ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ყველაზე ალეგორიული ზღაპარი – ” ბალახისფერი კაცი”

სამყაროში უამრავი ფერია, რომელსაც ადამიანის თვალი განსხვავებულად აღიქვამს. ფერთა პალიტრა და გამა ქმნის ჰარმონიას ბუნებასა და ცოცხალ ორგანიზმებს შორის. ფერების მიმართ განსაკუთრებული ფრთხილი დამოკიდებულება აქვთ ხელოვანებს, არა მარტო მხატვრებს, არამედ მწერლებსაც.

ჯერ კიდევ ანტიკურ სამყაროში არსებობდა მოსაზრება, რომ თითოეული ადამიანის თვალი განსხვავებულად ხედავს ფერებს და მათთვის სახელების მინიჭება, მხოლოდ საზოგადოების შეთანხმების შედეგია. ამაში განსაკუთრებულიც არაფერია, რადგან დედამიწაზე რამდენი ადამიანიც ცხოვრობს , ზუსტად იმდენივე აზრი და შეხედულებაა. ფერების გავლენა კი მართლაც დიდია. ყველა კულტურაში მას განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული მწერლობა ძალზე ფერადი და ნაირგვარია,ისევე როგორც საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ამასთან ერთად, ყველა ფერს შემოქმედი ადამიანის ცნობიერებაში რაღაც განსაკუთრებული, მისტიკური ძალა აქვს, რომელიც სიტყვებთან ერთად მკითხველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. როდესაც სიყვარულზე ვსაუბრობთ წითელს ვხედავთ, იმედს ალბათ, თეთრი ფერი აქვს, სიძულვილსა და მტრობას-შავი და ა.შ. თუმცა არის გრძნობენი, მოვლენები და თვისებები, რომელსაც განსაკუთრებული ფერი დაჰყვება, მაგალითად პატიოსნება და ღირსება, რომელიც რაღაცნაირი მომწვანო ყოფილა.
წერილი ფერებზე საუბრით დავიწყე, მაგრამ მკითხველი მიმიხვდება ჩანაფიქრს , რადგან ბევრი რამ ალეგორიით იწყება.
ქართულ მწერლობაში სახელოვან კორიფეებზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება, თანაც ისე , რომ სათქმელი ყოველთვის ახალი და შთამბეჭდავი იქნება, მაგრამ არიან მწერლები, რომლების სიცოცხლეშივე იქცევიან კლასიკოსებად და ეს სულაც არ არის გადაჭარბებული შეფასება. საქართველო განებივრებულია ისეთი მწერლებით , რომლებსაც კლასიკოსებად მოიხსენიებენ მთელ მსოფლიოში. მთავარი საზომი დრო და ჟამია, რომელიც მწერლის შემოქმედებას ყველაზე დიდ ფასს ადებს.

მე-19 საუკუნეში ამერიკელი მწერალი და ფილოსოფოსი, ჰენრი დევიდ ტორო, ამბობდა: ” ვინ არიან კლასიკოსები, თუ არა ადამიანის უკეთილშობილეს აზრთა ჩამწერნი? მხოლოდ კლასიკოსები არიან ის ორაკულები, რომლებიც ყველაზე თანამედროვე კითხვებზე იძლევიან პასუხს…” შეუძლებელია ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო.

თანამედროვე ეპოქის ადამიანი ძალზე დატვირთული და გადაღლილია ყოველდღიური ყოფითი პრობლემებით, რომელიც ხშირად აუფერულებს და ძალიან ცუდ გავლენას ახდენს მის შინაგან განვითარებაზე. არის კითხვები, რომლებიც კაცობრიობას დასაბამიდან აწუხებს და პასუხი ჯერაც ვერ უპოვია. ალბათ, გსმენიათ მოსაზრება , რომ ყველაზე ჭკვიანები სწორედ ის ადამიანები არიან, ვისაც საზოგადოების რაღაც ნაწილი ”გიჟად” შერაცხავს ხოლმე. ასეთი სიგიჟე ერთგვარი თავისუფლებაა, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ . ალექსანდროც ერთი ასეთი თავისუფლების, სიყვარულის სენით შეპყრობილი ადამიანია, რომელსაც გულში ”სიყვარულის კაქტუსი’’ ამოუვიდა, გაეფურჩქნა და მარტო თავიასიანები კი არა, მთელი ქვეყნიერება შეიყვარა, განურჩევლად კარგი და ცუდისა. ასეთი საყოველთაო ჰუმანიზმი და კაცთმოყვარეობა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, მათ ვინც ცხოვრებისგან ბევრი რამ იგემა, სიცოცხლის ფასი გაიგო და ადამიანი დააფასა. ალექსანდრო ზუსტად ასეთია, ამ წუთისოფელში კარგად გამობრძმედილი.

კლასიკოსები ვახსენე და თანამედროვეობის ყველაზე დიდი მწერალი ვიგულისხმე-გურამ დოჩანაშვილი, ალექსანდრო კი მისი ყველაზე კეთილშობილი და სრულყოფილი გმირია, რომელსაც აღტაცებაში მოვყავარ, თუმცა მკითხველს ახსოვს ლამაზ-ქალაქში მას როგორც გიჟს ისე გააცნობენ დომენიკოს.

ყველა მწერალს თავისი სტილი და წერის მანერა აქვს, რითაც მკითხველს თავს შეაყვარებს ხოლმე. გურამ დოჩანაშვილის სამყარო ძალზე უჩვეულო და ცოტა რთულია. ძალიან ღრმად, მთელი არსით თუ ვერ შეძელი წვდომა, ყველა სიტყვამ გულსა და გონებაში ერთნაირად თუ არ გაიარა, ამ შემოქმედის აზროვნების მიღმა დარჩები. არიან მწერლები რომლებსაც დასაწყისშივე ამოიცნობ, მიუხვდები სათქმელს და მასთან ერთად გაივლი გზას. დოჩანაშვილის რომანში ყველა კითხვის პასუხი და გასაღები ფინალმა ჩაიტია. ახალგაზრდული გულუბრყვილობა და სიბეცე ტრანსფორმაციას განიცდის დომენიკოს სულში. დაბრუნდა ”უძღები შვილი’’ და შეინანა.

დომენიკოსთან ერთად მართლა ბევრს დახეტიალობს მკითხველი. ზოგჯერ დამღლელია ასეთი სვლა, ზოგჯერ – მტკივნეული. შეუძლებელია კამორაში შეიხედოს ადამიანმა და ნაზი გრძნობები გაუჩნდეს, რადგან ეს ერთი დიდი ბოროტებაა, რომლშიც დედამიწაზე არსებულმა ყველა მანკიერებამ მოიყარა თავი. ნელა გაიზარდა, გავრცელდა და ქვეყნიერებას შთანთქვას უპირებს. სულ მგონია კამორა არის ჩვენგან ძალიან შორს, სადღაც მექსიკა ან კოლუმბიაში და კამორელებს არაფერი აქვთ საერთო ჩემ სათაყვანებელ ქართველებთან, მაგრამ ბუნებრივი კითხვა მაწუხებს- ყველა მწერალი ხომ საკუთარი ქვეყნის მემატიანეა?

თუმცა ფინალი არის დასაწყისი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისა. უსაზღვრო სევდა დიდ სიხარულად იქცევა, ცომი – ფორმად, რომელსაც ადამიანის ჭეშმარიტი სახე და სული აქვს. რომანის ყველაზე საინტერესო პერსონაჟმა იტვირთა მორალისტის, მოსამართლის, ”გიჟისა” და მხსნელის ფუნქცია, რომელმაც ალეგორიებითა და შეგონებებით უნდა გამოაწრთოს, გამოზარდოს საწყალი ბიჭი-დომენიკო . მას ღიმილს ჰგვრის ახალგაზრდა ვაჟის გოპნებრივი სიბრმავე. ”ჰეე, რა კაი ბიჭი ხარ ”-მხიარულად ეუბნება ალექსანდრო. რომ არა ის ნაწარმოებს დაეკარგებოდა ფერი. ამ პერსონაჟის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ექმნება მკითხველს. განსაკუთრებულია მისი ზღაპარიც ”ბალახისფერი კაცი”, რომელსაც ბრიყვი დომენიკო მხოლოდ ზღაპრად ისმენს. არადა,ალექსანდრომ გააფრთხილა, რომ ყველაფერი ისე არ უნდა გაეგო როგორც მოისმენდა, არამედ გადატანითი მნიშვნელობით. კარაველების ქალაქი უსამართლობის ბუდე და ჭაობია. მართლია, მცხოვრებლებს ღრმად სწამდათ, რომ უკეთესი ქალაქი სხვაგან არსად იყო , მაგრამ გამოჩნდა ყველაზე პატიოსანი კაცი, რომელმაც ალუბლის ქალაქი არჩია. ეს გახდა მიზეზი მისი გაგდებისა, თითქოსდა მას თავის ქალაქი არ უყვარდა და ამიტომ ამბობდა ცუდს. არადა, სიყვარული ნაკლოვანებების არ დანახვაში არ მდგომარეობს.

ალექსანდრომაც იცის მის ქალაქში ყველა კარგი კაცი როდია, მაგრამ მაინც უყვარს . სწორედ ამ ამბის მერე იწყება მთავარი, ჩნდება ბალახისფერი კაცი. ბალახისფერი სხვა რა ფერია თუ არა მწვანე, რომელიც ევოლუციას, იმედს, სიცოცხლეს განასახიერებს. მწვანე განახლებაა, რომელიც ერთდროულად ძალიან თბილიც არის და ცოტა სიგრილესაც ქმნის. ბალახისფერი კაცი მარადიულობის სიმბოლოა, რომელიც პატიოსნების და სიმართლის სადარაჯოზე დგას. ის უსასრულობაში გადადის სწორედ იმ მარადმწვანე ფიჭვის სახით, რომელიც საკუთარ ქალაქს ვერ შეელია, იმ ლამაზ ალუბლის ქალაქს ისევ თავისი”ოხერი ქალაქი ”არჩია და სამუდამოდ მას დაუკავშირდა ფესვებით. ესეც პატიოსნების ფერი-მწვანე, რომელიც ძლიერ გამშვიდებს და ფიჭვი(pinus) სინათლის, მზის მოყვარული მცენარე. ამ ეპიზოდში რატომღაც სულ მახსენდება გოდერძი ჩოხელის ” წერილი ნაძვებს”, რომელიც სიცოცხლის სიყვარულსა და საუკუნო ცხოვრების დასაწყისზე მოგვითხრობს. ადამიანური, დამღლეი და ზოგჯერ გაუსაძლისი ყოფა მთვრდება იქ, სადაც იწყება ჭეშმარიტი სიცოცხლე. ადამინად ყოფნა იმაზე უფრო დიდი ტვირთია, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია.

ჩვენ ხომ ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი ქალაქი, მიუხედავად იმისა რა მოგვწონს და რა არა. ყოველთვის გვეძნელება მასთან განშორება. დავეხეტებით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ საბოლოოდ მაინც აქ ვბრუნდებით, რადგან ჩვენ ქალაქს რაღაც სხვა მიზიდულობა აქვს. ეს ისეთი უანგარო და წრფელი სიყვარულია, რომელსაც ადამიანი თავადაც ვერ აცნობიერებს.

ბალახისფერი კაცის გამოჩენა საგონებელში აგდებს მოსახლეობას. სიბრიყვე ჯერ ქალებს დასწამეს, შემდეგ ორ მამაკაცს, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა , რომ ყველა ერთნაირად ბრიყვი და ბრმა იყო, თუმცა არავინ აღიარებდა , რადგან შეუძლებელია ყველა კარაველი სულელი ყოფილიყო. კარაველების ბატონი სიბრაზით მძვინვარებს, საოცარ აღთქმას დებს, მაგრამ მხოლოდ ხალხის თვალის ასახვევად. ის აბსურდული , უკანონო ქალაქის ასეთივე ცრუ მმართველია. კარაველების ბატონი თავისი საქმის კარგი მცოდნეა. ის ძალიან ადვილად კლავს უიარაღო ბალახისფერ კაცს, მაგრამ ვერ კლავს ყველაზე მთავარს- სიმართლესა და პატიოსნებას, რომელიც დედამიწის გულში უშვებს ძალიან ღრმად ფესვებს , რათა მრავალი ყლორტი გამოიღოს, იქცეს ხშირ ტყედ და მოიცვას მთელი ქვეყანა.

არ ვიცი რა ფერი- მწვანე თუ თეთრი, ლურჯი თუ ყვითელი ან როგორი სახე აქვს სიყვარულს, სიმართლეს , გულწრფელობას, თუმცა რაღაც ფორმა ნამდვილად გააჩნია. ზოგჯერ ყველა უზენაესი გრძნობა და თვისება ერთ ადამიანში მოიყრის თავს. ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, დადიან, არსებობენ მათ გენიოსებს ვუწოდებთ. თუ ალექსანდრო გიჟია, ვისურვებდი ამ ჩემს ლამაზ-ქალაქშიც მრავლად დადიოდნენ მისი მსგავსნი და ასე ძლიერ უყვარდეთ სიცოცხლე, თავისუფლება და ადამიანი.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი