სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორ შევინახოთ მოგონებები

ხშირად გამიგონია ფრაზა, რომ სხვების შვილები სწრაფად იზრდებიან, ჩვენები – ნელა. თინეიჯერობას მიღწეული ორი შვილის ყურებისას არ მტოვებს განცდა, რომ საკუთარი შვილებიც ძალიან სწრაფად იზრდებიან და იმის გააზრება, რომ მალე მათ ცხოვრებაში ჩემი ჩართულობის საჭიროება უფრო და უფრო ნაკლები იქნება, ჯერ კიდევ მასევდიანებს. არაფერი სჯობს იმის ყურებას, როგორ ხდებიან პატარა ადამიანები დამოუკიდებელი პერსონები, თუმცა ამ პროცესის პარალელურად თავს არ მანებებს ფიქრები, რომ უნდა მოვასწრო, სანამ ყველა აქტივობაში ჯერ კიდევ ერთად ვართ ჩართულები, სანამ ამბებს მიყვებიან და მათთვის თავგადასავლების მოწყობა ჩემი საქმეა, ამ დროით უნდა ვისარგებლო: მეტი მოგონება შევქმნათ და დავიმახსოვროთ. ხომ, დამახსოვრებაც საქმეა.

თავიდან, როცა დამწყები დედა ვიყავი, მეგონა, რომ სულ მემახსოვრებოდა მათი ინტერპრეტირებული სიტყვები, ფრაზები, სიზმრები,  მაგრამ ფუჭი აღმოჩნდა ჩემი იმედები. დრო ბევრ ამბავს შლის.

აღმოჩნდა, რომ ბავშვობის ყველაზე ცოცხალი მოგონებები ადამიანების უმეტესობისთვის ისეთი ბანალური რამეებია, როგორიცაა კბილის ექიმთან პირველი ვიზიტი, არდადეგები, დაბადების დღის წვეულებები, სკოლის პირველი დღე, დაშავების შემთხვევები, კბილის მოცვლა, საშობაო საჩუქრები, დაჭერობანას თამაში და მშობლებთან ერთად ხარისხიანად გატარებული დრო. ყოველდღიურობაში პატარა სიხარულების პოვნა და დაუვიწყარი ამბების მოწყობა ადვილი საქმე არ არის, თუმცა ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ლაღი ბავშვობა და ამ დროის ემოციები და მოგონებები დიდწილად განსაზღვრავს იმას, როგორი იქნება ცხოვრება ზრდასრულობისას. ხშირად საკუთრივ ამბებზე მეტად ემოციები და შეგრძნებები გვამახსოვრდება, რაც სხვადასხვა დროს გაგვჩენია.

მე, მაგალითად, ჩემი ბავშვობიდან განსაკუთრებით ტკბილად „მეორეხარისხოვანი პერსონაჟები“ მახსოვს – მოხუცი ბებიები სამეზობლოებიდან: მათმა ნაწილმა „შელოცვები“ იცოდა, ზოგი ყველაზე მშიერ წლებშიც ორცხობილებით და მცენარეული ჩაით მიმასპინძლდებოდა, ზოგი ისე ქსოვდა და ქარგავდა, მათ ყურებას არაფერი სჯობდა; ერთი იყო, ისე ხმამაღლა იცინოდა და ისე მოურიდებლად იგინებოდა, ყოველ ჯერზე გაოგნებულს მტოვებდა. ამ დრომდე ცოცხალია პატარა ქალების, სოფლების ბიბლიოთეკებში გატარებული დღეებისა და იქ აღმოჩენილი უცნობი წიგნების პოვნის სიხარულის შესახებ მოგონებები. საახალწლო საჩუქრებიც მახსოვს, რომლებიც ძირითადად ჩვენი იმჟამინდელი ხელმოკლე ცხოვრების საუკეთესო ილუსტრაციები იყო და მამასთან ერთად მაღალ მთებსა თუ დაბურულ ტყეებში ლაშქრობებიც. არც კი ვიცი, ეს ლაშქრობები უფრო ძვირფასია თუ ის დღეები, როცა მარტო სადმე წასვლის ნებართვას მოვიპოვებდი ხოლმე და საკუთარი გულისცემა უფრო ხმამაღლა მესმოდა, ვიდრე მთის მდინარეების ხმაური – ძვირფასია ის შეგრძნება, რაც სახლში უვნებლად დაბრუნებულს გაქვს. ჩემი ამბების გახსენებისას არ მტოვებს განცდა, რომ ორ ათეულ წელიწადში, რაც ჩემი და ჩემი შვილების ბავშვობებს აშორებს ერთმანეთისგან, განუზომლად შემცირდა ბუნებაში გატარებული დრო ოჯახებისთვის და შემაწუხებლად გაიზარდა ციფრული გაჯეტების კონცენტრაცია.

მოგონებების შექმნისა და არქივირებისას ვცდილობ ხოლმე, რომ ბუნებასთან სიახლოვეც შევინარჩუნო და ტელეფონიც ნაკლებად გამოვიყენო. აი, რამდენიმე ხრიკი, რაც წლების განმავლობაში გამოვიმუშავე:

 

  • სეირნობის შემდეგ სახლში მოგვაქვს ყვავილები, ფოთლები, ნიჟარები, ზოგჯერ ტოტებიც და სხვადასხვა სახელოვნებო პროექტისთვის ვიყენებთ – ჩემი ფავორიტი თიხაზე ანაბეჭდების გადატანაა.

  • საღამოობით, ძილის წინ წიგნის კითხვისას ხატავენ, ილუსტრაციებს და სკეტჩებს აკეთებენ ან შემხვედრ შთამბეჭდავ სიტყვებს და ფრაზებს იწერენ – წლების შემდეგ ამ ნახატებით გავსებული წიგნაკების დათვალიერება დროში მოგზაურობას ჰგავს და უფრო სახალისოა, ვიდრე საოჯახო ფოტოალბომის თვალიერება, სადაც უცნობი ადამიანების ფოტოები სჭარბობს ნაცნობი ნათესავების ფოტოებს.
  • ტელეფონით ფოტოების გადაღების ნაცვლად, თუკი სეირნობისას ბევრი დრო გვაქვს ან უცხო ქალაქში ვართ, ვიმახსოვრებთ ხედებს, არქიტექტურას და ლანდშაფტებს. ასე მეტი დრო გვაქვს დეტალების აღსაქმელად, დასვენებისთვის, ფიქრისთვის.
  • ფოტოებს მოგზაურობისას ფირის კამერით ვიღებთ – სახლში დაბრუნებულებისთვის ამ ფირების გამჟღავნება ერთი სიხარულია. ათასი წვრილმანი გვახსენდება, რაზეც მაშინ ყურადღება არ მიგვიქცევია.
  • ლაშქრობების რუკებს ვაკეთებთ და ვადარებთ, როგორ იზრდება წლიდან წლამდე გავლილი მანძილი და თავგადასავლები.
  • ვუშვებთ გამონაკლისებს – ღამე ვმგზავრობთ მეტროს ცარიელი ვაგონებით ან განსაკუთრებით ცივ დღეებში ნაყინის საჭმელად ვსტუმრობთ სანაყინეს. ზოგჯერ მეგობრებს ვიტოვებთ ღამისთევით, ზედიზედ ვუყურებთ რამდენიმე ფილმს ან ვუსმენთ ერთი მომღერლის ყველა სიმღერას, რისი პოვნაც შეიძლება.
  • ჩვენ საკუთარ ტრადიციებს ვქმნით – მეგობრებისთვის ხელნაკეთ საჩუქრებს ვამზადებთ, ახალ სეზონს ახალი ფლეილისტით ვხვდებით, სიმღერებს გამოგონილ ისტორიებს „ვაწებებთ“, თვის ყოველ პირველ კვირა დღეს ჯანმრთელი სასუსნავების დღედ ვაცხადებთ და ჩვენი ხელით ვაცხობთ და ვაკეთებთ სახრამუნოებს და ტკბილეულს.
  • სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ წიგნაკში ვიწერ განსაკუთრებით დასამახსოვრებელ რეპლიკებს, ფრაზებს, კითხვებს.

  • ვქმნით და ვინახავ „დოკუმენტურ მასალას“ – ბავშვების დაწერილი სიმღერების აუდიოჩანაწერებს, ნახატებს, დღიურებს, თოვლის ბაბუისთვის თუ ერთმანეთისთვის მიწერილ წერილებს – ერთ დღეს, უკვე გაზრდილებმა, შეიძლება ეს ყველაფერი ხელის ერთი მოსმით გადაყარონ, მაგრამ მანამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.

ბოლოს კი სოლიდარობა და ჩემი გულის ნაწილი ყველას, ვისი მოგონებების ანაბეჭდებიც ემსხვერპლა ომს, სტიქიას და სხვა უბედურებებს. წლებია, ვერ ვიშორებ სევდას იმ ადამიანების გამო, რომლებიც შესაძლოა ჩემზე ბეჯითად აგროვებდნენ შვილებისთვის დასამახსოვრებელ ამბებს, მეტს წერდნენ, ხატავდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ, მოგზაურობდნენ, უყვარდათ და უხაროდათ სიცოცხლე და ერთ დღეს ღია ცის ქვეშ დარჩნენ მოუნელებელი დანაკარგებით. მათზე ფიქრისას ხშირად მითქვამს ბავშვებისთვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის ცხოვრებაში, რასაც ჩვენი ტვინი და გული იმახსოვრებს, ინახავს და ატარებს. მინდა, ესეც ახსოვდეთ სხვა ამბებთან ერთად, როცა დიდი ქალები იქნებიან და ჩემ გარეშე იცხოვრებენ.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“