სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

მე აფხაზეთი არ მინახავს …

გრძელდება სასწავლო პროცესი და ჩემი სტუმრობა თბილისისა თუ მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში. ამ მოგზაურობის დროს ბევრი საინტერესო მასწავლებელი და მოსწავლე გავიცანი, ბევრი კრეატიული და შემოქმედებითი გაკვეთილი ვნახე.

ჩემი სტატიების გმირები ყოველთვის ჩემი მოსწავლეები იყვნენ. ვწერდი მათზე და მათთან ერთად. ახლა მინდა, სხვა სკოლების მოსწავლეების შესახებ მოგითხროთ – როგორ სწავლობენ, რაზე ფიქრობენ თუ ოცნებობენ.

ამჯერად მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელ ხათუნა ჯიოშვილს და მის მეცხრეკლასელებს გაგაცნობთ. როცა ვესტუმრე, კომპლექსურ დავალებაზე – „ტბების დედოფალი – რიწა“ – მუშაობდნენ. გაკვეთილი ინტერაქციული, საინტერესო და ემოციური იყო. რიწა, ეს უღრმესი და ულმაზესი ტბა, აფხაზეთში, ჩვენს აფხაზეთში მდებარეობს. ამიტომ ამ საკითხის განხილვის მნიშვნელობა საგნობრივ კომპენტეციებს სცდება და მოსწავლეებს ყველაზე მთავარს – ღირებულებებსა და დამოკიდებულებას უყალიბებს.

„გული მწყდება, რომ ამ თაობას საშუალება არ გვაქვს, ეს ადგილი მოვინახულოთ, ის ხომ ჯერჯერობით ჩვენ არ გვეკუთვნის“, – წერს მეცხრეკლასელი ნინი.

ბარბარე ცუცუნაშვილი ახალბედა ჟურნალისტის ამპლუაში აღფრთოვანებული გვაცნობს რიწის ტბას:

„ინფორმაციის შეგროვებისას ბევრ საინტერესო ადგილას მომიხდა მოგზაურობა. ერთხელაც ყველა ისტორიას ერთად მოგითხრობთ, რაც რიწის ტბისკენ მიმავალს გადამხდა. ჩემი აზრით, თქვენთვის საინტერესო იქნება, რადგან, ვფიქრობ, ბევრს არ გინახავთ ეს საოცრება. შეიძლება გაგიკვირდეთ, გამაკრიტიკოთ, მაგრამ ადამიანები ხომ შეცდომებზე ვსწავლობთ“.

ნინი მინასოვი ბავშვობის „შთაბეჭდილებებს“ იხსენებს:

„ალბათ გაინტერესებთ, საიდან ვიცი რიწის ტბის სილამაზის შესახებ.

მე ბავშვობისას ვიყავი აფხაზეთში.

მისი სილამაზე უბრალოდ დაუჯერებელი იყო. მოლურჯო, გარშემორტყმული ულამაზესი წიწვოვანი ხეებით. მინდოდა ტბაში ჩახტომა და გაცურვა, სრული თავისუფლების შეგრძნება. ბედნიერი და აღტაცებული ვიყავი ნანახით“.

არადა ნინიმ გაკვეთილზე თქვა: მე აფხაზეთში არ ვყოფილვარ“.

დანარჩენებიც აჰყვნენ:

– მე აფხაზეთი არ მინახავს… – ისმოდა საკლასო ოთახში.

რას ეტყვის ხათუნა მასწავლებელი? მე რას ვეტყოდი? „რა კარგია, რომ ახლა მაინც არ უნდა ვუპასუხო“, – ვფიქრობდი და გარინდებული ვუსმენდი. გაკვეთილზე ისეთი მუხტი იგრძნობოდა, ჩარევა არც მიფიქრია. თუმცა სწორედ ამ მუხტმა მომანდომა მათზე დაწერა. მინდოდა გცოდნოდათ, რომ თბილისის ერთ-ერთ უბანში არიან მეცხრეკლასელები, რომლებიც ფიქრობენ და ლაპარაკობენ აფხაზეთზე.

ამ მუხტმა სწავლის პროცესიც უფრო საინტერესო გახადა და ხათუნა მასწავლებელსაც ააღებინა ხელში კალამი. ისიც ხომ გეოგრაფიის მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეებთან ერთად ჭეშმარიტების გასაღების ძიებაშია.

ხათუნა მასწავლებლის ჩანაწერი:

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილი, რომლის თემა აფხაზეთი იყო, ჩემი შთაგონების წყარო გახდებოდა და პატარა ჩანახატს დამაწერინებდა. კომპლექსური დავალება იძლევა საკითხის მრავალმხრივ მიმოხილვის საშუალებას. რაღაცნაირად, სხვანაირად, განსაკუთრებულად მოვემზადე. დგახარ მოზარდების წინაშე, გიყურებს ამდენი თვალი და ხვდები, რომ ვალდებული ხარ, შენი შინაგანი ემოცია, მუხტი, სიხარული, მოუშუშებელი ტკივილი ფაქიზად გადმოსცე. თითქოს ეს წუთები წყვეტდეს ყველა პრობლემას. ის, რაც ჩემმა თაობამ გამოიარა, ამ თაობისთვის უცხოა, ცივია, გაუგებარია.

კადრებად გაივლის გონებაში წარსული. ვყვები ჩემს უდარდელ, ლაღ ბავშვობაზე, აფხაზეთში გატარებულ ზაფხულის არდადეგებზე, ახალგაზრდა მშობლებზე, ბიჭვინთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, უმრავლესობა დღესაც „პიცუნდად“ რომ მოიხსენიებს და ძველი, საბჭოური ჟურნალის ფურცლებზე პირვანდელი სახით რომაა შემორჩენილი; კანიონებზე, ენგურის ხიდზე, მსოფლიოში ცნობილ მიწისქვეშა მღვიმეებზე, რიწაზე – „ტბების დედოფალზე“, ფიჭვებზე, ლურჯ ცაზე, როგორც ერთ ლექსშია: „ზღვაა ცისფერი თუ ცაა ზღვისფერი“. ვცდილობ დავარწმუნო, რომ ზღვას ლაპარაკი შეუძლია.

ვსაუბრობთ დაუსრულებლად, ვმოგზაურობთ ვირტუალურად, ფოტოები და სლაიდები ერთმანეთს ენაცვლება, ვარჩევთ ფილმებს: „გაღმა ნაპირი“, „მანდარინები“, – სადაც ყოველი სიტყვა უმნიშვნელოვანესია. ვრძნობ, რომ კლასი ამყვა და სუნთქვა მეკვრება. მეკითხებიან: „აფხაზეთი ხომ საქართველოა?“ დიახ, დაუფიქრებლად დიახ, რადგან მინდა, თითოეულმა გაითავისოს, რომ აფხაზებს, საქართველოს გარდა, სამშობლო არ გააჩნიათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქართველებთან თანაცხოვრება არ სურთ. ერთად ვმსჯელობთ მამულის ცნებაზე. ბავშვები გრძნობენ, რომ ის მიწა-წყალი, სადაც ფეხი არ დაუდგამთ, უნიკალური ეკოლოგიური ლანდშაფტებით, ჩვენი ნაწილია. დედამიწაზე ასეთი ოაზისი ცოტაა. ზეცა კი ყველა დედამიწელს ერთნაირად დაჰყურებს თავზე, ამიტომაც მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველამ ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი და სადემარკაციო ხაზები დაბრკოლებად არ უნდა ვაქციოთ.

გაკვეთილი დასასრულისკენ მიდის… რა საოცარია ფიქრები, რა მაგარი სიტყვაა „იმედი“… გვახსენდება შეუდარებელი ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა:

ყველაფერი შეიცვალა, სიყვარული სევდაში თვლემს,

აღარავინ აღარ გელის, აღარავინ იხსენებს ძველს,

მე გადმოვცურავ ზღვას,

ნუ დაუჯერებ სხვას,

რომ მე არ მოვალ

მე შენთან მოვალ, დავბრუნდები…

ზარი დაირეკა, კლასში გასაოცარი სიჩუმეა. ამ მოგზაურობიდან დაბრუნება არავის გვინდა…“

ასეთები არიან გეოგრაფიის მასწავლებლები…

„მე აფხაზეთი არ მინახავს, მაგრამ შემდეგ სტატიებში აფხაზეთის ბუნებასა და ისტორიულ ძეგლებს გაგაცნობთ, – წერს მეცხრეკლასელი ნინო, – ბზიფის ტაძარსა და ციხესიმაგრეზე, ფირუზისფერ ტბაზე, გეგას ჩანჩქერზე, იუფშარაზე, ჩანჩქერ „კაცის ცრემლზე“ და პატარა რიწაზე მოგიყვებით“.

ისინი ნახავენ აფხაზეთს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი