პარასკევი, თებერვალი 3, 2023
3 თებერვალი, პარასკევი, 2023

კრეატიულობა – კავშირი განსხვავებულებს შორის

ტექნიკა – შემთხვევითი სიტყვები

კრეატიულობა არის ორ განსხვავებულ საგანს/ცნებას/მოვლენას  შორის კავშირის პოვნის უნარი. რაც უფრო განსხვავებულები არიან ისინი ერთმანეთისგან,  მით უფრო შემოქმედებითი ხდება აზროვნება და, შესაბამისად, მეტყველება.

შეარჩიეთ ორი შემთხვევითი სიტყვა/ცნება.  შეუთავსეთ ისინი ერთმანეთს, ეცადეთ იპოვოთ მათ შორის რაიმე საერთო. მოიფიქრეთ არარეალური ისტორია, რომელიც იქნება ამ სიტყვებთან კავშირში…

როცა ხვდებით ადამიანს, რომელზეც შეგიძლიათ თქვათ, რომ „ზუსტად თქვენნაირია“, „უსიტყვოდ გესმით ერთმანეთის“, „ერთნაირი ღირებულებები გაქვთ“ და ასე შემდეგ… ასეთ ადამიანთან ურთიერთობა მხოლოდ გარკვეული დროით არის კომფორტული, ცოტა ხანში აღმოაჩენთ, რომ თქვენ სულაც არ გჭირდებათ მეორე „თქვენნაირი“, სულაც არ გჭირდებათ მკვდარი სიმშვიდე და ის, რომ წინასწარ ყველაფერი ზუსტად იცოდეთ, მეორე ადამიანი რაზე ბრაზობს, რა უხარია ან რა სიამოვნებს…

როგორც აკაკი წერეთლის ერთ ლექსშია: „ზღვაო, აღელდი, აღელდი…“, ზუსტად ისეა ცხოვრებაშიც. მშვიდმა წყალმა არ იცის ფსკერი, არ იცის, რა სიმდიდრეს ინახავს მისი სიღრმე, მხოლოდ მაშინ, როცა აღელდება, ხდება სასწაული: მარგალიტები ამოიყრება ზღვის გულიდან, პოეტის გულიდან და ნებისმიერი ადამიანის გულიდანაც.

მარგალიტების სალარო

შენი უფსკრული გულია,

მყუდროების დროს ის განძი

ქვეყნისთვის დაფარულია.

მხოლოდ როდესაც მრისხანებ,

გულს უხსნი მზეს და მთვარესა,

იმ მარგალიტებს შესტყორცნი

შენ შემკვრელს არემარესა.

აბა, ვინ იფიქრებდა, რომ განრისხებული წყალი გულიდან მარგალიტებს შობდა. ადამიანებსაც ხშირად არყევთ ცხოვრებისეული მოვლენები და აგერ, თუ პოეტს დავუჯერებთ, ეს საშიში სულაც არ არის. ბუნების კატაკლიზმებიც არ ყოფილა დამღუპველი, ისინი განაახლებენ სამყაროს. მართალია, ჩვენთვის სტიქიები საშიში და დამაზიანებელია, მაგრამ აბა, სამყაროს ჰკითხეთ: ყველაფერი განახლებისთვისაა!

ამასობაში, აკაკის ამ ლექსით, ჩვენ აღმოვაჩინეთ კავშირი სრულიად განსხვავებულებს შორის: ერთი მხრივ, ადამიანი და, მეორე მხრივ, ბუნება…  თურმე ორივესთვის ზომიერი რყევები სასარგებლო ყოფილა.

პოეზია ხშირად მიმართავს მეტაფორას, მეტაფორა – გადატანაა ორ საგანსა და მოვლენას შორის ხდება, რომლებსაც ერთმანეთთან, ერთი შეხედვით, არაფერი აკავშირებთ.  მეტაფორების გაშიფვრით კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდებით კრეატიულობის არსსაც.

იცით, რა აკავშირებს მყინვარს და გალაკტიონს? აბა, მოუსმინეთ:

ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,

ლამაზი ცეცხლთა მარადი ნთებით:

მე – მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,

მყინვარს – უმძიმეს იაგუნდებით!

რატომ არის ტიციანისთვის თამუნია წერეთელი: „ხარ დანგრეული შენ მოდი-ნახე, ფეხმოტეხილი შენ ხარ ღრუბელი“.

რატომ დაუკავშირა ერთმანეთს ნიკოლოზ ბარათაშვილმა წუთისოფელი და აღუვსებელი საწყაული?

მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?

პოეზიაში უამრავ მსგავს დაკავშირებას ნახავთ, ამიტომაც არის ის პოეზია – განსხვავებულად გამოთქმა, მეტაფორებით მეტყველება, რიტმი და რითმა… მაგრამ ეს მხოლოდ სანიმუშოდ მოვიტანეთ და სავარჯიშოდაც გამოდგება.

ახლა კი კრეატიულობის სხვა სავარჯიშოზე გადავიდეთ. უფრო სწორად, იმ სავარჯიშოზე, რომელიც დასაწყისში აღვწერეთ.

ამ ტექნიკას ჰქვია: შემთხვევითი სიტყვები; ავიღოთ ნებისმიერად ორი სიტყვა (ჩამოვწეროთ უამრავი სიტყვა და ავირჩიოთ იქიდან, ან დავასახელებინოთ ბავშვებს, ან ავარჩიოთ ლექსიკონებიდან შემთხვევითობის პრინციპით).

მაგალითად ჩემმა მსმენელებმა შემთხვევით სიტყვებზე ზოგმა ლექსი დაწერა, ზოგმა – ფენტეზის ჟანრის მინიატურა და სხვადასხვა;

საქანელა და ჭიანჭველა 

ერთი მხრიდან მეორისკენ

მიაქანებ საქმეს ნელა,

ეს მას შემდეგ გაზარმაცდი,

რაც გაჩუქეს საქანელა…

ყველას ადრე პირს ეკერა:

ტვირთი მასზე მძიმე აწევს,

მაინც ნახეთ, როგორ მიდის,

აიიი… არც კი მიბარბაცებს…

ახლა ხალხი დაგცინის და

ამბობს ჩვენი გაუგია,

ჭიანჭველას ეს ცხოვრება

საქა-ნელად აუგია….    /ანი სალდაძე/

მაია გელაშვილს შეხვდა სიტყვათა წყვილი (ცოცხი – პოეზია). კითხვა: დაამყარე კავშირი პოეზიასა და ცოცხს შორის. რით ჰგვანან ისინი ერთმანეთს?

პასუხი: ზოგი პოეზიით დაფრინავს, ზოგიც – ცოცხით.

რა არის ტექსტი?

ტექსტი უბრალოდ სიტყვათა მნიშვნელობების ჯამი კი არა, „კავშირის დამყარებაა“ – სიტყვებს, ცნებებს, ფაქტებს, მოვლენებს, ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებებს, მეცნიერებებს შორის…

ჩვენ ვწერთ იმიტომ რომ, დავამყაროთ  კავშირი. უფრო გლობალური კავშირებიც არსებობს: ჩვენსა და სამყაროს შორის, განსხვავებულ კულტურებს შორის, განსხვავებულ საქმიანობებს შორის; ვინ იცის, იქნებ უცხოპლანეტელებსაც მივწვდეთ და მათთანაც აუცილებლად მოვძებნით საერთოს.

სამყარო ერთიანი და განუყოფელია. ყველაფერი ყველაფერთან კავშირშია, ერთმანეთთან რიზომატული ქსელით დაკავშირებული. ამიტომ არ არსებობს ამ და სხვა სამყაროებშიც ისეთი რამ, როცა კავშირს ვერ აღმოაჩენ. განსხვავებულებს შორის კავშირის აღმოჩენა სრულიად შეცვლის თქვენს სამყაროსეულ ხედვებს, იდეებს, ღირებულებებს და ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახება თქვენს ცხოვრებაში!

ასე რომ, სცადეთ და სამყაროს მთლიანი სურათის აღდგენა განსხვავებულ სიტყვებს შორის კავშირის აღმოჩენით დაიწყეთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი