ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჩვენი საუკუნის გამოწვევა

თურქეთში პატარა ქალაქია, სახელად ესქიშეჰირი. მასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს და შეძლებისდაგვარად ხშირად ჩავდივარ. ახლა ხანგრძლივი შესვენება გამომივიდა, ესეც მხოლოდ პანდემიის და რეგულაციების გადამკიდე. ჰოდა, პირველსავე შესაძლებლობაზე ჩავედი.

ვინც თურქულ ქალაქებში ყოფილა, დამეთანხმება, რომ უმეტესობა ერთნაირი სტილითაა ნაშენები. რაღაცნაირი სახასიათო სახლებია. მათი ცენტრებიც თითქოს ერთმანეთს ჰგავს. ესქიშეჰირის ცენტრალური ნაწილი კი განსხვავებულია. თბილისივით, მდინარე ორ ნაწილად ყოფს და ორივე სანაპირო ლამაზადაა მორთულ-მოკაზმული. ერთ ნაწილში ბაზრობასავით არის მოწყობილი, სადაც თურქულ ტკბილეულობას, ჩაის, ყავას და სხვადასხვა სანელებლებს შეიძენთ.

თუმცა, აქ ყველაფერი ძვირია. უფრო იაფად, ქალაქის გარეუბანში მდებარე დიდ სუპერმარკეტში ნახავთ.

ფასების მიუხედავად, მიყვარს ამ ადგილებში ხეტიალი. თანაც, ზოგჯერ ისეთ რამეს წავაწყდები, რომ გამიკვირდება.

იმ დღეს ირანული ჯიშის გამხმარი ვარდის კოკრებს გადავეყარე. ყურადღებას არც კი მივაქცევდი, ქიმიის ისტორიასთან ჩემი განსაკუთრებული ურთიერთობა რომ არა.

ამ ჯიშის ვარდის კოკრებს ესპანეთის მეფე ფილიპე მეორე იყენებდა. წყალში ყრიდა და სვამდა. ავდექი და თავადაც ვიყიდე – ფილიპე მეორეზე ნაკლები რით ვარ-მეთქი, თავადვე წავეხუმრე საკუთარ თავს.

მეორე, რაც იმავე გამყიდველთან შევიძინე, ხნის ფხვნილი იყო.

ხნის დამახასიათებელი თვისებები განპირობებულია 2-ჰიდროქსი-1,4-ნაფტოქინონით, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ლავსონი, ან ჰენოტანინის მჟავა. ხნის ფოთლები ნაერთს 5%-მდე წონით შეიცავს. ყვითელ-ნარინჯისფერი ფხვნილია, რომელიც წყალში კარგად არ იხსნება.

ხნის დასამზადებლად იყენებენ ბუჩქოვან მცენარეს “Lawsonia Inermis”, რომელიც სამხრეთ აფრიკისა და ცენტრალური აღმოსავლეთის მშრალ ადგილებში ხარობს.

ხნის ფოთლებს მხოლოდ მცენარის ყვავილობისას აგროვებენ. თავად ყვავილებისგან ზეთს ხდიან, მცენარის სხვა ნაწილებისგან კი სხვადასხვა სამკურნალო მასალას ამზადებენ.

ხარისხიანი ხნა მწვანე ან მომწვანო-მოყვითალო ფხვნილია. სწორედ ასეთი პუდრისებრი მასა შევიძინე მეც.

ხნას, უხსოვარი დროიდან იყენებენ. მისი საშუალებით სხეულის მოხატვა და სამკურნალო მცენარედ გამოყენება აღწერილია Ebers Papyrus-ში (Papyrus, 1912). ამავე პაპირუსში სხვადასხვა საღებავის შესაქმნელად, ოთხასი მცენარეა დახასიათებული.

ხნას საუკუნეებისა და ცივილიზაციების განმავლობაში სამკურნალო მცენარედაც იყენებდნენ. იყენებდნენ მუმიფიკაციის პროცესშიც. მაგ. რამზეს მესამისთვის მუმიად გადაქცევისას თმები შეუღებავთ. თუმცა, ხნის ევროპული და აღმოსავლური თავგადასავალი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. ევროპაში ხნას, იყენებდნენ როგორც ესთეტიკურ საშუალებას. თმების შეღებვაც ამასვე ეკუთვნის. ესთეტიკური მიზნებისთვის ის გამოიყენებოდა აღმოსავლურ კულტურაშიც, იგივე ხელის მტევნების და ფრჩხილების შესაღებად. აქ დამატებით მის სამკურნალო თვისებებსაც აღწერდნენ (ბუნებრივ ხნაზეა საუბარი).

ხნით თმას, ფრჩხილებს და ტანსაც იღებავდნენ. ბევრი ლამაზი ტრადიციაც, სწორედ ხნას უკავშირდება. იმავე თურქეთში, ე.წ. „ხნის ღამე“ ჰქონდათ (kina gecesi). ასეთ საღამოს გასათხოვრად გამზადებულ გოგონას ქორწილის წინა ღამეს უწყობდნენ. მთელი სანათესავო-სამეგობრო იკრიბებოდა და მომავალ პატარძალს ხელებზე ხნისგან ორნამენტებს ახატავდნენ. ამ უკანასკნელს აუცილებლად უნდა ეტირა. ტირილი სიმბოლურად მშობლიურ სახლთან განშორებას ნიშნავდა, თუმცა ზოგიერთი შესაძლოა გულწრფელადაც ტიროდა და განშორებაც ნამდვილი იყო. ანუ, ერთი ქალაქიდან სხვა ქალაქში მიდიოდა მეუღლესთან ერთად.

დღეს ასეთი საღამოები უფრო გასართობ ხასიათს ატარებს, რადგან ინტერნეტის, ტელეფონისა და სწრაფი ტრანსპორტის პირობებში, რაღა დროს განშორებაზეა საუბარი.

ხნის ფხვნილს ლიმონის წვენს ამატებენ, რათა მჟავა გარემო შეიქმნას და ლავსონის გახსნა იოლად იყოს შესაძლებელი. მიღებულ კონსისტენციას ამატებენ წყალს და კანზე დაიტანენ. აჩერებენ სადღაც 6 საათის განმავლობაში. უფრო დიდი ხნით გაჩერება სახიფათოა, რადგან ალერგიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს. ლავსონი პრეპარატიდან მიგრირებს კანის ზედა ფენებში და კერატინთან წარმოქმნის ნაერთს. საღებავი კანზე 6 კვირის განმავლობაში რჩება.

არსებობს ხნის სხვადასხვა ნაირსახეობა: ინდური, ირანული, სუდანური და უფერულიც კი. მთელ ამ ნაირსახეობას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დაფასოებით შეიძენთ. იმავე ევროპაში სხეულის მოხატვა მთლად ნორმებით დაცული არ არის, რადგან აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩასული ემიგრანტები სხვადასხვა არალეგალურ ადგილებში ახორციელებენ. იქ ჩატანილი ხნის სისუფთავეც მთლად გამოკვლეული არ გახლავთ და ამგვარი ტატუირება მცირე ალერგიით დაწყებული, კანის სერიოზული დაწყლულებით შეიძლება დასრულდეს.

სხეულზე სხვადასხვა ორნამენტის დასატანად, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ხნის ფხვნილი მჟავა გარემოში უნდა გაიხსნას. მაგალითად, თბილ ლიმონიან ან ძმრიან წყალში. ასე მისი ხსნადობა მოიმატებს და ერთგვაროვან მასას მივიღებთ. ხნის წარმომავლობის, გახსნისა და კონცენტრაციის მიხედვით ფერი შეიძლება იყოს მუქი წითლიდან ყავისფრამდე. სხვათა შორის, მაგ. თურქეთში ხნას ფრჩხილებზეც ისვამენ და რაღაცნაირი წითელი ფერის ფრჩხილებით დადიან.

ერთ ჩემს მეგობარ ოჯახს სოფლიდან ბაბუა ეწვია. მისი ჩამოსვლა ზუსტად ჩემს ვახშმად სტუმრობას დაემთხვა. ზაფხულის პერიოდი იყო, ცხელოდა და ამ ასაკოვან კაცსაც ღია სანდლები ეცვა. მაშინვე შევამჩნიე მისი წითელი ფერის ფრჩხილები. ჯერ მეგონა, წითელი ლაქი წაუსვამს, თუმცა, მაშინვე მივხვდი, რომ ეს ტრადიციული დროული კაცი წითელ ლაქს კი არა, სამკურნალო მიზნით ფრჩხილზე ხნას დაიტანდა.

ხნაში შემავალი აქტიური ნივთიერება კანში, თმაში ან ფრჩხილში უნდა გადავიდეს. ლავსონი ხნის დაფქულ ფოთლებში თავისუფალი სახით არ არის. ის მისი წინამორბედისგან ჰენოტანინისგან წარმოიქმნება ხნის მომზადების პროცესში. ჰენოსიდები (ჰენოტანინები) სამ იზომერს წარმოადგენენ, რომლებიც ნაფთოქინონის სტრუქტურის ტაუტომერული ფორმების კეტო-ენოლური გარდაქმნების შედეგად წარმოიქმნება. ამ შემთხვევაში მესამეული ბირთვი შეიცავს ჟანგბადის სამ ატომს და საშუალებას იძლევა, რომ სამი ჰიდროქსო ჯგუფით დიკეტონური ფორმა შეიცვალოს. თითოეული ჰიდროქსილის ჯგუფი გლუკონირირებას განიცდის და სამ იზომერს წარმოქმნის. მათი ჰიდროლიზის შედეგად წარმოქმნილი აგლიკონისგან, ამ უკანასკნელის დაჟანგვით ლავსონი წარმოიქმნება, რომელიც ხნის აქტიური კომპონენტია. ზოგადად, ბუნებრივ ქიმიურ პროდუქტებში გლუკოზიდებსა და აგლიკონს შორის მსგავსი ურთიერთგარდაქმნები გვხვდება. თბილი შემჟავებული წყალიც სწორედ ამ გარდაქმნების ინიციირებისთვისაა აუცილებელი. ასეთ მდგომარეობაში ფხვნილი უნდა გაჩერდეს 6-24 საათის განმავლობაში. მასში მწვანე ჩაის ხის, ლავანდის ან ევკალიპტის ეთერზეთის რამდენიმე წვეთის დამატებამ ლავსონი უფრო სტაბილური შეიძლება გახადოს და კანზე დატანისას ალერგიული რეაქციებიც შეამციროს.

თუმცა, ზემოთ დავწერე, რომ, ე.წ. „ბაზარზე“ სხვადასხვა წარმომავლობა-დაფასოება-შეფუთვის ხნა შეიძლება იყოს და შესაძლებელია, ზოგიერთ მათგანში ხელოვნურად სინთეზირებული ლავსონი აღმოჩნდეს. სწორედ სინთეზური თავისუფალი ლავსონის დამატებამ შესაძლოა გამოიწვიოს ხნის დაბინძურება და მომწამლავ-ალერგიული რეაქციები.

სინთეზური ლავსონი ევროპის კოსმეტიკის და არასაკვები პროდუქტების სამეცნიერო კომიტეტმა 2004 წლის SCCNFP/0798/04 რეზოლუციის თანახმად, ტოქსიკურ ნივთიერებებს მიაკუთვნა და მას 2A კლასის სახიფათო ნივთიერება უწოდა. სინთეზური ლავსონის ტოქსიკურობის აღიარება მხოლოდ ამ ერთი რეგულაციით არ შემოიფარგლება, თუმცა ყველას ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ამიტომ, უბრალოდ დავწერ, რომ კიდევ მრავალი დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ სხვადასხვა სამეცნიერო სტატიასა და ინტერნეტსივრცეში. ჩემ მიერ გამოყენებულ წყაროს კი აქვე მივუთითებ:

https://reader.elsevier.com/reader/sd/pii/S0102695X14000167?token=53BA053DB9382989A8EFB8C11C71221467BC051139E122F9CBB0DE7550BDD4E8C6CA907643889E1CABB26D76F5F762EC&originRegion=eu-west-1&originCreation=20220508214334

გარდა ამისა, ზოგიერთი ტიპის ხნა შეიძლება, ლავსონის გარდა, სხვა დამატებით აქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავდეს (სულ გვახსოვდეს, რომ კლასიკური ბუნებრივი ხნა მხოლოდ ლავსონს შეიცავს, იმასაც არა აქტიურ მდგომარეობაში). მაგალითად, ე.წ. „შავი ხნა“ შეიძლება შეიცავდეს p-ფენილენედიამინს (PPD). PPD სწრაფად აღწევს კანში და შავად ღებავს, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, შესივება, ძლიერი ქავილი.

ამ ფონზე შავ ხნას სხვადასხვა ინტერნეტმაღაზიაში წამწამებისა და წარბების შესაღებადაც შეხვდებით. იქვე მითითებულია, რომ თურმე არა მხოლოდ გიშერივით წარბ-წამწამს გახდის, არამედ მხედველობისთვისაც სასარგებლო ყოფილა. ასეთი სარეკლამო ტექსტების დროს, სულ რობერტ ბოილის სიტყვები მახსენდება, ყველაფერს სკეპტიკურად შეხედეთ და ინფორმაცია გადაამოწმეთო.

სხვათა შორის, თავის საჯარო ლექციებში ჩვენი „მასწავლებლის“ რედაქტორიც იმავეს ამბობს:

  • ინფორმაციის უკიდეგანო ოკეანეში, მთავარი და მართალი სიტყვა გაარჩიო, ჩვენი საუკუნის გამოწვევაც ეს არისო…

ეგაა, ვერ შეედავები.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი