ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ძველი ამბების დასტა

***

ჩემთვის ცხოვრების, ყოველდღიურობის, ყოფიერების ყველაზე ცხადი ნიშანი სახლში არის არა სიგარეტის ნამწვი, ხილის კურკა, დალაქავებული ხალათი ან ყავის გაურეცხავი ჭიქა, არამედ გაზეთი, უკვე წაკითხული, არასწორად გაკეცილი, აშლილი ფაქტურით.

***

„მოიხსენით პირბადე! ჟურნალისტი! რუხაძე!“ ძველ ნაცნობს შევხვდი და ისევ იმაზე განაგრძო საუბარი, რაზეც ათი წლის წინ გავჩერდით.

***

მეგობარმა გამახსენა, ისტორიკოსად რომ მომქონდა თავი, მითქვამს, თუ რამე არ გამოვა ჩემგან, ჟურნალისტი და მასწავლებელია-მეთქი.

 

***

ჩემი უჯრა იტევს წლებს მუზეუმის ბილეთებს, მოსაწვევებს, ქალაქის რუკებს, მისალოც ბარათებს, წიგნის სანიშნეებს, სათადარიგო ღილებს, აკრედიტაციის და პრესის ბარათებს. ერთ-ერთ ასეთი ბარათისთვის რედაქციაში ვითომ 3×4 ფოტო მიმიტანია. ფონზე ჩემი საძინებლის შპალერია, მეტიც,  სრულმასშტაბიან ვერსიაში გვერდით ჩემი და ზის, კალთაში მეგობრის დისშვილით.

***

ის დღე მოკვდეს, ეროვნული მუზეუმისგან პრესრელიზი რომ არ მომივა. პატარა ვიყავი, ჩემი ელექტრონული ფოსტის მისამართი მუზეუმის ადრესატთა სიაში რომ აღმოჩნდა.

 

***

ძველი პროფესიული ჩვევაა, ჩანთა სავსე მაქვს პატარა ფურცლებით, ზოგან ტელეფონის ნომერია მიწერილი, ზოგან ერთი სიტყვა. რაღაცაზე რომ მეტყვიან, ჩაინიშნეთო, ვეუბნები, დამიწერეთ-მეთქი. ამ ხელნაწერების გამო ძალიან მიყვარს ჩანთის დალაგება. დღეს მეყვავილემ ქაღალდის ნაგლეჯზე დამიწერა: левкой.

***

90-იანებში გამოდიოდა გაზეთი „ქართული კულტურა“. ვისაც ჭკუა მოეკითხებოდა, ყველას წერა დავაწყებინეთ. შესანიშნავი ავტორები გვყავდა, მაგრამ გაყიდვები ვერ ავწიეთ. მერე გაზეთს დავაწერეთ „გაზეთი განათლებული ადამიანებისთვის“. ცოტა ხანში რედაქციაში ტარიელ ჭანტურიამ დარეკა, ეგ რომ დაგიწერიათ ლოგოს ქვეშ, გაზეთი თუ გეყიდებათო. გამოვუტყდით, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა. ასე გამოდის, განათლებულები კი არა, სნობებიც აღარ ცხოვრობენ ამ ქალაქშიო.

***

პრაქტიკანტი გვყავდა რედაქციაში, ერთხელაც შეხვედრას უთანხმებს რესპონდენტს: „სადაც თქვენ გაძლევთ ხელს, იქ შევხვდეთ… კი, ბატონო, რომელ საათზე? უი, მე რომ არ მაძლევს ხელს სამი საათი?.. იყოს ოთხი, მშვენიერი დროა, თან ორივეს გვაძლევს ხელს…“

 

არადა, იქნებოდა 22-23 წლის.

 

***

პრესის ჟურნალისტობის ერთ-ერთი ხიბლი ისიცაა, რომ ხშირად რესპონდენტები ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე გხვდებიან. ამიტომაც ბევრი შინაურულად მინახავს. ლიანა ასათიანის ცეცხლოვანი მზერა არასოდეს დამავიწყდება.

***

2000 წელს გამოცემული კატალოგი ვიპოვე, აუქციონის გასაშუქებლად ვყოფილვარ და ნახატების ქვეშ ფასები მიმიწერია. მახსოვს, აუქციონი ჩავარდა, ალბათ თავმოუბმელობის გამო, თორემ მანამდე კიდევ ერთი აუქციონი გაიმართა, სადაც ყველაფერი გაიყიდა, იმ დროისთვის საკმაოდ მაღალ ფასებად. მომნუსხველი სანახავი იყო კოლექციონერების მდუმარე გაჯიბრება. ყოველ შემთხვევაში, მე პირველად აღმოვჩნდი აუქციონზე მარჯანიშვილიდან შარდენზე ფეხით წასული, მშიერი, მხატვრობაზე შეყვარებული ჟურნალისტი და კინოსავით ვუყურე.

***

ოდესღაც თბილისში იყო ეროტიკული ფოტოების გამოფენა. არც გალერეა მახსოვს, არც ფოტოგრაფის სახელი და გვარი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ გასაშუქებლად წასულმა გამოფენიდან სამი ბარათი წამოვიღე და რომელიღაც წიგნში შევინახე. ნუთუ ეს ამბავი დამალაგებინებს წიგნის თაროებს ამ შაბათ-კვირას.

 

***

იყო დრო, ჰონორარს ილია ჭავჭავაძის კრებულში ვინახავდი.

 

***

ერთხელ გაზეთში დავბეჭდეთ ფოტო: ავტობუსის სარკე ტროტუარზე მდგომ მამაკაცს ირეკლავს. მეორე დღეს რედაქციაში დარეკა მკითხველმა, ჩემი ძველი მეგობარია, წლებია, ვეძებ და სად გადაუღეთო. იყო ეგეთი დრო უმობილურო, უინტერნეტო, უფეისბუქო.

 

***

ერთი თანამშრომელი მყავდა რამდენჯერაც დააგვიანებდა სამსახურში და რედაქტორი შენიშვნას მისცემდა, აცრემლებული ეტყოდა, როგორ არ გეშინიათ, ღმერთმა ჩემი გულისტკენისთვის რომ დაგსაჯოთო. თეიმურაზ მეტრეველს კიდევ ილია ჭავჭავაძის პორტრეტი ეკიდა თავთან, მოგვიბრუნდებოდა გაოცებული, ახლა ამას რომ ჰკითხო, მორწმუნეა და თან ღმერთი პატარა კაცი ჰგონია, ბრაზიანი და მეწვრილმანე, მხოლოდ იმის ფიქრში რომ არის, ვინ როგორ დასაჯოსო.

 

***

გაზეთში მუშაობისას ერთი გამორჩეული კვირა გვქონდა ხოლმე, შვებულების ტოლფასი. დაბრუნდებოდა როდოსიდან მანანა დუმბაძე, ჩამოიტანდა სამი ზღვის (თუ როგორც იყო) მწერალთა და მთარგმნელთა ამბებს, ჯერ გემრიელად მოგვიყვებოდა და მერე მთელი კვირა წერდა ვრცელ სტატიებს. ჩვენ კი (კულტურის განყოფილების გოგოები) ვისვენებდით და რედაქციისთვის შეუსაბამო სიდინჯით ვსვამდით ყავას.

 

***

არქივში ვიქექები და 97 წელს გამოცემული გაზეთის საერთაშორისო ახალი ამბების გვერდს ვკითხულობ:

 

ჩინეთი ჰონგ-კონგს გულში იხუტებს.

 

მსოფლიო მიწისძვრებმა მოიცვა.

 

ალბანელი ოპოზიციონერები ბოიკოტს აცხადებენ.

 

დედა ტერეზა როსკიპებს თანაგრძნობას უცხადებს.

 

შიმპანზეებს გადაშენება ემუქრებათ.

 

***

გაზეთში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, თათბირზე თბილისობის პროგრამა მომცეს და რეპორტაჟის მომზადება დამავალეს. წვიმიანი დღე იყო, შეიძლება არც, მაგრამ მე ასე დამამახსოვრდა. მანქანაც კი მომაშველა რედაქციამ, ბევრ ადგილას მოგიწევთ მისვლა და დღის ბოლოს სტატია მზად უნდა გქონდესო. ბევრი ვიარეთ ფოტოგრაფმა და მე გამოფენებსა და კონცერტებზე. როგორც კი ფოტოაპარატი გაჩხაკუნდებოდა, ვიღაც აუცილებლად შემოგვეგებებოდა. მერე ორგანიზატორს გასძახებდა, ჟურნალისტია „დილის გაზეთიდან“ და დაელაპარაკეთო. მეც მხრებს გავშლიდი, თავს ზემოთ ავწევდი და კომენტარებს დიქტოფონზე ვიწერდი. ერთი-ორმა ახალგაზრდამ, ჩემზე უფრო გაბრექილმა, ამ და სხვა თემებზე შეგვიძლია ყავაზეც შევხვდეთ და ისე ვილაპარაკოთო. ცოდვა გამხელილი ჯობს და შევხვდი კიდეც, მაგრამ უფრო გამაჯანსაღებელი რომანტიკისთვის და არა საინფორმაციო ხეირისთვის. იმას ვყვები, რომ თბილისობის იმ დღეს თავი ვინც მეგონა, ცხოვრებაში ის არ აღმოვჩნდი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ 22 წლისას ერთხელ მაინც ასე უნდა წამოგიქროლოს.ნინო რაზმაძე

(ჩემი ძველი საგაზეთო ფსევდონიმი, რაზმაძის ქუჩიდან მალულად გადმოყვანილი ელექტროსადენის პატივსაცემად, რომლითაც მეცხრე ბლოკის ეპოქაში ერთ ოთახს ვინათებდით.)

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი