პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ციფრული მინიმალიზმი ანუ როგორ ვისწავლოთ ბაგირზე სიარული

„უმნიშვნელო მიზეზების გამო ჩვენ დავიწყეთ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, მაგრამ ერთ დღესაც გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ მათ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ძირითადი ნაწილის კოლონიზაცია მოახდინეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არ მოგვიწერია ხელი ისეთი ციფრული სამყაროსთვის,

რომელშიც ახლა ვართ ჩაძირული”.

Cal Newport Digital Minimalism

სამყაროს მთავარი პერსონაჟი ადამიანია. ციფრული სამყარო და ტექნოლოგიები ადამიანს სცენიდან ვერ გაიყვანს, თუ თავად არ დატოვებს მას!

ც.ბ.

ჩვენ უკვე ორი ცხოვრება გვაქვს: ერთი – ე.წ. რეალობა და მეორე – ციფრული რეალობა. ეს სტატია არ მოგიწოდებთ, რომ არჩევანი გააკეთოთ, ან რომელიმეს უპირატესობაზე იფიქროთ, არამედ ორივეზე ადამიანის უპირატესობა მინდა რომ დავინახოთ. ორივე სამყაროში ჩვენ ვართ, შესაძლოა, სრულიად სხვადასხვაგვარად, მაგრამ – ჩვენ. ინტერნეტი გახდა სარკე, რომელმაც აგვირეკლა და ამავე დროს, მან მოიპოვა დამოუკიდებელი არსებობა და დაიწყო ჩვენთვის „გზის სწავლება“.

თუმცა ვინ ვართ ჩვენ? – ეს ჩვენი ორივე სამყაროში ცხოვრების მნიშვნელოვანი კითხვაა. კითხვა, რომელიც დაავიწყდა ადამიანს, რადგან მისი ცნობიერება ინფორმაციული სანაგვე გახდა, რომელშიც იშვიათად აღმოაჩენთ რაიმე ღირებულს.

ცხოვრებაც და ციფრული ცხოვრებაც პრობლემა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვიცით, რა გვინდა და მივყვებით ერთ შემთხვევაში – ცხოვრების დინებას და, მეორე შემთხვევაში, – ინფორმაციების ნაკადს, რომელიც არ ვიცით, სად ჩაგვიტანს.

სოციალურ ქსელებში „(ს)ქროლვა“ გახდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ქუჩაში, ტრანსპორტში, ლექციებზე, შეკრებებზე, შეხვედრებზე – ორ სამყაროში გვიდგას ფეხი. ვეღარ ვტკბებით გარემოთი, ადამიანებით, ურთიერთობებით და, ციფრულ რეალობაში ჩვენი ნებით ემიგრირებულები, განვაგრძობთ სქროლვას…

ზოგჯერ მგონია, რომ ეს სქროლვა მაგნეტიზმია და ძალისხმევის გარეშე არ დაიძლევა… აი, როგორც მაგნიტი – რკინას, გარკვეულ მანძილზე იზიდავს და მერე ნებდება, რადგან მანძილი ძალას აკარგვინებს მაგნიტს.

გადაცემა „60 წუთში“ 2017 წელს გუგლის ყოფილმა ინჟინერმა, ტრისტან ჰარისმა, ანდერსონ კუპერთან საუბრისას დაადასტურა, რომ ტექნოლოგიების შემქმნელები აკეთებენ ყველაფერს, რათა მათი პროდუქტი გამოვიყენოთ, რაც შეიძლება დიდხანს. ამისთვის მიმართავენ სხვადასხვა მანიპულაციას. ეს ჩვენთვის სიახლე სულაც არ არის, თუმცა, როცა ამას გუგლის ინჟინერი ამბობს, სხვაგვარად აღვიქვამთ.

ჰარისი ძალიან საინტერესო მეტაფორას გვთავაზობს: სმარტფონებს ადარებს სათამაშო ავტომატებს: ყოველთვის, როცა მათ ვამოწმებთ, გვინდა ვიცოდეთ, რა მივიღეთ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე: როგორ ფიქრობთ, Silicon Valley აპლიკაციებს აპროგრამებს თუ ადამიანებს? ჰარისი უპრობლემოდ პასუხობს:

– ისინი აპროგრამებენ ადამიანებს. თქვენ მუდმივად გესმით ისტორიები, რომ ტექნოლოგია ნეიტრალურია და ჩვენ ვართ, ვინც წყვეტს, როგორ გამოვიყენოთ იგი. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება…

– მაშ, ტექნოლოგია არ არის ნეიტრალური? – შეაწყვეტინა კუპერმა.

– არა, ისინი არ არიან ნეიტრალური. თქვენ უნდა გამოიყენოთ ისინი გარკვეულ ვითარებაში ან გარკვეულ დროს. იმიტომ რომ, კორპორაციები ფულს ამ გზით შოულობენ.

ასე ჩაგვიდეს ჯიბეში მოწყობილობა, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. ადრე ჰარისმა კოლეგებისათვის დაწერა მანიფესტი: „მოწოდება მომხმარებელთა ყურადღების მინიმიზაციასა და მათ მიმართ პატივისცემაზე“. ამ წერილის შემდეგ ჰარისი გადაიყვანეს სხვა პოზიციაზე. ის გახდა „პროდუქტის ფილოსოფოსი“. მაგრამ ამას სიკეთე არ მოუტანია. რადგან მომხმარებელთა ყურადღების პატივისცემას მოჰყვა შემოსავლის შემცირება. საბოლოოდ, ჰარისი გაათავისუფლეს სამსახურიდან და მან დააფუძნა ორგანიზაცია Time Well Spent / კარგად გატარებული დრო. ორგანიზაციის მისია იყო: ტექნოლოგიები გვემსახურება ჩვენ და არა რეკლამას.

შეგვიძლია გავიხსენოთ, რამდენი უსარგებლო ნივთი შეგვიძენია მხოლოდ რეკლამის გამო და იმის გამო, რომ მუდმივ ინფორმაციულ მდინარეში ვართ, საიდანაც „მშრალად ვერ ამოვალთ“.

ნივთები – ნივთებად, მაგრამ ჩვენ ამ სივრცეში ვკარგავთ დროს, ყურადღება გადაგვაქვს უსარგებლო ინფორმაციების მიღება-განხილვაზე… ხოლო სადაც ჩვენი ყურადღებაა – იქ არის ჩვენი ენერგიაც. ეს ენერგია კი ჩვენთვის უფრო სასარგებლო საქმეებში შეგვეძლო დაგვეხარჯა.

„ციფრული რეალობა და ტექნოლოგიები სულ უფრო ინტენსიურად მართავენ ჩვენს განწყობებსa და ქცევებს და გვაიძულებენ, გაჯეტები გამოვიყენოთ იმაზე უფრო ხშირად, ვიდრე ჩვენ ვთვლით ნორმალურად – გვთავაზობენ უფრო და უფრო მომგებიან აქტივობებს.

ჩვენ ვგრძნობთ, რომ ვკარგავთ კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე და თავს არაკომფორტულად ვგრძნობთ. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვეღარ ვტკბებით მომენტით – ვირტუალური აუდიტორიისთვის მისი დოკუმენტირების სასოწარკვეთილი სურვილის გარეშე“ – ეს არის ფრაგმენტი Cal Newport-ის წიგნიდან „Digital Minimalism“. წიგნის მეორე სათაურია: „ფოკუსირებული ცხოვრების არჩევა ხმაურიან სამყაროში“. წიგნში საუბარია იმ გამოსავლის ძიებაზე, რომელიც დაგვაბრუნებს საკუთარ თავთან.

თუ კარგად გავაცნობიერებთ, აღმოვაჩენთ, რომ „ჩვენი თავები ჩვენ აღარ გვეკუთვნის“. აქ შეიძლება ილიას სიტყვებიც გაგვახსენდეს: „ჩვენი თავი რომ ჩვენვე გვეყუდნეს“, მაგრამ ეს უარესი „დაპყრობაა“, ვიდრე ის, რაზეც ილია წერდა. რადგან ოკუპირებულია ჩვენი გონება, გატეხილია ყველა პაროლი და ჩვენს ცნობიერებაში სხვა ოპერატორები სხედან, რომლებიც იქით გაგახედებენ, საითაც მათ სურთ და თან ისე, რომ შენ გეგონოს, რომ ეს შენი გადაწყვეტილებაა. არადა, ღმერთმანი, ჩვენ სულ გვგონია, რომ სოცქსელებში უბრალოდ ვერთობით… დიახ, ზუსტი იყო ის შედარება სათამაშო ავტომატებზე: ვერთობით ისე, როგორც კაზინოებში… ქსელებში არავის ეკუთვნის თავისი თავი, ის ეკუთვნის ქსელების სისტემის დემონს. ეს არ არის უბრალოდ ინტერნეტდამოკიდებულება… ეს უფრო უარესია. ჩვენ, შესაძლოა, რეალურ ცხოვრებაშიც ასე ვართ, მაგრამ ციფრულ რეალობაში ეს მკვეთრად გამოჩნდა.

კელ ნიუპორტის აზრით, სოცქსელებიდან მექანიკური გათიშვა საკმარისი არ არის ინტერნეტდამოკიდებულების დასაძლევად. ტექნოლოგიების გამოყენებას საფუძვლად უნდა დაედოს ფილოსოფია, რომელიც თქვენს ღირებულებებს ეფუძნება. ამ ფილოსოფიის თავის ვერსიას ნიუპორტმა უწოდა „ციფრული მინიმალიზმი”. მისი მიმდევრები შეიძლება შევადაროთ ბაგირზე მოსიარულეებს, რომლებმაც მიაღწიეს წონასწორობას იმის მიუხედავად, რომ ყურადღების გაფანტვის უამრავი ფაქტორი არსებობდა. ციფრული მინიმალიზმის იდეა მარტივი სლოგანით გამოიხატება: „ცოტა უკეთესია… დიახ, უკეთესია!”.

ციფრული მინიმალიზმის ფილოსოფია და მისი მთავარი პრაქტიკული კომპონენტი – ციფრული დალაგება – დაგეხმარებათ, გადაიაზროთ თქვენი ცხოვრება, დაუბრუნდეთ ჭეშმარიტ ღირებულებებს და ისწავლოთ ტექნოლოგიების გამოყენება თქვენ სასარგებლოდ.

„თანამედროვე ციფრული ცხოვრება ხასიათდება სიტყვით – ამოწურვა. ეს არ არის ის, რომ აპლიკაციები ან ვებსაიტები ცუდია. პრობლემაა დიდი რაოდენობით კაშკაშა „გამღიზიანებლების” გავლენა, რომლებიც ყურადღებას გართმევენ და ასე აკონტროლებენ მომხმარებლების განწყობას. ინტერნეტ-აქტივობა უკონტროლოა. სოციალური ქსელები ჩვენს დროს ამსხვრევენ და ძალიან ცოტა დრო გვრჩება გაცნობიერებული ცხოვრებისთვის. (Cal Newport „Digital Minimalism“)

P.S. წიგნი იხილეთ ბმულზე: https://www.goodreads.com/book/show/40672036-digital-minimalism

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი