პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა გერმანულენოვან სივრცეში

სტატიაში აღვწერთ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას გერმანიაში. მოგეხსენებათ, გერმანია ფედერალური სახელმწიფოა, შესაბამისად, ზოგადი განათლების პოლიტიკის აღსრულება და პრინციპები დელეგირებულია ფედერალური მიწების დონეზე. მსგავს ზოგად საკანონმდებლო საკითხებზე შეთანხმება ფედერალური მიწების წარმომადგენელთა საერთო შეკრებაზე ხდება, ხოლო განხორციელება უკვე სათანადო ორგანოების პრეროგატივაა ლოკალურ დონეზე. ზოგადი რეგულაციების თანახმად, სკოლის გარე და შიდა შეფასება სავალდებულოა. გარე შეფასებას ძირითადად განმავითარებელი ხასიათი აქვს, თუმცა შეიძლება, უფრო მკაცრი რეაგირებაც მოჰყვეს, ვიდრე ადგილობრივი მაკონტროლებელი ორგანოს მიერ.

2017 წელს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ, გარდა ჰესენის ფედერალური მიწისა, ყველა ტერიტორიულ ერთეულს სკოლებისთვის ჰქონდა ონლაინ, შიდასასკოლო შეფასების მზა ინსტრუმენტები. რაც შეეხება რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს, მათი მიღება სკოლას ყველა ფედერალურ მიწაზე შეუძლია. ინსტრუმენტების განვითარების თვალსაზრისით, სკოლების აქტიურ პარტნიორებად მიჩნეული არიან უნივერსიტეტები, რომლებიც განათლების მიმართულებით კვლევებს აწარმოებენ. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ რამდენიმე მაგალითს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიული ოლქების მიხედვით. როგორც აღვნიშნეთ, ზოგადი პრინციპები საერთო შეთანხმების დონეზე გაწერილია, ხოლო მათი იმპლემენტაცია ცალკეული ადმინისტრაციული ორგანოების ფუნქციას წარმოადგენს.

ბავარია – გარე შეფასებისთვის სკოლების არჩევა სამგვარად ხდება: თავად სკოლის მოთხოვნით, შემთხვევითი შერჩევით, მაკონტროლებელი ორგანოს გადაწყვეტილებით. შემფასებლების ჯგუფი შედგება სამი სკოლის დირექტორისა და გარე ექსპერტისგან, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მშობელთა გაერთიანების, ისე ბიზნესსექტორის წარმომადგენელი. წლის განმავლობაში შემფასებლების ჯგუფი დაახლოებით 10 სკოლას აფასებს და თითოეულში 30 საკონტაქტო საათს მაინც ატარებს. ისინი აფასებენ წინასწარ მომზადებულ სასკოლო პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს სკოლის თვითშეფასებას და სხვა დოკუმენტაციას, რაც დამკვირვებლებს წარმოდგენას უქმნის სკოლაში ხარისხის განვითარების შესახებ. წინასწარ მომზადებული შემფასებლები ვიზიტის დროს ატარებენ ინტერვიუებს და ესწრებიან გაკვეთილებს. დეტალურადაა გაწერილი, რა უნდა გაკეთდეს: წლის დასაწყისში შერჩეულ სკოლებთან ვიზიტამდე თორმეტი კვირით ადრე ტარდება გასაუბრება, მათ ეძლევათ ექვსი კვირის ვადა მონაცემების წარდგენისთვის; ვიზიტამდე ორი კვირით ადრე თანხმდება ორგანიზაციული დეტალები. სამი დღის განმავლობაში ექსპერტები იმყოფებიან სკოლაში, ხოლო ვიზიტის შემდეგ ორ დღეში ამზადებენ ანგარიშს. შეფასებისას ითვალისწინებენ 4 დონეს: სკოლის მაღალი დონის საჭიროებებს, ზოგად საჭიროებებს, სკოლის ძლიერ მხარეებს და მკვეთრად გამოხატულ, ძლიერ მახასიათებლებს. სკოლის შეფასების შემდეგ მაკონტროლებელი გასცემს რეკომენდაციებს ინსტიტუციის განვითარებისთვის. დასკვნები კონფიდენციალურია და სკოლის თანხმობის გარეშე არ ქვეყნდება.

ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია – როგორც სხვა ფედერალური მიწებისთვის, რაინ-ვესტფალიის სკოლებისთვისაც სავალდებულოა თვითშეფასების წარმოება. როგორც სკოლები, ისე სკოლის მაკონტროლებელი ორგანოებიც ვალდებულები არიან, იზრუნონ განათლების ხარისხისა და ორგანიზაციული ხარისხის განვითარებაზე. ხარისხის უზრუნველყოფა, ხარისხის განვითარება და ინოვაცია თვითშეფასების პროცესის მთავარი საყრდენია. ამ თემების გააქტიურება დაიწყო 2006 წლიდან, როდესაც სკოლები ვალდებულები გახდნენ, უკვე ფორმალურადაც აესახათ სკოლის განვითარება ხარისხის სისტემაში. 2013-2014 წელს ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ პროცესი ძირითადად ორიენტირებულია ცალკეული სკოლების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ძლიერ მხარეებზე. ხარისხის განვითარების გაანალიზება სკოლებში დაკავშირებულია გაკვეთილის განვითარების პროცესთან.

ბრანდენბურგი – 2005-2006 წლიდან გარე შეფასება ბრანდენბურგის ფედერალურ მიწაზე სკოლებისთვის ნორმატიულ დონეზე დაკანონდა. გარე შეფასების მიზნებია: დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ სკოლის მუშაობის შეფასება, ძლიერი და სუსტი მხარეების ემპირიული ანალიზით სკოლებისთვის ბიძგის მიცემა გაკვეთილისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებისკენ, სკოლასთან ერთობლივი მუშაობა, მონაცემების შეგროვება ფედერალურ მიწაზე ზოგად განათლებასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ. დოკუმენტური მონაცემების ანალიზი, ინტერვიუ და დაკვირვება მონაცემების შეგროვების ცენტრალური ინსტრუმენტებია. შეფასების დროს მოწმდება სწავლა-სწავლების პროცესი, მართვა და სკოლის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სასწავლო შედეგები და მათი გავლენა. ინსპექტირებისა და გარე შეფასების საკითხები (როგორც სხვა ფედერალურ მიწებზე) ევალება სკოლების სამეთვალყურეო ორგანოს, რომელიც სამინისტროსგან დამოუკიდებელი იურიდიული პირია. ანალოგიური სისტემაა ბერლინის ფედერალურ ოლქშიც.

ბადენ-ვიურტემბერგი – ამ ფედერალურ მიწაზე სკოლის ხარისხის განვითარებაზე ერთდროულად რამდენიმე სამსახური მუშაობს: სკოლის ხარისხის განვითარებისა და მასწავლებელთა განათლების ცენტრი, განათლების კვლევების ცენტრი და სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო. ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი (რომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება დოკუმენტურად დასტურდება და აქვთ საზოგადოების მხრივ მაღალი სანდოობა) აანალიზებს სკოლის მიერ გამოგზავნილ დოკუმენტაციას და ახორციელებს ვიზიტებს წინასწარ შერჩეულ დაწესებულებებში. როგორც ბავარიაში, ამ ფედერალურ ოლქშიც აუცილებელია, ექსპერტთა ჯგუფის წევრს ჰქონდეს როგორც სწავლების, ასევე მართვის გამოცდილება. შერჩეული ექსპერტები გადიან, სულ ცოტა, ერთწლიანი მომზადების ციკლს, რომელიც დაკავშირებულია მონაცემების დამუშავებასთან, ანალიზთან, შეფასებასა და ორგანიზაციულ საკითხებთან. შეფასება ძირითადად ორიენტირებულია ხარისხის განვითარებასა და საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესებაზე. როგორც წინა შემთხვევებში, მატერიალური ბაზის შემოწმება ექსპერტთა მოვალეობებში არ შედის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი