პარასკევი, თებერვალი 3, 2023
3 თებერვალი, პარასკევი, 2023

გამორჩეული მოსწავლე

სკოლა საზოგადოების მიკრომოდელია და მასში ყველა აქტუალური პრობლემა სარკესავით ირეკლება. საკლასო სივრცეში მასწავლებელს ბევრ რამეზე უწევს დაფიქრება, არჩევანის გაკეთებამდე სხვადასხვა გზის მოსინჯვა. ზოგჯერ განსაკუთრებით რთულია რაიმე ნიჭით გამორჩეულ ბავშვებთან ურთიერთობა. განსხვავებული ადამიანების მიმართ ხომ საზოგადოებასაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. ასეა სკოლაშიც. მთავარია, სწორედ სასკოლო სივრცეში შეიგრძნოს მოსწავლემ სამყაროს უზოგადესი კანონი: მრავალფეროვნების აუცილებლობა სიცოცხლისთვის.

ყველა ადამიანი უნიკალურია, მაგრამ ხანდახან გამოირჩევიან ხოლმე სხვებისგან მკვეთრად განსხვავებული მოსწავლეები. ესენი შეიძლება იყვნენ ე.წ. ვუნდერკინდები ან განსაკუთრებული ინტერესების მქონე ბავშვები, რომლებსაც  მასწავლებლის მხრივ სათანადო მოპყრობა და ყურადღება სჭირდებათ. რა თქმა უნდა,  ყველა პედაგოგი ცდილობს დავალების იმგვარად შერჩევას, საკითხთა ისე დიფერენცირებას, რომ ყველა მოსწავლემ თავისი უნარების შესაბამისად მიიღოს მონაწილეობა დაგეგმილ თუ სპონტანურ აქტივობებში. ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიის, ქართულისა თუ სხვა საგნის  მასწავლებლებს არაერთი შემთხვევა გაახსენდებათ, როდესაც მოსწავლე, რომელსაც განსაკუთრებით აინტერესებს მეცნიერების რომელიმე დარგი, ბევრს კითხულობს ამ სფეროში, გამოირჩევა ნიჭით, – მოულოდნელ უხერხულ კითხვას უსვამს პედაგოგს, რომელიც პასუხისთვის შესაძლოა არ აღმოჩნდეს მზად.

მოსწავლის ასეთი კითხვა შესაძლოა სულაც არ იყოს საგანგებოდ თავმოსაწონებლად ან მასწავლებლის „ჩასაჭრელად“ გამიზნული – კონკრეტულ თემაზე ფიქრისას ბუნებრივად დაებადოს ბავშვს და მასწავლებელსაც ასევე ბუნებრივად დაუსვას, არა მაინცდამაინც სწორი პასუხის მოლოდინით, არამედ განსჯისა და  კრიტიკული ანალიზისთვის, რაც ესოდენ დამახასიათებელია ამ ტიპის მოსწავლეებისთვის.

როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში მასწავლებელი?

რეაქცია შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს. თუ საკითხის შესახებ პედაგოგს სათანადო ცოდნა არ გააჩნია, უმჯობესია, გულწრფელად  აღიაროს, რომ ახლა ამაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია და აჯობებს, ამ თემაზე სხვა დროს ისაუბრონ. ამასობაში მასწავლებელი უფრო ჩაუღრმავდება საკითხს – ინტერნეტი ხომ ნებისმიერ თემაზე ინფორმაციის სწრაფად მოპოვებას აადვილებს. ასეთი პასუხი დამაჯერებელი იქნება და პედაგოგი მოსწავლეთა ნდობასაც მოიპოვებს.

ხანდახან მასწავლებლის რეაქცია უხეშია, რათა მოსწავლის მოულოდნელი და ზოგჯერ საგაკვეთილო თემისგან დაშორებული კითხვა აგრესიით გაანეიტრალოს. ამან შესაძლოა კლასში დაძაბულობა შექმნას და ვითარება გაამწვაოს, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის უნდობლობა წარმოშვას.

არაერთი ფსიქოლოგიური გამოკვლევა თუ დაკვირვება ადასტურებს, რომ ნიჭიერი ბავშვები სხვებისგან განსხვავებულად იქცევიან, უფრო ლაღები და თავისუფლები არიან,  არ უჭირთ სწავლა, კრიტიკულად აზროვნებენ, არ აკლიათ თავდაჯერება, ხშირად პრობლემების გადაჭრის ორიგინალურ გზას მიმართავენ, სწრაფად ადაპტირდებიან ახალ გარემოში, პიროვნულადაც განვითარებულები არიან (თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ნიჭიერი ბავშვი, პირიქით, ასოციალურია, ჩაკეტილი, უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა). ისინი, რა თქმა უნდა, სწავლაში უსწრებენ თანატოლებს, ამიტომ მასწავლებელსაც უმატებენ თავსატეხს. კარგი პედაგოგი ცდილობს, მათთან საურთიერთობოდ საუკეთესო გზა გამონახოს, რათა კი არ შეაფერხოს, არამედ ხელი შეუწყოს ასეთი მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებას. თუ პედაგოგი შეეცდება, თვალი აარიდოს ამ გამორჩეულობას, შესაძლოა, მასაც და მოსწავლესაც გაუჭირდეთ ერთ სივრცეში თანაარსებობა და გაკვეთილი მუდმივი კონფლიქტის წყაროდ იქცეს.

არსებობს სტერეოტიპი, შეიძლება ითქვას, მითიც, რომ ნიჭიერი ბავშვი ძნელი აღსაზრდელია, ამიტომ ასეთ მოსწავლეს პედაგოგი უფრთხის,  მშობელი საგონებელშია ჩავარდნილი, თანატოლებიც  ათვალწუნებით უყურებენ. ჩვეულებრივ მოსწავლეებთან პრობლემა თუ გაჩნდა, მასწავლებელი, ფსიქოლოგი და მშობლები ეძებენ მისი გადაჭრის გზებს, მაგრამ თუ ბავშვი ნიჭიერია, მაშინ, უმრავლეს შემთხვევაში, ხელს ჩაიქნევენ ხოლმე, თითქოს თავს იმართლებენ, მაინც ვერაფერს გავაწყობთო. ეს კი გულგრილობის, პრობლემის მიჩუმათების, სირაქლემას პოზაში ჩადგომის ტოლფასია. ნიჭიერი ბავშვის შემთხვევაშიც საჭიროა ანალიზი, განსაკუთრებული მიდგომა, შესაბამისი დავალებების მიცემა და  მისთვის სასურველი აქტივობების შერჩევა, რათა კლასისგან გამოცალკევებულად არ იგრძნოს თავი. პედაგოგმა მასაც ისევე უნდა მისცეს საკუთარი ნიჭის გამოვლენის, თავის გამოჩენის შესაძლებლობა, როგორც სხვებს, ოღონდ ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ არ გაჩნდეს უთანასწორობის, სხვებზე აღმატებულობის განცდა.

ყველა მოსწავლე იმით უნდა ფასდებოდეს, რასაც აღწევს თავისი უნარების შესაბამისად. შეჯიბრების განცდა სწავლისას არაჯანსაღ გარემოს ქმნის, ვითარებას ძაბავს, ამიტომ პედაგოგმა გაკვეთილი ისე უნდა დაგეგმოს და ჩაატაროს, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს სრულფასოვნების განცდა და საკუთარი „როლითაც“ კმაყოფილი იყოს.  პრობლემები, რომლებიც გამორჩეულ მოსწავლეებთან იჩენს თავს, სხვადასხვაგვარია და მათი მოგვარება შესაძლოა მოითხოვდეს, უპირველესად, მოსწავლის სოციალიზაციას, თანატოლთა კოლექტივში ჩართვას, სასწავლო პროგრამების კორექტირებას, შეფასებათა განსხვავებული კრიტერიუმების შემუშავებას და სხვ. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პრობლემათა სპექტრი იცვლება. შესაბამისად, მოგვარების გზებიც ხელახლაა საძიებელი, რისთვისაც შემოქმედებითი მიდგომა დაგვჭირდება.

ნიჭერი ბავშვები ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალია. დღეს ბევრი ჩივის, რომ ნიჭიერი ადამიანები სხვა ქვეყნებში მიდიან თავიანთი ადგილის საპოვნელად და აღარ ბრუნდებიან. თანამედროვე ცივილიზებულ, ტექნოლოგიურ-ციფრულ სამყაროში ქვეყანა განსაკუთრებით უნდა უფრთხილდებოდეს ნიჭიერ ბავშვებს, რომლებსაც გამორჩეული უნარები აქვთ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევაცაა, შეიმუშაოს განსაკუთრებული სტრატეგიები ასეთი მოსწავლეებისთვის.

ისეც ხდება, რომ ნიჭიერ მოსწავლეს ერთი საგანი აინტერესებს და სხვების მიმართ გულგრილია. ამ შემთხვევაში საჭიროა პედაგოგთა ერთგვარი კონსილიუმი, ერთობლივი მსჯელობა და პრობლემის ისე გადაწყვეტა. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის ჩართვა სასწავლო პროცესში. მასთან კონსულტაციებით პედაგოგი უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებს ნიჭიერ ბავშვთან, რათა არ გაუჩინოს გაუცხოების, გარიყულობის განცდა. სპეციალურ და მხატვრულ ლიტერატურაში ამ თემასთან დაკავშირებულ არაერთ საინტერესო მაგალითს ვხვდებით. ამჯერად ერთს მოვიხმობ, რომელიც თვალსაჩინოდ გამოკვეთს, რა შეიძლება „შეეშალოს“ მასწავლებელს ნიჭიერ, არაორდინარულად მოაზროვნე ბავშვთან ურთიერთობისას, როგორი თავშეკავება, სიმშვიდე და გულისხმიერებაა საჭირო იმისთვის, რომ  მცირე „უთანხმოება“ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

ჯემალ ქარჩხაძის რომან „ქარავანში“ ერთი ეპიზოდია, რომელშიც კარგად წარმოჩნდება ნიჭიერი მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის ასპექტები. მართალია, ამ ეპიზოდში ქართულის გაკვეთილზე მომხდარი შემთხვევაა აღწერილი, მაგრამ იგივე თავისუფლად შეიძლებოდა მომხდარიყო ისტორიის, ფიზიკის, ქიმიისა თუ მათემატიკის გაკვეთილებზეც:

„იმ დღეს გაკვეთილად აკაკი წერეთლის ბიოგრაფია ჰქონდათ. მასწავლებელმა, მსუქანმა, ასთმიანმა ქალმა, რომელმაც ხვნეშითა და სვენებ-სვენებით ლაპარაკი იცოდა, შეკითხვა დასვა:

– აბა, როდის დაიბადა აკაკი წერეთელი? – და თავისდა ჭირად მირიანი გამოიძახა.

– შენ მიპასუხე, როდის დაიბადა აკაკი წერეთელი?

მირიანი წამოდგა და მიუგო:

– არ ვიცი.

– არ გიყვარს ხომ აკაკი წერეთელი? აბა, ვინ იტყვის? შენ თქვი, – სხვას მიუბრუნდა ახლა. იმ სხვამ თქვა. მასწავლებელმა ნიშნის მოგებით შეხედა მირიანს და უთხრა:

– უნდა იცოდე, დაჯექი.

მირიანმა მხრები აიჩეჩა.

– რა საჭიროა… – თქვა და დაჯდა. მასწავლებელმა ქშენა დაიწყო.

– ადექი!

მირიანი ადგა.

– აბა, რა არის საჭირო, შენი აზრით? გაკვეთილის სწავლა არაა ხომ საჭირო?!

– აკაკი წერეთელი 1840 წელს დაიბადებოდა თუ 1841-ში, ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ისაა, რატომ დაწერა „მზემან სხივი მომაფინა“ და არა, ვთქვათ, „მზემან შუქი მომაფინა“. ესაა საინტერესო და ამას უნდა ვსწავლობდეთ.

მასწავლებელმა ფეხები განგან გადგა, დოინჯი შემოიყარა და მირიანს გაკვირვებით მიაჩერდა. ბოლოს ამოიხვნეშა.

– შენ ასწავლი, ბიჭო, განათლების სამინისტროს, რა გასწავლოს და რა არა?!

განათლების სამინისტრო ისეთი კოზირი იყო, რომელიც არ იჭრება. მაგრამ მირიანმა მხრები აიჩეჩა და ეს გაუჭრელი კოზირიც გაუჭრა.

– თუკი საჭირო იქნება, რატომაც არ ვასწავლი…

ეს მკრეხელობა იყო და მასწავლებელმა დაიქუხა:

– დაჯექი მანდ!

ამ სიტყვებზე თვითონაც დაჯდა და დიდხანს იქშინა, რადგან მის თვალში განათლების სამინისტროს ლაქა მოეცხო“.

ამ იუმორით შეზავებულ, ცოტა კარიკატურულად დახატულ პასაჟში კარგად წარმოჩნდება „ურჩი“  მოსწავლისა და „მკაცრი“ მასწავლებლის დაძაბული ურთიერთობა.  რა ქმნის ასეთ სიტუაციას? მხოლოდ ის, რომ პედაგოგს არ სურს მოსწავლის აზრის გათვალისწინება, მიუღებლად მიაჩნია მისი განსხვავებული დამოკიდებულება საკითხის მიმართ. მოსწავლე კი ნაკითხია, მოაზროვნე, უყვარს ლიტერატურა, ცდილობს, განსხვავებული კუთხით შეხედოს მოვლენებს. მასწავლებელი ამას პირად შეურაცხყოფად მიიჩნევს, ღელავს, ბრაზობს მოსწავლეზე და მის გაჩუმებას, დამცირებას ცდილობს, რითაც თავს გამოუვალ მდგომარეობაში იგდებს, რადგან ჯიუტ, თავის თავში დარწმუნებულ მოსწავლეს ვერაფერს უხერხებს.

ამავე რომანში ჯემალ ქარჩხაძე მირიანთან სხვა მასწავლებლის ურთიერთობასაც აღწერს, რომელიც მშვიდობიანი და თანამშრომლობითია: „ერთადერთი, ვინც მირიანთან კამათს არ გაურბოდა, ისტორიის მასწავლებელი იყო. არათუ არ გაურბოდა, ხანდახან ისე ჩაეფლობოდა ხოლმე, რომ მთელი კლასის სასიხარულოდ ძველის გამოკითხვაც ავიწყდებოდა და ახლის ახსნაც. მაგრამ წლის ბოლოს იგი სადღაც გადაიყვანეს და მისმა შემცვლელმა მკაცრად და უხეშად უთხრა მირიანს: რასაც გასწავლიან, ის ისწავლე, დანარჩენ ისტორიას უშენოდაც მოევლებაო“.

საინტერესო იქნებოდა, თვითონ პედაგოგებსაც განეხილათ ეს ეპიზოდი და ემსჯელათ, როგორ მოიქცეოდნენ ამ შემთხვევაში ან რას ურჩევდნენ მასწავლებელს, რომელმაც ნიჭიერი მოსწავლე კი არ შეაქო განსხვავებული თვალსაზრისისთვის, არამედ გაკიცხა და მთელი კლასი სადუელო დრამის მონაწილედ აქცია.

ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად არც ისე გამორჩეული ნიჭის, მაგრამ შემოქმედებითად მოაზროვნე მოსწავლეებსაც უყვართ მასწავლებლისთვის უცნაური კითხვების დასმა. საგაკვეთილო პროცესს სწორედ ასეთი კითხვები აცოცხლებს. ამიტომ მასწავლებელმა კი არ უნდა ჩაახშოს თავისუფლებისკენ სწრაფვის ეს მცდელობა, არამედ, პირიქით, წაახალისოს. სწორედ იმგვარი „რევოლუციების“ მომხრე უნდა იყოს მასწავლებელი, როგორსაც ილია აღწერს „მგზავრის წერილებში“: „ჩემს ტვინში სრული რევოლუცია მოხდა: ძირს მილაგებულნი ფიქრები მაღლა მოექცნენ, მაღლა დალაგებულნი – ძირსა და მერე აირივნენ ერთმანეთში. სიტყვამ „რევოლუციამ“ არ შეგაშინოს, მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს-დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე. ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ“.

კარგ მასწავლებელს არ გამორჩება ნიჭიერი და განსხვავებული მოსწავლის ფიქრთა ეს „დუღილი“ და ამ რევოლუციურ ენერგიას იმისთვის გამოიყენებს, რომ სხვა მოსწავლეებსაც დაეხმაროს, რათა მათ ნაცნობ და გატკეპნილ გზებზე ცოდნისკენ მიმავალი უცხო ბილიკები აღმოაჩინონ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი