საზაფხულო კითხვა: როგორ გავიმყაროთ ინგლისური ენის ცოდნა არდადეგების პერიოდში
„მასწავლებელო, ეს ტექსტი ძალიან დიდია…“ – ეს ფრაზა, ალბათ, თითქმის ყველა ინგლისური ენის მასწავლებელს არაერთხელ მოგვისმენია. ერთი შეხედვით, პრობლემა მხოლოდ ტექსტის მოცულობაშია, თუმცა სინამდვილეში ის ბევრად ღრმაა. ციფრულ ეპოქაში, სადაც ყურადღება მუდმივად მოკლე და სწრაფად ცვალებადი ინფორმაციისკენაა მიმართული, მოსწავლეებს ხანგრძლივი კითხვისა და ტექსტზე კონცენტრირების ჩვევა თანდათან უსუსტდებათ. სწორედ ამიტომ, კითხვა უცხო ენის სწავლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და დიდ გამოწვევად იქცა.
ამ პირობებში ბუნებრივად ჩნდება კითხვა
– როგორ დავაბრუნოთ მოსწავლე წიგნთან ისე, რომ კითხვა მისთვის ვალდებულებად კი არა, საინტერესო, აღმოჩენებით სავსე და სასიამოვნო პროცესად იქცეს?
ამ კითხვაზე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი პასუხი სწორედ ადაპტირებული მხატვრული ლიტერატურაა.
დღევანდელი მოსწავლეები ყოველდღიურად ასობით შეტყობინებას, პოსტს, კომენტარსა და ვიდეოს ეცნობიან. ისინი ინფორმაციას სწრაფად იღებენ, თუმცა ძნელად ეჩვევიან ხანგრძლივ კონცენტრაციასა და ტექსტის სიღრმისეულ გააზრებას. შედეგად, უცხო ენაზე კითხვა ბევრისთვის რთულ და შრომატევად პროცესად იქცა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ინგლისური ენის სწავლებისას, როდესაც მოსწავლეთა კითხვის გამოცდილება ხშირად მხოლოდ სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტებით შემოიფარგლება.
თანამედროვე უცხოური ენის სწავლება სულ უფრო მეტად ეფუძნება მოსწავლის აქტიურ ჩართულობას, რეალურ კომუნიკაციასა და ენის ბუნებრივ გარემოში გამოყენებას. სწორედ ამიტომ, ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მხატვრულ ლიტერატურას, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ენა არა მხოლოდ სასწავლო მასალად, არამედ ცოცხალ, შინაარსიან და კომუნიკაციის საინტერესო საშუალებად აღიქვას.
რატომ არის მხატვრული ლიტერატურა მნიშვნელოვანი?
უცხოური ენის სწავლების პროცესში ენის ეფექტიანი დაუფლება მხოლოდ ცალკეული სიტყვებისა და გრამატიკული წესების შესწავლით არ შემოიფარგლება. თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომები ეფუძნება იმას, რომ ენის სწავლა ყველაზე წარმატებულია მაშინ, როდესაც მოსწავლე მას რეალურ საკომუნიკაციო კონტექსტში აღიქვამს, იყენებს და გამოცდილებას უკავშირებს.
სწორედ ამ შესაძლებლობას ქმნის მხატვრული ლიტერატურა. ის ენას არა როგორც წესებისა და ფორმების ერთობლიობას, არამედ როგორც აზრების, ემოციებისა და გამოცდილების გამოხატვის ცოცხალ საშუალებას წარმოაჩენს. ლიტერატურულ ტექსტებში ლექსიკა, გრამატიკული სტრუქტურები და კომუნიკაციური ფუნქციები ბუნებრივად ერწყმის იმას, როგორ ვითარება პერსონაჟები, მოვლენები და ცხოვრებისეული სიტუაციები. ამიტომ, როდესაც მოსწავლე ინტერესით მიჰყვება სიუჟეტს, მისი ყურადღება მხოლოდ სიტყვების დამახსოვრებისკენ აღარ არის მიმართული. ახალი ლექსიკა, გამოთქმები და ენობრივი კონსტრუქციები ბუნებრივად ზის კონტექსტში და უფრო მდგრადად იკავებს ადგილს მის ენობრივ გამოცდილებაში.
მხატვრული ლიტერატურა მხოლოდ ენის სწავლას არ ემსახურება. კითხვა ავითარებს წარმოსახვას, კრიტიკულ აზროვნებასა და მსჯელობის უნარს. ლიტერატურულ ტექსტებთან მუშაობისას მოსწავლე უკეთ იგებს პერსონაჟების ქცევასა და მოტივებს, სწავლობს მოვლენების სხვადასხვა კუთხით დანახვასა და საკუთარი მოსაზრების არგუმენტებით გამყარებას.
ამავდროულად, ლიტერატურა ავითარებს ემპათიას, კულტურულ ცნობიერებასა და კომუნიკაციურ კომპეტენციას. სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის პერსონაჟებთან შეხვედრა მოსწავლეს ეხმარება, უკეთ გაიგოს ადამიანების განცდები, ღირებულებები და ცხოვრებისეული გამოცდილება, რაც უცხო ენის სწავლას უფრო ღრმა და შინაარსიან პროცესად აქცევს.
ამგვარად, ლიტერატურული ტექსტი ერთდროულად წარმოადგენს როგორც ენობრივი განვითარების, ისე პიროვნული, სოციალური და ინტელექტუალური ზრდის მნიშვნელოვან რესურსს. სწორედ ამიტომ, მხატვრული ლიტერატურა თანამედროვე უცხოური ენის სწავლების განუყოფელი ნაწილია და არა მხოლოდ დამატებითი სასწავლო მასალა.
ადაპტირებული ლიტერატურა – გზა რეალურ ენამდე
უცხო ენაზე კითხვის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ტექსტის სირთულეა. როდესაც მოსწავლე თითქმის ყოველ წინადადებაში უამრავ უცნობ სიტყვას, რთულ გრამატიკულ კონსტრუქციასა და გაუგებარ გამოთქმას ხვდება, კითხვა სწრაფად იქცევა დამღლელ საქმიანობად. ასეთ შემთხვევაში მოსწავლის ყურადღება სიუჟეტიდან სიტყვების თარგმნაზე გადადის, რაც კითხვის ბუნებრივ პროცესს ართულებს.
სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა ადაპტირებული წიგნები. ისინი ეფუძნება ორიგინალურ მხატვრულ ნაწარმოებებს, თუმცა ტექსტი მორგებულია კონკრეტულ ენობრივ დონეს. ლექსიკა, გრამატიკული სტრუქტურები, ტექსტის მოცულობა და ენობრივი სირთულე შეესაბამება მოსწავლის შესაძლებლობებს, რის შედეგადაც კითხვა უფრო გასაგები, კომფორტული და წარმატებული ხდება.
ადაპტირებული ლიტერატურა მოსწავლეს საშუალებას აძლევს:
- იკითხოს დამოუკიდებლად;
- გაიგოს ტექსტის ძირითადი შინაარსი ლექსიკონის ხშირი გამოყენების გარეშე;
- შეინარჩუნოს კითხვისადმი ინტერესი და მოტივაცია;
- განივითაროს თავდაჯერებულობა;
- ეტაპობრივად გადავიდეს უფრო რთული ტექსტების კითხვაზე.
სწორედ ამიტომ, ადაპტირებული წიგნი ერთგვარ „ხიდად“ მიიჩნევა სახელმძღვანელოსა და ავთენტურ ლიტერატურას შორის, რომელიც მოსწავლეს ამზადებს იმ ეტაპისთვის, როდესაც იგი თავისუფლად შეძლებს ორიგინალური ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვასა და გააზრებას.
საზაფხულო კითხვა – ფორმალობა თუ აუცილებლობა?
სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა დიდი ნაწილი რამდენიმე თვით წყდება სისტემურ სასწავლო პროცესს. სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კითხვა, რადგან ის მოსწავლეს ეხმარება შეინარჩუნოს სასწავლო ჩვევა და განაგრძოს ენობრივი განვითარება სასკოლო გარემოს მიღმაც.
კვლევები აჩვენებს, რომ ხანგრძლივი სასწავლო პაუზის დროს მოსწავლეები ნაწილობრივ კარგავენ სასწავლო წლის განმავლობაში მიღებულ ცოდნასა და უნარებს. ეს მოვლენა, რომელსაც საერთაშორისო საგანმანათლებლო ლიტერატურაში „ზაფხულის სწავლის დანაკარგი“ (Summer Learning Loss) ეწოდება, განსაკუთრებით აისახება კითხვისა და ლექსიკური მარაგის განვითარებაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, ზაფხულის არდადეგების პერიოდში მოსწავლემ შეინარჩუნოს რეგულარული კითხვის პრაქტიკა.
რეგულარული კითხვა ამ პროცესის თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. საზაფხულო პერიოდში წაკითხული წიგნები მოსწავლეს ეხმარება:
- გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი;
- გაიუმჯობესოს კითხვის სისწრაფე და ტექსტის გააზრების უნარი;
- არ დაკარგოს ენობრივი ჩვევები;
- განაგრძოს ინგლისური ენის ბუნებრივ გარემოში ათვისება;
- შეხვდეს ახალ სასწავლო წელს უკეთ მომზადებული და უფრო თავდაჯერებული.
განსაკუთრებით ეფექტურია იმ წიგნების შერჩევა, რომლებიც მოსწავლის ასაკსა და ენობრივ დონეს შეესაბამება. სწორად შერჩეული ადაპტირებული ლიტერატურა კითხვის პროცესს სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს, ზრდის მოტივაციას და აყალიბებს დამოუკიდებელი კითხვის ჩვევას.
რომელი წიგნები შეიძლება შევთავაზოთ მოსწავლეს?
ქვემოთ წარმოდგენილი წიგნების ჩამონათვალი მოიცავს როგორც მსოფლიო კლასიკური, ისე თანამედროვე ინგლისურენოვანი ლიტერატურის ნიმუშებს, რომლებიც ადაპტირებულია სხვადასხვა ენობრივი დონის (CEFR) შესაბამისად. წიგნები შერჩეულია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესებისა და ენობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით. მათი მრავალფეროვანი თემატიკა და ჟანრები ხელს უწყობს როგორც ინგლისური ენის ეფექტიან დაუფლებას, ისე კითხვის მოტივაციის, კრიტიკული აზროვნებისა და კულტურული ცნობიერების განვითარებას.
V–VI კლასები (A1–A2)
The Wizard of Oz – L. Frank Baum
The Secret Garden – Frances Hodgson Burnett
The Jungle Book – Rudyard Kipling
Aladdin and the Enchanted Lamp – Antoine Galland
Robin Hood – English Folklore
Beauty and the Beast – Gabrielle-Suzanne Barbot de Villeneuve
Peter Pan – J. M. Barrie
The Adventures of Tom Sawyer – Mark Twain
VII–VIII კლასები (A2–B1)
Treasure Island – Robert Louis Stevenson
Sherlock Holmes Short Stories – Arthur Conan Doyle
Wonder — R. J. Palacio
Anne of Green Gables – Lucy Maud Montgomery.
Alice in Wonderland – Lewis Carroll
The Canterville Ghost – Oscar Wilde
The Adventures of Huckleberry Finn – Mark Twain
Around the World in Eighty Days – Jules Verne
Gulliver’s Travels – Jonathan Swift
IX–X კლასები (B1–B2)
Oliver Twist – Charles Dickens
The Hound of the Baskervilles – Arthur Conan Doyle
Frankenstein – Mary Shelley
Jane Eyre – Charlotte Brontë
Dracula – Bram Stoker
Great Expectations – Charles Dickens
The Phantom of the Opera – Gaston Leroux
The Picture of Dorian Gray – Oscar Wilde
XI–XII კლასები (B2+)
The Hobbit – J. R. R. Tolkien
1984 – George Orwell
Animal Farm – George Orwell
Pride and Prejudice – Jane Austen
The Great Gatsby – F. Scott Fitzgerald
To Kill a Mockingbird – Harper Lee
Lord of the Flies – William Golding
The Curious Incident of the Dog in the Night-Time – Mark Haddon
კითხვის კულტურა – მომავლისთვის მნიშვნელოვანი უნარი
ციფრულ ეპოქაში, როდესაც ინფორმაცია სწრაფად და ფრაგმენტულად ვრცელდება, კითხვის კულტურის განვითარება განათლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად რჩება. კითხვა მხოლოდ ცოდნის მიღების საშუალება აღარ არის – ის წარმოადგენს უნარს, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის სწავლის, აზროვნებისა და ინფორმაციის გააზრების ხარისხს.
რეგულარული კითხვა ხელს უწყობს:
- კონცენტრაციის უნარის განვითარებას;
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას;
- ტექსტის ღრმა გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარის განვითარებას;
- ლექსიკური მარაგისა და წერითი მეტყველების გამდიდრებას;
- დამოუკიდებელი სწავლისა და თვითგანვითარების ჩვევის ფორმირებას.
მოსწავლე, რომელიც რეგულარულად კითხულობს, როგორც წესი, უკეთ წერს, უფრო ზუსტად და თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს, ფლობს მდიდარ ლექსიკურ მარაგს და უფრო თავდაჯერებულია როგორც მშობლიურ, ისე უცხო ენაზე. სწორედ ამიტომ, კითხვის კულტურის ჩამოყალიბება არა მხოლოდ ენობრივი, არამედ ზოგადი განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია.
მასწავლებლისა და მშობლის როლი
კითხვის კულტურის ფორმირება მხოლოდ მოსწავლის პასუხისმგებლობა არ არის. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ეკისრება მასწავლებელსა და მშობელს.
მასწავლებლის ამოცანაა მოსწავლის ასაკის, ინტერესებისა და ენობრივი დონის შესაბამისი წიგნების შერჩევა, კითხვის პროცესის მხარდაჭერა, მოტივაციის შენარჩუნება და ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც კითხვა სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა. მშობლის მხარდაჭერა კი გამოიხატება კითხვისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაში, ბავშვის ინტერესის წახალისებასა და წიგნისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.
როდესაც სკოლა და ოჯახი ერთობლივად წაახალისებენ კითხვას, მოსწავლე მას აღარ აღიქვამს მხოლოდ სასწავლო ვალდებულებად — კითხვა მისი ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივ ნაწილად იქცევა.
ინგლისური ენის ეფექტიანი სწავლება შეუძლებელია რეგულარული კითხვის გარეშე. ადაპტირებული მხატვრული ლიტერატურა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, უცხო ენაზე კითხვა აღიქვან არა როგორც რთული სასწავლო დავალება, არამედ როგორც საინტერესო, შემეცნებითი და სასიამოვნო გამოცდილება. ხოლო საზაფხულო კითხვა ხელს უწყობს სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის შენარჩუნებას, ენობრივი უნარების განვითარებასა და დამოუკიდებელი კითხვის კულტურის ჩამოყალიბებას.
ზოგჯერ ერთი სწორად შერჩეული წიგნი გაცილებით მეტს გვასწავლის, ვიდრე ათობით სავარჯიშო. სწორედ ერთი საინტერესო ისტორია შეიძლება იქცეს იმ პირველ ნაბიჯად, რომელიც მოსწავლეს კითხვის სიყვარულისკენ, უწყვეტი თვითგანვითარებისა და უცხო ენის თავისუფლად გამოყენებისკენ წაიყვანს.


