პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ერთი გაკვეთილის ამბავი

გაკვეთილებისთვის მზადება ჩემს ყოველდღიურობას ფონად გასდევს. მაღაზიაში მივდივარ, ჭურჭელს ვრეცხავ თუ გოგონას ბაღიდან გამოსაყვანად მივიჩქარი – ფიქრები სლაიდებივით იშლებიან გონებაში და ცალკე ფოლდერებად ლაგდებიან. მგონია, რომ მუდმივი ფიქრისთვის შთაგონება ჯილდოდ მოდის და ამგვარი წამები გაელვებას ჰგავს. იდეებს მადლიერებით ვიღებ და ოთხი კლასისთვის განკუთვნილ „ფოლდერებში“ ვათავსებ. მერე ეს ყველაფერი პროექტების სახით გარკვეულ მიმართულებას იღებს. ცხადია, გამოცდილება, სასწავლო მიზნების გაცნობიერება და მეთოდების ცოდნა სწავლებას ამარტივებს. ჩემ მიერ აღწერილი პროცესი ზოგჯერ ელვისებურ სახეს იღებს, მაგალითად, როცა კლასიდან კლასისკენ მივქრი. დღესაც ასე იყო და მსურს, ერთი გაკვეთილის ამბავს მოგიყვეთ.

შინ დაბრუნებული, ბავშვების ნაწერებს რომ ვკითხულობდი, ვფიქრობდი, რომ სწავლება შემოქმედებითი პროცესია და ზოგჯერ გეგმები საპნის ბუშტივით სკდება.

პირველი გაკვეთილი მეშვიდე კლასთან მქონდა. წაიკითხე ჩემი წიგნი – ამ მეთოდით ბავშვები ერთმანეთისთვის დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონს“ კითხულობენ, ფურცლებში წარწერებიან ბარათებს ტოვებენ და ქართულის გაკვეთილზე წიგნებს ცვლიან – ერთმანეთის წიგნებში მთავარი პერსონაჟის მსგავსად მოგზაურობენ. წიგნის გავლენით წერითი დავალების ინსტრუქცია ამგვარი იყო: წარმოიდგინე, რომ ერთ დღეს უცხო ქალაქში გაიღვიძე. აღწერე იქ გატარებული ერთი დღე. ზოგ გაკვეთილს დავალებების კითხვას ვუთმობთ, ზოგჯერ კი მათი რვეულები შინ მიმაქვს და განმავითარებელ კომენტარებს ვუწერ. ამ დღესაც ასე გადავწყვიტე, გაკვეთილის ბოლოს რვეულებს ხელი მოვხვიე და მესამე კლასისკენ გავიქეცი. სკოლაში დრო აჩქარებულია – 30 წუთი გაკვეთილისთვის გვაქვს, 5 – შესვენებისთვის, რომელიც უსწრაფესად გადის. შესვენებაზე სანამ ჩემს ნივთებს თავს ვუყრი, ბავშვები კითხვებს მისვამენ, ამბებს მიზიარებენ, დღიურებს მიკითხავენ, ნახატებს მაჩვენებენ… ეს ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი წუთებია. განსაკუთრებით რთულია, როცა ერთი სართულის მარჯვენა ფლიგელიდან სხვა სართულზე ან მოპირდაპირე ფლიგელის ბოლო საკლასო ოთახისკენ მივრბივარ. ვიწრო დერეფანში თავი მარათონელი მგონია – თან არგუსივით ას თვალს ვიბამ, საკლასო ოთახის უეცრად გაღებულ კარს რომ არ შევასკდე.

ამ დილას, სანამ ერთი კლასიდან მეორისკენ მივქროდი, ბოლო ზარისთვის გამოწყობილი მეთორმეტეკლასელები მხვდებოდნენ და სკოლის დღეების მნიშვნელობაზე ვფიქრობდი – როგორი საჭიროა დამღლელი რუტინისგან გამიჯვნა და იმის გააზრება, რომ სკოლის ყოველი დღე მიდის, ქრება და რომ ეს დრო არასდროს დაბრუნდება.

მესამე კლასში არჩილ სულაკაურის „ცისფერ ირემს“ ვკითხულობთ. იმ თავზე უნდა გვესაუბრა, როცა პიპა მოხეტიალე მუსიკოს ოლილეს გაიცნობს. წიგნები, რვეულები და ჩანთა მასწავლებლის მაგიდაზე დავაწყვე და ფუტკრის სკასავით აფუთფუთებული კლასის დამშვიდებას დაველოდე. მეშვიდეკლასელების რვეულებმა ჩემი ყურადღება მიიქცია – ძალიან უყვართ თემების წერა და ვფიქრობდი, ნეტავ, რა დამხვდება-მეთქი. სწორედ მაშინ დამებადა ახალი იდეა – მესამეკლასელებისთვის უფროსკლასელების რვეულები მეჩვენებინა. როლური მოდელი გახდა გაკვეთილის მთავარი მიზანი. ჩემი დაკვირვებით, სხვის პირად მაგალითს დიდი გავლენა აქვს ბავშვებზე.

– გინდათ, მეშვიდეკლასელის საშინაო დავალების რვეული გაჩვენოთ? – ვიკითხე და ბავშვებმა თანხმობის ნიშნად შეძახილებით წამახალისეს.

თეკლას რვეული შევარჩიეთ, რადგან მათი კლასელის დაა და კარგად იცნობენ, ამასთანავე, თეკლა ხშირად ლიტერატურული კაფეს წარმართვაში გვეხმარება. ერთმა მშობელმა ისიც კი მითხრა, როდესაც ჩემი გოგონა თეკლას ხვდება სკოლაში, ის დღე დღესასწაულად მისთვის იქცევა ხოლმეო.

თეკლას რვეული მოვძებნე და თვალიერება დავიწყეთ. ილუსტრაციებსა და ნაწერებს შორის ჩემი განმავითარებელი კომენტარები ადვილად ამოიცნეს.

თეკლას თემისთვის „ხელუხლებელი მონები“ დაურქმევია. ორფურცლიანი ნაშრომის დანახვისას მესამეკლასელები აღფრთოვანდნენ, რამდენი დაუწერიაო.

თეკლას ინსტრუქციის საპასუხოდ მოუფიქრებია მოთხრობა (იხ. სკოლის ბლოგი), რომლის მთავარი პერსონაჟი თავად არის. ერთ დილას სხვაგან გაეღვიძება – „თითქოს რვეულის ფურცლებზე ვიყავი და მე თვითონ ვქმნიდი ჩემს თავგადასავალს“. უცნაურ ქალაქში მოხვედრილი წელში მოხრილ, პირღია, ფერდაკარგულ ადამიანებს აღმოაჩენს. ქალაქის კარიბჭეს აწერია: „ხელუხლებელი მონები“. პერსონაჟი თეკლა ერთ ბიჭს სახეში შემოულაწუნებს და გამოაფხიზლებს. ბიჭის ბაბუა გამომგონებელი ყოფილა და მის ავტოფარეხში მოწყობილობა „სახეში გამლაწუნებელს“ მოძებნიან. ასე გამოაღვიძებენ დამონებულ ადამიანებს, ხოლო კიდევ ერთი ხელსაწყოთი სახელად „სითეთრის შემწოვით“ მოქალაქეებს ფერსაც დაუბრუნებენ.

ბავშვები სულგანაბულები მისმენდნენ, მე კი ის მიხაროდა, რომ თეკლას მოთხრობა დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონის“ შთაგონებით დაუწერია (პარალელური სამყარო, რვეულის ფურცლებში მოგზაურობა).

წელში მოხრილი, პირდაღებული ადამიანები უკეთ რომ წარმოედგინათ, განვასახიერე და ბავშვების სიცილმა მინისპექტაკლისკენ მიბიძგა.

კლასის ყველა ბიჭი დაფასთან გამოვიყვანე და დამონებული ადამიანების როლის შესრულება ვთხოვე. თავი გადააგდეს, პირი დააღეს და გაშეშდნენ. მე თეკლას როლი მოვირგე და მესამეკლასელი გაბრიელი გამოვაფხიზლე, გოგოები კი სილის გამლაწუნებელ ხელსაწყოდ გარდაისახნენ, მწკრივში ჩადგნენ და რობოტის ტონით გაიძახოდნენ: „ჩვენ ვართ სილის გამლაწუნებლები!“ – ასე, სათითაოდ გამოაფხიზლეს მონებად ქცეული ბიჭები და დროული ჩარევა გახდა საჭირო, რომ როლში შეჭრილებს ერთმანეთის ცემა არ დაეწყოთ.

მერე წერითი აქტივობა შევთავაზე – ფერადი ბარათები დავურიგე და თეკლასთვის წერილის მიწერა ვთხოვე.

მიმართვაზე რომ ვფიქრობდით, ლუკამ თქვა, მე, „ჩემო მწიგნობარო თეკლა“, ასე მივწერო. ბავშვების წერილები (იხ. სკოლის ბლოგი) თეკლას ქართულის რვეულში შევინახე და საშინაო დავალებაზე დავფიქრდი. ამ დროს ნატამ მთხოვა, ჩვენც მეშვიდეკლასელების დავალება მოგვეცითო. ინსტრუქციას დაფაზე რომ ვწერდი, დაჩიმ ახალი პუნქტი დაამატა, ილუსტრაციასაც დავხატავთო.

სკოლიდან დაბრუნებული თეკლა თვალებგაბრწყინებული კითხულობდა ფერად ბარათზე დატოვებულ შთაბეჭდილებებს. მესამეკლასელებს საპასუხო წერილი (იხ. სკოლის ბლოგი) მისწერა და ბავშვებს შესთავაზა, თქვენს საშინაო დავალებებს წავიკითხავ და კომენტარებს დაგიწერთო.

თეკლას საკლასო ოთახი ზუსტად მესამე კლასის თავზეა, ამიტომ წერილს თოკზე გამოაბამს და მეორე სართულზე ჩამოგვიშვებს.

როლური მოდელი, შემოქმედებითი მიდგომა, ბავშვების აზრის გათვალისწინება, აქტივობების მონაცვლეობა და მინისპექტაკლი – ამ ყველაფერმა ერთი დაუვიწყარი გაკვეთილი შექმნა. მჯერა, რომ უფროსკლასელების საშინაო დავალებებისადმი დამოკიდებულება უმცროსკლასელების მოტივაციას აამაღლებს. ამ გაკვეთილმა კიდევ უფრო მკაფიოდ დამანახა, რაოდენ დიდია პირადი მაგალითის გავლენა და როგორ შეიძლება, მოსწავლის ერთი დავალება სასწავლო რესურსად იქცეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი