ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორც ვფიქრობ, ნეტა, ისე ვწერდე! – წერის სირთულის შესახებ

წერა რთული პროცესია. არ არის იოლი, აზრები ისე დაალაგო, ისეთი ფორმა მისცე, ისე გადმოსცე ყველაფერი, რომ მკითხველისთვის ნათელი გზავნილების გაგზავნა შეძლო. შემდეგ კი წაიკითხო საკუთარი ნაწერი და კმაყოფილი დარჩე. არც წერის სწავლაა იოლი, მით უმეტეს მოსწავლეებისთვის, რომელთაც წერითი დავალებები აბნევს, ხშირად მოტივაციას უკარგავს, რადგან ამ საქმეში თავდაჯერება აკლიათ. ხვდებიან, რომ რთული პროცესია და ფიქრობენ, რომ დამარცხდებიან.

 

წერილობით აზრის ჩამოყალიბება ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია. ყოველდღიურად ჩვენ გვიწევს საკუთარი აზრები წერილობით გამოვთქვათ, კომუნიკაცია წერილობით ვაწარმოოთ, სოციალურ ქსელებში გამოვხატოთ ჩვენი აზრი ისე, რომ ჩვენი შეხედულება ყველასთვის გასაგები და მკაფიო იყოს და არა მარტო გამოვთქვათ აზრები, არამედ დასამახსოვრებელიც გავხადოთ.

 

„როგორც ვფიქრობ, ნეტა, ისე ვწერდე!” – მითხრა ჩემმა მეოთხეკლასელმა შვილმა ერთ დღეს, როდესაც სკოლისთვის საშინაო დავალებას ამზადებდა. მოსწავლეთა უმეტესობისთვის წერითი დავალება თავსატეხად და დიდ სიძნელედ იქცევა, თუ ჩვენ არ დავეხმარეთ წერითი გამოცდილების შეძენაში და წერითი პრაქტიკის დანერგვაში.

 

წერითი პრაქტიკის დანერგვა კი ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც მოსწავლე მხოლოდ თვითონ ვერ უხელმძღვანელებს და მასწავლებლისა და მშობლის განსაკუთრებული მხარდაჭერა დასჭირდება.

 

იმისათვის, რომ კარგად ვწეროთ, საჭიროა ხშირად ვწეროთ და მოსწავლეც მივაჩვიოთ ყოველდღიურად წერითი დავალებების შესრულებას. ისევე როგორც სხვა უნარები, წერა ყოველდღიურად მუშაობას, ვარჯიშს საჭიროებს და სხვა უნარების მსგავსად წვრთნადია. წერითი მეტყველების გასაუმჯობესებლად კი ერთ-ერთი ეფექტური გზა ინტენსიური მუშაობაა ამ უნარის გასავარჯიშებლად.

 

ჩემი მეოთხეკლასელი შვილის ჩანაწერებიდან გთავაზობთ რამდენიმე ტექსტს, რომელიც ზაფხულში, კოვიდისშემდგომი მოსაწყენი იზოლაციის პერიოდში დაიწერა:

 

„თავისუფლება არის, როცა ადამიანი თავს გრძნობს თავისუფლად, როცა მას კარგად ექცევიან, როცა ის სულ თვითონ აკეთებს არჩევანს და კარგი განწყობა აქვს”.

 

„პეპი გრძელწინდასთან ვიმეგობრებდი დიდი სიამოვნებით, რადგან ის თავის აზრს პატივს სცემს, გაბედულია. შეუძლია მეგობრები გაიჩინოს, თავისი მეგობრები დაიცვას, უყვარს თავგადასავლებში ყოფნა და ძალიან უშიშარია. მორცხვი არაა, არც მე ვარ მორცხვი და ეს ძალიან მომწონს”.

 

„ახალი მეგობრები გავიჩინე ქობულეთში და ძალიან გავერთეთ. თუ ვინმეს ჩაკეტილობის პრობლემები აქვს და ურთიერთობები უჭირს, როცა ეუბნები, წამო ერთად გავერთოთ და ვითამაშოთ, მას დიდი სიხარული ეუფლება, ყველანაირად ემზადება, იღებს ჯგუფურ თამაშებში მონაწილეობას, მისი გუნდიც იგებს და ბედნიერია“.

 

„ჩემი მეგობარი უნდა იყოს ჩემი ჭკუის, იყოს კეთილი, რომ შევძლო და დავუახლოვდე. უნდა შეეძლოს სიყვარულის და გრძნობების გამოხატვა. ჩემი აზრით, საჭიროა არ იყოს მორცხვი, იყოს ჩემნაირი. მე არ მიყვარს, როცა ეხვეწებიან ადამიანს და აძალებენ რამე გააკეთოს, რამე ითამაშოს. დაძალება არც შეიძლება”.

 

„სამი საათის განმავლობაში უჩინმაჩინი რომ ვიყო, ავიღებდი დედას ტელეფონს და ვითამაშებდი. მამას გავყვებოდი ჩუმად სამსახურში და გადაღებაზე რომ იქნებოდა, ცოტას გავეხუმრებოდი. გასაიდუმლოებულ ადგილებში ვივლიდი და კანფეტებს მოვიპარავდი. ცირა ბებოსთან და ლამარა ბებოსთან ჩავიდოდი და ბებოებს ძალიან გავახარებდი. დეიდებსაც”.

 

„ჩემი მარცხენა ხელის თავგადასავალი.

 

თურმე როგორი აუცილებელია მარცხენა ხელი, ამას მაშინ მივხვდი, როცა მარცხენა ხელი მოვიტეხე. მარჯვენა ხელით ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ მაინც ძალიან საჭიროა მარცხენა. ხელი სოფელში, კედელზე ცოცვისას მოვიტეხე, მთამსვლელი ვარ და რომ ვცოცავდი ჩამოვვარდი საცოცი კედლიდან. ჩემმა ბიძამ გამაქანა თბილისში და იქ ოპერაცია გამიკეთეს. სამი დღე ვიყავი საავადმყოფოში. ჩემმა ექიმმა ამირანმა მირჩია თითები „გიფსშიც” ამოძრავე და ყველაფერი კარგად იქნებაო. სამ კვირაში თაბაშირს მომხსნიან და იმერეთში უნდა წავიდე. ჩემი ზაფხული მაინც ძალიან არეული იყო, ხელი მოვიტეხე, მერე მთელ ოჯახს კოვიდი დაგვემართა და იზოლაციაში ვიყავით. ვაი, ახლა ვიღაც მეძახის, აბა, ნახვამდის”.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი