პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

 საბჭოური ეპოქის ჩრდილები ოთარ ჩხეიძის რომან „კვერნაქში“

ოთარ ჩხეიძის განსხვავებული სტილი და ესთეტიკური მრწამსი რომან `კვერნაქშიც~ სრული სისავსით წარმოჩნდება. ის ოსტატურად, ვარიაციულად იყენებს კლასიკურ თხრობით სტრატეგიებს პერსონაჟთა ხასიათების დასახატავად, ეპოქის სულის გამოსაკვეთად, მორალურ-ზნეობრივი პრობლემების გასააზრებლად. მისი ნაწარმოებების დრამატული კოლიზიები მკითხველს ფიქრისთვის აღვიძებენ. იგი ქმნის სრულიად ახალი ტიპის მხატვრულ მოდელებსა და სტრუქტურებს, რომლებიც მას სჭირდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამყაროში მიმდინარე მოვლენების წარმოსაჩენად. მისი მხატვრული კონცეფცია ემყარება ადამიანს, როგორც უნივერსალურ არსებას, რომელიც თანაბრად ირეკლავს მიკრო- თუ მაკროკოსმოსების ქაოსსაც და წესრიგსაც.

რომან „კვერნაქში“ ბუტაფორიული სახე იხატება საბჭოთა რეჟიმისა, რომელიც ადამიანის სულიერ სამყაროს შლიდა, ანადგურებდა, ყოფითი რეალობიდან მთლიანად დევნიდა მისტიკურს, ირაციონალურს. ერთგანზომილებიანი მატერიალური სივრცე ადამიანის აზროვნების მასშტაბსაც ამცირებდა. რომანში გამოიკვეთება ზოგადი მახასიათებლები ტოტალიტარული სახელმწიფოების მართვის სტილისა. გარეგნული სიმშვიდე, მოწესრიგებულობა ფარავდა შინაგან დემონურ ქაოსსა და უწესრიგობას. როგორც ვიცით, საბჭოთა იმპერიამ ფორმალურად აღიარებული დემოკრატიის ნიღბით დათრგუნა ადამიანური სულის უპირველესი ნება _ თავისუფლება _ ღვთის საჩუქარი. გრიგოლ რობაქიძემ ამ მოჩვენებით დემოკრატიულ სისტემას სწორედ ამიტომ უწოდა `დემონოკრატია~ და ამგვარად შესანიშნავად გამოხატა მისი ნამდვილი შინაარსი.

რომანის მხატვრული ქარგა კვერნაქის მთის კალთებზე და მის ძირას გაშენებულ ქალაქშია გაშლილი. მთა ღვთისა და ადამიანის შეხვედრის ადგილია, სულიერი სწრაფვის სიმბოლო, თუმცა ამ რომანში ადამიანებს დაუკარგავთ ღვთის რწმენა, ღვთაებრივი სამყარო სადღაც გამქრალა და მხოლოდ მიწას მიჯაჭვულან, ამიტომაც, შესაბამისად, მიწიერია მათი ფიქრები და განზრახვები. საბჭოთა ადამიანისთვის აღარაფერი დარჩა წმინდა და შეულახავი, ცხოვრებიდან განდევნილ ღმერთს მიაყოლეს წეს-ჩვეულებებიც, რომლებიც ზნეობრივ ღირებულებებს ინახავდნენ. ამიტომაც მარტო დარჩენილა სულიერად დაცარიელებული ადამიანი და გზა ვეღარ გაუკვალავს, ვეღარ მიმხვდარა სიკეთისა და ბოროტების განსხვავებულობას. წინაპართა საფლავების, მათი ხსოვნის უარყოფით მოუჭრია მაცოცხლებელი ფესვები, რომელთაც მისი სულიერი სიცოცხლე უნდა ესაზრდოებინათ. მხოლოდ ხორციელი, მატერიალური სამყაროს ანაბარა დარჩენილ ადამიანს კი თავგზა აქვს აბნეული, ცხოველურ, მხოლოდ ინსტინქტებით სავსე სამყაროში გამომწყვდეულა, ამიტომაც ქცეულა უსულგულო, სასტიკ არსებად.

მწერალი ფსიქოლოგიური ნიუანსებით ხატავს ადამიანის გაცნობიერებულ თუ ქვეცნობიერ ზრახვებს, იმას, რაც მის სულიერ-მატერიალურ ყოფას განაპირობებს, მის ბედისწერას, ჩვეულსა თუ უჩვეულო გარემოში არჩევანის გაკეთებისა თუ გადაწყვეტილების მიღების თავისებურებებს. რომანის მთავარი გმირი სანდროა, საბჭოთა სახელმწიფოს ექსპერიმენტის შედეგი, ერთგვარი ჰომო სოვეტიკუსი, მშენებლობის ტრესტის მუშაკი, რომელიც დროდადრო მწვავე საკითხებზე წერილებს აქვეყნებს. ისიც აჰყოლია სახელმწიფოს ნაქადაგევ პოლიტიკას, რომლის ათეისტური ლოგიკის მიხედვითაც, არანაირი სხვა განზომილება, გარდა მატერიალურისა, არ არსებობს. არადა, წეს-ჩვეულებები, კულტურა, ადამიანის კოლექტიური მეხსიერების ნაწილია. ისინი ადამიანს დროის მთლიან აღქმაში, იდენტობის გარკვევაში ეხმარებიან და განაპირობებენ ხილულსა და უხილავ სამყაროებს შორის კავშირს. ისინი უბიძგებენ ადამიანს, გადალახოს მოკვდაობის განცდა და სჯეროდეს, რომ არასოდეს ამოვარდება იმ ერთიანი ჯაჭვიდან, რომელიც ერის მეტაფიზიკურ ფენომენს ქმნის.

რომანის ეპიგრაფი, დავით აღმაშენებლის `გალობანი სინანულისანის~ სტრიქონები, სრულად ხსნის მწერლის მთავარ სათქმელს. ადამიანის მთელი ცხოვრება ჭიდილია ბნელსა და ნათელს, სიყვარულსა და სიძულვილს, დემონურსა და ანგელოზურს შორის. ამ ბრძოლაში ხშირად ეცემა ადამიანი. სწორედ ამ დაცემას მეტაფორულად წარმოაჩენს მეფე-პოეტი: `ვნებათა ბილწთა მონებად მივჰყიდე თავი, / რამეთუ რომლისაგანაც ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ~. იქნებ სწორედ ეს არის ბედისწერა, ვნებათაგან გასათავისუფლებელი ბრძოლის დაუსრულებლობა. ამიტომაც ერთი ყველაზე ძველი და მაინც უცვეთელი თემა, რომელსაც მსოფლიო ლიტერატურა დღემდე ერთგულებს, ბედისწერის თემაა. უძველესი დროიდან დღემდე მწერლები ჩხრეკენ და ეძიებენ ამ ამოუხსნელი ფენომენის რაობას.

ქართულ მწერლობაში ბედისწერასთან რთული ურთიერთდამოკიდებულების თემა ყველაზე მძაფრად მიხეილ ჯავახიშვილმა წარმოაჩინა თავის მოთხრობებსა და რომანებში. ჰენრიკ იბსენისადმი მიძღვნილ წერილში ჯავახიშვილი საგანგებოდ ჩაუღრმავდა ამ საკითხს. მან გაიხსენა კლასიკური ხანის ბერძნული მწერლობა, როდესაც ადამიანი ყველა მოვლენას უცნობ, უხილავ, ყოვლისშემძლე ფატუმს მიაწერდა, რომელიც წინდაწინვე უნიშნავდა ადამიანებს ბედსა და უბედობას, სახელ-დიდებას, სიმდიდრესა და სიღატაკეს, ბედნიერებისა და სიკვდილის დღეს. მწერლის დაკვირვებით, ბერძნული ტრაგედიის შინაარსს შეადგენდა ადამიანის ბრძოლა ბედისწერასთან. ამ ბრძოლაზე იყო აგებული ესქილეს, სოფოკლესა და ევრიპიდეს ტრაგედიები. მისი აზრით, აღორძინებისა და რეფორმაციის ხანამ შექსპირის წყალობით ახალ ტრაგედიას ფატუმის საძირკველი გამოაცალა და მის მაგივრად რეალური ნიადაგი მიუსადაგა. წინათ თუ ფატუმი ციდან იძლეოდა ბრძანებას, ახლა მბრძანებლად იქცა `ადამიანის სურვილი, მისწრაფება და ქრისტიანული ელფერით შეღებილი სინდისი, რომელიც დასაწყისი და დასასრულია ადამიანის ცხოვრებისა. შექსპირის გმირებს ამოძრავებს მხოლოდ სინდისი და თუმცა ისინი ებრძვიან ამ ძალას, მაგრამ ბოლოს მაინც იღუპებიან თავიანთი სურვილებისგან, როგორც იღუპებოდნენ ბერძნული ტრაგედიის გმირები ფატუმისაგან~.

მიხეილ ჯავახიშვილის აზრით, შემდეგი დროის მწერლობამ, განსაკუთრებით, გოეთემ და შილერმა, მოიწადინეს ფატუმის იდეის გაცოცხლება, მაგრამ ვერ მიაღწიეს მიზანს. ჯავახიშვილი თვალს მიადევნებს ამ თემის შემდგომ განვითარებას. მისი აზრით, მეცნიერებამ ახალი სული შთაბერა ბედისწერის იდეას: `კანტმა, ლაპლასმა, ლამარკმა და ჰეგელმა მოამზადეს ის საძირკველი, რომელზეც დარვინმა ააშენა თავისი დიდებული კანონები შთამომავლობისა. შთამომავლობის თეორიას კი მხატვრულად ხორცი შეასხა ემილ ზოლამ, თუმცა ვერ გასცდა თეორიულ ქადაგებას~. ამ თვალსაზრისით, მიხეილ ჯავახიშვილის აზრით, ყველასგან გამოირჩევა ჰენრიკ იბსენი, რომელმაც ბედისწერის თემა ახალი კუთხით წარმოაჩინა: `თუ ბერძნული ტრაგედიის გმირები ფატუმის მსხვერპლნი იყვნენ, შექსპირის გმირები თავიანთი ვნებათაღელვითა და სინდისით მარცხდებოდნენ. იბსენის აზრით, უფრო რეალური, სასტიკი, საშინელი და უსამართლო მიზეზი გვმუსრავს, ეს არის შთამომავლობითი სენი~. მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში კი ბედისწერა კანონზომიერებაა, რომელიც განხორციელებულ საქმეთა, ფიქრთა და ზრახვათა ლოგიკური გამოძახილია. პერსონაჟები ცოდვის ქმნით თვითონვე `წერენ~ საკუთარ ბედისწერას. მსხვერპლი კი ყოველთვის უდანაშაულოა, რათა უფრო ცხადად წარმოჩნდეს ცხოვრების აბსურდულობა და სისასტიკე.

ოთარ ჩხეიძე, რომელიც, რეალიზმის ახალი შტრიხებით გამდიდრების თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, მიხეილ ჯავახიშვილის „სკოლის“ წარმომადგენელია, „იზიარებს“ მის თვალსაზრისს _ ადამიანის ცხოვრება წარიმართება სწორედ მისივე სულიერი სამყაროს „კანონებით“, თავისივე ნებითი თუ უნებური ცოდვა წინ ეღობება კაცს და აუბედურებს, მადლი კი სანთელივით მიუძღვის და აბედნიერებს. ამგვარი აღქმა, რა თქმა უნდა, ქრისტიანული მორალის კონტექსტში ექცევა. რომანის მთავარმა პერსონაჟმა, სანდრო ბონიძემ, 35 წლის კაცმა, ამაოდ ეძება ბედნიერება, მაგრამ ვერ მიაგნო, რადგან ვერ გააცნობიერა, რა შეაგრძნობინებდა ნამდვილ სიხარულს. ამისთვის მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა არ აღმოჩნდა საკმარისი. მან დაივიწყა, რომ: `არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელიც გამოვალს პირისაგან ღმრთისა~ (მათე, 4, 4).

სანდრო ბონიძემ ოჯახის შექმნის მცდელობაში, ქალების ჩხრეკა-ძიებაში სამი ცოლი შეირთო, მაგრამ სამივე გააუბედურა და თვითონაც დაიკარგა გამოუსავლობის წყვდიადში. მან ვერ გაიაზრა, რომ მისი უბედურების სათავე სულ სხვაგან იყო. საქმე კი ისაა, რომ, როცა კვერნაქის განაშენიანება დაიწყო, მთის სასაფლაო მოშალეს, ზოგი გადაიტანეს, ზოგი მშენებლობებმა შეიწირა, სანდროს სახლის საძირკველში კი საფლავის მარმარილოს ჯვარი ჩაეკირა. მან ეს არაფრად მიიჩნია და ამგვარად, ჯვრის შეურაცხყოფით სატანის საკურთხევლად აქცია საკუთარი სახლის საძირკველი. ისინი კი, წარსულის მოწმენი, როგორც მწერალი წერს: `ძეგლები ინახავენ ჩონჩხთა ანაბეჭდებსა, მიცვალებულთა სითბოს ინახავენ ქვები საფლავისა, ის სითბო მოდის, ის რაღაც მძაფრი, შემაზრზენი სითბო. მოედება სიბნელესა და შიგნით მოიწევს. შუქს უფრთხის, მაგრამ მაინც მოიწევს, საწოლთა ქვეშ, კარადების უკან ბნელი კუნჭულები ეგულება, იმ კუნჭულებს ეტანება, ეუფლება, ემკვიდრება. ფარდებს აკალთავებს, კარადებს გამოსწევს, ყველგან შეიჭრება შუქი, ლანდებს გამოდევნის, ჩონჩხებს გამოაძევებს. სხვენი მაინც ჩონჩხებს დარჩებოდათ, იქ დაისადგურებდნენ, დადარაჯდებოდნენ, ამათს დაძინებას დაელოდებოდნენ, მერე ჩამოვიდოდნენ, გალაღდებოდნენ, შენობას მოედებოდნენ, სასთუმალთან ჩამოსხდებოდნენ, სხვას რასაც ჩაიდენდნენ, თვითონ იცოდნენ~.

რომანის სტრუქტურა შეკრულ ფაბულასა და საინტერესოდ მიმდინარე სიუჟეტურ პერიპეტიებს ეყრდნობა. სანდრო პირველად ბაღის მასწავლებელ მაგდას მოიყვანს ცოლად. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შორის მალე დაიწყება კინკლაობა, უთანხმოების მთავარ მიზეზად კი მაგდას უშვილობა იქცევა. სანდრო ჩქარობს, რომ შვილი მალე ეყოლოთ, თუმცა მის ნებას თითქოს იდუმალი ძალები ეწინააღმდეგებიან. მაგდა იმასაც ამჩნევს, რომ მათს ლამაზსა და დიდ სახლში სითბო ვერ ტრიალდება. ქალს ელანდება, რომ სხვენზე ჩონჩხები დადიან. სანდროც გულს აიყრის ცოლზე. მაგდას სჯერა ძველი წეს-ჩვეულებებისა, სანდროს – არა, ეს იწვევს მათ შორის გაუცხოებას. მათ ხელიც არა აქვთ მოწერილი, სანდრომ თავიდანვე გადაწყვიტა პირველი შვილი, უსათუოდ, ვაჟი რომ ეყოლებოდათ, ხელსაც მაშინ მოაწერდნენ. მაგდა ეუბნება ქმარს მორიგი ჩხუბის შემდეგ: `ეგებ მე არ მეყო ძალა, ეგება შენი ბრალია. ახლა ვერას ვიტყვი, ოღონდ ის მაინც ცხადია, ვერ ვიგრძენით სულიერი ნათესაობა, არა და არ მოხერხდა ჩვენს სულთა კავშირი, უამისოდ კი ერთად ცხოვრებას აზრი არა აქვს. უამისოდ არც ახალი სიცოცხლე იჩენს თავს. სულთა კავშირი…~ სანდრო ურწმუნოა, საბჭოური ეპოქის შვილი, მაგდა კი მორწმუნეა და სჯერა: `არც ყველა ზღაპარია დაუჯერებელი~.

სანდროს, დონ ჟუანის მაძიებელი სულისკვეთებით, მეორე დღესვე მოჰყავს ცოლად სხვა ქალი, მეგობრის მეზობელი ლალი, თუმცა მალე შეამჩნევს, რომ ქალს ოფლიანობა სჭირს და საზიზღარი სუნი აქვს, რაც ვერცერთმა სუნამომ ვერ გააქრო. სანდრომ მალე იმდენად შეიძულა ქალი, რომ ვერც მისი ფეხმძიმობამ გაახარა, პირიქით, შემთხვევას ეძებდა, რომ სახლიდან გაეშვა. მართლაც, ქალი სანდროსვე დაგებულ მახეში გაებმება, მუცელი მოეშლება და სახლიდან წავა. მკითხველი გრძნობს, რომ ამ დაწყევლილ კერაზე ოჯახი ვერ გაბედნიერდება.

სანდროს ჟურნალისტური საქმიანობა, თემები, რომლებზედაც წერს, კარგად წარმოაჩენს საბჭოთა იდეოლოგიის სტრატეგიას, ადამიანი არ ყოფილიყო თავისუფალი, ინდივიდუალური, არამედ კოლექტივის წევრი, კოლექტიური ქონების მონაწილე. მაგალითად, მომჭირნეობასა და სახელმწიფო სახსრების დაზოგვაზე მსჯელობისას, სანდრო დაასკვნის, რომ საერთო სააბაზანოები და საპირფარეშოებო უნდა ჰქონდეთ სახლებსო. როცა ამის გაგონებაზე ერთმა მოხუცმა თანამშრომელმა იხუმრა, საერთოდ არ ავაშენოთ, ტყეში ვირბინოთო, გაწყრა და ახლა იმაზე დაწერა წერილი, რომ საპენსიო ასაკის ხალხი გაეშვათ სამსახურიდან. შემდეგ `არაშრომით შემოსავლებზე~ უნდოდა დაეწერა წერილი. ესეც გადმონაშთად მიიჩნია, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან საკუთარი სახლი სწორედ ამგვარი შემოსავლით ჰქონდა აშენებული. თავგზააბნეული სანდრო შემდეგ გურანდას შეირთავს, რომელთანაც ეყოლება ვაჟი, მაგრამ ისევ უბედურია. მხოლოდ სხვის ხასა დიანასთან გრძნობს ერთობას, თითქოს სწორედ ეს ქალია მისი ტოლი და სწორი, მაგრამ ბედნიერება არ უწერია. ბავშვიანი გურანდა დაადგება თავზე დიანას, რომელმაც არც კი იცოდა სანდროს ოჯახის შესახებ. ერთ საუბარში დიანა აღნიშნავს, რომ სანდრო მაცდური კი არა, მსხვერპლია. მართლაც, ის მსხვერპლია საბჭოური ათეისტური იდეოლოგიისა და საკუთარი უნებობისა.

რომანს დასაწყისი და დასასრული ერთი აქვს _ თანამეინახენი სუფრას უსხედან და თამადა სადღეგრძელოებს იგონებს, ხანდახან ისეთსაც, როგორსაც შეუძლია მსმენელის მონუსხვა და მის ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა, ამიტომ ამბობს მწერალი: `ეგება პირველი პოეტი თამადა იყო~. სანდროც ხომ თამადის სიტყვებმა ჩააფიქრა, 36 წლამდე აუცილებლად უნდა მოასწროს კაცმა რაიმე ღირებულის შექმნაო. სათვალავში დანტე და ბაირონი ჰყავდა, უპირველესად. სანდრო ამ შეძახილს აჰყვა და რაც დათესა, ის მოიმკო. მის `მონაპოვრად~ იქცა ოჯახი, რომელსაც მისთვის ბედნიერება არ მოაქვს. მისი გვარიც, ბონიძე, შეიძლება სიმბოლურად გავიაზროთ. ბონი ფულის ერთეულია. სანდროს მთავარი საფიქრალიც მხოლოდ მატერიალური ქონების, კეთილდღეობის მოპოვების ცდაა. საბჭოთა ადამიანს ხომ მტკიცედ უნდა ერწმუნა, კომუნიზმს აშენებდა და სიცოცხლეშივე მიწიერ სამოთხეს ეზიარებოდა. სულის რწმენა და საიქიოზე საუბარი მისთვის მხოლოდ მონაჭორი და ზედმეტი სააზროვნო ტვირთი იყო, ამიტომაც იოლად იცილებდა და ივიწყებდა.

ამ თემას დღესაც არ დაუკარგავს აქტუალურობა. ტექნიკის პროგრესი, უახლესი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, თანამედროვე თავბრუდამხვევი ცხოვრების რიტმი თითქოს დროს აღარ ტოვებს სულსა და ცოდვა-მადლზე ფიქრისთვის. ფუფუნების საგნებმა მთლიანად დაიპყრეს ადამიანის გონება და ერთადერთ საზრუნავად ხორციელ ყოფაზე ზრუნვა იქცა. სანდრო ზოგადი სახეა ადამიანისა, რომელიც ცოდვის ტყვეობაშია, არ იცის, როგორ დაიხსნას თავი. მას ჰგონია, რომ თავისუფალია, სინამდვილეში, გარემოებათა და საბჭოური იდეოლოგიის ტყვეა. ის ვერ აცნობიერებს, რომ მხოლოდ რწმენა აპოვნინებს გამოსავალს, როგორც სახარებაშია: `სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ~ (იოანე).

რომანში პერსონაჟებს უჭირთ კოლექტიურ გარემოში ინდივიდუალურობის, პიროვნულობის შენარჩუნება, შესაბამისად, ნებისყოფა არ ჰყოფნით, რომ კონფორმიზმი გადალახონ, თავისუფალი არჩევანი გააკეთონ. მკითხველი გრძნობს, რომ მწერლის მთავარი სათქმელი ესაა: სანდრომ სასაფლაოს ჯვარზე აშენებული სახლი უნდა დაანგრიოს და ახალი ააშენოს, სიმბოლურად, საბჭოთა იმპერია უნდა დაინგრეს და საქართველომ ახალი ცხოვრება დაიწყოს, როგორც დამოუკიდებელმა, თავისუფალმა ქვეყანამ, რომლის იდეალები წარსულის გამოცდილებით იქნება ნასაზრდოები. მხოლოდ წმინდა საძირკველზე აშენებული შენობა, ოჯახი, სახელმწიფო გაუძლებს ეპოქის ქარტეხილებს, როგორც სახარებაშია: `ყოველმან, რომელმან ისმინეს სიტყუანი ესე ჩემნი. და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თვისი კლდესა ზედა. და გარდამოხდა წვიმაი, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი. და ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა. და ყოველმან. რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თვისი ქვიშასა ზედა. და გარდამოხდა წვიმაი, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაი იგი მისი დიდ ფრიად~ (მათეს სახარება, 7, 25-27).

რომანის პერსონაჟთა მრავალფეროვანი სიღრმისეული ხასიათები, სიუჟეტური ხლართები, მწერლის ორიგინალური სტილური ვარიაციები, ლექსიკური სიმდიდრე, ირონიული ინტონაციები, ცოცხალი დიალოგები და მთელი მხატვრული არსენალი ხელს უწყობს ოთარ ჩხეიძისა და თანამედროვე მკითხველის უშუალო, გულწრფელ დიალოგს.

საბჭოთა კრიტიკოსები ოთარ ჩხეიძეს არ ჰპატიობდნენ სოციალიზმის იდეოლოგიური კლიშეებისა და სტერეოტიპების უარყოფას, უსამართლოდ აკრიტიკებდნენ, ხელს უშლიდნენ მისი რომანების გამოცემას, მაგრამ მწერალი არ ნებდებოდა. ერთი მხატვრული სახეც არ მიუტანია მსხვერპლად, რომ უფრო მისაღები ყოფილიყო კომუნისტური რეჟიმისთვის. იგი ყოველთვის ახერხებდა გამჭვირვალე ქვეტექსტებსა და სიმბოლურ-ალეგორიულ მხატვრულ სივრცეში გამოეხატა ეპოქის სულისკვეთება, ადამიანური სატკივარი. 1964 წელს დაწერილმა ამ რომანმაც გაიკვალა გზა მკითხველის გულამდე. იგი დღესაც აღელვებს, აფხიზლებს მკითხველს და უმეცრების, სიბნელის „გამოქვაბულიდან“ გამოსვლაში ეხმარება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი