პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

თანამშრომლობითი სწავლა-სწავლების მეთოდები

საგაკვეთილო პროცესში ცვლილებების შეტანა, მეთოდური რეპერტუარისა და ინდივიდუალური რუტინის გაფართოება ყველა პედაგოგისთვის მარადიული თავსატეხია და არც ის არის გასაკვირი, რომ ერთდროულად 30 მოზარდისთვის ცოდნის მიწოდება რთულ, დამღლელ, თუმცა მნიშვნელოვან საქმიანობას წარმოადგენს.

თავის ტვინის კვლევისა და საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის დასკვნები ცხადყოფს, რომ სწავლა მხოლოდ ცოდნის მიღებას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოსწავლემ ინდივიდუალურად დაამუშაოს მიწოდებული ინფორმაცია და აქტიურად მოახდინოს საკუთარი ცოდნის სტრუქტურებში მისი ინტეგრიგრება. ამიტომ სწავლა ყოველთვის ინდივიდუალური გადამუშავების, გაანალიზების შედეგია. აქედან გამომდინარე, სწავლა წარმატებულია, როდესაც მოსწავლეები:

  • აცნობიერებენ თემების, საგნებისა და საკუთარი ქმედებების აზრსა თუ მნიშვნელობას საკუთარი თავისთვის;
  • აკავშირებენ ახალ ინფორმაციას წინარე ცოდნასთან;
  • უზიარებენ სხვებს საკუთარ ცოდნასა და შეხედულებებს და მსჯელობენ ამის შესახებ;
  • თავს დაცულად გრძნობენ სასწავლო გარემოში;
  • შეგნებულად უდგებიან სწავლის პროცესს და ახდენენ მის რეფლექსიას;
  • დადებითად გამოცდიან საკუთარ თავს სოციალურ კონტექსტებში.

ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს თანამშრომლობითი სწავლება. ის მასწავლებელს სთავაზობს მოქმედების მკაფიო და განხორციელებად ნიმუშებს, რათა მათ გააფართოონ საკუთარი სწავლების პროცესი და ამით დასწავლაც უფრო მდგრადი და ეფექტიანი გახადონ.

 

ყველა მოსწავლის მონაწილეობის წახალისება

ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში კვლავაც შესამჩნევია, რომ მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე ერთვება საკლასო აქტივობებში, პასუხობს მასწავლებლის კითხვებს ან მონაწილეობს საკლასო დისკუსიებში. უმეტესობა პასიურია და ხშირად ადეკვატურად ვერ რეაგირებს მასწავლებლის კითხვებზე. ჯგუფური სამუშაოს დროს კი მთელი ჯგუფისთვის მიცემულ დავალებას ცალკეული მოსწავლეები ასრულებენ.

ეს პრობლემა, მოტივაციისა და შესრულების სურვილის უქონლობასთან ერთად, შესაძლოა გამოწვეული იყოს იმითაც, რომ გაკვეთილის სტრუქტურა საშუალებას არ აძლევს ბევრ მოსწავლეს, თავი გამოიჩინონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ რეალურ სააზროვნო პროცესებში.

ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა თანამშრომლობითი სწავლება.

დავალების წარმატებით შესრულების ერთ-ერთი წინაპირობა მასწავლებლის კარგად გააზრებული და რელევანტური ინსტრუქციაა, ამიტომ, ვიდრე თანამშრომლობითი სწავლების აღწერაზე გადავიდოდეთ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რა გავლენას ახდენს დავალების ინსტრუქცია ან დასმული კითხვა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე, მათ გააქტიურებასა და ჩართულობაზე. ამისთვის გთავაზობთ წარმატებული და წარუმატებელი ისნტრუქციების ნიმუშებს (მუქი შრიფტით დაბეჭდილია ინსტრუქციები, რომლებიც მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე დადებით გავლენას ახდენს):

  1. ვის შეუძლია მითხრას, რა გავიარეთ წინა გაკვეთილზე?
  2. ერთი წუთის განმავლობაში დაფიქრდი და და შემდეგ გაუზიარე შენს მეწყვილეს, რა ვისწავლეთ წინა გაკვეთილზე … თემასთან დაკავშირებით. წყვილში მუშაობისთვის კიდევ ორი წუთი გაქვთ, ბოლოს კი ვინმეს ვთხოვ პასუხის გაცემას.
  3. თქვენ 30 წუთის განმავლობაში მუშაობდით მე-4 დავალებაზე. აბა, ვის შეუძლია თქვენი ჯგუფიდან, წარადგინოს შედეგი?
  4. განათლება კარგ ადამიანს აკეთილშობილებს, ხოლო ცუდს უარესად აქცევს“(თომას ფულერი). რას ფიქრობ ამ გამონათქვამზე? ორი წუთის შემდეგ მოძებნე მეწყვილე, რომელთან ერთადაც იმსჯელებ ამ ციტატის შესახებ. ოთხი წუთის შემდეგ აირჩიეთ სხვა წყვილი, რომელსაც გაუზიარებთ თქვენს მოსაზრებას და ამ საკითხზე მსჯელობას გააგრძელებთ. ათი წუთის შემდეგ ყველას უნდა შეეძლოს, არგუმენტირებულად დაასაბუთოს თავისი მოსაზრება.
  5. ტექსტში იპოვით პასუხს კითხვაზე: „რატომ აქვთ გოგონებს უკეთესი ნიშნები, ვიდრე ბიჭებს?“ ჯგუფურად იპოვეთ მიზეზები, ჩაინიშნეთ თქვენი მოსაზრებები და ბოლოს ჯგუფის ერთმა წევრმა წარადგინოს საბოლოო შედეგი.
  6. არ მაინტერესებს, ვინ ჩაიდინა ეს! როგორ ფიქრობთ, რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს საპირფარეშოს კედლებზე ასეთი წარწერების გასაკეთებლად? დაფიქრდით, ინდივიდუალურად დაწერეთ თქვენი მოსაზრება, შემდეგ გადააწოდეთ ის თქვენ გვერდით მჯდომს, რომელიც დაასრულებს და/ან დააკომენტარებს მას და უკან დაგიბრუნებთ. ათ წუთში რამდენიმე მოსწავლეს ვთხოვ პასუხის გაცემას.

წარმოდგენილ „პოზიტიურ“ ინსტრუქციებში მკაფიოდ ჩანს თანამშრომლობითი სწავლების პრინციპები, რომლებსაც ქვემთ გაგაცნობთ

 

თანამშრომლობითი სწავლების პრინციპები

 

პირადი პასუხისმგებლობა გაზიარება დრო ინდივიდუალურად გააზრებისთვის
     
შინაგანი

გააქტიურება

თავდაჯერების          შეგრძნება გაუმჯობესებული

შედეგები

 

გააზრების ფაზა

სწავლის პროცესი აუცილებლად მოიცავს ინდივიდუალური ფიქრის ფაზას. მოსწავლეებს ეძლევათ განსაზღვრული დრო დავალების ინდივიდუალურად დასამუშავებლად.

 

გაზიარების ფაზა

თანამშრომლობითი სწავლება ყოველთვის გულისხმობს ურთიერთგაზიარების ფაზას, სანამ ჯგუფები კლასს წარუდგენენ თავიანთ შედეგებს.

 

პიროვნული პასუხისმგებლობა

ყოველი მოსწავლე მზად უნდა იყოს შედეგების წარსადგენად, ვინაიდან მასწავლებელმა ნებისმიერ მათგანს შეიძლება მიმართოს ასეთი თხოვნით.

 

ეს სამი მთავარი პრინციპი წარმოადგენს თანამშრომლობითი სწავლის ცენტრალურ ნაწილს, ვინაიდან ისინი ზემოქმედებას ახდენენ გაკვეთილზე, კერძოდ, ამგვარად:

 

შინაგანი გააქტიურება და მონაწილეობა

ჯგუფური მუშაობის წარმატებული შედეგები იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ პოტენციურად ყველა მოსწავლის გააქტიურება და თანამშრომლობაა შესაძლებელი, ეს კი იწვევს გაკვეთილზე მოსწავლეთა მხრივ ინდივიდუალური და, შესაბამისად, ზოგადი ჩართულობის ზრდას.

 

თავდაჯერება და შიშის ფაქტორის შემცირება

მოუმზადებლად პასუხის გაცემის აუცილებლობა მოსწავლეებში ხშირად შიშს იწვევს, რასაც არცთუ იშვიათად აზროვნების ბლოკირებისკენ მივყავართ. თანამშრომლობითი სწავლების პროცესში ყველამ იცის, რამდენი დრო აქვთ მოსაფიქრებლად. გარდა ამისა მათთვის ცნობილია, რომ არ მოუწევთ პედაგოგის კითხვაზე პასუხის გაცემა ინდივიდუალური მუშაობის პროცესში. ურთიერთგაზიარების ფაზის შემდეგ კი მათ თავდაჯერება და გამბედაობა ემატებათ.

 

ნამუშევრების ხარისხი

მოსწავლეთა უმეტესობა თანამშრომლობითი სწავლების საშუალებით უკეთეს შედეგს აღწევს, ვინაიდან ისინი ერთმანეთს მხარს უჭერენ და ეხმარებიან შედეგის გაუმჯობესებაში, აქვთ საკმარისი დრო მოსაფიქრებლად, მოსაზრებების ერთმანეთისთვის გასაზიარებლად და განსავითარებლად.

ახლა კი წარმოგიდგენთ თანამშრომლობითი სწავლის რამდენიმე მეთოდს:

  • სამსაფეხურიანი ინტერვიუ
  • შეკითხვების ბლოკები
  • ერთობლივი კითხვა
  • მეთოდი-სახელები
  • ფაზლი

 

სამსაფეხურიანი ინტერვიუ

მიმდინარეობა

მუშაობა მიმდინარეობს 4 მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფში

  • ინდივიდუალური მუშაობის ფაზა

ინდივიდუალური მუშაობის ფაზაში ყოველი მოსწავლე ინდივიდუალურად ამუშავებს დავალებას.

  • გაზიარების ფაზა

მხოლოდ აქ იწყება თავად ინტერვიუ, რომელიც სამი ნაბიჯისგან შედგება.

 

ნაბიჯი 1

მოსწავლეები მუშაობენ წყვილში. ერთი მოსწავლე მოირგებს ინტერვიუერის როლს (A). ის კითხვებს უსვამს სხვა მოსწავლეს (B) დამუშავებული მასალის შესახებ (კითხვები შეიძლება იყოს პედაგოგის მიერ წინასწარ მიწოდებული ან ზოგადი ხასიათის და ორივე დავალებისთვის ერთი და იგივე)

ნაბიჯი 2

მოსწავლეები ცვლიან როლებს. ამჯერად მოსწავლე B სვამს კითხვებს და მოსწავლე A უპასუხებს.

ნაბიჯი 3

აქ კი ოთხივე მოსწავლე მორიგეობით უზიარებს ერთმანეთს, რა შეიტყვეს ინტერვიუს დროს.

შენიშვნა: თუ ჯგუფი მხოლოდ სამი მოსწავლისგან შედგება, ორი მოსწავლე საათის ისრის მიმართულებით გამოკითხავს ერთს.

 

შეკითხვების ბლოკები

წაკითხული წიგნის/ნაწარმოების ან ფილმის განხილვა

  • ინდივიდუალური მუშაობის ფაზა
  1. ჩამოწერე მნიშვნელოვანი საკითხები ფილმიდან, სხვა ნაწარმოებიდან.
  2. გაიაზრე/მოიფიქრე, რა იცი ამ საკითხის შესახებ.
  3. რა გამოცდილება გაქვს ამასთან დაკავშირებით?
  4. რა შეგრძნებებსა და ემოციებთან აკავშირებ წაკითხულს/ნანახს?
  5. ჩამოაყალიბე შენი პირადი პოზიცია, შეხედულება.

 

გაზიარების ფაზა

გაუზიარეთ ერთმანეთს ჯგუფში ინდივიდუალური ფაზის დროს მიღებული შედეგები.

 

წარდგენის ფაზა

წარადგინეთ მნიშვნელოვანი საკითხები კლასში.

ყველას უნდა შეეძლოს თავისი აზრებისა და შთაბეჭდილებების შესახებ საუბარი.

 

ერთობლივი კითხვა

ამ მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია რთული და/ან ვრცელი ტექსტების გასააზრებლად.

  • ინდივიდუალური მუშაობის ფაზა 1

ორივე მოსწავლე კითხულობს ტექსტის პირველ მონაკვეთს, მაგრამ მათ განსხვავებული დავალებები აქვთ შესასრულებელი .

  • წყვილში მუშაობის ფაზა

მოსწავლე A მოსწავლე B-ს უყვება წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსს.

მოსწავლე B ყურადღებით უსმენს, სურვილისამებრ, ჩაინიშნავს და აფასებს, რამდენად შეესაბამება მოკლე შინაარსი წაკითხულს, ასწორებს შეცდომებს ან უზუსტობებს, ავსებს მონათხრობს.

შემდეგ მოსწავლე B-ს ჯერი დგება. ის უზიარებს მეწყვილეს წაკითხულთან დაკავშირებულ წინარე ცოდნას, თავის ასოციაციებს, მოსაზრებებსა და დასკვნებს, გამოთქვამს ვარაუდს ტექსტში მოთხრობილი სიუჟეტის (მხატვრული ნაწარმოების შემთხვევაში) განვითარების შესახებ.

შენიშვნა: შესაძლო დავალებები: კითხვები, უცხო სიტყვების ან გაუგებარი ადგილების ხაზგასმა, სხვადასხვა პერსონაჟის დახასიათება, აღწერილი მოვლენის სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა და ა.შ.

  • ინდივიდუალური მუშაობის ფაზა 2

ორივე მოსწავლე ინდივიდუალურად ეცნობა ტექსტის მეორე ნაწილს და ცვლის დავალებებს.

  • წყვილებში მუშაობა

მოსწავლეები კვლავ გამოკითხავენ ერთმანეთს და ასე გრძელდება, ვიდრე არ დაასრულებენ ტექსტის კითხვას.

 

 

 

 

მეთოდი – სახელები

ჩემი საყვარელი საგანი

 

 

 

 

სახელი

ჩემი საყვარელი მუსიკალური ჯგუფი

 

 

 

 

გვარი

 

 

 

 

 

სად წავიდოდი

სამოგზაუროდ

 

 

 

 

 

 

რა შემიძლია

ყველაზე უკეთ

 

მიმდინარეობა:

  • ინდივიდუალური მუშაობის ფაზა

თაბახის ფურცლის/რვეულის შუაგულში ყველა მოსწავლე წერს თავის სახელსა და გვარს და პასუხობს კითხვებს, რომლებიც ფურცლის ოთხივე კუთხეში წერია. შესაძლოა, კითხვები დაფაზეც იყოს ჩამოწერილი.

მოსწავლეები გახალისდებიან, თუ სთხოვთ, თავიანთი სახელები და გვარები გააფორმონ.

  • წყვილებში მუშაობის ფაზა

პირველი დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეები ან თავად ეძებენ მეწყვილეს, ან პედაგოგი ანაწილებს მათ რაიმე პრინციპით წყვილებად და თავიანთ პასუხებს ერთმანეთს უზიარებენ.

  • ჯგუფური მუშაობის ფაზა

ყოველი წყვილი ეძებს სხვა წყვილს, მოასწავლე A წარადგენს B-ს და C წარადგენს D-ს.

საბოლოოდ ჯგუფი წარადგენს შედეგებს, რომლებიც ყველასთვის მისაღებია ან საერთოა.

შესაძლო კითხვები:

  • რა დამამახსოვრდა გუშინდელი გაკვეთილიდან?
  • რა იყო გაუგებარი გუშინდელ გაკვეთილში?
  • რა მომწონს ამა თუ იმ ლიტერატურულ გმირში? რა არ მომწონს?
  • ჩემი დადებითი თვისებები (მაგ., უცხო ენის გაკვეთილზე)

 

ფაზლი

  • მზადების პროცესი

კლასი ორ ნაწილად იყოფა. თითოეული ნაწილისთვის მზადდება სხვადასხვა დავალება – A და B. მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად (თითო ჯგუფში 4 მოსწავლეა). ორი მოსწავლე ამუშავებს დავალება A-ს, ორი კი – B-ს.

  • ინდივიდუალური მუშაობის ფაზა (კონსტრუქცია)

ამ ფაზისთვის მიზანშეწონილია შემდეგი სახის დავალებები: ტექსტის წაკითხვა/გააზრება/მოსმენა, გრამატიკული დავალება/სავარჯიშო,მათემატიკური დავალება, ექსპერიმენტი, ფილმი და ა.შ.

  • თანამშრომლობითი ფაზა (კო-კონსტრუქცია)

ის ორი მოსწავლე, რომელიც ერთსა და იმავე დავალებას ასრულებდა, შედეგებს ერთმანეთს უზიარებს, მსჯელობს განსხვავებებზე. ისინი ერთად ასწორებენ შეცდომებს და/ან პასუხობენ პასუხგაუცემელ კითხვებს და, ამგვარად, საბოლოოდ „თავიანთი“ საკითხის „ექსპერტებად“ გვევლინებიან.

მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე გარკვეული იყოს:

  • რა სახის ინფორმაცია უნდა გაუზიარონ წყვილებმა ერთმანეთს?
  • როგორ უნდა გაუზიარონ?
  • როგორ უნდა მოხდეს შედეგების გაზიარება?
  • როგორ უნდა დავიცვათ თავი მცდარი ინფორმაციის ტირაჟირებისგან?

 

  • გაზიარების ფაზა(ინსტრუქცია)

წყვილები ირევიან ერთმანეთში იმგვარად, რომ A და B ქმნიან ახალ წყვილს. წყვილები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას/შედეგებს, ამასთანავე, ჩაინიშნავენ მიღებულ ინფორმაციას და ამგვარად სწავლობენ ერთმანეთისგან.

 

  • ორმაგი საფუძველი (კო-კონსტრუქცია)

ჯგუფები უბრუნდებიან თავდაპირველ მდგომარეობას, ერთმანეთს უზიარებენ გაგებულს, აზუსტებენ და არკვევენ გაუგებარ ადგილებს.

 

  • პრეზენტაცია და შეფასება

შესაძლოა, აზრს მოკლებული არ იყოს შედეგების რაიმე სახით კლასში გაზიარება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებმა ეს წინასწარ იციან, შეიძლება ცალკეული ნამუშევრების აგროვება და შეფასება.

 

შეფასება თანამშრომლობითი სწავლებისას

შეფასება თანამშრომლობითი სწავლებისას შეიძლება შემდეგნაირად წარიმართოს:

  • შეფასება ინდივიდუალურ მუშაობის ფაზაში

გროვდება მოსწავლეთა მიერ შესრულებული ყველა ჩანაწერი ინდივიდუალური ფაზიდან და ხდება მათი შეფასება, გარდა ამისა, შეიძლება, ინდივიდუალურად შესრულებული ნამუშევრები შევადაროთ საბოლოო პროდუქტს, რათა ცხადი გახდეს თითოეული მოსწავლის წვლილი საბოლოო შედეგის მიღებაში.

 

  • თანამშრომლობის (კოოპერირების ფაზა)

რამდენადმე პრობლემურია შეფასება თანამშრომლობით ფაზაში. აქ უმჯობესია, მასწავლებელი დააკვირდეს თითოეულ ჯგუფს ინტერაქციის კუთხით. ამ შემთხვევაში უპრიანი იქნებოდა დაკვირვების კითხვარების შედგენა და გამოყენება. პარალელურად შეიძლება გაკეთდეს თვითშეფასების კითხვარები მოსწავლეთათვის.

 

  • პრეზენტაციის ფაზა

რაც შეეხება პრეზენტაციის (გაზიარების) ფაზას, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯგუფური მუშაობის შედეგს წარმოადგენს, მაინც ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს (წინასწარი შედგენილი კრიტერიუმების საფუძველზე).

ერთდროულად ყველა ფაზის შეფასება, რასაკვირველია, შეუძლებელია – პედაგოგმა წინასწარ უნდა გაიაზროს, რომელ ფაზაში უფრო გონივრული იქნება შეფასების წარმოება და მუშაობის დაწყების წინ მოსწავლეებიც გააფრთხილოს. ასევე შეიძლება, თანამშრომლობითი სამუშაოს დასასრულს მოსწავლეებს დაევალოთ წერილობითი ან ზეპირი სამუშაოს შესრულება.

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ თანამშრომლობითი სწავლება შესაძლებლობას იძლევა, გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და, შესაბამისად, სწავლების პროცესიც უფრო წარმატებული და სახალისო გავხადოთ. გარდა ამისა სტატიაში მოყვანილი ყველა მეთოდი აპრობირებულია პედაგოგების და პირადად ჩემ მიერ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი