ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დარჩი „აუტსაიდერად“!

ჩემი კარგი მეგობარი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ პროგრესი დევიაციის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ვფიქრობ, ამქვეყნად აბსოლუტური ჭეშმარიტების სიტყვებით ფორმულირება რომ იყოს შესაძლებელი, ამ ფრაზას ერთადერთ თუ არა, ერთ-ერთ ვერსიად ნამდვილად მოვიაზრებდი. მით უმეტეს, ქართული საზოგადოების ძალიან საინტერესო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თავისებურებებიდან გამომდინარე.

დევიაციური ქცევა ასე განიმარტება – ქცევა, რომელიც საზოგადოებაში გაბატონებულ ნორმებს ეწინააღმდეგება. მის პროგრესულობაზე საუბრისას განმსაზღვრელი ერთადერთი რამაა – პირადი უფლებების პატივისცემა. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ტიპის ქცევა (არც აქვს მნიშვნელობა ის საზოგადოებისთვის მისაღები იქნება თუ არა), რომელიც სხვის უფლებას არღვევს, ვერასოდეს იქნება პროგრესული. 

არ ვიცი რატომ, მაგრამ მეჩვენება, რომ მეც, თქვენც და იმ საზოგადოების დიდი ნაწილიც, რომელშიც ყველანი ერთად ვცხოვრობთ, ზედმეტად გავურბვართ „არანორმალურ” ქმედებებს. ვცდილობთ ავირჩიოთ, განვსაზღვროთ ცხოვრების ერთი კონკრეტული ჩარჩო და მივყვეთ დინებას. ის ადამიანები კი, ვინც სხვა გზას აირჩევენ – უბრალოდ არ მოგვწონს. ისინი ხომ „სხვანაირები” არიან. მათ შეიძლება არ უნდოდეთ კარიერა, საერთოდ არ აღელვებდეთ ბევრი ისეთი საკითხი, რაზეც მე და თქვენ დიდხანს ვიკამათებდით. არ ეძებდნენ კომფორტს და ინარჩუნებდნენ ინდივიდუალურობას მაშინაც კი, როცა საზოგადოებას ეს აღიზიანებს. ისინი სხვანაირად გამოიყურებიან, სხვა სტანდარტებით აზროვნებენ და უბრალოდ აკეთებენ იმას, რაც უნდათ: იკვებებიან იმით, რაც მოსწონთ, აცვიათ ის, რაც მოსწონთ და ცხოვრობენ ისე, როგორც მოსწონთ. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ არავის არაფერს უშავებენ, საზოგადოებისთვის მაინც რთულია მათი მიღება – ისინი მუდმივ „აუტსაიდერებად” რჩებიან.
 
სწორედ ასეთმა „აუტსაიდერების’’ თაობამ შექმნა 80-იანების დასასრულს და 90-იან წლებში ქართული ალტერნატიული მუსიკალური კულტურა. მაშინ რთული წარმოსადგენი გახლდათ როკენროლისა და პანკ როკის დაკვრა ისეთ საქართველოში, რომელიც ჯერ საბჭოთა წყობას ებრძოდა, შემდეგ კი – შიდაარეულობებს. ამ ბრძოლების შედეგი რა იყო, ალბათ ჩემზე უკეთ იცით, ამაზე დიდი ხანი ნუ შევჩერდებით… აი, იმას კი გავუსვათ ხაზი, რომ მაშინ ბევრი კარგი ქართული ჯგუფი არსებობდა. კარგი მუსიკოსებიც – ირაკლი, დადა, რობი… კიდევ ბევრი იყო, მაგრამ ეს სამი სახელი ალბათ ყველაზე გამორჩეულია. სამივე მათგანი რაღაც კუთხით „აუტსაიდერია” – ირაკლი ჩარკვიანი საკუთარ ოჯახურ გავლენებს გაურბოდა და მეტ-ნაკლებად მოახერხა კიდეც ეს – ცხოვრების ბოლომდე ხელოვან ადამიანად დარჩა. დადა დადიანი – 1993 წელს წავიდა საქართველოდან, დღემდე ლონდონში ცხოვრობს და მისი მუსიკალური კარიერაც იქ გაგრძელდა. აი, რობი კი ალბათ ყველაზე კეთილშობილი და მთავარი ‘‘აუტსაიდერია’’ მათ შორის, ვისთვისაც მომისმენია.

ტერმინი „აუტსაიდერიც” რობი კუხიანიძის და მისი მეგობრების შემოტანილია ქართულ ალტერნატიულ სივრცეში. სწორედ ასე დაარქვეს ბენდს, რომელიც 1989 წელს ქუთაისში შექმნეს. პირველი ალბომი მოსკოვში ჩაწერეს (სულ 3 აქვთ). მონაწილეობდნენ ალტერნატიული მუსიკის ფესტივალებში, 1996 წელს კი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართულ ფესტივალზე „მარგარიტა 96″ საუკეთესო ქართული ბენდის წოდებაც მიიღეს.

რობი დაახლოებით 5 წლის წინ, „ეთნო კლუბში” გავიცანი. მახსოვს მეგობარმა მითხრა, ესაა რობი კუხიანიძე, ქართული პანკის და ალტერნატივის მამაო. ბევრი ფიქრობს ასე, თუმცა დარწმუნებული ვარ, თავად რობის ეს წოდება სასაცილოდაც არ ჰყოფნის. ერთ-ერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი, სცენისთვის მე უფრო თავხედი ვარ, ვიდრე მუსიკოსიო. ძნელია არ დაეთანხმო, რადგან არასდროს იცი, რა მოხდება მის კონცერტზე. ბოლოჯერ ‘‘არტ-გენის’’ ფესტივალზე მოვუსმინე – კონცერტის ბოლოს გიტარა სცენაზე ამოსულ ბავშვს მიაჩეჩა. უცბად აუხსნა, თუ როგორ უნდა დაეკრა და ასე გავიდა სცენიდან… რობის მაგივრად რამდენიმე წუთის განმავლობაში პუბლიკისთვის პატარა გოგონა უკრავდა.

ძალიან ექსცენტრიულია როგორც მისი ტექსტები, ასევე შესრულების მანერაც. ჩახლეჩილი ხმა, მოულოდნელი იმპროვიზაციები, ვოკალური დისონანსები, რომლებიც ძალიან სპეციფიკურს ხდის მის მუსიკას. ცალკე აღნიშვნის ღირსია ვიოლინოს ჟღერადობა, რომელიც ნაკლებად ითვლება მსგავსი მუსიკისთვის „ჩვეულებრივ” ინსტრუმენტად, მაგრამ რობიმ ძალიან კარგად მოახერხა ამ საკრავის საკუთარ, საკმაოდ მკაცრ და ძლიერ ჟღერადობაზე მორგება.

არ ვიცი, რა აზრის ხართ თქვენ, მაგრამ პირადად მე არასდროს მინახავს რობიზე უფრო ხმამაღალი და უშუალო მუსიკოსი. მგონია, რომ მას სხვანაირად ცხოვრება უბრალოდ არ შეუძლია – მაშინაც კი, როდესაც „დიმპიტაურის” მღერის. კომპოზიციას, რომელიც, როგორც თავად მუსიკოსი ამბობს, ჭირივით ეზიზღება, რადგან ამ ტრეკმა ქუთაისელი „რობერტია” „ბატონ რობერტად” აქცია. არავის გაუკვირდება, რომ ასეთი იმიჯი მისთვის ძალიან მოუხერხებელი აღმოჩნდა. „ბატონი რობერტის” მიერ ნამღერი ნაკლებად „მყვირალა”, შედარებით უფრო მშვიდი და, ასე ვთქვათ, ფართო მაყურებელზე გათვლილი ტრეკი ძალიან დაშორდა იმ სპეციფიკას, რომლითაც რობი გამოირჩეოდა და დღესაც გამოირჩევა. ცოტა ხნის შემდეგ ის ისევ ძველ, ხმამაღალ და ზოგჯერ ზედმეტად პირდაპირ სტილს დაუბრუნდა, რათა კვლავ ის მუსიკა ეკეთებინა, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს. „ბატონი რობერტიც” ისევ უბრალო „რობერტიად” გადაიქცა. მუსიკოსად, რომელსაც შედარებით ნაკლები, მაგრამ ძალიან ერთგული მსმენელი ჰყავს…

 

„რობი მაგარი კაცია” – ალბათ ასე გიპასუხებენ ქართველი „ალტერნატივშიკები” შეკითხვაზე, თუ ვინ არის რობი კუხიანიძე. ვერც გაამტყუნებ, რადგან ეს მუსიკოსი საკუთარი იდეების ერთგულია. „ალტერნატივშიკები” კი ასეთ ადამიანებს ყველაზე მეტად აფასებენ. სხვა საკითხია, რამდენად გაუგებენ მას იმ საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებისთვისაც იეთიმ გურჯის ტექსტის გადაკეთება („ვის შევჩივლო, რუსთაველი მთვრალია!”) მიუღებელია. მაგრამ ამას უკვე ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. რობი აკეთებდა და, დარწმუნებული ვარ, კვლავ გააკეთებს ისეთ მუსიკას, რომლითაც ძალიან ბევრ კედელს დაანგრევს. 

ჩემთვის რობი კუხიანიძე პროგრესული დევიაციის გამოხატულებაა. მუსიკოსი, რომელიც არასდროს მოგცემს ჩუმად ყოფნის საშუალებას, მუდმივად წავა კლიშეებისა და გამეფებული დუმილის წინააღმდეგ და დაგიმტკიცებს, რომ ინდივიდუალიზმი და საკუთარი „მე” არანაირ კომფორტზე არ იყიდება. 
P.S. როდესაც ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ რობის შევხვდი და ვთხოვე, თავს ნუ მოგვანატრებ, ლაივი კიდევ გააკეთე-მეთქი, მორიდებულად მიპასუხა – არ მიყვარს, ხალხს თავს რომ ვაბეზრებო…

რობი, არ ვიცი ამ ტექსტს კითხულობ თუ არა, მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა: დარჩი „აუტსაიდერად” არა იმიტომ, რომ ასეა საჭირო, არამედ იმიტომ, რომ სხვანაირად უბრალოდ არ შეგიძლია… და შენ თავს ვერასდროს მოგვაბეზრებ! 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი