თანამედროვე განათლების სისტემაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლის კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ეს უნარები არა მხოლოდ აკადემიური წარმატების საფუძველია, არამედ ხელს უწყობს დამოუკიდებელი აზროვნების, კრიტიკული მსჯელობისა და საკუთარი იდეების ეფექტურად გადმოცემის უნარების ჩამოყალიბებას. მასწავლებელს მუდმივი მზაობა უნდა ჰქონდეს, რომ საგაკვეთილო პროცესში ხშირად გამოიყენოს ისეთი აქტივობები, სადაც მოსწავლეს საშუალება ექნება თავისუფლად იაზროვნოს, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. მოსწავლემ საგნობრივ ცოდნაზე დაყრდნობით თავადაც უნდა შეძლოს სახალისო ტექსტების წერა და სხვადასხვა როლის მორგება.
მოსწავლეთა შემოქმედებითი და წერითი უნარების განვითარებისთვის ეფექტურ სტრატეგიად მიიჩნევა RAFT-მეთოდი, რომელიც სწავლების პროცესს უფრო საინტერესოს, მრავალფეროვანსა და მოსწავლეზე ორიენტირებულს ხდის.
საგაკვეთილო პროცესში ამ მეთოდს ხშირად ვიყენებ. ის მოსწავლეს ეხმარება გაიაზროს ტექსტის მიზანი, ადრესატი, წერის ფორმა, მოირგოს მისთვის სასურველი როლი და შემდეგ აალაპარაკოს პერსონაჟი. ამ უნარების განვითარება მნიშვნელოვნად ზრდის შემოქმედებით აზროვნებას.
მოსწავლეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სწავლის სტილით, ინტერესებითა და შესაძლებლობებით. სწორედ ამიტომ, ეფექტური სწავლება მოითხოვს დიფერენცირებულ მიდგომას. დიფერენცირებული სწავლება არ ნიშნავს ყველასთვის განსხვავებული პროგრამის შედგენას – ის ნიშნავს ისეთი აქტივობების გამოყენებას, რომლებიც მოსწავლეს არჩევანის საშუალებას აძლევს.
მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება აღნიშნულ მეთოდთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა ჩემი მოსწავლეებისთვის.
RAFT -მეთოდის გამოყენება მერვე კლასში
თემა: გულ-სისხლძარღვთა სისტემა
მოსწავლეებს ვუხსნი აქტივობის შინაარსს.
რ – როლი, რომელი ორგანო ხარ შენ? (მოსწავლე ირჩევს მისთვის სასურველ როლს: გული, არტერია, ვენა, კაპილარი, ერითროციტი, ლეიკოციტი, თრომბოციტი, და ა.შ.)
ა – აუდიტორია, ვის სწერ? თანაკლასელს, საკუთარ თავს, მასწავლებელს, მშობელს, საზოგადოებას, ექიმს და ა.შ.
ფ – ფორმატი, რა ფორმატში წერს? – დღიურის ჩანაწერს აკეთებს, წერს კომიქსს, დიალოგს სხვა ორგანოსთან ან საკუთარ ორგანიზმთან და ა.შ.
თ – თემა: რის შესახებ წერს? (თემა- გულ-სისხლძარღვთა სისტემა)
მასწავლებელი მეთოდს ახორციელებს ქვემოთ ჩამოთვლილი საფეხურების გამოყენებით:
- მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რომ წერის დაწყებამდე თვითონ უნდა აირჩიონ როლი, აუდიტორია და წერის ფორმატი,
- კლასის წინაშე მასწავლებელი ხსნის RAFT -მეთოდს. სასურველია ამ ოთხი კომპონენტის აღწერა გამოკრული იყოს საკლასო ოთახში ან ეწეროს დაფაზე.
- მასწავლებელი ნიმუშის სახით კითხულობს წერილს, კომიქსს ან ჩანაწერს, ასახელებს მაგალითებს და უხსნის მოსწავლეებს, როგორ აალაპარაკონ არჩეული ორგანო, ასევე როგორ და სად გამოიყენონ საგნობრივი ცოდნა….
- მოსწავლეები იწყებენ წერას ინდივიდუალურად ან წყვილებში.
- როდესაც მოსწავლეები წერას იწყებენ, მასწავლებელი მიდის მოსწავლეებთან ახლოს და ინდივიდუალურად აძლევს მითითებებსა და მიმართულებას…
- მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ ნამუშევარს.
- მასწავლებელი ყველა მოსწავლეს უბრუნებს უკუკავშირს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ნიმუშს მოსწავლის ნამუშევრებიდან:
ნინი, მან წერილის ფორმატი აირჩია – „მე ძალიან პატარა უჯრედი ვარ, სახელად ერითროციტი მქვია. ჩვენ ძალიან, ძალიან ბევრნი ვართ და სხვათა შორის, სისხლი რომ წითელია, ეს ჩვენი დამსახურებაა. ჩვენი წითელი ფერი კი რკინის ატომებმა განსაზღვრა, ჩვენ სულ მოძრაობასა და შრომაში ვართ. ხუმრობა არ გეგონოთ ჟანგბადის და ნახშირორჟანგის ტრანსპორტი, ძალიან ვიღლებით და მე მინდა მივმართო ჩემს პატრონს, ვის ორგანიზმშიც მე ვცხოვრობ, რომ რკინით მდიდარი საკვები მიიღოს, რათა ერთგულად ვემსახუროთ მას“.
ანალიზი: ნამუშევარში იკვეთება სტრუქტურულ-ფუნქციური მთლიანობა. მოსწავლე ლოგიკურ ჯაჭვში აერთიანებს: ქიმიურ ელემენტს – რკინა (შეფერილობა) – ფიზიოლოგიურ ფუნქციას (აირთა ტრანსპორტი) – პრევენციულ ქცევას (ნუტრიციული საჭიროება).
მეორე მოსწავლე გიორგიმ ფორმატად კომიქსი აირჩია
ანალიზი: მოსწავლის ნამუშევარში მკაფიოდ ჩანს, რომ ის ბიოლოგიურ ცოდნას ფრაგმენტულად არ ფლობს – პირიქით, ქმნის ერთიან, ლოგიკურად დაკავშირებულ კომიქსს.
იგი ერთმანეთთან აკავშირებს:
- ერითროციტის აგებულებას (პატარა ზომა, ბიკონკავური ფორმა, ბირთვის არქონა);
- ქიმიურ თავისებურებას (ჰემოგლობინში არსებული რკინა);
- ფუნქციას (ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირება);
- ეს ყველაფერი გადაჰყავს რეალურ ცხოვრებაში – ჯანსაღ კვებასა და ორგანიზმის საჭიროებებზე.
საინტერესოა, რომ მოსწავლე არ შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტების გადმოცემით – იგი ახერხებს მათ ერთმანეთთან დაკავშირებას და ახსნას, რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ვიზუალური ფორმატის – კომიქსის – გამოყენება. ეს არ არის მხოლოდ „გალამაზება“: ასეთი ნარატივი ეხმარება მოსწავლეს რთული ბიოლოგიური ცნებები გადააქციოს გასაგებ, დინამიკურ და შინაარსიან ისტორიად.
ამგვარი ნამუშევარი უკვე აჩვენებს, რომ მოსწავლე აღწერის დონეს სცდება და გადადის გააზრებასა და დაკავშირებაზე, რაც სრულად შეესაბამება SOLO ტაქსონომიის მიმართებით (relational) დონეს – ეტაპს, სადაც ცოდნა ერთიან სისტემად ყალიბდება.
იგივე დავალება მათემ დღიურის ფორმატში წარმოადგინა.
ერითროციტის დღიური
დღე 127 — ისევ გზაში ვარ…
დღესაც, როგორც ყოველთვის, დილა ძალიან ადრე დაიწყო. გული ისევ ძლიერად ფეთქავდა და მე, პატარა ერითროციტი, ჩემს მეგობრებთან ერთად სისხლძარღვებში აღმოვჩნდი.
მრგვალი ფორმა მეხმარება, რომ უფრო სწრაფად და მარტივად ვატარო ჟანგბადი. ბირთვი არ მაქვს, მაგრამ ამის გამო მეტი ადგილი მაქვს ჰემოგლობინისთვის – სწორედ ის მაძლევს საშუალებას ჟანგბადი შევინახო და იქ მივიტანო, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა.
დღეს ფილტვებში შევიარე. იქ ჟანგბადი „ავიღე“ და მაშინვე გავეშურე კუნთებისკენ – მათ დღეს განსაკუთრებით ბევრი ენერგია სჭირდებოდათ. გზად ნახშირორჟანგიც „წამოვიღე“, რომ უკან, ფილტვებში დამებრუნებინა.
ხანდახან ვიღლები… სულ მოძრაობაში ვარ. მაგრამ ვიცი, რომ ჩემი საქმე ძალიან მნიშვნელოვანია – თუ მე არ ვიმუშავებ, ორგანიზმი ვერ იცოცხლებს.
ერთი რამ მაწუხებს – ბოლო დროს ვგრძნობ, რომ ძალა მელევა… ალბათ იმიტომ, რომ ჩემს „პატრონს“ საკმარისი რკინა არ მიეწოდება. ძალიან მინდა, ვუთხრა: გთხოვ, მიირთვი რკინით მდიდარი საკვები – ხორცი, ისპანახი, პარკოსნები… ეს მე გამაძლიერებს და უკეთ შევძლებ შენი ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდებას.
ახლა კი ისევ გზას უნდა დავადგე… გული უკვე მეძახის.
ანალიზი: ნამუშევარში ვლინდება ღრმა, სისტემური სტრუქტურულ-ფუნქციური მთლიანობა. მოსწავლე ერთიან ლოგიკურ ჯაჭვში აერთიანებს: უჯრედის მორფოლოგიას (ორმხრივ ჩაზნექილი/მრგვალი ფორმა, ბირთვის არქონა, რაც განაპირობებს ჰემოგლობინისთვის მეტი სივრცის გამოთავისუფლებას) – ცირკულაციურ ანატომიას (ტრაექტორია: გული – სისხლძარღვები – ფილტვები… კუნთები) – ფიზიოლოგიურ ფუნქციას (აირთა ცვლა, ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირება ენერგიის მისაღებად) – პრევენციულ ქცევას (კავშირი რკინის დეფიციტსა და ორგანიზმის საერთო ჰომეოსტაზს/სისუსტეს შორის).
პერსონალიზებული დღიურის დინამიკური ფორმატი მოსწავლეს ეხმარება, არა მხოლოდ მშრალად აღწეროს ბიოლოგიური პროცესი, არამედ წარმოაჩინოს ორგანოებისა და უჯრედების ფუნქციური ურთიერთდამოკიდებულება, რაც სრულად შეესაბამება SOLO-ტაქსონომიის მიმართებით დონეს.
აღსანიშნავია, რომ RAFT-მეთოდი დიფერენცირებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. როგორც დავინახეთ ნინი ცოდნის გადმოცემის ფორმად წერილს ირჩევს, გიორგი – კომიქსს, მათე კი დღიურს. არჩევანის ასეთი თავისუფლება ხდის სწავლა-სწავლების პროცესს სასიამოვნოს – ეს კი მოტივაციის ყველაზე ძლიერი წყაროა.
როგორ შევაფასოთ მოსწავლეები RAFT-მეთოდის გამოყენების დროს?
| ავლენს ფაქტობრივ ცოდნას | 3 ქულა |
| აქვს შემოქმედებითი უნარი | 3 ქულა |
| გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება | 2 ქულა |
| აქვს პრეზენტაციის უნარი (აუდიტორიასთან აქვს თვალით კონტაქტი) | 1 ქულა |
| იცავს დროის ლიმიტს | 1 ქულა |
| ჯამი | 10 ქულა |
RAFT–მეთოდის გამოყენება სასწავლო პროცესში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეებში შემოქმედებითი და წერითი უნარების განვითარებას. აღნიშნული მეთოდი მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, განსხვავებული როლიდან შეხედონ საკითხს, გაიაზრონ მისი მიზანი, წინასწარ შეარჩიონ აუდიტორია, იფიქრონ ფორმატზე, ეს უნარები კი მათ აზროვნებას უფრო მრავალფეროვანსა და დამოუკიდებელს გახდის. ამ აქტივობის დროს მოსწავლე არა მხოლოდ ინფორმაციას იმახსოვრებს, არამედ სწავლობს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას. RAFT–მეთოდის გამოყენებით, სწავლის პროცესი საინტერესო და სახალისო ხდება, იზრდება მოსწავლეების მოტივაცია, კომუნიკაციის უნარი და საკუთარ ნამუშევარზე პასუხისმგებლობა.
მიმაჩნია რომ, ბიოლოგიის გაკვეთილზე RAFT-მეთოდის გამოყენება ეფექტური და პრაქტიკული მიდგომაა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში მრავალმხრივი უნარების განვითარებას.
გამოყენებული ლიტერატურა:
მასწავლებლის ბიბლიოთეკა, ინტერაქციული მეთოდები 2022 წელი


