ოთხშაბათი, ნოემბერი 30, 2022
30 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2022

სასკოლო პროექტი – ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-გაყიდვა

ოთხი წლის წინ შტუტგარტის ახალ ბიბლიოთეკაში სტუმრობისას ჩემი ყურადღება მიიპყრო საბავშვო სივრცემ, რომელსაც მეორე სართული ჰქონდა დათმობილი. ერთ-ერთ თაროზე ხელნაკეთი წიგნები ეწყო – მუყაოს ყდა და ფურცლები ძაფებით აეკინძათ, გვერდებზე ეწერა რამდენიმე წინადადება და შესაბამისი ილუსტრაციები ეხატა. გერმანული ენა არ ვიცი, მაგრამ „კითხვაში“ ნახატები დამეხმარა.

ხელნაკეთი წიგნების სტენდთან უხილავი ენერგეტიკა ტრიალებდა – უცნობი მასწავლებლებისა და მათი მოსწავლეების ნაფიქრალი და ნაშრომი მნახველს შთაბეჭდილებებით ავსებდა. იქვე განთავსებული ბროშურებისა და ბუკლეტების მიხედვით დავასკვენი, რომ სასკოლო პროექტისთვის ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში მიეჩინათ ბინა, რაც პატარა მკითხველების მოტივაციის ამაღლებას უწყობდა ხელს.

ერთ მშვენიერ დღეს ჩემს შვილებთან ერთად ხელნაკეთი წიგნი დავამზადე. შემდეგ პანდემია დაიწყო და მსგავსი პროექტის მოსწავლეებისთვის დაგეგმვა-განხორციელება ოცნებად დამრჩა.

ოთხი წლის შემდეგ ისევ ვესტუმრე შტუტგარტის ახალ ბიბლიოთეკას. საბავშვო სივრცეში ხელნაკეთი წიგნები ისევ დამხვდა. სამყარო თითქოს ჩემს ფიქრებსა და ინტერესს გამოეხმაურა, იქვე შევამჩნიე მონიტორი, რომელზეც კადრებად გადიოდა ხელნაკეთი წიგნების დამზადების პროცესი: მაგიდაზე ქაოსურად მიმოფანტულიყო ფურცლები, შტამპები, ყდები… ბავშვების სახეებზე შემოქმედებითი ფუსფუსი იკითხებოდა. ერთ-ერთი კადრი კი ინსპირაციის წყაროდ მექცა, კერძოდ, ღია სივრცეში მოსწავლეები და მშობლები ხელნაკეთ წიგნებს ერთმანეთს უკითხავდნენ. თვალწინ გამიელვა ჩვენი სკოლის ღია სივრცემ და ძალიან მომინდა, ჩემი მესამეკლასელებისთვის მსგავსი პროექტი დამეგეგმა.

პირველი ხელნაკეთი წიგნი გავწერე კომპლექსურ დავალებად, რომელიც შემდეგ სტატიაშიც დაწვრილებით აღვწერე. რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „ფუღუროს“ შესწავლის შემდეგ მთელმა კლასმა დავამზადეთ ხელნაკეთი წიგნი სახელად „მშვენიერი ობობა“, მერე კი ბავშვებმა ინდივიდუალურად შექმნეს ხელნაკეთი წიგნები.

მეორე სემესტრში მიზანმიმართულად ვმუშაობდი წიგნის მახასიათებლების (სათაური, ავტორი, გამომცემლობა, ყდა, გვერდები, თავფურცელი, ილუსტრაციები, აბზაცები, წინადადებები, სასვენი ნიშნები) სწავლებაზე. კლასი ჯერ ჯგუფებად დავყავი და რამდენიმე წიგნი დავამზადებინე, რასაც პირადი ინიციატივით ხელნაკეთი წიგნების შექმნა მოჰყვა. საბოლოოდ საკლასო ბიბლიოთეკაში ბავშვების ხელით შექმნილი 80-მდე წიგნი დაგვიგროვდა.

სემესტრის მიწურულს ქართული ხალხური ლექსი „საბრალო დედაბრისასა“ ვისწავლეთ. ლექსში ძალიან ბევრი პერსონაჟია: ცხოველები, ფრინველები, დევები, ჭინკები და ანგელოზები საერთო მიზანს გაუერთიანებია – საბრალო დედაბრის დახმარებას ცდილობენ. ბავშვებს შევთავაზე, დაეწერათ თითოეული მათგანის დღის ჩანაწერი, რომლებიც შემდეგ ხელნაკეთ წიგნად აქციეს.

გადავწყვიტე, მოგვეწყო ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მოსწავლეთა ოჯახის წევრები და სასკოლო თემი მიიღებდნენ მონაწილეობას, მოგროვებული თანხით კი ჩრდილების თეატრ „ბუდრუგანა გაგრაში“ სტუმრობა დავგეგმეთ.

უნდა აღვნიშნო სხვა საგნის მასწავლებლების ჩართულობაც. კერძოდ, მათემატიკის მასწავლებელი ფასზე, ხურდის დაბრუნებაზე ესაუბრა ბავშვებს, ხელოვნების გაკვეთილზე მოსაწვევი ბარათები დაამზადეს ოჯახის წევრებისთვის, მუსიკის მასწავლებელმა კი ღონისძიებისთვის კლასიკური მუსიკა შეგვირჩია. სიტყვა „მეწარმის“ განმარტება რომ ვიკითხე, მითხრეს, „მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა აგვიხსნა, რასაც ნიშნავსო.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენცია მეწარმეობის განვითარებაა:

მეწარმეობა არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკური იდეების რეალიზებისთვის ხელსაყრელი პირობების დანახვას და მათზე დროულად რეაგირებას. მეწარმე არ არის მენეჯერის იდენტური ცნება“.

წიგნიერების უნარებზე მუშაობა მეწარმეობისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარებას დავუკავშირე. ამ ჭრილში პროექტის მიზნების განხილვამ მოსწავლეების მოლოდინს ხიბლი შემატა.

წინა დღეს დავამზადეთ აფიშები. გაკვეთილის დაგეგმვაში „კითხვის ეფექტური მეთოდების“ ვიდეოჩანაწერები დამეხმარა, კერძოდ, „აფიშის/წიგნის ყდის/ წიგნის დამზადება“.

აფიშები გამოვაკარით სკოლის შესასვლელში, დერეფანში, სამასწავლებლოში, ბაღისა და უბნის ბიბლიოთეკის კარებზე, რამაც მთელი დასახლების ყურადღება მიიპყრო.

ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-გაყიდვა სკოლის სტადიონზე დავგეგმეთ, თუმცა წვიმის გამო საკლასო ოთახში გადანაცვლება მოგვიხდა.

სტუმრებისთვის შინ გამომცხვარი ორცხობილები მოვიმარაგეთ.

თითოეულ მერხთან სამი-ოთხი მოსწავლე იდგა. თითოეულ ჯგუფს ფულის აღებასა და ხურდის გაცემაში ერთი მშობელი ეხმარებოდა. ჩემი მეგობარი მასწავლებლის, ხათუნა რაზმაძის, რჩევით, ფულისთვის დავამზადეთ პატარა კოლოფები და დამხმარე მშობლებს „არგონავტები“ ვუწოდეთ.

ღონისძიება რომ გაჭიანურებულიყო და ბავშვები არ გადაღლილიყვნენ, თითოეულმა მოსწავლემ აუდიტორიას საკუთარი თავი გააცნო, ხელნაკეთი წიგნის სათაური და პირველი წინაადადება წაუკითხა, რომ მსმენელის ინტერესი გაეღვივებინა.

მოულოდნელად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და საბავშვო წიგნების ავტორი გიორგი ჭაუჭიძე გვესტუმრა. ჩემთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის გიორგის მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და სკოლის სახელით მადლობას ვუხდი მას.

ხელნაკეთ წიგნებთან ერთად გასაყიდად ილუსტრაციები, კედლის გაზეთები და ღია საფოსტო ბარათები მოვამზადეთ.

წიგნების სათაურები მრავალფეროვანი იყო: „გვრიტების დაბადების დღე“, „შეყვარებული თხები“, „საწყალი გნოლი“, „გაბრაზებული საცოდავი ირმები“, „გულნატკენი ჩხიკვები“, „შაშვების კარგი გუნდი“, „ერთი პეპელა“…

არანაკლებ საინტერესო იყო წიგნის გარეკანზე დატანილი „გამომცემლობების“ სახელები: „დალი მასწავლებლის კლასი“, „ჩემი სახლი“, „ნახატა“, „ქათქათა ოჯახი“, „გვირილების სახლი“, „ცომის გუნდა“…

გვესტუმრნენ დედები, მამები, და-ძმები, ბებიები, უფროსკლასელები… ყველაზე სახალისო ეტაპი ხელნაკეთი რესურსების გაყიდვა აღმოჩნდა. სტუმრებისა და ოჯახის წევრების დახმარებით „არგონავტმა“ მშობლებმა 399 ლარი და 50 თეთრი დაითვალეს. ჩემმა მეგობარმა მასწავლებელმა, ნათია ფურცელაძემ, თავისი გოგონებისთვის დისტანციურად შეიძინა ღია საფოსტო ბარათები და ილუსტრაციები.

ერთი კვირის შემდეგ ჩრდილების თეატრს ვესტუმრეთ. გვითხრეს, რომ გარეუბნიდან პირველი სკოლა ვიყავით. წარმოდგენის შემდეგ მეჩრდილე მსახიობებმა მოსწავლეები სარეპეტიციოში შეიყვანეს, თითოეულს საგულდაგულოდ უხსნიდნენ თითებით სხვადასხვა ცხოველის გამოსახვის წესებს. უფროსები ვუყურებდით, როგორ მოძრაობდნენ ბავშვების პატარა ხელები და მათ ამაღლებულ განწყობას ვიზიარებდით.

„ბუდრუგანა გაგრას“ ფეისბუკგვერდზე ჩვენი სტუმრობის ამსახველი ფოტოები ატვირთეს, რომლის აღწერა შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: „საკუთარი შრომით…“

ბავშვებისთვის საკუთარი შრომით თეატრში სტუმრობა ნამდვილად შთამბეჭდავი და დაუვიწყარი აღმოჩნდა. მათ დაინახეს, სასწავლო პროცესში აქტიურობას, მოსმენას, საშინაო დავალებების შესრულებას როგორი შედეგი შეძლება მოჰყვეს; რომ მშობლებისა და კლასის დამრიგებლის, დალი მასწავლებლის, მხარდაჭერის გარეშე მსგავსი ღონისძიების გამართვა შეუძლებელი იქნებოდა; როგორ მოვიდნენ მანდატურები, რათა საღამოს საათებში ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეზრუნათ; როგორ შეცვალა დათო მასწავლებელმა ნათურები საკლასო ოთახში; როგორ არ შეუშინდა თავსხმა წვიმას გიორგი მასწავლებელი და რა საგულდაგულოდ ყიდულობდა ხელნაკეთ წიგნებს თითოეულ ჯგუფთან; როგორ გვესტუმრნენ უფროსკლასელები; როგორ დაეძებდნენ ბებიები დიდ ფურცელს, რომელზეც შთაბეჭდილებების დაწერა ვთხოვეთ; როგორ ასწავლიდნენ მსახიობები ჩრდილების გამოსახვას; როგორ უღებდა თითოეულ მათგანს ფოტოგრაფი სურათს; როგორ შეაფასეს ჩვენი კლასის თეატრში სტუმრობა… და ამგვარი ამბების ჯაჭვი უწყვეტია. დარწმუნებული ვარ, ის ბევრი ახალი რგოლით შეივსება და ჩვენი ბავშვები კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან.

ჩვენ მიერ შესწავლილი ტექსტებიდან საბრალო დედაბერს ზეციური და მიწიერი სამყარო ეხმარება, წიქარა – ბიჭუნას, კოპალა – ადამიანებს. ამ სამი ტექსტის მთავარი სათქმელი დახმარება, სირთულეების დაძლევა და საყოველთაო სიხარულში მონაწილეობაა. საბოლოოდ, ჩვენი ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-გაყიდვის მთავარი მიზანიც ეს აღმოჩნდა – ურთიერთდახმარება და სწავლა-სწავლებით მოგვრილი სიხარულის გაზიარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი