დასანახად.

ილია ხატავს ქალის სახეს, რომელიც ქვეყანას ასე სჭირდება, მაგრამ „ხიდჩატეხილობა” უფრო მნიშვნელოვანი სათქმელია მისთვის და რადგან ცოცხალი გიორგი კესოს სიყვარულში ვერაფრით გამოუტყდება, იძულებულია, პერსონაჟი შვილის სიკვდილისთვის გაიმეტოს, მაგრამ ოთარაანთ ქვრივი ცოცხლად არ კვდება, ის ბოლომდე ოთარაანთ ქვრივია, ზუსტად იმიტომ, რომ ქვრივული გაკერპება შვილის ცხედართანაც არ ტოვებს. არის კიდევ ერთი ნიუანსი: როცა ქვრივი შობა ღამეს გიორგის საფლავზე გადის, სახლში ვიღაც მოხუცი ქალი რჩება, რომელიც, ეტყობა, შეფარებული ჰყავს, ე. ი. სიკეთის კეთების უნარი ბოლომდე ცოცხალია მასში, სიკვდილამდე ცოცხალია ოთარაანთ ქვრივი, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა.

ოთარაანთ ქვრივი სახალხო ტირილის საყოველთაო წესს უპირისპირდება, მაგრამ არ ღალატობს, თავის საკუთარ წესს, საკუთარ კულტურას. ამით ის, ერთი მხრივ, პიროვნულ სახეს ინარჩუნებს, მაგრამ რამდენად ბუნებრივია შვილის ცხედართანაც ამაზე ფიქრი? როგორც მოთხრობა მთავრდება, „ერთიც ეგ არის წყევლაკრულვიანი საკითხავი”.

ქართულ ლიტერატურაში არის კიდევ ერთი სახე: ყველაზე გაბედული მხატვრული სახე, ყველაზე ნამდვილი, ყველაზე ახლო თავის ბუნებასთან, ყველაზე მართალი თავის ტირილში, -აღაზა.

აღაზას ძალა საკუთარ სისუსტეშია. მას არ შეუძლია დაუპირისპირდეს კულტურას, მაგრამ კიდევ უფრო არ შეუძლია შეაკავოს თავისი ნამდვილი, ბუნებრივი გრძნობები. ის უპირველესად ქალია და თუკი ქალი ცოცხალია თავის სქესში, თავის არსებობაში, არ შეიძლება მის განცდაში მოკლული ვაჟკაცის მიმართ სექსუალური განცდა არ ერიოს: “ნეტავი, იმას ვინაცა/ მაგის მკლავზედა წვებოდა,/ვისიცა მკერდი, აწ კრული,/მაგის გულ-მკერდას სწვდებოდა.” აღაზა შეუბოჭავი, პირველყოფილი სტიქიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, კულტურით შემოსაზღვრულ გარემოში დასაღუპადაა განწირული, მაგრამ მისი ტირილი ყველაზე ბუნებრივი რეაქციაა და ჯოყოლაც იძულებულია გაუგოს, თანაც საკუთარი თავიც ეხმარება დადგეს ეჭვზე მაღლა, დადგეს ერთგულებაზე მაღლაც კი, რადგან ადამიანი არ არის გაჩენილი ერთადერთი სიყვარულისთვის. ჯოყოლას თავმოწონება („ეტყობა თავმოწონება მასპინძელს საუბარშია”) აღაზას გამო მარტო მისი სილამაზით კი არაა განპირობებული, არამედ, უპირველესად, მისი ბუნებრიობით და სიმართლით, რომელსაც ვერ მიითვისებ, მხოლოდ შენი ვერ გახდება, ყველა ღირსეულს შეიძლება ერგოს და შენც დაგავალდებულოს ადამიანური არსებობის სულ სხვა, ყველაზე გულწრფელ სიმაღლეზე დადგე. აღაზა მართალია თავის თავთან, თავის ბუნებასთან და ამდენად არ შეიძლება, ვინმესთან ( ქმართან) იყოს დამნაშავე.
** *
სიკვდილი სიცოცხლესავით ძნელია. იცვლება დრო, იჭედება ახალი კულტურა. ჭირის გაზიარება ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და ადამიანური აქტია, მაგრამ თუკი მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით მივდივართ, იქნებ დავრჩეთ სახლებში, იქნებ დავტოვოთ სივრცე გლოვისთვის და უფრო ვიწრო წრეში ჩამოყალიბდეს შედარებით ადამიანური და ბუნებრივი კულტურა მიცვალებულის დატირებისა, თორემ დაგვახრჩობს შეკავებული ცრემლები, სხვა, ცუდ ენერგიად გარდაიქმნება და საკუთარი თავის პოვნის ისედაც რთულ პროცესს კიდევ უფრო გაგვიძნელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი