პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დილემებით სწავლება

მასწავლებლის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა შეუქმნათ მოსწავლეებს სასიამოვნო ატმოსფერო გაკვეთილზე და მივცეთ თავისუფლება, დავეხმაროთ მათ გახდნენ ავტონომიურები და საკუთარი სასწავლო პროცესის მართვა თავად შეძლონ.

სასწავლო პროცესის დამოუკიდებლად მართვის სწავლა შესაძლებელია სწორად დაგეგმილი აქტივობების საფუძველზე.  მოსწავლე ყოველდღიურად იფართოებს  ცოდნასა და გამოცდილებას და საკუთარ შესაძლებლობებს დამოუკიდებლად გამოცდის.  ბავშვი ძალიან ცოდნისმოყვარეა  და ყველა სიახლისადმი დიდი ინტერესს იჩენს. ამიტომ, მასწავლებელი უნდა შეეცადოს, საგაკვეთილო პროცესი იმდენად საინტერესოდ წარმართოს, რომ მოსწავლეს სურვილი გაუჩნდეს, თავად მოიძიოს ეს სიახლეები და უფრო მეტი აღმოაჩინოს.

დღეს მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი – დილემებით სწავლება.  დილემა ბერძნული სიტყვაა და იძულებით მდგომარეობას ნიშნავს.  იგი გულისხმობს ორ ერთმანეთისაგან გამომრიცხავ დებულებას, რომელთაგანაც ერთ-ერთის არჩევა აუცილებელია. დილემის შინაარსის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მისი შეტანა შესაძლებელია როგორც ცალკე საგნის, ასევე ინტეგრირებულ გაკვეთილზე. დილემა უნდა უკავშირდებოდეს შესასწავლ საკითხს და იმ აქტუალურ თემას, რომელიც მოსწავლისათვის საინტერესოა და საზოგადოებას აღელვებს.

დილემის  სასწავლო პროცესში შეტანა 11 ნაბიჯს მოიცავს, რათა მოსწავლემ საკითხი სრულფასოვნად გააანალიზოს. გიზიარებთ ჩემს პრაქტიკულ მაგალითს.

კლასი: IX

მასწავლებელი: ნათია მეკოკიშვილი

სამიზნე ცნება: ისტორიული მოვლენა/პროცესი

მკვიდრი წარმოდგენები;

შედეგები:    საბაზო საფეხური:  3, 7, 8

1) ყველა ისტორიულ მოვლენას აქვს  მიზეზი / მიზეზები და შედეგი / შედეგები;

2) ისტორიკოსები ხშირად კამათობენ ისტორიული მოვლენების მიზეზებისა და შედეგების შესახებ;

3) ზოგიერთ ისტორიულ მოვლენას ლოკალური, ზოგს კი გლობალური მნიშვნელობა აქვს;

4) ისტორიული ფაქტები და მოვლენები ტიპოლოგიურად შეიძლება დაჯგუფდეს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული ნიშნით.

 

დილემა

ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარებისთანავე საქართველოში რეპრესიები დაიწყო. რეპრესიების ტალღა  საქართველოში 30–იან წლებში განხორციელდა  და უშუალოდ ლავრენტი ბერიას სახელთან არის დაკავშირებული, მან, პირველ რიგში, ძველი ბოლშევიკი რევოლუციონერები მოიშორა თავიდან და მათ ადგილზე ახალი, საკუთრივ თავისი და სტალინის პოლიტიკური კურსის მომხრე კადრები დააწინაურა.

რეპრესიებს ვერ გადაურჩა ქართველი საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი, რომელიც 1921 წლიდანვე აშკარად თუ ალეგორიული შემოქმედებით გამოხატავდა თავის განწყობას რუსეთის ბოლშევიკური  რეჟიმისადმი. ხელოვანი და შემოქმედებითი ადამიანები, რომლებმაც ტოტალიტარიზმთან დაპირისპირება გაბედეს, სასიკვდილო ეშაფოტზე აღმოჩნდნენ. მრავალმა ქართველმა ინტელექტუალმა ციხეებსა და შორეულ გადასახლებაში დალია სული. მართალია, ფიზიკურ განადგურებას გადაურჩნენ, მაგრამ უმძიმეს მორალურ–ფსიქოლოგიურ ატმოსფეროში აღმოჩნდნენ და მრავალი ტანჯვა-წამება გამოიარეს ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა და მწერლებმა: ივანე ჯავახიშვილმა, შალვა ნუცუბიძემ, ვუკოლ ბერიძემ, სიმონ ყაუხჩიშვილმა და სხვებმა.  ამ ადამიანების მთავარი დანაშაული განსხვავებული  აზრის გამოხატვა გახდა.

ამ საკითხის განხილვას ორი მიმართულება გააჩნია. ხელისუფლება რეპრესირებულ  ადამიანებს სახელმწიფოს ინტერესების  და საუკეთესო მომავლის განვითარების ხელშემშლელებად მიიჩნევდა, ხოლო საზოგადოების მეორე ნაწილი თვლიდა, რომ  პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები ამბობდნენ იმას, რასაც ხედავდნენ.

  1. არის თუ არა განსხვავებული აზრის გამოხატვა სახელმწიფო ინტერესებისათვის საშიში?
  2. როგორ უნდა მოიქცეს განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოება, რომ აგრესიის მსხვერპლი არ გახდეს?
  3. რა იცით რეპრესიების შესახებ.
  4. როგორ/რატომ შეიძლება აღმოჩენილიყვნენ მხატვრები, ლიტერატორები, მეცნიერები, მსახიობები და სხვა მრავალი პროფესიის ადამიანები რეპრესირებულთა რიგებში?
  5. რა სარგებლობა ან ზიანი მოაქვს განსხვავებული აზრის გამოხატვას?
  6. რა უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის: ინტელიგენციის კომპრომისი ხელისუფლებასთან თუ პირდაპირი პროტესტი მის მიმართ?
  7. როგორ ფიქრობ, რამდენად ამართლებს ახალი, თუნდაც ბევრად უკეთესი საზოგადოების მშენებლობის იდეა ასეთ რეპრესიებს?
  8. ასეთ სიტუაციაში თავი უნდა შეიკავონ თუ არა აზრის გამოხატვისგან/ქმედებისგან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებმა?
  9. აღნიშნული რეპრესიების განხორციელებით რა მოიგო ხელისუფლებამ? საზოგადოებამ?

აღნიშნული დილემა საგაკვეთილო პროცესში შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკითხის სიღრმისეული ანალიზის ეტაპზე, მაშინ, როდესაც მასწავლებლის მითითებით და დამატებითი კითხვების საშუალებით ფაქტობრივი მასალის დასახელება და ანალიზი განხორციელდება, გაკვეთილის მსვლელობის მეორე ეტაპი დაეთმობა დილემის განხილვას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოსწავლემ მოახდინოს არა მარტო ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაცია, არამედ შეძლოს საკითხის სიღრმისეული ანალიზი და კრიტიკული შეფასება გამყარებული არგუმენტირებული მსჯელობის საშუალებით.

N ნაბიჯი შინაარსი სწავლების სოციალური ფორმა გაკვეთილი
1.

 

დილემის შეტანა
რომელი ღირებულებები დგას დისკუსიის ცენტრში?
კლასი ღირებულებითი განათლება
2.

 

პირველი გადაწყვეტილება რომელი მოსწავლე ეთანხმება და რომელი არ ეთანხმება დილემის გამომრიცხავ დებულებებს? კლასი ღირებულებითი განათლება
3.

 

პირველი არგუმენტირება რომელი მოსწავლეა წინააღმდეგი ან მომხრე ამა თუ იმ გადაწყვეტილების? რომელი არგუმენტების მოყვანა შეუძლია მას საკუთარი აზრის დასაცავად? ჯგუფი ღირებულებითი განათლება
4.

 

გამოცდილების გაზიარება და არსებული ინფორმაციის ახლით შევსებისათვის მზადება როგორ შეუძლია მოსწავლეს საკუთარი არგუმენტების გამყარება?

o რომელი კითხვები რჩება პასუხგაუცემელი?

 

კლასი ღირებულებითი განათლება
5.

 

ინფორმაციის მოძიება მოსწავლეების მიერ რომელი ინფორმაციის/ინფორმაციების მოძიებაა საჭირო საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად? კლასი ცოდნის შეძენა
6. ინფორმაციის გაცვლა ერთმანეთს შორის როგორია მიღებული შედეგები და საკმარისია თუ არა მოძიებული ინფორმაცია? კლასი ცოდნის შეძენა
7.

 

მეორადი არგუმენტირება დილემის შესახებ რატომ არის მოსწავლე წინააღმდეგი და რატომ არ ეთანხმება წარმოდგენილ მოსაზრებას? ჯგუფი ღირებულებითი განათლება
8.

 

ინფორმაციის სინთეზი (დისკუსია დილემის შესახებ)

(შდრ. მე-4 ნაბიჯს)

რომელი არგუმენტები ეყრდნობა მიღებულ ახალ ცოდნას? კლასი ღირებულებითი განათლება
9.

 

საჭიროების შემთხვევაში მე-4-დან მე-8 ნაბიჯების გამეორება დარჩა თუ არა დილემასთან დაკავშირებული კითხვები პასუხგაუცემელი? ჯგუფი/

კლასი

ღირებულებითი განათლება/

 

10.

 

ბოლო პროდუქტი, სინთეზი (ინფორმაციების შეჯერება) რა შედეგამდე მივიდა კლასი? კლასი
ცოდნის შეძენა
ღირებულებითი განათლება/

ცოდნის შეძენა

11.

 

განზოგადება როგორ განზოგადდება საკითხი და წარიმართება დისკუსიები სხვა თემებზე? კლასი ღირებულებითი განათლება/

ცოდნის შეძენა

 

                                               შეფასება

პედაგოგი:

სწავლა-სწავლების მიზანი/თემა:

დილემა:                                  თარიღი:

თვითდაკვირვების ფურცელი კი ნაწილობრივ არა
მოსწავლეებმა დავალება კარგად გაიგეს
დავალება მათთვის საინტერესო იყო
მოსწავლეები პროცესში აქტიურად ერთვებოდნენ
მოსწავლეებმა თავად მიაკვლიეს პრობლემას და იპოვეს გადაჭრის გზები
მოსწავლეებმა შეიძინეს საკითხთან დაკავშირებული ცოდნა
მოსწავლეებს შეუძლიათ შეაფასონ საკუთარი პროგრესი

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. განვითარებისა და სწავლის თეორიები. ნ. ჯანაშია, ნ. იმედაძე, ს. გორგოძე. 2008. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
  2. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა საბაზო საფეხური 2018–2024.
  3. ე შავერდაშვილი, თ. მოსიაშვილი, ცოდნა და ღირებულებითი  განათლება შესავალი, თბ. 2018
  4. ლ. ჭელაძე, კრიტიკული აზროვნება – თანამედროვე სამყაროს მთავარი საყრდენი. თბ. 2019
  5. მ. გოგოლაძე, ნ. გვარამაძე, განმავითარებელი შეფასება, როგორც მოტივაციის ინსტრუმენტი. თბ. 2020 .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი