პარასკევი, თებერვალი 3, 2023
3 თებერვალი, პარასკევი, 2023

ალბერსის ხელოვნების გაკვეთილები

იოზეფ ალბერსი (1888-1976) მეოცე საუკუნის მოდერნიზმის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა (მხატვარი, მწერალი, ფერის თეორეტიკოსი, დიზაინერი, მასწავლებელი), რომელმაც თავისი ნამუშევრებით და გავლენიანი პედაგოგიური მოღვაწეობით (ბაუჰაუზში, შავი მთის კოლეჯსა და იელის უნივერსიტეტში) თანამედროვე ხელოვნებაში ახალ ხედვას და იდეებს გაუკვალა გზა.

იოზეფ ალბერსი 1888 წლის 19 მარტს ბოტროპში, გერმანიაში დაიბადა. 1905-1908 წლებში ბურენში მასწავლებლის პროფესიას ეუფლებოდა. 1908-1913 წლებში ვესტფალიის დაწყებით სკოლაში ასწავლიდა. ბერლინის სამეფო ხელოვნების სკოლის დასრულების შემდეგ (1913-1915) კი სერტიფიცირებული ხელოვნების მასწავლებელი გახდა. 1920 წელს ხელოვნებას სწავლობდა ვაიმარში, ესენსა და მიუნხენში, სადაც მინაზე ხატვით იყო გატაცებული. 1923 წლიდან საბაზისო დიზაინის კურსს ასწავლიდა. როდესაც 1925 წელს ბაუჰაუზი დესაუში გადავიდა, ალბერსი პროფესორი გახდა. იქ ის ასევე მინასა და ლითონზე მუშაობდა, ავეჯის დიზაინს და ანაბეჭდებს ქმნიდა.

1930-იან წლებში იოზეფ ალბერსს ემიგრაციაში წასვლა მოუხდა (ამერიკის შერთებულ შტატებში გადასახლდა), რადგან ნაცისტებმა ბაუჰაუზი – ხელოვნებისა და აზროვნების ეს მოდერნისტული ცენტრი – დახურეს. 1933 წელს ალბერსი ჩრდილოეთ კაროლინაში ახლად დაარსებული შავი მთის კოლეჯის ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა და 1949 წლამდე ასწავლიდა იქ.

ალბერსმა და მისმა მეუღლემ, ანიმ, თანამედროვე ტექსტილის ხელოვნების ფუძემდებელმა, ბაუჰაუზში მიღებული ცოდნა და გამოცდილება შავი მთის კოლეჯში ჩაიტანეს.

შავი მთის კოლეჯი 1957 წელს დაიხურა, მაგრამ თანამედროვე მხატვრობაზე, მუსიკაზე, ცეკვაზე, თეატრზე, დიზაინსა და ლიტერატურაზე მისი გავლენა დღემდე ცოცხალია.

ეს სასწავლებელი ხელოვნებაში სწავლა-სწავლების ახლებურ იდეებს ქადაგებდა, რომლებიც ამერიკელი ფილოსოფოსის, ფსიქოლოგისა და განათლების სპეციალისტის ჯონ დიუის (1859-1952) პროგრესული განათლების კონცეფციას ეყრდნობოდა. დიუის აზრით, განათლება უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას, რადგან გამოცდილება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის მომავალს; განათლება სოციალური ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს, რადგან სწორედ იდეებისა და გამოცდილების გაზიარებით მიიღწევა სოციალური პროგრესი¹.

შავი მთის კოლეჯში იოზეფ ალბერსი სკოლის მასწავლებლობის გამოცდილებას ეყრდნობოდა, სწავლების დროს გაკვეთილების გეგმებით ხელმძღვანელობდა, მაგრამ ლექციების ნაცვლად პრაქტიკული ექსპერიმენტებით ცდილობდა სტუდენტების წახალისებას. პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორიც საბოლოო პროდუქტი. და ეს მეთოდი ეფექტური აღმოჩნდა. მიუხედავად ინგლისური ენის არც ისე კარგი ცოდნისა, ჟესტებით და პერფომანსით ალბერსი მშვენივრად ახერხებდა სტუდენტებთან კომუნიკაციას, რომ მხატვრობა და ხელოვნება ახლებურად, ცოცხალი პერსპექტივებით დაენახვებინა .

როდესაც შავი მთის კოლეჯში სტუდენტებმა ჰკითხეს, რას გვასწავლითო, ალბერსმა უპასუხა: „თვალის გახელას“. ხედვისა და წარმოსახვის გავარჯიშების ეს მარტივი პრინციპი მის სახელგანთქმულ ნახატების სერიასაც „პატივის მიგება კვადრატს“ (Homage to the Square) შეიძლება მივუსადაგოთ. ის ასეულობით ნამუშევარს მოიცავს, სადაც მხატვარი ერთმანეთში ჩასმული კვადრატების ქრომატულ ურთიერთობებს მკაცრად იკვლევს. ეს აბსტრაქციები მასონიტზე ზეთის საღებავებით მასტეხინით არის შესრულებული. ერთი შეხედვით, ეს მინიმალიზმი ან მარტივი აბსტრაქცია შეიძლება გვეგონოს. მაგრამ ნახატები მნახველისგან გაცილებით მეტს მოითხოვს – ფერისა და ფონის ურთიერთობის აღქმას: კვადრატები იდეალურად ცენტრში არ არის განლაგებული – ოპტიკურ ილუზიას ქმნის, თითქოს ქვევით მიიწევს და დაკვირვების დროს მოძრაობას იწყებს. ისინი ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ, ერთი ფერი მეორეს აძლიერებს, ხან უკანა პლანზე აბრუნებს, ხან წინ წამოსწევს.

ალბერსი იშვიათად ურევდა ფერებს, სუფთა ფერებით ხატავდა. მისთვის ნახატი ფერის, ფონის, ფორმისა და მაყურებლის თანაობაა. თავის წიგნში „ფერების ურთიერთქმედება“ (1963) ის წერდა: „მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ფერი, ტონი, ნახევარტონი არსებობს, ყოველდღიურად მხოლოდ 30-მდე ფერის სახელს ვიყენებთ“. მას მიაჩნდა, რომ ჩვენი ლექსიკა მეტისმეტად მწირია, რათა ფერების ნიუანსები გადმოსცეს. ალბერსი სტუდენტებს ექსპერიმენტებს ატარებინებდა, რომ თავად დაჰკვირვებოდნენ და შეესწავლათ ფერების ურთიერთქმედება: როგორ შეუძლია ერთ ფერს სხვა ფერების გარემოცვაში განსხვავებული ინტენსივობა და ხარისხი შეიძინოს.

გაკვეთილზე ალბერსი სტუდენტებს სთხოვდა სამი სხვადასხვა ფერის ფურცლის აღებას და ისე დალაგებას, რომ ოთხი განსხვავებული ფერი მიეღოთ. მეორე ექსპერიმენტის დროს კი საპირისპიროდ უნდა მოქცეულიყვნენ – ოთხი ფერისგან სამი გამოეყვანათ. ალბერსის აზრით, ფერადი ფურცლები ფერისა და ფონის ურთიერთქმედების გასააზრებლად იდეალური იყო – იაფი, სწორი, მთლიანად დაფერილი და, რაც მთავრია, ნაკლები ნარჩენით.

„ფერის ეფექტურად გამოსაყენებლად აუცილებელია იმის აღიარება, რომ ფერი მუდმივად გვატყუებს“, – წერდა ალბერსი ამ დავალებების შესახებ. ფერის მისეული აღქმა ნაკლებად ჰგავდა ფიზიკურ თვისებებს, რომლებიც სამეცნიერო პრიზმულ სისტემებშია ასახული. ფერი, მისი თეორიით, ურთიერთფარდობითი და უსასრულოდ ცვალებადია.

2013 წელს, „ფერთა ურთიერთქმედების“ 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, იელის უნივერსიტეტმა ალბერსის ფერთა თეორის აიპადის ვერსია (Interaction of Color App Demo Trailer) გამოუშვა. აპლიკაციას ვირტუალური ფერადი ქაღალდი აქვს და მომხმარებელს მისი დაჭრა, გადაადგილება, ჩასმა, სხვა ტონებთან შეხამება შეუძლია – იმისთვის, რომ ფერთა თამაშის ილუზია თვალმა აღიქვას.

ნახატის სწავლებისას ალბერსი მოწაფეებს მარტივ სავარჯიშოს ასრულებინებდა. ის მათ ფურცელზე თავიანთი სახელების დაწერას და დასრულებისთანავე ხელის მაღლა აწევას ავალებდა. სტუდენტები დავალებას თვალის დახამხამებაში ასრულებდნენ. შემდეგ ალბერსი სახელების უკუღმა დაწერას სთხოვდა და სტუდენტებს ცოტა აგვიანდებოდათ ხელის აწევა, რადგან ახალგაზრდა მხატვრები გონებაში ასოების ფორმებს უნდა დაკვირვებოდნენ, წარმოსახვისა და ფიქრისთვის კი დრო სჭირდებოდათ. ალბერსი ასწავლიდა მათ, რომ ხატვის ყოველ ნაბიჯს გონების ინტენსიური კონცენტრაცია სჭირდება.

იელში მუშაობისას, როდესაც ალბერსი რომელიმე მოწაფეს გაფანტულობას შეატყობდა, მოპირდაპირე ქუჩაზე სამხატვრო მასალების მაღაზიაში გაგზავნიდა, რომ სამდოლარიანი სახატავი ქაღალდი ეყიდა, რომელიც მაშინ საკმაოდ ძვირი იყო. ამით შეგირდებს ასწავლიდა, ისევე მოფრთხილებოდნენ იმ იაფფასიან ქაღალდსაც, რომელზეც ფიგურულ ნახატებს ხატავდნენ.

ალბერსის ყოფილი სტუდენტი რობ როი კელი იხსენებს, რომ სემესტრის ბოლოს მასწავლებელი სტუდენტების ჩანახატების წიგნაკებს მოაგროვებდა ხოლმე და ამოწმებდა, როგორ ჰქონდათ გათავისებული მასწავლებლის რჩევები. და თუ იქ, სერიოზულ ჩანახატებთან ერთად, მიჩხაპნილ ტელეფონის ნომრებს, მულტფილმების გმირებს, მინაწერებს ან რამე სხვას ნახავდა, საშინლად ბრაზდებოდა. უფრო მეტიც: მოითხოვდა, ყოველი გვერდი გულდასმით შესრულებული ნახატით ყოფილიყო შევსებული და წიგნაკებში ფურცლებსაც კი ითვლიდა, რომ დარწმუნებულიყო – არ ატყუებდნენ და გაფუჭებული ნახატების გამო ფურცლებს არ ხევდნენ.

„ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ არ ვართ მდიდრები, ღარიბები ვართ, – ასე განაცხადა ალბერსმა ბაუჰაუზში თავისი შესავალი კურსის კითხვისას, თან ხელში გაზეთების დასტა ეჭირა, – ყველა ხელოვნება მასალით იწყება… მე მსურს, პატივი სცეთ მასალას და ის გონივრულად გამოიყენოთ – შეინარჩუნოთ მისი თავდაპირველი მახასიათებლები“.

შემდეგ ალბერსი სტუდენტებს პირველ დავალებას აძლევდა: გაზეთები მხოლოდ თითების დახმარებით უნდა გარდაესახათ. მაკრატლისა და წებოს გამოყენება აკრძალული იყო. სტუდენტებს შემოქმედებითობა, ფაქტობრივად, ცარიელი ხელებით უნდა გამოევლინათ, ახალი შესაძლებლობები მასალის საშუალებით უნდა აღმოეჩინათ.

ალბერსის დაკვირვებით, მისი მოწაფეები დიდი თავისუფლების გრძნობით მუშაობდნენ უცნობი, არატრადიციული მასალებით. თიხისა და მარმარილოს ნაცვლად მან თავისი კლასები გოფრირებული მუყაოთი, ქაღალდის ლენტებით, მავთულით, საღეჭი რეზინით გაავსო და სტუდენტებს აქეზებდა, რომ ამ ნივთებისთვის საინტერესო გამოყენება ეპოვათ.

ამ მეცადინეობათა მიზანი სულაც არ ყოფილა ხელოვნების ნიმუშის შექმნა. სინამდვილეში ალბერსს სურდა, სტუდენტებს მასალების ყურადღებით გამოყენება ესწავლათ.

ალბერსის მეთოდი პირდაპირ დაკვირვებას და თვითაღმოჩენას ეყრდნობოდა. ყურადღების კონცენტრირებასთან ერთად, ის სტუდენტებს ასწავლიდა, ბოლომდე შეეგრძნოთ სამყაროს ვიზუალური ფენომენები – სინათლის ციმციმი ტელევიზორის ჩართვისას, ფერის მოძრაობა, როდესაც ჩაის პაკეტი ცხელ წყალს ეხებოდა. ალბერსის აზრით, მხატვრებს თვალები ფართოდ უნდა ჰქონდეთ გახელილი მგრძნობიარე ხაზების, ფორმებისა და ელფერების დასანახავად, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩებათ.

როგორც მისი ნამუშევრები მოწმობს, ალბერსს გააზრებული ჰქონდა, რომ ვიზუალურ ველში ყველაფერი კონტექსტში არსებობს, რომ ყოველი ხაზი და ფერი ზემოქმედებას ახდენს მომიჯნავე ხაზსა და ფერზე. სკამის ფეხებს შორის, რძის ბოთლებს შორის, ფორთოხლებს შორის, მცენარის ფოთლებს შორის არსებული სივრცეების ხატვა დაეხმარება მხატვარს, განივითაროს ეს აღქმა. სივრცე არასდროს არის მთლიანად „ცარიელი“. თუ სტუდენტები ამ დეტალებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ, ისინი ძლიერი კომპოზიციების შექმნას შეძლებენ და იქნებ უკეთესი ადამიანებიც გახდნენ.

ალბერსის გაკვეთილები სტუდენტებს ხშირად ვერდანახულ ვიზუალურ რეალობას აცნობდა. მოწაფეები, თავიანთი სახელების უკუღმა ან თავდაყირა წერით, ასოების გამოყვანით, ან ყურადღებით ჩახატული სივრცეებით, რომლებსაც ხალიჩებსა და სკამებს შორის ხედავდნენ, „ნეგატიურ“ ან „შეუვსებელ“ ფორმებს ეცნობოდნენ, თავისუფალი ხელით შესრულებული ხაზების მარტივი სავარჯიშოებით კი აღმოაჩენდნენ, რომ ხაზები და ფორმები ერთმანეთს აწვებიან ან ავსებენ, კავშირებს, რიტმს, დაძაბულობას ქმნიან. თავიანთი სახელების უკუღმა ხატვით თუ გაზეთის ტექსტის იმიტაციით ისინი აღმოაჩენდნენ, რომ ეს განსხვავებული ხასიათის ფორმები იყო.

მარტივი მასალებით (ქაღალდი ან მავთული) კონსტრუირებისას სტუდენტები სწავლობდნენ, რომ ღრმული და სიცარელე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც სიმყარე. ასამბლაჟებში ფერების გადაკვეთით ან განსხვავებული მასალების კომბინირებით ისინი ერთი ელემენტის მეორეზე ზემოქმედებას იკვლევდნენ. ამ სავარჯიშოების სიმარტივე შესაძლებელს ხდის, დააკვირდე უმცირეს, უფაქიზეს მოვლენებს – ფერის ნიუანსს, მრუდის ზუსტ ბუნებას, ქაღალდის მოხეული ნაწილის ხასიათს.

ალბერსისთვის ხელოვნების გაკვეთილები ცხოვრების გაკვეთილებივით იყო. და მას სჯეროდა, რომ სტუდენტებს, რომლებიც „ვიზუალურ ემპათიას“ ივითარებდნენ, აუცილებლად ექნებოდათ სოციალური თანაგრძნობაც. „პატივი ეცი სხვა მასალას ან ფერს… ან შენს მეზობელს. პატივი ეცით მას, ვისაც ყურადღებას არ აქცევდით“, – ეუბნებოდა ის მოსწავლეებს.

იოზეფ ალბერსისეული ხელოვნების სწავლება წესების, სტილის ან ტექნიკის ახსნას არ გულისხმობდა. ის სტუდენტებს ნანახის გაცნობიერებას, „თვალის ახელას“ ასწავლიდა. მისთვის ხელოვნების სწავლების საფუძველი იყო მძაფრი ხედვის უნარის განვითარება, ვიზუალური ველის გააზრებულად შესწავლა ძირითადი ელემენტების – ხაზის, ფორმის, ფერისა და ტექსტურის მეშვეობით. რეალურად რას ვხედავთ, რამდენად კარგად შეგვიძლია დანახვა, როგორ შეგვიძლია, ჩვენი აღმოჩენები აზრიან ნამუშევრებად ვთარგმნოთ  – ალბერსი გრძნობდა, რომ ხელოვნების გაკვეთილებზე მთავარი არა ფორმის შესახებ თეორიები, არამედ ეს საკითხები უნდა ყოფილიყო.

ვიზუალური აღქმის უნარის განვითარების გზების პოვნაში  ალბერსს ალბათ ვერავინ შეედრება. ეს სავარჯიშოები მისი პედაგოგიკის ძლიერი იარაღი იყო. მისი აღტაცების გრძნობა და ხილული სამყაროს სხვებისთვის გაზიარების შესანიშნავი უნარი აცოცხლებდა ყველაფერს, რასაც კი შეეხებოდა. ალბერსი თავის მოსწავლეებს ეუბნებოდა: „ისწავლეთ ცხოვრების დანახვა და შეგრძნება“, „წარმოსახვა ამუშავეთ, რადგან ჯერ კიდევ არის საოცრებები სამყაროში, რადგან ცხოვრება საიდუმლოა და ყოველთვის ასე იქნება. მაგრამ გახსოვდეთ, ხელოვნება ნიშნავს – გჯეროდეს, გწამდეს, რაც ხედვის განვითარებას გულისხმობს“.

იოზეფ და ანი ალბერსების ფონდის მიერ შექმნილი ვებგვერდი „ალბერსი ბავშვებისთვის“ (Albers for kids) საინტერესო სავარჯიშოებს გვთავაზობს. აქ ალბერსების ნამუშევრების მიხედვით შედგენილი სახალისო დავალებები შეგხვდებათ ვიდეოინსტრუქციებით, რაც ბავშვებს და მოზარდებს ფერებით ექსპერიმენტების ჩატარებაში დაეხმარება, თანაც მარტივად და მხიარულად – როგორ შეიძლება, ერთი ფერი გახდეს ორი, როგორ შეიძლება სახლში ნაპოვნი სათამაშოებით ფერების ბორბლის შექმნა, მარილით ხატვა და ა. შ.

წყარო:

¹ დიუის განათლების კონცეფცია

To Open Eyes

How to Be an Artist, According to Josef Albers, Sarah Gottesman

Josef Albers – guggenheim.org

 

ფოტოები:

  1. იოზეფ ალბერსი, 1968, © ანრი კარტიე ბრესონის ფოტო.
  2. იოზეფ ალბერსი თავის კლასთან ერთად შავი მთის კოლეჯში, კადრი Life magazine-სთვის © ჟენევიევ ნეილორის ფოტო / Corbis via Getty Images
  3. Homage to the Square: Apparition, 1959, Oil on Masonite, Solomon R. Guggenheim Museum, New York, © 2018 The Josef and Anni Albers Foundation/Artists Rights Society (ARS), New York
  4. Josef Albers, Interaction of Color, #slide7

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი