პარასკევი, დეკემბერი 2, 2022
2 დეკემბერი, პარასკევი, 2022

კენ რობინსონი სკოლების, შემოქმედებისა და ახალი საუკუნისთვის საჭირო განათლების შესახებ

 

განათლების პოლიტიკის ბრიტანელი ექსპერტის სერ კენეტ (კენ) რობინსონის და TED-ის გლობალური პლატფორმის დირექტორის კრის ანდერსონის საუბარი (პოდკასტ-ინტერვიუ) განათლების პოლიტიკასა და მისი ცვლილების აუცილებლობაზე სამყაროში[1]

 

„ხომ არ კლავენ სკოლები ბავშვებში შემოქმედებითობას?“ – ეს კითხვა კენ რობინსონმა 2006 წელს TED-ის აუდიტორიას დაუსვა. შედეგი მართლაც მოულოდნელი აღმოჩნდა. მისმა გამოსვლამ უამრავ ადამიანზე იმოქმედა და ვიდეოს ნახვების რიცხვმა 73 მილიონს გადააჭარბა. აქ წარმოდგენილ ინტერვიუში, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა YouTube-ზე (ექსპერტი 2020 წელს გარდაიცვალა), რობინსონი იმ ცვლილებებსა და პროგრესზე საუბრობს, რაც 2006 წლის შემდეგ მოხდა განათლებაში და პასუხს სცემს საკუთარ კითხვას.

 

კრის ანდერსონი: ყველას მოგესალმებით. ეს TED-ინტერვიუა, პოდკასტების სერია, რომელშიც TED-ის სპიკერებს ვხვდებით და უფრო საფუძვლიანად განვიხილავთ მათ მიერ წამოჭრილ საკითხებს. დღეს განსაკუთრებული სტუმარი გვყავს – სერ კენ რობინსონი, რომლის ინტერვიუ 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა (ყველაზე მეტი მნახველი TED-ის პლატფორმაზე მისი დაარსების დღიდან). მან ეს პლატფორმა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია!

კენ რობინსონი: ცოტა ხნის წინ დიდებული ამბავი მოვისმინე პატარა გოგონაზე, რომელიც ხატვის გაკვეთილს ესწრებოდა. ბავშვი 6 წლის იყო და, როგორც მასწავლებელმა თქვა, დიდად არ აინტერესებდა ხატვა. აი, ამ პატარა გოგონამ საოცარი მაგალითი მოგვცა. როდესაც მასწავლებელი მასთან მივიდა და ჰკითხა, რას ხატავდა, გოგონამ უპასუხა: „ღმერთის პორტრეტს“. „კი მაგრამ, არავინ იცის, როგორ გამოიყურება ღმერთი“. გოგონამ მიუგო: „რამდენიმე წუთში გეცოდინებათ“.

კრის ანდერსონი: იდეებმა, რომლებიც კენ რობინსონმა გააჟღერა, გამოძახილი პოვა მილიონობით ადამიანში მთელი მსოფლიოდან – მათში, ვისაც არ მიეცა საშუალება, გამოეხატა და სხვებისთვის გაეზიარებინა თავისი შემოქმედებითი უნარები.

კენ რობინსონი: მწამს, რომ ჩვენ შემოქმედებითად კი არა, შემოქმედების საწინააღმდეგო მიმართულებით გვზრდიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ გვანათლებენ შემოქმედების საწინააღმდეგო მიმართულებით.

კრის ანდერსონი: ბატონი რობინსონი თითქმის მთელი ცხოვრება განათლების საკითხების მკვლევარი იყო და დღეს მისი სტუმრობა დიდი პატივია, ამასთან, კარგი შესაძლებლობაც განათლების საკითხებზე სასაუბროდ. ბატონო რობინსონ, კეთილი იყოს ჩვენთან თქვენი სტუმრობა.

კენ რობინსონი: ეს დიდი პატივია, კრის, დიდი მადლობა!

კრის ანდერსონი: მოდი, თქვენი განათლების ისტორიით დავიწყოთ.

კენ რობინსონი: კი ბატონო, ასე იყოს. მე ლივერპულში დავიბადე 1950 წელს და შვიდი და–ძმიდან ერთ-ერთი ვიყავი. ღარიბ ოჯახში ვიზრდებოდით, თუმცა ამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით.

კრის ანდერსონი: შვიდიდან მაინც რომელი?

კენ რობინსონი: მეხუთე გახლდით.

კრის ანდერსონი: ნომერი ხუთი. გამოდის, მართლაც რამე უნდა მოგემოქმედათ, რომ მშობლების ყურადღება მიგეპყროთ.

კენ რობინსონი: დიახ, ასე იყო. ვიზრდებოდი და წარმოდგენა არ მქონდა, საით წავსულიყავი ან რა მეკეთებინა, ან საერთოდ მეკეთებინა თუ არა რამე. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი თემა იყო ჩემს  ცხოვრებაში. ადამიანები ხომ თვითონ ვქმნით საკუთარ ცხოვრებას და დიდი მნიშვნელობაც არ აქვს, სად დავიწყებთ ამ პროცესს.

კრის ანდერსონი: ბავშვობაში მძიმე დაავადება დაგემართათ. გსურთ ამაზე საუბარი?

კენ რობინსონი: დიახ. ოთხ წლამდე მამაჩემი დარწმუნებული იყო, რომ ფეხბურთელი გავხდებოდი. როგორც ჩანს, ჩემში საამისო ნიჭი დაინახა, რადგან ძლიერი და სწრაფი ვიყავი, ხელებისა და თვალების კარგი კოორდინაცია მქონდა, ხოლო მამაჩემი ახალგაზრდობაში ნახევრად პროფესიონალურად თამაშობდა ფეხბურთს. 50-იან წლებში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში პოლიომიელიტის ეპიდემია დაიწყო და მეც ეს დაავადება დამემართა. შედეგად ოთხი წლისა საავადმყოფოში მოვხვდი და იქ თითქმის რვა თვე გავატარე, თუმცა პარალიზებული დავრჩი. მერე სპეციალური განათლების სამყაროში აღმოვჩნდი და იქიდან ბევრი არაფერი მიმიღია. შემდეგ მარგარეტ ბევანის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სკოლაში გადამიყვანეს, სადაც და სხვადასხვა ფიზიკური დაავადების მქონე ბავშვები ყავარჯნებით და ეტლებით გადაადგილდებოდნენ. ამან მთელი ჩემი ოჯახი ამ უცხო სამყაროში მოისროლა.

კრის ანდერსონი: მიუხედავად ამისა – ან იქნებ სწორედ ამიტომ – თქვენ კარგად სწავლობდით და ბოლოს, როგორც ვიცი, სწავლა გრამატიკის სკოლაში დაასრულეთ, რომელიც ბრიტანეთში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

კენ რობინსონი: დიახ, ასე იყო. საინტერესოა, როგორ მოხდა ეს. ადამიანთა ფიზიკურ უნარშეზღუდულობას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. ვგულისხმობ იმას, რომ შეზღუდულ უნარებს არ განუსაზღვრავს ჩემი შემდგომი სწავლა-განათლება – მე არ ვფიქრობდი ჩემს თავზე როგორც პოლიომიელიტით დაავადებულზე და არც სხვა ბავშვებს ვუყურებდი როგორც ცერებრალური დამბლის მქონეებს. ჩვენ უბრალოდ ბავშვები ვიყავით, რომლებიც სხვებივით ცელქობდნენ და ფლანგავდნენ დროს. ჩემთვის ნათელი იყო, რომ სისტემა ბევრს არაფერს ელოდა ამ მოსწავლეებისგან და ვერც მე გავაკეთებდი იმას, რაც გავაკეთე, ცხოვრების გზაზე ორ-სამ ადამიანს რომ არ გადავყროდი.

ერთი მათგანი გახლდათ სასკოლო ინსპექტორი ჩარლზ სტრატფორდი, რომელიც ერთ დღეს ჩვენთან, საკლასო ოთახში შემოვიდა. მაშინ ათი წლის ვიყავი, უკან ვიჯექი და როგორც სხვები, ბევრს არაფერს ვაკეთებდი. მახსოვს, ჩემს მეგობარს, რობერტს ვესაუბრებოდი (მას ჰიდროცეფალია და გადიდებული თავის ქალა ჰქონდა). იმ დღეს ვესაუბრე ამ მამაკაცსაც, რომელზეც შემდგომ გავიგე, რომ ჩარლზ სტრატფორდი ერქვა.

რამდენიმე დღეში დამიძახეს და მითხრეს, უფროს მასწავლებელთან მივსულიყავი. მის კაბინეტში ბატონი სტრატფორდი დამხვდა. აღმოჩნდა, რომ იგი სპეციალური განათლების ინსპექტორი იყო და ჩემით დაინტერესდა. მან სკოლის ადმინისტრაციას შესთავაზა, ჩემთვის რამე ახალი გაეკეთებინათ. ამ შეხვედრის შედეგად აღმოვჩნდი სხვა კლასებში, სადაც შევხვდი შესანიშნავ მასწავლებელსა და ადამიანს, ქალბატონ იორკს. იგი წარმოუდგენლად კარგი, მაგრამ ასევე წარმოუდგენლად მომთხოვნი აღმოჩნდა.

იმ დროს დიდ ბრიტანეთში იმართებოდა სპეციალური გამოცდა (რომელიც ყველა ბრიტანელმა იცის) – „11 პლუსი“. ეს გახლდათ საჯარო გამოცდა 11 წლის ასაკში, რომლის მიხედვითაც ხდებოდა მოსწავლეთა განაწილება (მათ შორის – გრამატიკის სკოლაში). მის იორკი, უფროსი მასწავლებელი და ჩარლზ სტრატფორდი რატომღაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მე შევძლებდი „11 პლუსის“ ჩაბარებას. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გამოცდა ჩავაბარე და გავხდი პირველი მოსწავლე სკოლის ისტორიაში, ვინც ეს შეძლო. ინგლისში. განსაკუთრებით კი ლივერპულში, „11 პლუსის“ ჩაბარება უდრიდა პასპორტის მიღებას ახალ სოციალურ სამყაროში, ახალ პლანეტაზე გადასახლებას. როგორც მოგახსენეთ, გამოცდა ჩავაბარე და გამგზავნეს კოლეჯში, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება.

კრის ანდერსონი: ნებისმიერი ამ ადამიანთაგანი, რომლებიც თქვენ ინდივიდუალურად მოგიდგნენ, იამაყებდა შედეგით, რომელსაც მიაღწიეთ და ჩათვლიდა, რომ თქვენთვის დახარჯული დრო და მიღებული გადაწყვეტილებები სწორი იყო. თქვენ ხშირად ამბობთ, რომ ბავშვებისადმი პერსონალიზებული მიდგომა და განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და განათლება არ არის სამოსი, რომელიც ყველას ზომას მოერგება.

სერ კენ რობინსონი: ვფიქრობ, ეს აქსიომაა. განათლება ადამიანისთვის არსებობს. იგი ადამიანის ზრდასა და განვითარებას გულისხმობს და უაღრესად პერსონალური პროცესია.

განათლებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული და სოციალური განზომილება, მაგრამ ყოველი ჩვენგანი უნიკალურია. ჩვენ სხვადასხვანაირად ვაზროვნებთ, განსხვავებული შესაძლებლობები, ტალანტები და მისწრაფებები გვაქვს და ყველაზე დიდი კრიტიკა, რომელიც მე მაქვს განათლების მასობრივი სისტემებისადმი, გახლავთ ის, რომ ეს სისტემები ამ განსხვავებებს შლიან. მაგალითად, ჩემი მოხვედრა გრამატიკის სკოლაში სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. მე იქ მომეწონა, თუმცა ეს სკოლა ყველასთვის არ გამოდგებოდა.

ბევრი მოხვდა გრამატიკის სკოლაში, მაგრამ არ მოსწონდათ იგი. ასევე ბევრი, ვისაც ამ სკოლაში სურდა მოხვედრა, ვერ მოხვდა იქ, რადგან გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლეს. შეიძლება მათ იქ მოსწონებოდათ, მაგრამ არ მიეცათ ამის შესაძლებლობა; მე კი ეს შესაძლებლობა მომცეს. ამ სისტემის ერთ-ერთი თავისებურება ის გახლავთ, რომ იგი ემყარება გონებრივი შესაძლებლობების გარკვეულ ხედვას, თუმცა ინტელექტი ბევრად უფრო ფართო მასშტაბის რამაა, ვიდრე ის უნარები, რომლებიც კულტივირებულია ამ სისტემაში. მე არ ვაკრიტიკებ საკუთრივ აკადემიური განათლების სისტემას. მე იგი მომწონს კიდეც. ვგულისხმობ იმას, რომ მიმუშავია პროფესორად უნივერსიტეტში, ვწერ წიგნებს, დავიცავი სადოქტორო დისერტაცია და, როგორც ხედავთ, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ ეს არ გახლავთ ცხოვრების ერთადერთი ფორმა და მით უმეტეს, არ არის ცხოვრების უმაღლესი ფორმა. ეს ცხოვრების მხოლოდ ერთ-ერთი ფორმაა.

 

ინტერვიუ თარგმნა ლევან ალფაიძემ

[1] ინტერვიუ შემოკლებულია. სრული ვერსიისთვის იხ. აუდიოფაილი:  https://www.ted.com/talks/the_ted_interview_sir_ken_robinson_still_wants_an_education_revolution?language=en

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი