შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

არაფორმალური გარემოს როლი ფიზიკის სწავლებაში

სასკოლო განათლების როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია. Მეტად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება, რადგან პიროვნება,  საზოგადოებაში წარმატებით ინტრგრირებისა  და რეალიზაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს ცოდნასთან ერთად  იღებს არაფორმალური განათლების გზით. მისი დამახასიათებელი თვისებაა, რომ აქვს დამატებითი, ალტერნატიული და შემავსებელი ფუნქცია ფორმალური განათლებისთვის პიროვნების მუდმივი განათლების გზაზე. არაფორმალური განათლება ავითარებს ისეთ უნარებს, რაც ფორმალური საგანმანათლებლო სისტემისთვის მნიშვნელოვანია, როგორიცაა: თანამშრომლობითი, გუნდური მუშაობის, დამოუკიდებლად სწავლის, პრობლემათა გადაჭრის, კვლევა-ძიებისა, თუ საკომუნიკაციო უნარი. ასეთი გარემო ხელს უწყობს: მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, სწავლის გაუმჯობესებას, შემოქმედებითი, კრიტიკული და სხარტი აზროვნების ჩამოყალიბებას, თვითშეფასების ამაღლებას. არაფორმალური განათლების ამოცანაა მოზარდისათვის ისეთი ცოდნის მიწოდება, რისი მიწოდებაც ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში ვერ ხერხდება, ან ვერ ხორციელდება იმ მოცულობით, რაც მოზარდს წაადგება სიცოცხლის მანძილზე თვითგანვითარებისათვის.

არაფორმალური განათლების  ხელშეწყობის მიზნით, 2021-2022 სასწავლო წლის ბოლოს დავგეგმე შემეცნებითი-სასწავლო ექსკურსია ქ. თბილისში, ფიზიკის მუზეუმში, კერძოდ, “ექსპერიმენტორიუმში”  https://www.experimentorium.ge/ ამ სასწავლო ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეღრმავებინათ და განიმტკიცებინათ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში შესწავლილი საკითხი, მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ტრანსფერი რეალურ გარემოში.  ლაბორატორიაში დააკვირდნენ, შეიგრძნეს, განიცადეს ის, რაც გაკვეთილზე თეორიულად ისწავლეს და მიღებული ცოდნა დაუკავშირეს პრაქტიკაში მიმდინარე მოვლენებს. მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი.

მინდა, რამდენიმე სიტყვით  მუზეუმის შესახებაც ვთქვა:  ის წარმოადგენს საქართველოში ყველაზე უჩვეულო მუზეუმს, რადგან ის საზოგადოებაში არსებულ წარმოდგენებს მეცნიერებაზე და მუზეუმებზე მთლიანად ცვლის და სულ სხვა კუთხით გვაჩვენებს სამყაროს. მუზეუმის მიზანია წარმოდგენილი  ექსპერიმენტების მეშვეობით მომავალი თაობის დაინტერესება სამყაროში მიმდინარე ფიზიკური  პროცესებით, ასევე საბუნებისმეტყველო  მეცნიერებების პოპულარიზაცია. აქ დაცულია ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის 80-მდე ექსპონატი. მოსწავლეებს შეულიათ ექსპონატებთან შეხება, დატრიალება, დაგდება, შეგროვება, დაშლა, გამოცდა. პარალელურად ისინი ხედავენ, რომ  ფიზიკა და ქიმია სულაც არ არის რთული და მოსაწყენი მეცნიერებები, რადგან აქ ისინი ბუნებაში მიმდინარე პროცესებს, მოვლენებს, მათთვის დამახასიათებელ კანონზომიერებებს ხსნიან,  იაზრებენ და აანალიზებენ თითოეული ექსპერიმენტს საკუთარი ხელით გამეორების შესაძლებლობით, რითაც ისინი იკმაყოფილებენ ინტერნეტში ნანახ, გაკვეთილზე ან უფროსებისგან მოსმენილ,  უამრავ ექსპერიმენტთან დაკავშირებით აღძრულ ცნობისმოყვარეობას. ამ მუზეუმში მოსწავლეებს შეუძლიათ გაზომონ თავიანთი ყვირილის ძალა, დაჯდნენ ლურსმნებიან სკამზე, აწიონ მეგობარი ჰაერში, ხელით დაიჭირონ ელვა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ყველა ექსპონატი ინტერაქტიულია, ანუ მათთან შესაძლებელია უკუკავშირი. ასევე, აქ შემოთავაზებული საგანმანათლებლო  პროგრამებით  წარმოდგენილი ექსპონატები ახდენენ გარკვეული მექანიკური მოვლენების, ენერგიის, ბგერისა, თუ ოპტიკური მოვლენების ვიზუალიზაციას. ამ მუზეუმში არის ქიმიის ლაბორატორიაც, სადაც მოზარდებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ქიმიური ცდის ჩატარებაში. კერძოდ, აზოტის, ძალიან საინტერესო და სახალისო, შოუ იყო წარმოდგენილი.

თავდაპირველად გადავწყვიტე სასწავლო ექსკურსია განმეხორციელებინა მოსწავლეთა STEAM ჯგუფთან ერთად, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია აღნიშნულ სკოლაში. ამისათვის:

  • მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია, როგორც სასწავლო ექსკურსიის მიზნის, ასევე ექსკურსიის ადგილის შესახებ;
  • გავაცანი სათანადო ქცევის წესები;
  • მოსწავლეები Წავახალისე, რათა დაესვათ შეკითხვები და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში;
  • ექსკურსიის შემდეგ მოვახდინეთ ექსპერიმენტების შედეგების ანალიზი და მათი ინტერპრეტაცია.

ჩამოვაყალიბოთ არაფორმალური გარემოს –  სასწავლო ექსკურსიის დადებითი მხარე:

  • მოსწავლეები თვალსაჩინოდ ეცნობიან და რეალურ ვითარებაში ექსპერიმენტებით აკვირდებიან სამყაროში მიმდინარე მოვლენებს და შეისწავლიან მათ;
  • ეს მეთოდი ხელს უწყობს უკვე ნასწავლი საკითხის სიღრმისეულად გააზრებას;
  • ეს ექსპერიმენტები ცოდნის გაღრმავების კიდევ უფრო დიდ სურვილს უჩენს მოსწავლეებს და ფიზიკისა და ქიმიის სფეროში უსაფრთხო ცდების ჩატარების შესაძლებლობას აძლევს;
  • მოსწავლეებს თავად ეძლევათ შესაძლებლობა წამოაყენონ გარკვეული ჰიპოთეზა, გამოსცადონ ის ექსპერიმენტით, და რაც უფრო მეტად აქვთ მათ ქმედების შესაძლებლობა, მით უფრო იზრდება მათი ინტერესი საკითხისადმი;
  • მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევის, შემეცნებითი, მოტორული უნარები;
  • ვინაიდან მოსწავლე თავად ხდება აღმომჩენი, ახალი ცოდნის შემოქმედი, მაღალია მისი სწავლის მოტივაცია და ჩართულობა;
  • ხელს უწყობს ყურადღების მაქსიმალურად მობილიზებას;
  • მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან მყისიერი და დროული უკუკავშირით;
  • ზრდის მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას. ამ მეთოდის ინტენსიური, თანმიმდევრული და ეფექტიანი გამოყენების შედეგად მოსწავლეთა უბრალო ცნობისმოყვარეობა გადადის ცოდნისმოყვარეობაში;
  • Მოზარდს უჩენს სურვილს ისწავლოს მთელი სიცოცხლის მანძილზე;
  • მოსწავლეები ცხადად ხედავენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
  • გარემო მორგებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე;
  • მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას ყოველი ექსპერიმენტის ბოლოს გამოიტანონ დასკვნები და მოახდინონ მიღებული ცოდნის ტრანსფერი.

უნდა ავღნიშნო, რომ სასწავლო ექსკურსიას აქვს უარყოფითი მხარეც, ეს შეიძლება იყოს დაფინანსების მოპოვება. ასევე ასეთ სამეცნიერო მუზეუმში მხოლოდ ერთხელ სტუმრობა არაა საკმარისი. მსგავსი არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცე, სადაც საჭიროა დაკვირვება, მსჯელობა, მოვლენების ანალიზი, შეკითხვების დასმა და პასუხების გაცემა,  მოითხოვს მუზეუმში ხშირ სტუმრობას და მეტ დროსაც.

Საბოლოოდ შეიძლება დავასკვნათ, რომ არაფორმალური განათლების  ხელშესაწყობად ჩატარებული სასწავლო ექსკურსია ნამდვილად ხელს უწყობს მოსწავლეებში თეორიულად მიღებული ცოდნის, უნარ-ჩვევების გაღრმავებასა და განმტკიცებას, ცოდნის ტრანსფერს, მოსწავლეთა მოტივაციისა და თვითშეფასების ამაღლებას, რაც ეროვნული სასწავლო გეგმით  გათვალისწინებული საბუნებისმეტყველო მეცნიერების სტანდარტის  მოთხოვნების მიღწევის ეფექტური საშუალებაა.

        

 

გამოყენებული ლიტერატურა:  

  1. პედაგოგიური გზამკვლევი პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის.
  2. ხატია თორდუა. Როგორ დავაინტერესოთ ბავშვები მეცნიერებით–ინტერაქტიური სამეცნიერო მუზეუმი.

https://youtu.be/j1jhGqhjcxQ

https://youtu.be/BmK66fLAMW8

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი