სწავლა-სწავლების პროცესში ღირებული იდეები ხშირად სწორედ მაშინ იბადება, როცა გარშემო ყველაფერი დუმდება. ჩვენ, მასწავლებლებს, ამ სიმშვიდეში მოუსვენარი ფიქრები არ გვაძინებს – ის ფიქრები, რომლებიც საბოლოოდ რეალურ, ხელშესახებ შედეგებად იქცევა ხოლმე. ასე დაიწყო ჩემი ამბავიც იმ საღამოს, როცა მეოთხე კლასისთვის, პროექტის „პატარა გამომგონებლები მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში, მდგრადი განვითარების გაკვეთილს ვაგეგმავდი.
ვხვდებოდი, რომ „მდგრადობის“ თემაზე მხოლოდ თეორიული განმარტებებით საუბარი ბავშვებისთვის უინტერესო იქნებოდა. ეს ცნება ხომ იმდენად მასშტაბური და აბსტრაქტულია, რომ მისი „დაჭერა“ და გააზრება მხოლოდ გულითა და ემოციითაა შესაძლებელი. მინდოდა, მათ საკუთარი ხელით ეგრძნოთ ის უხილავი კავშირი, რომელიც ბუნებას, გარემოსა და ადამიანს ერთმანეთთან აერთიანებს. სწორედ აქ გამახსენდა დევიდ კოლბის ექსპერიმენტული სწავლების თეორია (Kolb, 1984) – ცოდნა ხომ მაშინ ხდება შენი ნაწილი, როცა მას თავად განიცდი, გაიაზრებ და პრაქტიკულად გამოსცდი.
მეორე დღეს კლასში შესულს ჩემს მაგიდაზე კანაფის ძაფის გორგალი დამხვდა. ალბათ, ვინმემ გამოიყენა და დააბრუნა, მაგრამ იმ წუთას მისმა უბრალოებამ თითქოს ჩემი მზერა მიიპყრო. დავაკვირდი და მივხვდი: ბუნებაში ხომ ყველაფერი სწორედ ასე – უხილავი ძაფებითაა დაკავშირებული. თუ ერთი რგოლი არ იზრუნებს მეორეზე, ეს კავშირი სუსტდება და სამყაროს ჰარმონიაც ირღვევა. ასე დაიბადა „მდგრადობის წრის“ იდეა.
კლასში მოსწავლეებს ვუთხარი, რომ დღეს ჩვენ დედამიწის საერთო სისტემის ნაწილები ვიქნებოდით. დავურიგე ბარათები: წყალი, მცენარე, ადამიანი, მზე… თითოეული ბავშვი თავისი როლით წრეში დადგა. როცა ძაფის გორგალი ერთმანეთს გადავაწოდეთ – „მე მზის ენერგიას ვაძლევ მცენარეს“, „მე მცენარე ფუტკარს ვაპურებ“, „მე ადამიანი ნიადაგს ვუვლი“ – ოთახში საოცარი ერთიანობის განცდა დატრიალდა. მათ თვალწინ იკვრებოდა ქსელი, რომელიც რეალურად სიცოცხლეს ნიშნავს.
თუმცა, ყველაზე ძლიერი ეფექტი გაკვეთილის მეორე ნაწილმა მოიტანა. როცა ვთხოვე, ძაფისთვის ხელი გაეშვათ იმ შემთხვევაში, თუ რგოლი თავის პასუხისმგებლობას ვერ ასრულებდა, დავინახეთ, როგორ დაიშალა ნელ-ნელა მთელი „მდგრადობის ქსელი“. იმ წუთას ოთახში სიჩუმე ჩამოდგა – ბავშვებმა დაინახეს შედეგი: ერთი ელემენტის დაუდევრობა მთელ სისტემას აზიანებს.
როგორ გარდაიქმნა გამოცდილება ცოდნად (კოლბის მოდელი)
| ეტაპი | პროცესის აღწერა კლასში |
| უშუალო გამოცდილება | კანაფის ძაფით „მდგრადობის ქსელის“ აგება, სადაც თითოეული მოსწავლე ცოცხალი სისტემის ნაწილია. |
| გამოცდილების გააზრება | კავშირების დარღვევის (ძაფის გაშვების) დემონსტრირება და იმის დანახვა, თუ როგორ იშლება სისტემა. |
| დასკვნების ჩამოყალიბება | დისკუსია: მოსწავლეები თავად ხვდებიან, რომ მდგრადობა არის არა უბრალოდ სიტყვა, არამედ ბალანსი და პასუხისმგებლობა. |
| პრაქტიკაში გამოყენება | მიღებული ემოციისა და გააზრების გადატანა ყოველდღიურ ქმედებებში – გარემოზე ზრუნვაში. |
ამ გაკვეთილმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა: არ არის საჭირო რთული რესურსები, როცა გაქვს იდეა და გულწრფელი სურვილი, ბავშვებს სამყაროს მთლიანობა დაანახო. ზოგჯერ ერთი უბრალო ძაფიც საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვმა გააცნობიეროს – ჩვენ ყველანი ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულნი და თითოეულ ჩვენგანს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Kolb, D. A. (1984). Experiential Learning: Experience as the Source of Learning and Development. Englewood Cliffs, NJ: Prentice Hall.
დამატებითი მასალები:


