ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ლექსიკის სწავლისა და სწავლების პრობლემატიკა

ახალი სიტყვების სწავლება ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა სკოლებში უცხო ენების მასწავლებელთათვის.
ხშირად ბევრი დრო დაგვიკარგავს მოსწავლეთათვის ახალი სიტყვების გადაცემაში, მაგრამ ამაოდ – მრავალ მათგანს კვლავ უჭირს მათი ათვისება.

სიტყვების მიწოდებისას აუცილებელია, გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის შესაძლებლობა, მივცეთ მათ დამოუკიდებლად აზროვნების საშუალება.

არსებობს რამდენიმე სტრატეგია, რომლებიც გამართლებულია სიტყვების სწავლებისას და რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლის გონებრივ განვითარებას.

1. სიტყვების რაოდენობა – მიეცით მოსწავლეებს საშუალება, თავად ამოიწერონ უცნობი სიტყვები ტექსტიდან და თან სთხოვეთ, ამოიწერონ იმდენი, რამდენის დასწავლასაც შეძლებენ. მოსწავლეებთან თანამშრომლობა ერთ-ერთი წარმატებული წინაპირობაა აკადემიური მოსწრებისა და ცოდნის გაუმჯობესებისა.

2. კონტექსტი – არ არის სასურველი, პირდაპირ დაფაზე დავუწეროთ განმარტებები ან მივაწოდოთ სიტყვები „მზა ფორმით”. სთხოვეთ მოსწავლეებს, უცნობი სიტყვის მნიშვნელობა ამოიცნონ კონტექსტის მიხედვით, მერე კი ამ სიტყვაზე ააგონ რამე წინადადება. ვაცადოთ მოსწავლეებს, იყვნენ დამოუკიდებელნი და არა დამოკიდებულნი.

3. გამეორება – ეს აქტივობის ის სახეობაა, რომელსაც, მიიჩნევა, რომ ბევრი დრო მიაქვს. სინამდვილეში ღირს დროის ხარჯვა ამ აქტივობაზე. მოსწავლეს უვითარდება ფონეტიკური უნარები და ცდილობს, სწორად გამოთქვას სიტყვა. აქვე აღსანიშნავია სიტყვების რაოდენობაც. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება 20-50 სიტყვა – საწყის ეტაპზე 5-7-იც საკმარისია, განსაკუთრებით – დაწყებით კლასებში. სთხოვეთ მოსწავლეებს, გამეორებული სიტყვა დაწერონ ან გამოიყენონ ახალ კონტექსტში, რათა ის მათი აქტიური ლექსიკის შემადგენელი ნაწილი გახდეს.

4. დახარისხება, შედარება (Categorizing, Matching) – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომელიც სიტყვების ათვისებაში ეხმარება მოსწავლეებს. ახალი სიტყვების მიწოდებისას ეცადეთ გამოიყენოთ აქტიური სავარჯიშოები ლექსიკაზე. მაგ., სთხოვეთ დაასახელონ, რომელი მეტყველების ნაწილია ესა თუ ის ახალი სიტყვა: kind – adjective (კეთილი – ზედსართავი სახელი) და ა.შ., – ან დაახარისხონ სიტყვები, მაგ., თვლადები და უთვლადები, ზმნები, არსებითები და ა.შ. სავარჯიშოების აქტიური შესრულება გაცილებით მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, ვიდრე უბრალოდ სიტყვების ჩამოწერა და მიწოდება.

5. ხატვა – სწავლების დაწყებით საფეხურზე სთხოვეთ მოსწავლეებს, დახატონ ახალნასწავლი სიტყვა (თუ შესაძლებელია). შემდეგ სთხოვეთ, მიუწერონ სიტყვას განმარტება ინგლისურად. შემდეგ გამოვიდნენ კლასის წინაშე და საკუთარი ნახატი მარტივი წინადადებებით ახსნან, სხვებმა კი მისი დახატული სიტყვა გამოიცნონ. მაგ.: It is round. It is red. It is fruit.What is it? – ეს მრგვალია. ეს წითელია. ეს არის ხილი. რა არის ეს? გამარჯვებული მოტივაციის ასამაღლებლად ყოველთვის უნდა დავაჯილდოოთ რაიმე სიმბოლური საჩუქრით, თუნდაც სტიკერით ან სერტიფიკატით. 

6. მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხეულის ენა – ეს ის საშუალებებია, რომელთა გამოყენებითაც მოსწავლეს აზროვნებასა და დამოუკიდებლობას გავუღვივებთ. მოსწავლე სიტყვის მნიშვნელობას თავად ამოიცნობს და არა დაისწავლის მზა ფორმით მიწოდებულს მასწავლებლის მიერ.

7. სიტყვების რუკა (Word Map) – ეს აქტივობა კარგია როგორც ტექსტის წაკითხვამდე, ისე კითხვისას ან მის შემდეგ. ფრთხილად ამოარჩიეთ ტექსტიდან საკვანძო სიტყვები, რომელთა მიწოდებაც გვინდა მოსწავლეთათვის. უცნობ სიტყვებს გვერდით მიუწერეთ განმარტებები უფრო მარტივი ენით, მინიშნებით. ვთქვათ, ვკითხულობთ ტექსტს სპორტის შესახებ. ამოვწეროთ საკვანძო სიტყვები დაფაზე სქემის, რუკის ან ნებისმიერი მოხერხებული სახით და მივუწეროთ განმარტება, სინონიმები, ანტონიმები და ა.შ.
Sport
goggles – We use this to protect our eyes. Fit – synonym of sporty და ა.შ.
სწორად დაგეგმილი სტრატეგიები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და აკადემიური მოსწრების ამაღლებაში დაგეხმარებათ.

დავით ახვლედიანი –  პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის” მონაწილე,  ინგლისური ენის მასწავლებელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი