შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სამყარო დარაბებს მიღმა

კიევის დროით, სამი საათია. თბილისში საღამოს შვიდ საათზე მოვფრინავ, მაგრამ აეროპორტიდან ქალაქში გასვლას არ ვაპირებ. ვილნიუსიდან ვბრუნდები, ვილნიუსი კი ჩემთვის ყველა სხვა ქალაქზე მეტს ნიშნავს და მისგან მომავალს დამატებითი ემოცია არ მჭირდება. მეგობრები, რომლებიც რვა წლის წინ ერთად ვსწავლობდით ვილნიუსის უნივერსიტეტში, ისევ ჩვენს საყვარელ ქალაქში შევიკრიბეთ. გასული წლების განმავლობაში ერთმანეთთან კონტაქტი არასოდეს შეგვიწყვეტია, მაგრამ ამჯერად მაინც განსაკუთრებული შეხვედრა გამოგვივიდა.

თუმცა ჩემი პოსტი ვილნიუსზე არ არის, უფრო სხვა რამეებზეა, სხვა შერძნებებზე, გამოცდილებასა და აღმოჩენებზე, რომლებზეც ბოლო დღეების განმავლობაში, იქ ყოფნის დროს ვფიქრობდი.

უფრო კონკრეტულად, საზღვარგარეთ სწავლის სიკეთეებზე მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა. იყო სტუდენტი უცხო ქვეყანაში _ ეს მთელი თავგადასავალია და სრულიად ახალი, უცნობი სამყაროს აღმოჩენას გულისხმობს. სამყარო, რომელიც ჩვენი სამშობლოს მიღმა არსებობს, სავსეა საოცარი ამბებით, შესაძლებლობებით, გამოწვევებით და რაც მთავარია, ადამიანებით, რომლებიც ძალიან გვგვანან და ამავდროულად, განსხვავდებიან ჩვენგან.

 

ხშირად ვისმენ უცნაურ მოსაზრებებს, რომ ევროპასა და ამერიკაში შვილის სასწავლებლად გაშვება მის დაღუპვასა და დაკარგვას ნიშნავს, რომ უცხოურ უნივერსიტეტებში ახალგაზრდებს ქართველობას ართმევენ, რომ დასავლეთი სასწავლო სტიპენდიებით ცდილობს ჩვენს დაპყრობას და გადაგვარებას. აი, მე კი, კიევის აეროპორტში ვზივარ, ველოდები თვითმფრინავს, რომელიც თბილისში დამაბრუნებს და მაქვს შეგრძნება, რომ შინ კი არ ვბრუნდები, ერთი სახლიდან მეორეში მინვდივარ. თან ჩემი რვა წლის წინანდელი თავი მახსენდება, თავისი შიშებით, ფიქრებით, ეჭვებით, სურვილებით, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებით, მახსენდება და ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, 19 წლის ასაკში გამბედაობა რომ არ მყოფნოდა და ვილნიუსის უნივერსიტეტში არ წავსულიყავი ერთსემესტრიანი გაცვლითი პროგრამით. რომ არა ჩემი მეგობრები, რომლებსაც სხვადასხვა ეროვნება, რწმენა, კანის ფერი, პოლიტიკური შეხედულებები და ორიენტაცია გააჩნიათ, როგორი ვიქნებოდი მე? რომ არა მათი სიყვარული და პატივისცემა ჩემი ქვეყნისა და რელიგიის, ჩემი პირადი ცხოვრების მიმართ, როგორი დამოკიდებულება მექნებოდა სხვა ადამიანების მიმართ?

დამერწმუნეთ, არაფერი იქნებოდა ისე, როგორც არის. საუკეთესო შემთხვევაში, უფრო დიდი დრო დამჭირდებოდა საკუთარი თავის საპოვნელად. საკუთარი თავის პოვნა კი, მოგეხსენებათ, ნამდვილი და დიდი ცხოვრების დასაწყისია. უფრო დიდ დროს წამართმევდა იმის მიხვედრა, რომ სინამდვილეში, ადამიანებს მხოლოდ პიროვნული თვისებები განასხვავებთ ერთმანეთისგან და როცა ვიბადებით, ყველანი სრულიად თანასწორები ვართ სამყაროს წინაშე.

 

გადაგვარების შიში იქით იყოს და, სხვა ტიპის არგუმენტებიც მომისმენია საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივით შეშფოთებულებისგან. უფრო მეტად, მშობლები შიშობენ, რომ მათი შვილები თავს ვერ გაართმევენ საყოფაცხოვრებო პრობლემებს. არადა, მე ჯერ არ მინახავს სტუდენტი, რომელიც სასწავლებლად წავიდა და გაზქურის ჩართვა, ან კარტოფილის შეწვა ვერ მოახერხა. უფრო მეტიც, მე, ადამიანმა, რომელსაც მანამდე არასოდეს არაფერი გამიკეთებია სახლში, ლიტვაში ხაჭაპურის გამოცხობაც კი შევძელი კულტურული საღამოსთვის.

ჩემი ქართველი მეგობრები ხშირად ამბობენ, რომ მე ლიტვაში სულ სხვა ადამიანი წავედი და სულ სხვა, გაცილებით კარგი ადამიანი ჩამოვედი. არ ვიცი, რამდენად შესაფერისი სიტყვაა „კარგი”, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, რომ ბავშვის ნაცვლად, რომელიც ოჯახის წევრებისთვის ყოველთვის პატარა იქნება, ჩემი სახით, ზრდასრული ადამიანი დაბრუნდა.

მე ჩემი უცხოელი მეგობრებისგან დღემდე ბევრ რაიმეს ვსწავლობ, ვსწავლობ, როგორ უნდა ვცე პატივი სხვებს, როგორ უნდა მოვიქცე, როცა საყვარელ ადამიანებს მძიმე დღეები უდგათ, როგორ უნდა დავსვა კითხვები, როგორ უნდა მოვახერხო მოვალეობების გადანაწილება ოჯახში, როგორ უნდა ვიყო მშობელი, რომელიც შვილების დამოუკიდებლად გაზრდას და წარმატებით მუშაობას ერთდროულად შეძლებს და რაც მთავარია, როგორ მიყვარდეს ჩემი ცხოვრების ყოველი დღე.

დღეს მე დანამდვილებით ვიცი, რომ მეგობრობა და სიყვარული საზღვრებს არ ცნობს, რომ მეგობრობას და სიყვარულს არც ეროვნება და რელიგია გააჩნია. ვიცი, ისიც, რომ მეგობრების შვილები, რომლებიც უტრეხტში, პრაღასა და რეიკიავიკში იზრდებიან, არაჩვეულებრივად საყვარელი ადამიანები არიან ჩემთვის და რომ საზღვარგარეთ სწავლა ოდნავაც არ უშლის ხელს სამშობლოს სიყვარულს, უფრო პირიქით.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ყველაფერი რთულია, რთულია ვიზის მოლოდინი, სტიპენდიის მოპოვება, ყველა საბუთის შეგროვება, დიახ, რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ასე რომ, მოინდომეთ და გახსენით დარაბები, რომელთა მიღმაც სულ სხვა სამყარო გელოდებათ. ერთი ნაბიჯი და თქვენი ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი