პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

“ვეფხისტყაოსნის” სწავლების მეთოდიკა IV კლასში

ქართველთათვის “მეორე სახარებად” წოდებული “ვეფხისტყაოსნის” სწავლებას ოდითგანვე უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობა ენიჭებოდა მოსწავლეთა სულიერი ფორმირების თვალსაზრისით.  საქართველოს უპირველესი მასწავლებელი იაკობ გოგებაშვილი დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის საჭიროდ თვლიდა პოემის ზოგიერთი თავის შესწავლას. ნაწყვეტები პოემიდან იბეჭდებოდა ქართული ენის სახელმძღვანელო წიგნად დასახელებულ “ბუნების კარში”.

ავტორთა ჯგუფის (ვ. როდონაია, მ. მირიანაშვილი, ლ. ვაშაკიძე)  სასახელოდ უნდა ითქვას და მისასალმებელია, რომ IV კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოში მოცემულია დუმბაძის მოგონება „ჩემი რუსთაველი”,  საინფორმაციო სტატია „პირველი ბეჭდური „ვეფხისტყაოსანი” და ნაწყვეტი პოემიდან „უცხო მოყმე”.  ავტორთა ჯგუფისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მინდა აღვნიშნო, რომ, სასურველია, სახელმძღვანელოში მოცემული იყოს რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემები,(ხალხური ბიოგრაფია) „ვეფხისტყაოსნის”  მოკლე შინაარსი, აფორიზმები, პერსონაჟთა ამსახველი  ილუსტრაციები. იგივე პრობლემის წინაშე დგას III კლასის სახელმძღვანელოში მოცემული ფრაგმენტი „ავთანდილის ანდერძი”.

პედაგოგთა გარკვეული ნაწილი ენობრივი სირთულის გამო მიზანშეუწონლად მიიჩნევს რუსთაველის დაწყებით კლასებში სწავლებას, თუმცა ბევრია დამოკიდებული მასწავლებლის შემოქმედებითობაზე. პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გთავაზობთ ჩემ მიერ შემუშავებულ მეთოდიკას, როგორ ვასწავლოთ „ვეფხისტყაოსანი” IV კლასში.
მოსწავლეებთან შეთანხმებით ვაცხადებთ რუსთაველისადმი მიძღვნილ კვირეულს. მათი მონაწილეობით ვადგენთ პროგრამას და კლასში თვალსაჩინოდ ვახდენთ დემონსტრირებას. ბავშვები განსაკუთრებით აქტიურობენ დასკვნითი გაკვეთილის დაგეგმვაში.

კვირეულის განმავლობაში საკლასო ოთახს ამშვენებს რუსთაველის დიდი პორტრეტი,
ხოლო თვალსაჩინოებისთვის განკუთვნილ დაფაზე ყოველდღიურად ჩავანაცვლებთ ახალი მასალის
ამსახველ ილუსტრაციებს.

დღე/სთ.

განსახორციელებელი
ამოცანები

საჭირო რესურსები

I დღე –

1 საათი-

შოთა რუსთაველის
ხალხური ბიოგრაფიის გაცნობა.

ნ. დუმბაძის
მოგონება „ჩემი ვეფხისტყაოსანი”

დანართი 1
– რუსთაველის ხალხური ბიოგრაფია; (ამობეჭდილი მოსწ. რაოდ. შესაბამისად) პროექტორი,
პლანშეტი. ინტერნეტით მოძიებული ფოტომასალა: რუსთაველი, მესხეთი, მეფე თამარი, გელათის
აკადემია, წარწერა ქვაზე, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი;

სახელმძღვანელო;

II დღე –
2 საათი

„ვეფხისტყაოსნის”
მოკლე შინაარსის გაცნობა;

„ვეფხისტყაოსნის”
ილუსტრაციები;

„ვეფხისტყაოსნის”
მსოფლიო გამოცემები;

ნაწყვეტი პოემიდან „ნახეს უცხო მოყმე ვინმე”-
შესწავლა.

დანართი 2 -“ვეფხისტყაოსნის” მოკლე შინაარსი.

პროექტორი,
პლანშეტი (
მამუკა თავაქალაშვილის,თამარ აბაკელიას, ირაკლი თოიძის, ლევან ცუცქირიძის, სერგო ქობულაძის, ლადო გუდიაშვილის, დავით
მაჭავარიანის, რუსუდან ფეტვიაშვილის, მიხაი ზიჩის,

ილუსტრაციების ჩვენება);

ი.გოგებაშვილის
„ბუნების კარი”;

სახელმძღვანელო

https://mkochiashvili8.blogspot.com/p/blog-page_19.html

https://www.rustveli.com/newera.php

III დღე –
2 საათი

რუსთაველის
აფორიზმები.

დასკვნითი
გაკვეთილისთვის ლექსების შერჩევა-განაწილება;

სტროფების
გამეორება პოემიდან;

კითხვა;

ვკითხულობთ
„ვეფხისტყაოსანს”

ჯგუფური მუშაობა
– ნახატების შესრულება შერჩეული ეპიზოდების მიხედვით და საკლასო ოთახში გამოფენის
მოწყობა.

დანართი 3
– აფორიზმები

გ. ლეონიძის
„ვეფხისტყაოსანს”; ვაჟა-ფშაველას „რუსთაველის ნეშტს”; ა. წერეთლის „რუსთაველის სურათზე”;
ი. ნონეშვილის „ნუ ეძებთ რუსთაველის საფლავს”;

ლ. ბერიაშვილის
„საბავშვო „ვეფხისტყაოსანი”

ფერადი ფანქრები,
სახატავი ფურცლები.

სახელმძღვანელო.

IV დღე –
2 საათი

თამაში „აფორიზმების
ლოტო”;

სტატია „პირველი
ბეჭდური ვეფხისტყაოსანი” – შესწავლა;

ხელნაწერები;

რუსთველოლოგები;

რუსთაველის
პრემიის ლაურეატები;

მოსწავლეთა
ხელნაწერების კონკურსი-გამოფენა;

პროექტორი,
პლანშეტი – ინტერნეტით მოძიებული მასალა:
ვახტანგ მეექვსე, პირველი ბეჭდური „ვეფხისტყაოსანი”, ხელნაწერთა ეროვნულ ინსტიტუტში
დაცული ხელნაწერები; რუსთველოლოგები;

https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/3238

https://www.rustveli.com/newera.php

https://www.manuscript.ge/index.php?m=488

სახატავი ფურცლები,
ფლომასტერები

V დღე

დასკვნითი გაკვეთილი-პრეზენტაცია.

კვირეულის
ფარგლებში შექმნილი მასალების გამოყენებით სამახსოვრო წიგნების აკინძვა.

მიზნობრივი
ექსკურსია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

კვირეულის პირველ დღეს მოსწავლეებს ვაცნობთ
შოთა რუსთაველის ხალხურ ბიოგრაფიას და ვურიგებთ ამობეჭდილ მასალას. (შენიშვნა: ბავშვებს
ვაფრთხილებთ, რომ მასალებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეპყრან, რადგან დასკვნით გაკვეთილზე
მათი გამოყენებით სიურპრიზი ელით).

დანართი 1. (რუსთაველის ხალხური ბიოგრაფია)

შოთა რუსთაველი მოღვაწეობდა XII საუკუნეში. მისი ვინაობის შესახებ წერილობითი ცნობები
არ მოგვეპოვება. მხოლოდ ზეპირი გადმოცემით ვიცით, რომ შოთა მესხეთის რუსთავში დაბადებულა.
მისი გვარი უცნობია. რუსთაველი ზედწოდებაა, რომელიც პოეტის დაბადების ადგილის მიხედვით
წარმოიშვა.

შოთა რუსთაველმა იყალთოს აკადემიაში მიიღო
უმაღლესი განათლება და როგორც უნიჭიერესი მოსწავლე საბერძნეთში გაგზავნეს ცოდნის გასაღრმავებლად,
სადაც მრავალი ენა და მეცნიერება შეისწავლა.

სამშობლოში დაბრუნებულ რუსთაველს თამარის
მეფობის შედეგად გაძლიერებული და აყვავებული საქართველო დიდი ზეიმით შეხვდა. თამარს
მთელი ერი ეთაყვანებოდა. შოთა რუსთაველმა პოემა „ვეფხისტყაოსანი” მეფე ქალის მშვენიერებას,
სათნოებას და სიბრძნეს მიუძღვნა. გენიოსი პოეტი მეფის კარზე მოღვაწეობდა და გულით ატარებდა
მისდამი უდიდეს სიყვარულს.

მეფობის ბოლო წლებში თამარმა შოთა რუსთაველი
იერუსალიმში გაგზავნა ჯვრის მონასტრის აღსადგენად. რუსთაველმა დედოფლის დავალება პირნათლად
შეასრულა, შემდეგ ბერად შედგა და სიკვდილამდე იქ დარჩა.

მონასტრის კედელზე დღემდე შემონახულია
შოთა რუსთაველის ფრესკა.

ბიოგრაფიის თხრობა მიმდინარეობს ინტერნეტსივრცეში
მოპოვებული თვალსაჩინო მასალის ეკრანზე ჩვენების პარალელურად. შემდეგ ჩვეულებრივ წარვმართავთ გაკვეთილს და ვუხსნით
სახელმძღვანელოში მოცემულ ნ. დუმბაძის მოგონებას
„ჩემი ვეფხისტყაოსანი”. ტექსტის სათანადოდ დამუშავების პროცესში ხდება სტროფის „იყო
არაბეთს როსტევან…” გააზრება-გაანალიზება. ვფიქრობ, უმჯობესია, მოსწავლეებს ავუხსნათ,
რომ პოემის დასაწყისი, ანუ პროლოგი უფლის დიდებით
იწყება: „რომელმან შექმნა სამყარო…” ასევე, ვუთხრათ, რომ რუსთაველი თავის ვინაობას
დასაწყისშივე ამხელს: „მე რუსთველი ხელობითა”…

მეორე დღეს ვიწყებთ პოემის მოკლე შინაარსის
შესწავლას.

დანართი 2. („ვეფხისტყაოსნის” მოკლე შინაარსი)

ერთხელ, ნადირობის დროს, არაბეთის მეფე
როსტევანმა და მისი ჯარის წინამძღოლმა – ავთანდილმა წყლის პირას ნახეს მტირალი უცხო
მოყმე. მეფემ მისი გაცნობა მოისურვა, მაგრამ უცნობი გაუჩინარდა. როსტევანი დაღონდა.
ავთანდილიც შეწუხდა. მეფის ასულმა თინათინმა ავთანდილს უცხო მოყმის მოძებნა დაავალა.
ავთანდილი და მისი სატრფო – თინათინი – ერთგულების ფიცით დაშორდნენ ერთმანეთს.

გავიდა სამი წელი. ავთანდილმა უცხო მოყმე
იპოვა. ის აღმოჩნდა ტარიელი, ინდოეთის ერთ-ერთი მეფის შვილი. მას მეფის ულამაზესი ასული
– ნესტანი – უყვარდა. მშობლები უცხო ქვეყნის უფლისწულზე აპირებდნენ ქალის გათხოვებას.
ნესტანს ძალიან უყვარდა სამშობლო და არ სურდა ინდოეთში სპარსელების გაბატონება. მისი
რჩევით ტარიელმა სასიძო მოკლა. ნესტანი გამზრდელმა დასაჯა და შორს გადამალა.

ტარიელი დიდხანს ეძებდა სატრფოს. ბოლოს
გაშორდა ხალხს და უდაბნოში დაიდო ბინა. მას ტანთ ემოსა ვეფხის ტყავი, რადგან ვეფხს
ამსგავსებდა ნესტანის სახეს.

ავთანდილი და ტარიელი დაძმობილდნენ. მათ
მესამე ძმობილის-ფრიდონის დახმარებით აიღეს ქაჯეთის ციხე და გაათავისუფლეს ნესტანი.

გამარჯვებული ჭაბუკები თავიანთ ქვეყნებში
დაბრუნდნენ, ისინი მეგობრებად დარჩნენ, ტარიელმა და ავთანდილმა კი თავიანთ სატრფოებზე
იქორწინეს.

„ვეფხისტყაოსნის” მნიშვნელობაზე საუბრის დროს მოსწავლეებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას
ახდენს ის ფაქტი, რომ მას, როგორც საუნჯეს, გათხოვილ ქალებს მზითვად ატანდნენ. მან
ჟამთა სვლას გაუძლო და დღემდე
წარმოადგენს ქართველთათვის უდიდეს სულიერ საგანძურს, ამასთანავე, მისი პოპულარობა გასცდა
საქართველოს ფარგლებს, პროექტორის დახმარებით
ვაჩვენებთ ილუსტრაციებს და მსოფლიო გამოცემების ნიმუშებს.

ფრაგმენტის „ნახეს უცხო მოყმე ვინმე…” შესწავლის პროცესში სასურველია
გამოვიყენოთ აქტივობა „დებატები”. მისი დახმარებით მოსწავლეები მსჯელობენ, რამდენად
გამართლებულია ვაჟკაცისგან „ცრემლთა ფრქვევა”. გთავაზობთ ამონარიდს დებატებიდან:

-კაცი არ იყო, რა ატირებდა?!

– ცხრა მთას იქით გადაკარგეს და იტირებდა, აბა, რას იზამდა?!

– ვაჟკაცს არ შვენის ცრემლის ღვრა, ქვითინი დიაცურადა! და ა.შ.

ასევე, ძალიან საინტერესოდ შეიძლება წარვმართოთ დისკუსია: „არა კაც კლა!”
ბავშვების ერთი ნაწილი კატეგორიულად არ ეთანხმება ტარიელის ამ ქმედებას, მეორე ნაწილი
კი ამართლებს მას. უმთავრესია, კამათი არგუმენტებითა და კონტრარგუმენტებით იყოს გამყარებული.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ უცხო სიტყვების ახსნას და შესწავლას, აგრეთვე –
16-მარცვლიანი შაირის განმარტებას. ხშირად მოსწავლეები ცდილობენ ამა თუ იმ სიტყვის
თავისებურად ახსნას, რაც ყოვლად დაუშვებელია. ძალზე ეფექტურია „მუსიკალური სიტყვის
სკივრის” გამოყენება, რომელშიც ფერად ბარათებზე დაწერილი სიტყვები თავსდება. ლექსიკურ-ფრაზეოლოგიური
მუშაობის დროს ყურადღებას ვამახვილებთ პოემის მხატვრულ მხარეზე: „ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა”…
„ვარდი” ამ შემთხვევაში პირისახის გამომხატველია. „გმირი” და „ლომი” ტარიელის არსის
უკეთ გაგებისთვის ვუამბობთ, როგორ ჟლეტდა ხუთი წლის ბავშვი ლომებსა და ვეფხვებს, ვაჩვენებთ
ხატაელებთან ბრძოლის ამსახველ კადრებს. ვფიქრობ, IV კლასის მოსწავლეებთან საჭიროა ისეთ
წმიდა და სპეტაკ სიყვარულზე საუბარი, რომელიც ვეფხვებთან მებრძოლს მდუღარე ცრემლით
აატირებს. სამწუხაროდ, მათთვის იოლად ხელმისაწვდომია არა ზღაპრული უფლისწულისა და პრინცესას
თავგადასავლები, არამედ ტელესივრცეში ასე მომრავლებული უხამსობის ამსახველი სერიალები.
სწორედ ამიტომ უნდა გავაცნობიერებინოთ ჭეშმარიტი სიყვარულისა და ერთგულების არსი.

მესამე დღეს განვამტკიცებთ წინა დღეებში მიღებულ ცოდნას და ვიწყებთ აფორიზმებზე
მუშაობას.

დანართი 3. (შოთა რუსთაველის აფორიზმები – ბრძნული
გამონათქვამები)

1.ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.

2.ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.

3.გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

4.გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

5.ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

6.რასაცა გასცემ შენია, რას არა, დაკარგულია.

7.ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.

8.სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა.

9.სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.

10. ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.

11. სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი.

12. ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა.

13. თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იწოდები.

14. ოდეს კაცსა დაეჭიროს,
მაშინ უნდა ძმა და თვისი.

15. ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად,

გული მისცეს
გულისათვის, სიყვარული – გზად და ხიდად.

აფორიზმები შერჩეულია
მოსწავლეთა ასაკისა და რაოდენობის გათვალისწინებით. მასწავლებლის დახმარებით ხდება
ახსნა და გააზრება. ამ აქტივობის შემდეგ ვიწყებთ
დასკვნითი გაკვეთილისთვის ლექსების შერჩევა-განაწილებას, (იხ.ზემოთ) პოემიდან სტროფების
გამეორებას და ლ. ბერიაშვილის „საბავშვო „ვეფხისტყაოსნის” კითხვას. ამ დღის დამაგვირგვინებელი
აქტივობაა ძალზე სახალისო ჯგუფური მუშაობა – ნახატების შესრულება შერჩეული ეპიზოდების
მიხედვით და საკლასო ოთახში გამოფენის მოწყობა.

მეოთხე დღეს ვიწყებთ სახალისო აქტივობით: თამაში „აფორიზმების ლოტო”. ჯგუფებად
დაყოფილ მოსწავლეებს ვურიგებთ ფერად ბარათებს, რომლებზეც წერია სამი აფორიზმის დასაწყისი
ან დასასრული. ასევე, თითოეულ ჯგუფს – პატარა ლამაზ კოლოფებში მოთავსებულ ოთხკუთხედებზე
დაწერილი აფორიზმების მეორე ნახევარს. გამარჯვებულია ჯგუფი, რომელიც სწრაფად და უშეცდომოდ
შეავსებს ბარათს. (თამაში შეიძლება ინდივიდუალურადაც განვახორციელოთ)

აფორიზმების

რასაცა გასცემ
შენია

ლოტო

სიკვდილი სახელოვანი

სიცრუე და
ორპირობა

შემდეგ პროექტორის
დახმარებით ხდება სტატიის „პირველი ბეჭდური ვეფხისტყაოსანი” – შესწავლა, თვალსაჩინო
რუსთველოლოგებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების
გაცნობა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერების ჩვენება.

დღეს ვასრულებთ სახალისო აქტივობით: „ნორჩი გადამწერები” – მოსწავლეთა
მიერ შესრულებული ხელნაწერების კონკურსი-გამოფენა;

მეხუთე დღეს დანართებს, მოსწავლეთა მიერ შესრულებულ ნახატებსა და ხელნაწერებს
ავკინძავთ წიგნებად, კლასს დავყოფთ ჯგუფებად და გავუნაწილებთ დავალებებს:

I ჯგუფი – რუსთაველის ხალხური ბიოგრაფია.

II ჯგუფი – „ვეფხისტყაოსნის” მოკლე შინაარსი.

III ჯგუფი – ნ. დუმბაძის მოგონება „ჩემი ვეფხისტყაოსანი”.

IV ჯგუფი – ფრაგმენტები პოემიდან.

V ჯგუფი – პირველი ბეჭდური „ვეფხისტყაოსანი”.

ასევე, კლასის ყველა
მოსწავლეს განაწილებული აქვს აფორიზმები და ლექსები. რამდენიმე მათგანი საკუთარი სურვილით
აკეთებს ელექტრონულ პრეზენტაციას. შემდეგ მივემგზავრებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ
ბიბლიოთეკაში დაბოლოს, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, აღნიშნულ აქტივობებს განვახორციელებთ
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ასე დასრულდება შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი კვირეული,
მაგრამ მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად გავიხსენებთ აფორიზმებს, რათა პოემაში ასახული
მეგობრობა და სიყვარული, „ლხინში ზომიერება” და „ჭირში გაუტეხლობა” ქვაკუთხედად დაედოს
მოსწავლეთა ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბების რთულ პროცესს. მჯერა, მოზარდები, ასაკის
მატებასთან ერთად, ყოველ წელს სხვა თვალით შეხედავენ და სხვანაირად აღიქვამენ „ვეფხისტყაოსნის”
სიბრძნეს, რომელიც იმედსა და რწმენას გვინერგავს ყველას: „ბოროტსა სძლია კეთილმან,
არსება მისი გრძელია!”

გამოყენებული ლიტერატურა
და ინტერნეტრესურსები:

1. ალექსანდრე ბარამიძე (1975).შოთა რუსთველი. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

2. ქართველი და უცხოელი მწერლები და მეცნიერები ვეფხისტყაოსნის” შესახებ(იაკობ გოგებაშვილი „ვეფხისტყაოსნის”
შესახებ)
თბ., 2009.

3.„ვეფხისტყაოსანი” – ვიკიპედია

4.https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/3238

5.https://www.rustveli.com/newera.php

6. https://www.manuscript.ge/index.php?m=488

ლელა მანგოშვილი

საერო სკოლა “ბინულის” ქართული ენის მასწავლებელი
(I-VI)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი