პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

წარსულის ტკბილი ნამცეცები

ყველა ამბავი თითქმის ერთნაირია – როგორ უჭირდა ყველას, როგორ გვიხაროდა შუქის მოსვლა და რამდენ ხანს ვიდექით პურის რიგებში. ეს ისეთი მყარი მოცემულობა იყო, რომ ერთი წუთითაც კი არ გაგვჭირვებია მასთან შეგუება, თითქოს ასეთი გამოცდილებით დავიბადეთ და არაფერი გვაკვირვებდა.

ერთ ზამთარს ძალიან დიდი თოვლი მოვიდა, მთელი დღე გადაუღებლად თოვდა, საღამოს კი ეზო ხალხით გაივსო. დიდი თუ პატარა ყველა გარეთ გამოვიდა და გუნდაობდა. როცა აწითლებულმა  ხელისგულებმა შეგვაწუხეს, ისევ მივაშურეთ ჩვენს სახლებს. გარეთ ხვავრიელად აგრძელებდა ბარდნას, სახლში შუქი გვქონდა და თბილ სამზარეულოში, დიდ ელექტრონულ საცხობში დედა ფუნთუშებს აცხობდა. ჩვენ ისევ აივანზე გავცვივდით და ისევ ვუყურებდით თოვას, სამზარეულოდან კი ისეთი სიმშვიდე მოდიოდა, როგორც შობის ღამეს – დარიჩინის სურნელება. ჩვენს დაწითლებულ ხელებში თბილი ფუნთუშების მოხვედრისთანავე ვიგრძენით , რომ ეს ის სიყვარული და ის სიმშვიდე იყო, რაც გვაბედნიერებდა. მცირედით კმაყოფილება და გულითადი მადლიერება პირველად, მგონი, მაშინ ვიგრძენი.

სხვა თავშესაფრებიც გვქონდა: ბებიების სახლები, რომლებსაც შევეფარებოდით და ბებიები, რომლებსაც პატარა წიწილებივით უკან დავდევდით, ხან მის ძლიერ ფეხებზე ვსხდებოდით და ვქანაობდით. მერე ჩემმა შვილმაც  რომ იგივე მოინდომა, დავსვი ჩემს ფეხზე და დიდხანს ვაქანავე, იმან  კი გულიანად იცინა. ბებიებს დაღარული ხელისგულები აქვთ, საიდანაც ერთნაირად იღვრება ახლადმოწველილი რძის სურნელება, მოხარშული ჭინჭრის არომატი და  ნეშოს სიგლუვე,  ცხელი კეცის მჭადებისთვის დაკრეფილი. მათ იმდენნაირი სუნი აქვთ, რამდენადაც მრავალფეროვანია მათი შრომა, დილიდან დაღამებამდე… ასე მუხლჩაუხრელად. ბებოებს აქვთ რბილი, უფაფუკესი თმა და არ ცნობენ არანაირ ძვირადღირებულ შამპუნებს, თავის დაბანის შემდეგ ცოტა ძმარს გადაივლებენ და ეგაა. მათ ყოველთვის ჩვენზე მეტი აქვთ ფული, მიუხედავად იმისა, რომ მათი პენსია ძალიან მცირეა და მაინც ყოველთვის  გასაჩუქრებენ. მათ ყველაზე თბილი ხელები აქვთ, მაგრამ მაინც შეუძლიათ ნაკვერჩხალს მოჰკიდონ ხელი და ისევ ბუხარში შეუძახონ. 

 პენსია ბებიასთან  სოფლის ფოსტალიონს მოჰქონდა. მოვიდოდა როინი ფოსტალიონი, ამოიღებდა ჯიბიდან გაზეთში გახვეულ კუპიურებს, დაითვლიდა, მიაწოდებდა ბებიას, შემდეგ ბებიაც დაითვლიდა, მერე აუცილებლად იტყოდნენ რამეს პენსიების ზრდაზე და მერე სოფლის ფოსტალიონი გზას სხვა ბებიის სახლისკენ გაუყვებოდა. აღებული 16 ლარით ბებია იხდიდა მიწისა და შუქის გადასახადს, პარასკეობით მიდიოდა ბაზარში პროდუქტების საყიდლად, ჩვენ კი მისი შვილიშვილები მოუთმენლად ველოდებოდით ჩვენი შავკაბიანი, შავთავსაფრიანი და შავწინდიანი ბებიის გამოჩენას, რომ  დაღმართში მის შესახვედრად გავქცეულიყავით. მაშინ ბებიები ნამდვილად ახდენდნენ სასწაულებს და ჩვენც გვინერგავდნენ რწმენას.

პირველად სოფლის სკოლაში წავედი. ქალაქებში ისევ წყვდიადი, პურის რიგები, უწყლობა და სიცივე იყო. სოფელში კი საღამოს ბუხართან მიმსხდარნი, ნავთის ჭრაქის ალზე ვისმენდით ბებიის მონათხრობ ამბებს სოფელზე, მშობლებზე, ძმებზე, გრძელნაწნავიან დებზე, სიყვარულით თუ უსიყვარულოდ  გათხოვებაზე, გაკერილი თეფშის ამბავზე. ბებია გვიყვებოდა – როცა მან და ბაბუამ ოჯახი შექმნეს, მხოლოდ ერთი გაკერილი თეფში ებადათ, დანარჩენი კი რასაც ჩვენ ვუყურებდით, მათი  თავდაუზოგავი შრომით იყო შეძენილი. 

სოფლის სკოლა კი მართლაც წალკოტში იდგა. ორსართულიანი შენობა იყო და ირგვლივ სულ ნაძვები და სხვა ჯიშის ხეები ერტყა. ეზოში იყო  წყარო, სადაც უფროსი კლასის ბიჭები გაკვეთილების გაცდენისას  ატარებდნენ დროს. საკლასო ოთახების კედლები ვარდისფერი და ლურჯი იყო. არსებობს ფოტო, რომელიც სოფლის ტრაქტორისტმა, შეთავსებით ფოტოგრაფმა და შუქის ფულის ამკრებმა რევაზმა გადაიღო. ფოტოზე თეთრპერანგიანი გოგო-ბიჭები ჩამწკრივებული ვდგავართ  და, როგორც ჩანს, ფოტოგრაფის დირექტივებს ვემორჩილებით. იქ ვარ მეც,  მოკლედ შეჩორკნილი თმებით და სადღაც  დგას გრძელთმიანი, დიდბაფთიანი მარეხი, რომელსაც გაკვეთილების შემდეგ ბიჭები სახლში აცილებდნენ, მანამდე კი ყველა ერთად მივდევდით მანქანებს და გამონაბოლქვს ვისრუტავდით. მარეხის ბაფთები კი იმხელა იყო, როგორც საჰაერო ბუშტები, ცოტაც და ჰაერში გაფრინდებოდა.

ჩემი პირველი ჩანთა ყავისფერი იყო.  დეიდების ნაქონი, ძველი, ხარისხიანი ზურგჩანთა. მე კი ვარდისფერი, ნახატებიანი ზურგჩანთები მესიზმრებოდა მანამ, სანამ მამამ შავი, „მიკის და მაუსის” გამოსახულებიანი ზურგჩანთა არ მოგვიტანა მე და ჩემს დას. ეს სიზმარი კი აღარ დამვიწყებია.

შემდეგ ჩვენს კლასში ერთი შავტუხა ბიჭი გადმოვიდა, გარუჯული სახის კანი ჰქონდა და ოდნავ წაწვეტებული ცხვირი. რამზესი ერქვა. მისი ოჯახი აჭარიდან წამოვიდა და ჩვენს სოფელში დასახლდა. რამზესს დაც ჰყავდა – თამილა. საერთოდ ძალიან მშრომელი და კარგი ოჯახი იყო. რამზესის ჩვენს კლასში გადმოსვლას გაუთვიცნობიერებელი გაუცხოებაც მოჰყვა – ჩუმი შეთქმულება მის წინააღმდეგ. ბუნდოვნად მახსოვს სიტყვები – „აჭარელი მუსლიმანი”. ჩვენ პატარა მოსწავლეები, რომლებიც მერხზე კალმის გადაგორებით ვერთობოდით, უცებ გავუცხოვდით რამზესის მიმართ. საფუძვლიანად  არც კი გვესმოდა რა განასხვავებდა მას ჩვენგან. მართალია, შემდეგ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ბავშვებთან ხდება. რამზესიც ჩვენთან ერთად დასდევდა მანქანებს და ისრუტავდა გამონაბოლქვს, მასაც შეუყვარდა ლამაზი გოგო, აისრულა ოცნება – მოცეკვავე გახდა.

სკოლის დირექტორი მკაცრი, შეუვალი და სამართლიანი ქალბატონი ვერა გახლდათ, უკვე საკმაოდ ხანში შესული. მისი  ეშინოდათ და პატივს ცემდნენ. მისთვის სკოლა არ იყო მხოლოდ მცირე ჯამაგირი თვის ბოლოს. იქაურობა მისი ცხოვრების მთავარი ნაწილი იყო. ცოტა გვიან აღმოვაჩინე, რომ  ეს მოხუცი ქალბატონი, რომელიც სკოლისგან მოშორებით მარტო ცხოვრობდა და მისი განსაკუთრებულად ეშინოდათ თუ ერიდებოდათ, იღიმოდა კიდეც. აღმოვაჩინე, რომ ის მეც მიყვარდა. ვინც, მუდმივად სიყვარულს და მზრუნველობას ასხივებდა ის სხვა ბავშვების დამრიგებელი იყო, შინდისფერთმიანი მასწავლებელი დინარა და მე ხანდახან მის გაკვეთილებსაც ვესწრებოდი. 

ბებოები წავიდნენ. ბიჭურად თმაშეკრეჭილი გოგონები გაიზარდნენ, ბავშვები გააჩინეს და სოფლის გზებზე აღარ დასდევენ მანქანებს ბენზინის სუნის შესაგრძნობად, არც შავთავსაფრიანი ბებიები ესწრებიან მშობელთა კრებებს. მე კი მთელი ეს ნამცეცები იმისთვის ამოვკენკე, რომ არასდროს დაგვავიწყდეს საკუთარი თავი, საკუთარი შიშები, გაუცხოება, მიუღებლობა, გამოუცდელობა და  გაუბედაობა.  რომ ჩვენს შვილებსაც მოვუყვეთ ჩვენი, ჩვენი ბებიების, მშობლების ისტორიები და ვიქცეთ მათ გულთმისან მეგობრებად. ყოველთვის ვუთხრათ, რომ ისინი არიან ლამაზები, გონიერები და ყველაფერს შეძლებენ, რასაც მოინდომებენ. არასდროს შევაჭრათ გოგონებს ლამაზი თმები მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. თუ შევძლებთ, ყველაფერი მივცეთ, რასაც სიზმრებში ნახულობენ და რის გაღებაც ჩვენი ადამიანური ძალებით  შესაძლებელია. ვუთხრათ, რომ ისინი არიან უნიკალურები. მნიშვნელობა არ აქვს დედისერთები არიან თუ დედის ორები, მნიშვნელობა არ აქვს, რა რელიგიური მრწამსის წარმომადგენლები არიან, მნიშვნელობა არა აქვს, მათი მშობლები ერთად ცხოვრობენ თუ ცალ-ცალკე. ვუთხრათ, რომ არასდროს შერცხვეთ იმის, რომ სხვებისგან განსხვავდებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი