ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

როგორ დავეხმაროთ ბავშვს საბავშვო ბაღთან შეგუებაში

ძნელია მოიძებნოს მშობელი, რომელსაც არ შეხვედრია სირთულეები შვილის საბავშვო ბაღში მიყვანისას. ბავშვის შფოთვა, შიში, ჭირვეულობა, ისტერიკა ბევრ მშობელს ისე აშინებს, რომ პირველივე შემთხვევის შემდეგ პატარას ბაღში ტარებაზე უარს ამბობს. უფროსები მზად უნდა იყვნენ ზემოთ ჩამოთვლილი ქცევითი გამოვლინებებისთვის, რადგან მათ თავიანთი გამომწვევი მიზეზები აქვთ.

 

საბავშვო ბაღთან ადაპტაციის სირთულეთა ძირითადი მიზეზებია:

* გარემოს შეცვლასთან დაკავშირებული შფოთვა – ნაცნობი, ჩვეული მშვიდი, ოჯახური ატმოსფეროდან, სადაც დედა გვერდითაა და ნებისმიერ დროს შეუძლია დახმარება, ბავშვი ხვდება უცხო სივრცეში, სადაც, მართალია, კეთილგანწყობილი, მაგრამ მაინც უცხო ადამიანები ხვდებიან;

* დედასთან ემოციური მიჯაჭვულობა – განვითარების ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ბაღის ასაკის ბავშვები ემოციურად მიჯაჭვულები არიან დედას. მათთვის დედა უსაფრთხო მეგზურია სამყაროს შემეცნების გზაზე, ამიტომ მისი „გაუჩინარება“ ბავშვის პროტესტს იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ემოციურად ისედაც ზედმეტად მგრძნობიარეა;

* განსაზღვრულ სიტუაციებში დამოუკიდებლად მოქმედების უუნარობასახლში ბავშვს ყოველთვის არ მოეთხოვება დამოუკიდებლად მოქმედება, რადგან ამის საჭიროება არ აქვს: დედა საკუთარი ხელით აჭმევს, აცმევს, სათამაშოებს ულაგებს. საბავშვო ბაღში კი პატარა იძულებულია, თვითონ ცაიცვას ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თვითონ ჭამოს და ა.შ. თუ ბავშვს არა აქვს განვითარებული თვითმომსახურების ელემენტარული უნარ-ჩვევები, ახალ გარემოსთან შეგუება მტკივნეულად წარიმართება, რადგან მისი მოთხოვნილება უფროსის მხრივ მუდმივ მეურვეობაზე სრულად არ იქნება დაკმაყოფილებული;  

* შთაბეჭდილებების სიჭარბე – სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვი განიცდის ბევრ ახალ პოზიტიურ თუ ნეგატიურ გრძნობას. გრძნობებისა და ემოციების სიჭარბემ ის შეიძლება დაღალოს. დაღლილი ბავშვი დაიწყებს შფოთვას, ჭირვეულობას, ტირილს, რაც  უარყოფითად აისახება საბავშვო ბაღთან მისი ადაპტაციის პროცესზე;

* ახალი დღის რეჟიმი – თუ ბავშვი საბავშვო ბაღში მისვლამდე სრულ თავისუფლებას იყო მიჩვეული, როცა უნდოდა და რაც უნდოდა, იმას აკეთებდა, საბავშვო ბაღის გარემოსთან შეგუება, სადაც ყველაფერი ორგანიზებული და წინასწარ გაწერილია, ძალიან გაუჭირდება;

* ბავშვის მიმართ პერსონალური ყურადღების მკვეთრი დაქვეითება – მდგომარეობა განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ პატარა დედისერთაა, ყველა თავს დასტრიალებს, ცივ ნიავს არ აკარებს, მისი ყველა სურვილი მაშინვე სრულდება. ასეთი ოჯახური გარემოდან მოსული ბავშვი, ბუნებრივია, საბავშვო ბაღში კომფორტულად ვერ იგრძნობს თავს, რადგან იქ ის ჯგუფის რიგითი წევრი იქნება და მოეპყრობიან ისე, როგორც ყველა სხვა ბავშვს;

  • თანატოლებთან ხანგრძლივი კონტაქტი – თუ პატარას საბავშვო ბაღში შესვლამდე თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონია, პირველ დღეებში მას ძალიან გაუჭირდება უცხო ბავშვებთან ურთიერთობა, რაც, ბუნებრივია, საადაპტაციო პერიოდს გაართულებს და საბავშვო ბაღის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს;

* სრულიად უცხო ზრდასრული ადამიანების მორჩილების აუცილებლობა – უცხო გარემოში, ახლობლების გარეშე დარჩენილი ბავშვისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაემორჩილოს უფროსებს, რომლებსაც პირველად ხედავს. გავითვალისწინოთ, რომ უცხო ადამიანებთან, უცხო გარემოში მოხვედრილი პატარები შიშს განიცდიან. შიში, თავის მხრივ, ართულებს ახალ გარემოსთან ბავშვის ადაპტაციას. ბავშვი ხდება უფრო აგზნებადი, დაუცველი, მგრძნობიარე და ხშირად ავადმყოფობს, რადგან სტრესი ფიტავს ორგანიზმს.

საბავშვო ბაღში შესვლით ბავშვის ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები იწყება – ის მიკროსოციალური გარემო, რომელშიც პატარა მშვიდად და კომფორტულად გრძნობდა თავს, უეცრად ფართოვდება. მასში მოულოდნელად ჩნდებიან ბავშვისთვის სრულიად უცხო ადამიანები, რომლებთანაც მას მარტო უწევს ყოფნა, რაც ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ფსიქიკის მქონე ბავშვში, ბუნებრივია, შიშს და დაუცველობის გრძნობას იწვევს. ამდენად, კარგი იქნება, თუ მშობელი წინასწარ მოემზადება და ბავშვსაც მოამზადებს ცვლილებებისთვის, რათა საბავშვო ბაღთან ადაპტაციის პერიოდი პატარამ სირთულეების გარეშე გაიაროს.

 

რეკომენდაციები ბავშვის საბავშვო ბაღთან ადაპტაციის პერიოდის უმტკივნეულოდ გასავლელად

* წინასწარ ვესაუბროთ ბავშვს იმის შესახებ, რა არის საბავშვო ბაღი, რატომ დადიან იქ ბავშვები, რას აკეთებენ იქ ყოფნის პერიოდში. მაგრამ ნუ გადავაჭარბებთ.

* სეირნობისას ვაჩვენოთ საბავშვო ბაღის შენობა, დავათვალიერებინოთ მისი ეზო.

* მოვერიდოთ საბავშვო ბაღის და მისი თანამშრომლების კრიტიკას, აღმზრდელის ცუდად მოხსენიებას ბავშვის თანდასწრებით – ამან შესაძლოა ბავშვს აფიქრებინოს, რომ ბაღი ცუდი ადგილია და იქ ცუდი ადამიანები არიან. ეს, ბუნებრივია, ხელს ვერ შეუწყობს შფოთვის გაქრობას.

* არასოდეს შევაშინოთ ბავშვი საბავშვო ბაღით – „თუ ცუდად მოიქცევი, საბავშვო ბაღში წახვალ!“ ადგილი, რომლითაც ბავშვს აშინებენ, ვერასოდეს გახდება ვერც საყვარელი და ვერც უსაფრთხო.

* ნუ დავსჯით და ნუ გავუწყრებით პატარას იმის გამო, რომ ტირის საბავშვო ბაღში მისვლისას ან სახლში ბაღის ხსენებაზე. მას აქვს ასეთი რეაქციის უფლება. იმის შეხსენებას, რომ დაგვპირდა არ ეტირა, ასევე არ აქვს აზრი – ამ ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ დაპირებული სიტყვის შესრულება. აჯობებს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ აუცილებლად დავბრუნდებით მასთან საბავშვო ბაღიდან გამოსაყვანად.

* ნუ მოვატყუებთ ბავშვს. ნუ ვეტყვით, რომ მალე წავიყვანთ სახლში, თუ დღის ბოლომდე ვაპირებთ საბავშვო ბაღში მის დატოვებას. აჯობებს იცოდეს, რომ დედა მალე არ მივა, ვიდრე მთელი დღე ამაოდ ელოდოს. შესაძლოა, ამით ნდობაც კი დაკარგოს ყველაზე ახლობელი ადამიანის მიმართ.

* ემოციურად დავეხმაროთ ადაპტაციის პერიოდში. ბუნებრივია, საბავშვო ბაღში შეყვანის შემდეგ ბავშვთან უფრო ნაკლები დროის გატარება მოგვიწევს. კარგი იქნება, თუ ამის კომპენსირებას კომუნიკაციის ხარისხით მოვახდენთ და მისთვის საინტერესოდ გავატარებთ ერთად ყოფნის პერიოდს. თუ ბავშვმა იცის, რომ ხმაურიანი დღის ბოლოს მას ელოდება მშვიდი საღამო დედასთან ერთად, საბავშვო ბაღში გატარებული დრო ისეთი გაუსაძლისი აღარ მოეჩვენება და სტრესიც შემცირდება.

* არ არის სასურველი ხანგრძლივი გამოთხოვება. ამან შეიძლება ნამდვილი ისტერიკა გამოიწვიოს. მტკიცედ ვუთხრათ, რომ ახლა დავტოვებთ, სადილის შემდეგ კი მოვალთ მის წასაყვანად. ამ სიტყვების შემდეგ სწრაფად მოვშორდეთ. ხანგრძლივი გამოთხოვება და მშობლის სახეზე ამოკითხული შეშფოთება ბავშვს კიდევ უფრო გაუძლიერებს უდედოდ დარჩენის შიშს.

* პირველ დღეებში ნუ დავტოვებთ ბავშვს საბავშვო ბაღში ორ საათზე მეტი ხნით. ხანგრძლივობა თანდათან გავზარდოთ. 2-3 კვირის შემდეგ, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, შეგვიძლია უკვე მთელი დღითაც დავტოვოთ.

* ნება დავრთოთ, წაიღოს საბავშვო ბაღში საყვარელი სათამაშო. მისი სიახლოვე პატარას იმ შფოთვის დაძლევაში დაეხმარება, რომელსაც ნაცნობ გარემოსთან დაცილება გაუჩენს.

როცა ბავშვი საბავშვო ბაღზე ხალისიანად დაიწყებს საუბარს, მოგვიყვება იქ მომხდარ ამბებს, დილით უტირლად წავა და დარჩება ბაღში, შეიძლება ვთქვათ, რომ ის შეეჩვია ახალ გარემოს, ადაპტირდა საბავშვო ბაღთან.

ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გაგრძელდება ადაპტაციის პერიოდი, რადგან ყველა ბავშვი მას სხვადასხვანაირად გადის. ის 6 თვემდეც კი შეიძლება გაგრძელდეს. სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შეგუება დიდი გამოცდაა მშობლებისთვისაც. ის იმის მაჩვენებელია, რამდენად არიან მზად, მხარი დაუჭირონ ბავშვს და სირთულეების დაძლევაში დაეხმარონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი