პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

კალათბურთის პატარა საიდუმლოებები

“საქართველოსთვის მისაბაძი ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი უნდა იყოს”

კალათბურთი ბოლო ხანს სულ უფრო მეტი მოზარდის ინტერესს იწვევს, თუმცა საქართველოს საჯარო სკოლებში სპორტის ეს სახეობა, ისევე როგორც ბევრი სხვა, სათანადოდ არ ისწავლება. ამის ერთ-ერთი მიზეზი სპორტული დარბაზების უქონლობა და უხარისხობაა. გარდა ზაფხულისა, წელიწადის ყველა სხვა დროს კალათბურთის თამაში მხოლოდ სპორტულ დარბაზებშია რეკომენდებული.
ფიზიკური მომზადების სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ კალათბურთი ავითარებს ორგანიზმის როგორც აერობულ, ისე ანაერობულ შესაძლებლობებს, ამაგრებს კოჭის, ოთხთავა, ბარძაყისა და სხვა კუნთებს (გარდა მუცლის პრესის, ზურგისა და ხელის კუნთებისა). მაგრამ კალათბურთში ვარჯიში არცთუ დიდად უწყობს ხელს ამტანობის განვითარებას.
“საერთო ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველი მეცადინეობის პროგრამაში უნდა ჩავრთოთ ნელი, შეუსვენებელი სირბილი 2,5-3 კილომეტრზე”, – ამბობს ერთ-ერთი ამერიკული უნივერსიტეტის კალათბურთელთა მწვრთნელი მ. კენედი. ამასთან ერთად აუცილებელია სპრინტერული მონაკვეთების გარბენა ან ინტერვალური დატვირთვის სხვადასხვა ფორმის გამოყენება. კენედის აზრით, თუ პროგრამაში მხოლოდ ნელ და შეუსვენებელ სირბილს შევიტანთ, ეს უარყოფით გავლენას მოახდენს თამაშის შედეგიანობაზე, რადგან კალათბურთი არსებითად მოკლე, სპრინტერული გარბენებისგან შედგება.
სახტუნაოთი ვარჯიში და კიბის საფეხურებზე აღმა სირბილი ბავშვებს სიმაღლეზე ხტომის უნარის განვითარებაში დაეხმარება და ამავე დროს ხელს შეუწყობს აერობულ და ანაერობულ შესაძლებლობათა ამაღლებას. ოთხთავა და წვივის კუნთების, გოჯის, მუხლების გასამაგრებლად სასარგებლოა ვარჯიში ჩაჯდომებით და შემდეგ წახტომებით, ტერფებისა და სხვა ვარჯიშები.
ფიზიკური მომზადების ქართველი სპეციალისტები კალათბურთით დაიტერესებულ მოზარდებს ურჩევენ, საზარდულის დაჭიმვის თავიდან ასაცილებლად ეცადონ, გაიმაგრონ ბარძაყის მომზიდველი და განმზიდველი კუნთები. ვისაც ზურგისა და მუცლის პრესის კუნთები სუსტი აქვს (ეს გავლენას ახდენს ტყორცნის ხარისხისა და სხეულის სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნების უნარზე), მათთვის სასარგებლოა კუნთების ამ ჯგუფების ვარჯიშები. ხელისა და მხრის კუნთების განსავითარებლად (რაც შესაძლებლობას მოგცემთ, ეფექტურად ტყორცნოთ კალათში შორი მანძილიდან) ხშირად უნდა შესრულდეს აზიდვები. ცალკე ვარჯიშები სჭირდება ხელის თითებისა და მტევნის კუნთებს, რაც ასევე ხელს უწყობს ტყორცნის ეფექტურობას.
კალათბურთში სათანადო მომზადებისთვის, ყოველივე ამასთან ერთად, აუცილებელია ფრენბურთელთა სპეციალური ხტომითი ვარჯიშებისა და ახტომის სხვადასხვა ვარიანტის დამუშავება. ყველაზე ეფექტურია ახტომი მსუბუქი ნახევარჯდომიდან. ამასთან, გაჭიმვა უნდა შესრულდეს მარჯვენა ხელითაც, თითქოს ბავშვი ბურთის დაჭერას ცდილობს.
გაბრიელ ქურასბედიანი, კალათბურთის მწვრთნელი: “მხრისა და ხელის კუნთების გასავარჯიშებლად სასარგებლოა მხრისა და იდაყვის სახსრების მოძრაობა სრული ამპლიტუდით. ამ დროს ხელში მცირე სიმძიმე უნდა გეჭიროთ (0,5-1,5 კგ წონის ჰანტელი, ან რამე ასეთი, რაც ხელში დასაჭერად მოხერხებული იქნება).
კალათბურთელისთვის უმჯობესია, ივარჯიშოს მცირე დამძიმებებით, ხოლო ვარჯიში 20-ჯერ და მეტჯერ უნდა გაიმეოროს. ეს ხელს უწყობს კუნთური ამტანობის გამომუშავებას, რაც აუცილებელია სპორტის ამ სახეობაში წარმატებით სამეცადინოდ.
მოთელვის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მოქნილობის ვარჯიშებს, რამდენადაც კალათბურთის თამაშის დროს ორგანიზმის ყველა ნაწილი დატვირთულია. განსაკუთრებით იზრუნეთ ფეხის, ხელის, მტევნის, ხელის თითების კუნთების მოთელვისთვის. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ დიდი კალათბურთის თამაშს სათანადო მომზადება და დიდი ნებისყოფა სჭირდება!”
როგორც ამბობენ, ტრავმები კალათბურთის ერთ-ერთი თანმხლები პრობლემაა. კალათბურთის თამაშის დროს ადამიანი შეიძლება სერიოზულად დაშავდეს, რადგან იგი კონტაქტური სახეობაა. ყველაზე ხშირია მუხლის, გოჯის ტრავმები. თუ მოთელვა სრულფასოვნად არ შესრულდა, მოსალოდნელია საზარდულის დაჭიმვა და სხვა ტრავმები. ასე რომ, სპორტის მასწავლებლებს ამ კუთხით ბევრი რამის გათვალისწინება მოუწევთ.
სპორტის ექსპერტ გოჩა კაჭარავას მიაჩნია, რომ კალათბურთი სპორტის იმ სახეობებს განეკუთვნება, რომლებიც მოზარდის პიროვნებაში ერთსა და იმავე დროს ინდივიდუალური და კოლექტიური თვისებების განვითარებას უწყობენ ხელს.
გოჩა კაჭარავა, სპორტის ექსპერტი: “ჩემი აზრით, კალათბურთი სკოლებში აუცილებლად განსაკუთრებულად უნდა ისწავლებოდეს. სპორტის ეს სახეობა მოზარდს სწრაფ აზროვნებას, სიტუაციაში უსწრაფესად გარკვევას და მაქსიმალურად მოკლე ხანში გადაწყვეტილების მიღებას ასწავლის და საამისო უნარს უყალიბებს. ამრიგად, კალათბურთი ბავშვის ინტელექტის დახვეწაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი მოზარდის ფიზიკური აღზრდის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია – ხვეწს რბენისა და ხტომის ტექნიკას, სისწრაფეს. ერთი სიტყვით, კალათბურთი ბავშვის ჰარმონიულ ზრდას უწყობს ხელს.
– ხომ არ არის კალათბურთი გამორჩეულად ტრავმიანი სახეობა? მოზარდისთვის ზიანის მიყენებაც ხომ არ შეუძლია?
– პროფესიული კალათბურთი უდავოდ ტრავმიანი სახეობაა, ამიტომ ბავშვობის ასაკში კალათბურთელებს სწორი მიდგომა და გამოცდილი მწვრთნელის ყურადღება სჭირდებათ.
– არსებობს აზრი, რომ კალათბურთი ბავშვს ზრდაში ეხმარება. მართლა ასეაა?
– სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშის დაწყების შემდეგ ბევრი მოზარდი სიმაღლეში მართლაც საგრძნობლად იმატებს.
– რაგბიზე საუბრის დროს სპორტის ამ სახეობის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ რაგბის გამორჩეული თვისება გუნდურობაა და ის ბავშვების დამეგობრებას უწყობს ხელს. კალათბურთს როგორ შეაფასებდით ამ კუთხით?
– კალათბურთი ერთსა და იმავე დროს ინდივიდუალური და კოლექტიური თვისებების განვითარებას უწყობს ხელს. კალათბურთელები, როგორც წესი, კონტაქტური, მეგობრული ადამიანები არიან.
– თქვენი ინფორმაციით, რომელ ქვეყნებში აქცევენ კალათბურთს ყველაზე დიდ ყურადღებას და რომელი ქვეყნის მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის მისაბაძი?

– საქართველოსთვის მისაბაძი ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი უნდა იყოს. იქ მოზარდები მასობრივად არიან ჩართულნი სპორტის ამ სახეობაში, არის გამოჩენილ კალათბურთელთა აკადემიები, მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლებები ყოველმხრივ უწყობენ ხელს კალათბურთის განვითარებას და მასობრიობას. დიდი ყურადღება ექცევა კვალიფიციურ მწვრთნელთა მომზადებასაც.
– როგორ ფიქრობთ, შეძლებს ახალი თაობა საქართველოს ნაკრების დღევანდელი მოთამაშეების ღირსეულად შეცვლას?
– წამყვანი ქართველი კალათბურთელები ზაზა ფაჩულია, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი კიდევ კარგა ხანს შეძლებენ მაღალ დონეზე თამაშს და ახალი თაობა მათ მხარდამხარ უნდა დაფრთიანდეს. ჩანაცვლების პროცესი კი თანდათან, ოღონდ მოგვიანებით უნდა განხორციელდეს. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ნებისმიერ პერსპექტიულ კალათბურთელს, რათა მან პოტენციალის სრულად გამოვლენა მოახერხოს.
– რას ურჩევდით მშობელს, რომელსაც შვილის კალათბურთზე მიყვანა აქვს გადაწყვეტილი?
– მშობელმა ბავშვის კალათბურთით გატაცებას ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი. თუ მოზარდი ადრეული ასაკიდან დაესწრო საკალათბურთო მატჩებს, ის აუცილებლად დაინტერესდება სპორტის ამ დინამიკური, საინტერესო სახეობით. პარალელურად ბავშვი ევროპულ და ამერიკულ საკალათბურთო შეხვედრებსაც რეგულარულად უნდა ადევნებდეს თვალს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი