სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

რეკომენდაციები საანბანო პერიოდის კომპლექსური დავალებითვის

პირველ კლასში კომპლექსური დავალებების შერჩევასა და განხორციელებას განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. როდესაც მასწავლებელს სწორად აქვს გაწერილი ეტაპები და ნაბიჯები, იოლია გრძელვადიანი მიზნების შედეგების მიღწევა.

წარმოგიდგენთ საანბანო პერიოდის სარეკომენდაციო კომპლექსური დავალების სცენარს. (ავტორი – დაწყებითი განათლების ექსპერტი, სსიპ გორის მე-8 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი, ვერიკო სომხიშვილი)

გრძელვადიანი სამიზნე ცნება – ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები

მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ:

  1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
  2. ტექსტში მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
  3. ტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და სტრუქტურა/აგებულება.

ქვეცნებები: მხატვრული ტექსტი – მოთხრობა, ტექსტის შინაარსობრივი მხარე – პერსონაჟი, ეპიზოდი.

საკითხი: საანბანო წიგნ „პინგვინი პეპეს“ მიხედვით ეპიზოდის (პეპეს სიზმრის) გადმოცემა ნახატის საშუალებით

ქვესაკითხები: მოთხრობა – ,,პინგვინი პეპეს’’ პერსონაჟები და ეპიზოდები

საკვანძო შეკითხვა:

რა ხერხები გამოვიყენო ტექსტის გასაგებად? როგორ წარმოვაჩინო ნახატით ტექსტის „პინგვინი პეპე“ ეპიზოდის გაგება?

კომპლექსური დავალება

კიდევ ერთხელ მოისმინე ტექსტი პინგვინ პეპეზე და შეარჩიე პეპეს სიზმრიდან პერსონაჟი /პერსონაჟები და დახატე. შეგიძლია გამოიყენო, როგორც ფერადი ფანქრები და სახატავი რვეული, ასევე ელექტრონული პროგრამები „ვსწავლობთ თამაშით“ ან „paint”.

დავალების შეფასების კრიტერიუმები:

ნამუშევარში/ნამუშევრის წარდგენისას წარმოაჩინე:

  • რომელი პერსონაჟი მოგეწონა (ტ..3)
  • რატომ აირჩიე ეს პერსონაჟი, რით მოგეწონა (ტ..1)
  • რატომ დახატე ასეთი (ტ.2)
  • როგორ და რით უკავშირდება შენი ნახატი მოთხრობის შინაარსს (ტ. 1).

 

 

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

 

რესურსი 1.

 

დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

  • რის შესახებ იყო ანიმაცია? (რესურსი 1)
  • ვინ იყო მთავარი პერსონაჟი?
  • როგორია? რა ვიცით პინგვინის შესახებ?
  • თქვენი აზრით, რატომ გაჩვენეთ ეს ნაწყვეტი? ანუ ეპიზოდი?
  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება?

 

ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე/დავალებებზე მუშაობა, დავალების წარდგენა

ნაბიჯი 1. რომელი პერსონაჟი, რომელი სიტყვა მოგეწონა? (ტ.3) რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის უკეთ გასაგებად (ტ.3)

ქვესაკითხები: მოთხრობის, „პინგვინი პეპეს’’ პერსონაჟები და ეპიზოდები

რესურსები და აქტივობები

რესურსი 1. მულტიმედია ფაილი პინგვინი პეპე“

აქტივობა 1. „ვარაუდების ღრუბლებები”

 

აქტივობა 2. ტექსტის პაუზებით მოსმენა, ვარაუდების გამოთქმა

პაუზა 1. ერთხელ პეპემ უცნაური სიზმარი ნახა….

პაუზა 2. უცებ პეპესთან პატარა პეპელა მოფრინდა…

პაუზა 3. უცებ ხმა მოესმა – პინგ -პონგ! პინგ -პონგ!…

პაუზა 4. უცებ სანაპიროზე სპილო დაინახა…

აქტივობა 3. ახალ ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა

შეკითხვები ცოდნის კონსტრუირების ხელშესაწყობად:

  • რის შესახებ იქნება საუბარი ტექსტში? (აქტ.1)
  • რა კავშირშია ნანახი ანიმაცია წიგნთან?
  • როგორ ფიქრობ, რა მოხდება? ———- (აქტ.2)
  • რატომ ფიქრობ ასე? რა მინიშნებებს ეყრდნობი?—
  • სინამდვილეში რა მოხდა? ————
  • რა შეიძლება იყოს პოლუსი? რას ნიშნავს სამხრეთ პოლუსი? (აქტ.3)
  • თუ გაგიგიათ სიტყვა „პალმა“? რა შეიძლება იყოს? შეგიძლიათ აღწეროთ როგორია?
  • სლიპინა როგორია? კიდევ რა სიტყვით შეიძლება გამოვხატო, აღვწერო? როგორ შეიძლება ვთქვა სხვანაირად? რა შეიძლება იყოს სლიპინა?
  • თუ გაგიგიათ/გინახავთ სელაპი/პანდა?

 

ნაბიჯი 2. რატომ აირჩიე ეს პერსონაჟი? რით მოგეწონა? რატომ დახატე ასეთი? (ტ.1,2) როგორ და რით უკავშირდება შენი ნახატი მოთხრობის შინაარს (ტ3)

 რესურსები/აქტივობები

რესურსი 1. ტექსტის „პინგვინი პეპე“ აუდიოფაილი https://kargiskola.ge/anbaniaudio.php?audio_cigni=audio_pingvini%20pepe

აქტივობა 1. ტექსტის მოსმენა აუდიოფაილის გამოყენებით

აქტივობა 2. მოთხრობის სიუჟეტის აღდგენა ავტორისეული ენის გამოყენებით.

აქტივობა 3. „მახასიათებლების ცხრილის“ შევსება

 

აქტივობა 4. დაასრულე წინადადება „სპილო არის….“

(შესაძლებელია ოთხსტრიქონიანი ინსტრუქციაც გამოვიყენოთ)

შეკითხვები ცოდნის კონსტრუირების ხელშესაწყობად:

  • სად ცხოვრობდა პინგვინი პეპე? (აქტ.1,2)
  • ვისი მოყოლილი ამბები უყვარდა ყველაზე მეტად?
  • ერთხელ რა დაესიზმრა პეპეს?
  • ვინ შემოხვდა?
  • როგორები იყვნენ ისინი? (აქტ.3)
  • ვის რა მოსწონდა და უყვარდა?
  • რომელი ცხოველი ვერ იცნო პეპემ?
  • თქვენ თუ იცით, სპილო როგორი ცხოველია? (აქტ.4)
  • ვის რომელი პერსონაჟი მოგეწონათ ყველაზე მეტად?

 

შეძენილ ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენება კომპლექსურ დავალებაში

 

დამოუკიდებლად მუშაობა:

  • ილუსტრაციების შექმნა, სიტყვებისა და წინადადების შერჩევა, საბოლოო ვარიანტის მომზადება;
  • ნამუშევრების წარდგენა.

 

კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად, თითოეული მათგანის წინსვლისა და რეფლექსიის უნარისა ხელშესაწყობად

 

ახსენი, რა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით

  • უკავშირდება თუ არა შენი ნახატი ტექსტის შინაარსს//მთავარ სათქმელს? რით?
  • რისი თქმა გინდოდა ამ ნამუშევრით? რით არის ის მნიშვნელოვანი?
  • აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე!
  • რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
  • როგორ ამოიცანი პერსონაჟების თვისებები და დამოკიდებულები, რა მინიშნებებს მიაქციე ყურადღება;
  • რატომ არის საჭირო დავალების პირველადი ვერსიის შექმნა?
  • რით განსხვავდება შესრულებული დავალების პირველადი ვერსია საბოლოოსგან?
  • გასაგები იქნება თუ არა შენი ნახატი მკითხველისთვის?
  • აღწერე, რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში, რა დაგეხმარა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში!
  • რა გამოგივიდათ კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • სხვა დროს თუ შეგისრულებია თუ არა მსგავსი დავალება?
  • ვისთან ერთად იმუშავე კომპლექსურ დავალებაზე? რით და როგორ დაეხმარეთ ერთმანეთს?
  • იყო თუ არა განსხვავებული მოსაზრებები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • გამოიყენეთ თუ არა ტექნოლოგიები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? რაში დაგეხმარათ ტექნოლოგიების გამოყენება?
  • შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი