პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რატომ შეუყვარდა მზეს პატარა დინოზავრი

თამარ გეგეშიძის ,,სული-ჩიტის” მიხედვით

 როგორც ერთი ჩემი ახლობელი წერდა სულ ახლახან: ,,ზრდასრულები, ,,ყოვლისმცოდნეები” რომ გავხდით, დავკარგეთ ყველაზე ძვირფასი – ჩვენი „შინაგანი ბავშვი“, ჩვენი ნამდვილი არსი, ჩვენი უნიკალურობა. გავხდით, როგორც ყველანი, დავიკარგეთ, დავივიწყეთ ბავშვობის სურვილები და ოცნებები”. ამიტომ გვიჭირს უფროსებს ბავშვების გაგება, რადგან იმ საკრალური ,,ცოდნისგან”, მათ რომ აქვთ, ჩვენ უკვე განვიძარცვეთ. ამიტომ ძალიან რთულია, წერო ბავშვებისთვის, რადგან ამისთვის ის მარტივი გენიალურობაა საჭირო, ადვილად განსახორციელებელი რომ გვგონია თავისი ფორმის გამო, მაგრამ უძნელესი ამ თემის სიღრმისეულად და ბუნებრივად გადმოცემის თვალსაზრისით.

ბავშვობა შეიძლება მივიჩნიოთ ,,თამაშად ჭვავის ყანაში”, რომელიც ცხოვრებად უნდა იქცეს, _ ,,არადა სულ ცოტა ხნის წინ საწოლში ვთამაშობდი, ვითომ მცურავი ვიყავი და გათენებამდე აღელვებული ზღვა უნდა გადამეცურა. ჩემი ცისფერი საბანი ყველაზე დიდი ტალღა იყო, ბოლოში კი _ მაშველი რგოლი” (8). სამყაროზე დაკვირვებაცაა ბავშვობა, დიდი და გაფართოებული თვალებით. სწორედ ასეთი ,,ბავშვი-დამკვირვებლის” მონათხრობია ,,სული-ჩიტი”, რომელიც დღიურის ფორმითაა თითქოს, თხრობაში ,,ჩუმად” შემოჭრილი სპონტანურობითა და ბიჭური, სხარტი იუმორით. ლუკა, მთავარი გმირი, 11 წლისაა და სკოლაა ის გარემო, რომელიც მას ქმნის, ძერწავს. ეს სწავლა-სწავლებას გულისხმობს და ეს პროცესი შექცევითია: სწავლობს თუ ასწავლის მოსწავლეცა და მასწავლებელიც. ეს ყველაზე კარგად მოეხსენება ავტორს, წარმატებულ მასწავლებელს, თამარ გეგეშიძეს, რომლის მიერ მოზარდებისთვის შექმნილი ეს გამორჩეული თანამედროვე წიგნი მისთვის სადებიუტო რომანია. ბავშვის მეგზური ამ გარემოში მასწავლებელია, რომელიც მომაბეზრებელ, საშიშ ჯადოქრადაც შეიძლება იქცეს და კეთილ ფერიადაც ბავშვური სულის მეტამორფოზების თვალსაზრისით, რომელშიც ჯერ შეყვარება-არშეყვარებაა მნიშვნელოვანი, შემდეგ ცოდნის მიღება და სულ ბოლოს ამ ცოდნის სულისმიერ გამოცდილებად  ანუ განათლებად გადაქცევა.

ბავშვის აქვს ასაკობრივი, შეუმცდარი ალღო, რომელსაც ვერ მოატყუებ, მიყვარხარო, თუ გულწრფელი არ ხარ. ჯერ ამას ხედავს პატარა ადამიანი და მერე უკვე პროფესიონალიზმს, ურომლისოდაც ეს გულწრფელობა პატივისცემამდე ვერ ააღწევს, სრულყოფილ, ნაყოფიერ ურთიერთობად ვერ ჩამოყალიბდება. სკოლაში არიან მასწავლებლები, რომლებიც არ უყვართ, მათი ეშინიათ. ასეთია მასწავლებელი დრამერი. მის გაკვეთილებზე დისციპლინა სანიმუშოა, მაგრამ მოსწავლეებს ეშინიათ, ის არ გახდეს მათი დამრიგებელი (,,_ დავალება! _ მაინც რანაირი ხმა აქვს ქალბატონ დრამერს, ტვინში სიგნალად მერთვება”). ეს დრამერი, მასწავლებელი-მანქანა, რომელსაც ბავშვები თავისიანად არ თვლიან, მართლაც, დრამაა სასკოლო ცხოვრებისთვის. მაგრამ აქვეა მარიკა მასწავლებელიც და ლუკამ ,,ზუსტად იცის, რა ეტევა მარიკა მასწავლებლის დიდ, ლურჯ ჩანთაში. ეს მასწავლებელი კი ნამდვილად უყვარს” (10), მეტიც, უყვარს მისი ჩქარი ლაპარაკი, შერჩეული წიგნები, მისი მოფიქრებული ლიტერატურული თამაში და ჩანთაც კი. მასწავლებელი, რომელიც სულმოუთქმელად ელოდება საკუთარ თავზე მოსწავლეების აზრს, მასწავლებელი, რომელმაც იცის: ,,არაფერი რომ არ ხდება? ესეც ფერია!” მასწავლებელი-მეგობარი და არა მენტორი. არაა გასაკვირი, რომ ასე ახლობელი სწორედ ქართული ლიტერატურის მასწავლებელია, ის ხომ მოძღვარივითაა ქართულ სინამდვილეში, ბევრად მეტი, ვიდრე პედაგოგი. სწორედ იგია ბავშვის ფაქიზი სულიერების ორიენტირი სამყაროს ყალბ თუ ნაღდ ღირებულებათა დამაბნეველ სიჭრელეში, თავბრუდამხვევ ქაოსში.

სიუჟეტი ბუნებრივად ვითარდება და ლუკას გარდა, რომლის დილემა ხანდახან ასე ჟღერს _ I am a table! _ ჩვენ ვეცნობით დათის, ლუკას 4 წლის ძმას, რომელიც ლუკაზე გიჟდება; ვატოს, ძველრემონტიან სახლში რომ ცხოვრობს, იმიტომ, რომ ღარიბია, რომელიც ვაფლს აღარ ჭამს და ფულს აგროვებს, ტრაპიზონში ან ბაქოში რომ იმოგზაუროს (,,მე იმაზე მეფიქრება, რომ ვატო ერთი წელი ვერ შეჭამს ვაფლს…”), გაკვეთილზე ზის, მაგრამ ,,სხვაგანაა” (,,ვატო, დაგვიბრუნდი!”); თემოსა და აჩის, ორ ონავარ ბიჭს, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და მათი მერხის ქვეშ ყველაფრის დათვალიერებას ერთი დღე მოუნდება; ღვინოს (ასე შეარქვეს), ვიკინგის თმებით, რომელიც მართალია ახალი გადმოსულია კლასში, მაგრამ თავისი საზღვარგარეთული თავგადასავლებით უკვე მოასწრო თანაკლასელი გოგონების ყურადღების დაპყრობა და ბიჭური შუღლიც გააღვივა.

რატომღაც გვგონია, რომ ბავშვებს არ უჭირთ ურთიერთობები ისე, როგორც უფროსებს თავიანთი უშუალობის გამო, რომ ისინი შედარებით მარტივად აღიქვამენ სამყაროს, არც მარტოობა აწუხებთ და ა.შ. ეს ზედაპირული შთაბეჭდილებაა და ყოველმა მასწავლებელმა, რომელიც სასურველია, კარგი ფსიქოლოგიც იყოს, იცის, რომ არის სიმები მოზარდების სულის სიღრმეში, რომელთა შერხევა ძალიან მტკივნეულია. ლუკასაც უდგება ისეთი პერიოდი, როცა მისი გაგება ყველას უჭირს, პატარა დათის გარდა (,,ლუი, მე არ გიბრაზდები!”). მარიკა მასწავლებელიც, ,,გულთმისანივით”, კლასს მიაწერინებს წერილს ერთ-ერთ ლიტერატურულ პერსონაჟისადმი. ლუკაც დაწერს ამ წერილის ორ ვარიანტს: ერთს თავისთვის, მეორეს _ საჩვენებლად, მშრალსა და მოვალეობის მოსახდელს. ამონარიდი წერილიდან ავგუსტისადმი ასე გამოიყურება: ,,წერილის დასაწერად უამრავი მიზეზი არსებობს: ა) პრობლემები თავზე საყრელად მაქვს; ბ) ბევრი რამის შეცვლა მინდა; გ) ავგუსტუსის გარდა ალბათ ისედაც არავის ვაინტერესებ…რომ არსებობდე, სიამოვნებით დაგიმეგობრდებოდი…მგონი, ძალიან მჭირდები!” (62). მარიკა მასწავლებელთან აღმოჩნდება არა ,,საპარადო”, არამედ სწორედ ინკოგნიტო ვარიანტი და შედეგიც არ დააყოვნებს: ,,უბრალოდ, თუ გადაწყვეტ, რომ გჭირდება ადამიანი, რომელსაც რაიმე საკითხთან დაკავშირებით საკუთარ აზრს გაუზიარებ, იცოდე, ეს ადამიანი სიამოვნებით ვიქნები”. ლუკა გაოცებულია და მისი უხერხულობის გასაფანტავად მასწავლებელი მიანიშნებს, რომ თვითონაც ჩვეულებრივი ადამიანია, აზრის, ტკივილისა თუ განცდის მოზიარის მაძებარი. ამიერიდან ლუკამ უკვე იცის, რომ ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი ხარ, მაშინაც კი, როცა გგონია, რომ ისინი არ არიან.

მოკლედ, ყოველი პროფესია არის, უპირველესად, ადამიანობა და შემდეგ უკვე პროფესიონალიზმი. ამ ორივეს მასწავლებელში გაერთიანება კი ასეთ სიყვარულს იწვევს: ,,თქვენ გარეშე ისედაც ყველაფერი მოსაწყენია! (თეკლა); ,,თქვენს გაკვეთილზე დრო ისე გადის, ვერ ვგრძნობ და მაინც მინდა, არ დასრულდეს ხოლმე” (ნინო); ,,ყოველთვის მამხნევებთ და ყველაფერს მიმსუბუქებთ” (თაკო); ,,შეგიძლიათ, ნებისმიერი მოსწავლე გაახაროთ” (ვატო); ,,თქვენ მსოფლიოში ყველაზე კარგი მესაიდუმლე მასწავლებელი ხართ. კიდევ კეთილი, სამართლიანი, მეგობრული. ადრე მეგონა მასწავლებლისა და მოსწავლის მეგობრობა შეუძლებელი იყო, მაგრამ ახლა ასე აღარ ვფიქრობ!” (ლუკა). მე, ამ ლიტერატურული წერილის ავტორს, მაქვს მასწავლებლობის გამოცდილება, მყავს მოსწავლე-მეგობრები და ვიცი, სამყაროში დიდად არაფერი იცვლება _ თუ ჩემს დროს მასწავლებლის ჭამა გვაოცებდა, ლუკას მარიკა მასწავლებლის ველოსიპედზე ჯდომა აოცებს. მთავარია, რომ ენაა უცვლელი, ბავშვისა და მასწავლებლის კომუნიკაციისა _ სიყვარული და, აქედან გამომდინარე, ნდობა, გზა ერთმანეთის სულებისაკენ. ამ ნაწარმოებში ბავშვები თამაშობენ ასეთ თამაშს _ დაწვებიან მიწაზე, აჰყურებენ ცას და ირჩევენ ,,საკუთარ” ჩიტს, რომელშიც თითქოს მათი სულია. ამას რომ ვკითხულობდი, ასეთი რამ დაემთხვა: გავდივარ სადარბაზოში, კარებთან მყოფი ყვავილების მოსარწყავად. ავხედე _ ორი პატარა მერცხალია ჩვენი კარის თავზე, შეყუჟულან და შემომყურებენ, როგორც შინაურს, არ მიფრინავენ. მიგრძნია, ჩიტივით მსუბუქი და ღირსეული როდის ხდება ჩემი სული. და ვფიქრობ: ის მერცხლებიც, კარის თავზე, ჩემი და დედაჩემის სულების იდეალური ანუ უხინჯო განსხეულებები ხომ არ არიან?…

პატარა დათიმ წნევის წამლები დალია. ლუკასა და დათის მამა საზღვარგარეთ აპირებს წასვლას და მათ განშორება ელით. დედა ანერვიულებულია, _ ,,კიდევ ბევრი რამ ითქვა, მაგრამ ჩვენ, მე, დედა და მამა, აღარავის ვუსმენდით, მარტო ერთმანეთის გულისცემა გვესმოდა” (139) _ სწორედ ეს გულისცემაა, ადამიანებს რომ აკავშირებს,  რაც არ უნდა ბევრი რამ აშორებდეთ მათ: მანძილი, შეხედულებები, წყენა თუ სიამაყე…

სკოლა ჩვენი ცხოვრების ადამიანების სამყოფელიცაა, რომლებთანაც ყველაზე მყარი და ნაღდი რამ გვაკავშირებს _ ბავშვობა. ,,ყოველთვის ასე მემართება, როცა სკოლა მთავრდება. ვიცი, რომ სამ თვეში ყველაფერი ხელახლა დაიწყება, მეგობრებს ისევ ვნახავ, მასწავლებლებსაც მოვუსმენ თუ არ მოვუსმენ, მაგრამ რაღაცაზე მაინც მწყდება გული. ეს რაღაცა ბავშვობააო, მითხრა თათამ, მაგრამ არ დავიჯერე. ბავშვობაზე გული როგორ დამწყდება, როცა ისევ ბავშვი ვარ?” (153) _ იქნებ ეს გარდასულობის სევდაა? ბავშვობა ხომ გარდასულშიცაა და მომავალშიც: როცა ,,სული ივსება თოვლით და შენ ბერდები”, ხშირად გაგექცევა წარსულისკენ თვალი. ,,იქ” პატარა ხარ, კრიალაა ცა და სულის გამათბობელია მზე, ყველა ახლობელი შენთანაა, ბევრი სიყვარულია, ზრუნვაც და უზრუნველობაც, უამრავი ოცნება და სულ ცოტა იმედგაცრუება. იქიდან ცხოვრების უდაბნო ისეთი სასტიკი არ ჩანს და ბევრი სიტკბოა… და ასე საზრდოობ წარსულით სიბერეში. თუმცა ხვდები, რომ ეს ოაზისი წინაც შემოგხვდება, სიცოცხლეში ჯერ გაურკვეველი მომავლიდანაც შემოგღიმილებს შენი ბავშვობა…იქნებ ლუკას წუხილი ბავშვობის ნებისმიერ ასაკში თანამყოფობის სურვილი თუ აუცილებლობაა, რომ არ დაგვავიწყდეს _ ,,რატომ შეუყვარდა მზეს პატარა დინოზავრი” მაშინ, როცა ,,ყველა ცუდი ამბავი სადღაც გაქრა და თითქოს ისევ სული-ჩიტი გავხდი”…

 

ციტატები თამარ გეგეშიძის წიგნიდან ,,სული-ჩიტი”, გამომცემლობა ,,ინტელექტი”,2018

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი