პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შრომის გაკვეთილების ნოსტალგია

საგულისხმოა, რომ ბიბლიის თანახმად, ვიდრე უფალი ადამიანის შესაქმნელად დაფიქრდებოდა და მოიცლიდა, მანამდე იყო სიტყვა და, შესაბამისად, საკმაოდ გვარიანი და დამღლელი სამუშაოც. უფალმაც გადახედა მის მიერ შექმნილ სამყაროს, ადამსა და ევას აღთქმა დაუდო, სავარაუდოდ ამოიოხრა, დაიღალა და მეშვიდე დღე დასვენების დღედ დათქვა. 

“შრომა აკეთილშობილებს ადამიანს”, “შრომამ შექმნა ადამიანი”, “უსაქმურის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს” და სხვა მისთანა სლოგანები ბევრად უფრო გვიანდელია, ვინემ კაენის მიერ მიწის დამუშავება თუ აბელის მიერ ცხვარში სიარული და “ჩიიჰეს” ძახილი. აქვე ნახსენები და გახსენებული ლოზუნგები (სლოგანები მაშინ ასე იწოდებოდა), პირადად მე, არცთუ ისე შორეული ბავშვობიდან მახსოვს. ცხრა მაისი იქნებოდა, შვიდი ნოემბერი თუ სხვა რომელიმე სოციალისტური დღეობა, უშველებელ ტრანსპარანტებზე შრომას ასხამდა ქება-დიდებას მთელი ქართული და არა მხოლოდ ქართული სამყარო, არამედ მთელი საბჭოთა მუშათა, „ცეხავიკთა”, „ძელეცთა”, „კომბინატორთა” და ასე შემდეგ, ასე შემდეგ კლასები. 

მავანი იკითხავს – სად სკოლა და სად კიდევ ოქტომბრის რევოლუციისა და „ნაპერწკლიდან ალის ასანთებად” გაწეული შრომაო. საქმე ის გახლავთ, რომ იმდროინდელ საგანმანათლებლო სისტემაში, ორი ათწლეულის წინ, კვირაში ხან ორი და ხანაც სამი საათი ეთმობოდა, ეგრეთ წოდებულ, „შრომის გაკვეთილს”, რომლის მსვლელობისას ბავშვები ხან მშობლებს, ხან მასწავლებელს, ხან დირექტორს და ხანაც „ძია ლენინს” ვბაძავდით. 

პირადად მე ქალაქში შუქნიშნებთან მოფუთფუთე მცირეწლოვან, ხელგაწვდილ ბავშვებს არასოდეს არ ვუტოვებ ხურდას. ასე მგონია და მგონია კი არადა, დარწმუნებულიც ვარ, რომ ამათ ასე, მხოლოდ ხელის გაშვერაში ფული რომ მივცე, ესენი სამსახურის ძებნასა და ზოგადად შრომაზე არასოდეს იფიქრებენ. “გაცილებით იოლი ყოფილა ფულის შოვნა”, – დარწმუნდებიან და, სავარაუდოდ, მთელს ცხოვრებას, მაპატიეთ და, მათხოვრებად გაატარებენ. 

აქ თბილისში, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის (არავითარ შემთხვევაში „ვაჟას”) კუთხეში თითქმის ყოველ დილაუთენია ვხედავ 7-8 წლის და-ძმას, რომლებიც 20-თეთრიან ხელსახოცებს ლარად ყიდიან. რომც ვერ შემამჩნიონ, ყოველ გავლაზე ვეძახი მათ და ხუთმაგ ფასში ვყიდულობ ხელსახოცებს. დაე, ასე იყოს, გაივსოს მანქანის თახჩა ხელსახოცებით და მე ყოველ შეძენაზე მიხარია, რომ ამ მოზარდებისაგან სულ მოკლე ხანში კარგ ბიზნესმენს, ჟურნალისტს, მოსამართლეს თუ რა მნიშვნელობა აქვს პროფესიას – მთავარი ისაა, რომ მშრომელ ადამიანს ვნახავ (შეიძლება მაგ დროს მე ვიდგე შუქნიშანთან და გამდიდრებულ ურანს ვყიდდე ჩალისა და ხუთმაგ ფასში).

ახლა ისევ პირველსავე სათქმელსა ზედა მოვიდეთ. კლავიატურას ვაკაკუნებ და მარცხენა ხელზე ჩემს დასახიჩრებულ შუათითსა და არათითს მოწყალედ ვუღიმი. მეოთხე კლასში ჯართს რომ ვაგროვებდით, პირადი სარგებლობის კი არა, სკოლის დავალებით, მაშინ დამეცა თითებზე გვარიანად მოზრდილი რკინის კონსტრუქცია და ხსენებულ თითებს ნორმალურად დღემდე  ვერ ვხმარობ. სადარბაზოდან სადარბაზოში „დავთარეშობდით” გუნდებად დანაწილებული ბავშვები, განურჩევლად ვარახუნებდით ხის კარებზე და შეშფოთებულ დიასახლისს მაკულატურას ვთხოვდით. 

თუმცა ეს ყოველივე მკაცრად, უმკაცრესად იყო განსაზღვრული – გაკვეთილების მომზადების შემდეგ გვეძლეოდა ჯართისა თუ მაკულატურის შეგროვების უფლება. მანამდე არაფრის დიდებით! ბავშვებს თავი უფროსების ტოლა თუ არა ხანდახან მათზე უფრო დასაქმებულიც გვეგონა. აბა, მამა ან დედა რას აკეთებენ სამსახურში? დილით მიდიან და საღამომდე იქა სხედან, ჩვენ კიდევ ვმუშაობთ!!! თითქოს ერთი შეხედვით ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა. ვისაც არ გჯერათ, ამაზე უკეთესი სტატიების მეტი რაა ამ საიტზე და ის წაიკითხეთ, „მე გამატარეთ!” 
„ის თვალები უნდა დაბრმავდეს, რომელმაც ვერ დაინახოსო”, – მოლა ნასრედინის ნათქვამია და, ბუნებრივია, იმ ინოვაციების, იმ რეფორმების არდანახვა, რომლებიც განათლების სისტემაში გატარდა, დანაშაულია. თუმცა არის მოცემულობები, რომლებსაც მიმდინარე რეფორმების ტალღა ისე გადაუვლის ხოლმე, რომ მისგან ნასახი კი არა, იმის კვალიც აღარ რჩება, რომ ოდესმე ამ ალაგას მავანს რაიმე სამუშაოს მაგვარი მაინც ჩაუტარებია. 

მაშ ასე, შრომის გაკვეთილი! ზემოთ ვთქვი, კვირაში ორი-სამი საათი მაინც ეთმობოდა რაგინდარა რომელ კლასში: დაწყებითიდან დაწყებული – გამოსაშვებ კლასებამდე! ამ გაკვეთილზე სკოლის ფორმისაგან (იყო ჩემს ბავშვობაში ასეთი სპეცტანსაცმელი) განსხვავებული ტანისამოსი გვეცვა: უმეტეს შემთხვევაში შავი ქსოვილისაგან შეკერილი ზედატანი და, რა თქმა უნდა, ფუშფუშებშემოვლებული სამკლაურებით. 

მაგალითისათვის, რაიონებსა და სოფლებში რთველის მიმდინარეობისას მთელ სკოლას ათავისუფლებდნენ გაკვეთილებიდან და მოზარდები ვენახებში მიჰყავდათ სამუშაოდ. იმდროინდელი რაიონისა თუ სოფლის მმართველები სულელები კი არ იყვნენ? განა რა ოდენობის ყურძნის მოკრეფას შეძლებდნენ სკოლის მოსწავლეები, თუმცა ეს არ იყო არსებითი. მთავარი აქ შრომის სიყვარული გახლდათ! ბავშვი შრომას ეჩვეოდა! სწავლა და შრომა… რაღაც ძალიან კომუნისტურად თუ გამომდის, მე მაპატიეთ, მაგრამ ეს უბრალო ჭეშმარიტებაა!

ქალაქს რაც შეეხება, სოციალისტური კონიუნქტურისაგან გაბეზრებული ბავშვები ხშირ შემთხვევაში, ეგრეთ წოდებულ, „დაფაზე” ვმუშაობდით. 

და რა იყო ეს დაფა? ხის ფიცარი ორმოცდაათი ოცდაათზე ზომებით. სულ ზედა მხარეს ჩამრთველ-ამომრთველი, ანუ საიდანაც ნებისმიერ ხელსაწყოში დენი შედის, შემდეგ დამცველი, შემდეგ მავთულების განშტოება, შემდეგ ნათურა, დაბოლოს ავარიულად გამომრთავი… მთელი სემესტრის განმავლობაში ამ მოწყობილობის გამართვაზე ვშრომობდით. ქვეცნობიერად ვიცოდით და გვესმოდა, რომ ის ნათურა არასოდეს აინთებოდა, მაგრამ მაინც შრომა ერქვა ამას. 

რა ვიცი, არ ვიცი, კარგი იყო ეს თუ ცუდი. ერთი კი ნაღდია – ფუჭად ჯდომას, ფუჭად შრომა სჯობია! თუ იქნებ არც?  
  
      

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი