პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

დაბრუნება ძველ ტფილისში – XIX საუკუნის თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებები

(სტატიაში გამოყენებულია აიდა ბაბაჯანოვას სტატიის მასალები, 20 July, 2010, ჟურნალი:www.davidssheield.net)

საქართველოში სასკოლო და სასკოლო-საეკლესიო განათლების პირველი დაწესებულებები მე-18 საუკუნეში კათალიკოს ანტონ I-ის მიერ (აღსაყდრებამდე, თეიმურაზ იესეს ძე ბაგრატიონი) დაარსდა. ეს სკოლები მუშაობდნენ სიონის, კალოუბნის, ქაშვეთის, ანჩისხატისა და მეტეხის ტაძრებთან. სამწუხაროდ, ყველა მათგანი 1795 წელს, აღა მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების შედეგად განადგურდა. ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის ტფილისში (1936 წლის 17 აგვისტომდე, თბილისს, ოფიციალურად,  ტფილისი ერქვა, თუმცა შუა საუკუნეებიდან, არსებობდა პარალელური სახელი „თბილისიც“, ლ.ა.) რუსეთის იმპერიის მიერ 1803 წლის 24 იანვარს გაიხსნა პირველი საერთო-საგანმანათლებლო დაწესებულება ვაჟებისთვის, „თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი“.

რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე I-ის განკარგულების, „სასწავლო დაწესებულებების წესდების“ მიხედვით, რომელიც 1804 წელს გამოიცა, ახალი სასწავლო დაწესებულებებისთვის განსაზღვრული იყო 4-წლიანი კურსი. დაწესებულების მიზნები წესდებაში მოიცავდა შემდეგს: 1) მოსწავლეთა მომზადება საუნივერსიტეტო მეცნიერებების მოსასმენად; 2) ცოდნა-ცნებების გადაცემა, აუცილებელი ზრდილი ადამიანის აღსაზრდელად; 3) მსურველთა მომზადება სამასწავლებლო წოდების მისაღებად სამაზრო, სამრევლო და  ქვედა საფეხურის სხვა სასწავლებლებისათვის. ჩამოთვლილი მიზნების შესაბამისად, სასწავლო გეგმა შეიცავდა „საწყისების სწავლებას ყველა მეცნიერებებისათვის“. აღნიშნული გეგმა შედგენილი იყო ფრანგული ლიცეუმების ნიმუშის მიხედვით და მიზნად ისახავდა ახლად გახსნილი გიმნაზიების საქმიანობის მოწესრიგებას.

ტფილისის კეთილშობილ ვაჟთა სასწავლებლის პირველ დირექტორად დაინიშნა განსაკუთრებული ღირსებებით შემკული პიროვნება – ალექსი პეტრიაშვილი. მან ბევრი რამ გააკეთა სკოლისათვის. პირველმა დირექტორმა, კავკასიის მთავარმართებლის პაველ ციციანოვის (პავლე დიმიტრის ძე ციციშვილი) დახმარებით, შეძლო სასწავლებელში ღირსეული პედაგოგების მოწვევა, საჭირო ლიტერატურითა და ინვენტარით სკოლის უზრუნველყოფა, სწავლის დონის ამაღლება. მდგომარეობა შეიცვალა 1806 წელს, ქ. ბაქოში თავადი ციციანოვის მოულოდნელი და საიდუმლოებით მოცული სიკვდილის შემდეგ, როცა კავკასიის ახალი მთავარმართებლად ალექსანდრე ტორმასოვი მოვიდა. ახალმა „ნამესტნიკმა“კეთილშობილთა სასწავლებლის სამხედრო სკოლად გარდაქმნა განიზრახა. ამას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა ალექსი პეტრიაშვილი, მაგრამ მისმა წინააღმდეგობამ შედეგი ვერ გამოიღო. 1810 წელს მან უარი თქვა სასწავლებლის დირექტორის თანამდებობაზე.

სასწავლებლის პირველი წლების საქმიანობა, ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება სკოლისადმი, რუს მოხელეთა გამოუცდელობა  და ხშირად, ქედმაღლობა, ახლად დაარსებულ სკოლას უამრავ პრობლემას უქმნიდა. აღსანიშნავია, რომ სასწავლებლის ადმინისტრაცია, მიუხედავად ბევრი მოულოდნელი გარემოებისა, მუდმივად ზრუნავდა ტფილისის ვაჟთა პირველი სასწავლებლის გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციისათვის.

1827 წელს ცნობილი რუსი პოეტი, დიპლომატი და ქართველების სიძე (ნინო ალექსანდრეს ასული ჭავჭავაძის ქმარი), ა.ს. გრობოედოვი წერდა, რომ „..1803 წლის პროექტის მიხედვით, თავადი ციციანოვის მიერ, ტფილისში დაარსდა კეთილშობილთა სასწავლებელი, რუსული და ქართული ენების შესასწავლად. როგორც პროექტიდან ჩანს, განზრახული იყო სასწავლო კორპუსის მსგავსი სასწავლებლის შექმნა, სადაც მოსწავლეები იცხოვრებდნენ განსაკუთრებულ სახლში, სასწავლო ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ. მაგრამ იმის გამო, რომ თავადაზნაურობას არ სურდა შვილებთან განშორება და მათი ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ გადაცემა, გადაწყდა, რომ ბავშვების ზედამხედველებისთვის გადაცემა ანაზღაურებადი ყოფილიყო თითოეული მოსწავლისათვის, მშობლებისთვის მცირე გასამრჯელოს გადაცემით“.

1807 წელს მთავარმართებელ პავლე ციციანოვის (ციციშვილის) ინიციატივით, რუსების მიერ პირველადი სახით შექმნილი პირველი საერო სკოლა-პანსიონი – „კეთილშობილთა სასწავლებელი”, სადაც სწავლა მხოლოდ რუსულად მიმდინარეობდა, შეიცვალა და იქ ქართული ენის, და ზოგიერთი საგნის ქართულად სწავლება დაიწყო; გაიზარდა სახელმწიფო ხაზინიდან გამოყოფილი 10,000 მანეთის ოდენობის გასამრჯელოც და სასწავლო პროგრამას გერმანული და ლათინური ენებიც დაემატა. გარდა აღნიშნული სიკეთეებისა, სასწავლებელდამთავრებულებს ეძლეოდათ უფლება, სახაზინო ხარჯზე გაეგრძელებინათ სწავლა  მოსკოვის უნივერსიტეტის კეთილშობილთა პანსიონში. თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის დაარსება, იმპერიის მიერ შთანთქმული, სამეფოდაკარგული საქართველოსთვის, იმედის მცირე სხივად იქცა.

მიუხედავად აღნიშნული სიახლეებისა და სასწავლებლისთვის გამოყოფილი სახსრებისა, 1818 წელს იგივე გრიბოედოვი წერდა: „…სასწავლებლის ნახვის შემდეგ, მე ვერ ვნახე ვერც ბიბლიოთეკა, ვერც სხვა საკმარისი სასწავლო საშუალებები; ვერ ვნახე მოსწავლეთა მხრიდან რაიმე წარმატებები. სასწავლებელი საცოდავ მდგომარეობაში დამხვდა; მოსწავლეთა რაოდენობა 50-60-ს ძლივს აღწევდა და მოსწავლეები, რომლებიც გასამრჯელოს იღებდნენ, ცხოვრობდნენ თავიანთ მშობლებთან ან მშობლიურ სოფლებში და საერთოდ არ ესწრებოდნენ გაკვეთილებს“.

სასწავლებლის ასეთი მდგომარეობა არავის აკმაყოფილებდა და ამიტომაც, 1819 წელს, ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებელში რეფორმა ჩატარდა. დიდი ყურადღება დაეთმო სასკოლო ბიბლიოთეკის შექმნას, შეძენილ იქნა ბევრი სასწავლო სახელმძღვანელო, შეიცვალა ზოგიერთი საგანი, ხოლო ზოგიერთ მოსწავლეს გაუუქმდა გასამრჯელო.

1826 წელს ჩამოყალიბდა ტფილისის სასწავლებლის „სასწავლო დაწესებულებების მოწყობის კომიტეტი“, ხოლო 1828 წელს შეიქმნა გიმნაზიის ახალი წესდება. დაწესდა გიმნაზიის საპატიო მეურვეების წოდება, რომლებსაც დირექტორთან ერთად ევალებოდათ სკოლასა და პანსიონზე ზედამხედველობა. ასევე შეიქნა პედაგოგიური საბჭოები, სადაც განიხილებოდა სკოლის მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების გზები. სასწავლებლის სამოქმედო კურსი შეიცვალა და მასში დიდი ყურადღება დაეთმო სასწავლო პროგრამას:  გაუქმდა ზედმეტი საგნები, დარჩა მხოლოდ გამოყენებადი საგნები. მთავარ საგნებად გადაიქცა მათემატიკა და კლასიკური ენები. გაიზარდა რჯულის კანონისა და ქართული ენის სწავლებისთვის განსაზღვრული საათების რაოდენობაც.

1829 წლის აგვისტოში, კეთილშობილთა სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთდა. როგორც აღმოჩნდა, რეფორმები წარმატებული იყო და სამ წელიწადში ტფილისის 1-ელი გიმნაზია წარმატებულ, პოპულარულ და სასურველ სასწავლო დაწესებულებად გადაიქცა. ყოველწლიურად იზრდებოდა მოსწავლეთა რაოდენობაც. გიმნაზიასთან გაიხსნა პანსიონი და შეიქმნა „ტფილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსწავლეთათვის დახმარების საზოგადოება“. გიმნაზიაში, გარდა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებისა, ისწავლებოდა მუსიკა და ცეკვები, გიმნასტიკა და ფარიკაობა, რომელთათვისაც შენობაში სპეციალურად აღჭურვილი სივრცეები შეიქმნა. შეიქმნა ორკესტრიც, რომელიც უფროსკლასელი მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული. გიმნაზიაში მსახურობდნენ მართლმადიდებელი, გრიგორიანელი მღვდლები, კათოლიკე, ლუთერანი, იუდეველი და მაჰმადიანი ღვთისმსახურები.

1837 წლიდან ტფილისის გიმნაზიაში შემოიღეს შემოწმების (ტესტირების, გამოცდების) და ატესტირების სისტემები. 1846 წელს მიღებული წესებით, სწავლაში წარმატებულობის ხარისხი ფასდებოდა 5-ქულიანი სისტემით. ანგარიშები კავკასიაში სასწავლო დაწესებულებების მდგომარეობის შესახებ „კავკაზსკი კალენდარში“ ქვეყნდებოდა. ჟურნალის 1901 წელს გამოსული ნომრის მიხედვით, ვაჟთა პირველი გიმნაზიის მდგომარეობა ასე გამოიყურებოდა: მოსწავლეთა საერთო რაოდენობა – 890. აქედან რუსები – 358, ქართველები – 178, სომხები – 239, თათრები (აზერბაიჯანელები) – 37, მთიელები-ებრაელები – 38, სხვა ეროვნებები – 40.

1906 წელს გიმნაზიაში უკვე 918 მოსწავლე იყო. გიმნაზიის საპატიო მეურვე გახლდათ „სტატსკი სოვეტნიკი“, მისი საიმპერატორო უდიდებულესობის კარის კამერგერი, ნიკოლაი ვასილის ძე არგუტინსკი-დოლგორუკოვი. გიმნაზიის დირექტორი იმ დროს მოქმედი „სტატსკი სოვეტნიკი“ ევგენი თევროდეს ძე ნიუბლინგი იყო.

მე-20 საუკუნის დასაწყისში, ტფილის პირველი გიმნაზია უკვე კავკასიის ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებლად ჩამოყალიბდა. გიმნაზიის კურსდამთავრებულთა შორის იყო ბევრი ცნობილი მეცნიერი, საზოგადო და ხელოვნების მოღვაწე. ტფილისის პირველ გიმნაზიაში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ სოლომონ დოდაშვილი და დიმიტრი ყიფიანი, სიკო ვაჩნაძე, ანტონ ფურცელაძე, ივანე კერესელიძე, ივანე ნიჟარაძე, ბესარიონ ღოღობერიძე; ექვთიმე თაყაიშვილი, სევერიან კაშია, ვასო აბდუშელიშვილი, ტერენტი ვეფხვაძე, მერი მიქაბერიძე, ნინო ვარდიაშვილი, ვანო ხელაია, ეთერ ტაბიძე, ბაბო მჭედლიძე, მზია წივწივაძე,  გიორგი გეხტმანი, თედო სოხოკია და სხვა ქართველი და სხვა ეროვნების პედაგოგები.

თბილისის პირველ გიმნაზიაში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გიორგი ერისთავი, კონსტანტინე მამაცაშვილი, დავით მაჩაბელი, ივანე კერესელიძე, ილია ჭავჭავაძე, ბესარიონ ღოღობერიძე, ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი, ივანე ჯავახიშვილი, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო, ივანე ერმაკოვი, ლევ გალერი, მიხეილ სუმბათაშვილი (სუმბათოვი), დიმიტრი და ნიკოლაი გუმილიოვები, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, გიორგი გეხტმანი, ახმედ-ბეკ აგაევი, არჩილ ჯორჯაძე, ალექსანდრე ხატისოვი, ალექსანდრე ცაგარელი, მიხეილ კონიაშვილი, ანდრია არწრუნი, ალექსანდრე ხახანაშვილ, ოსკარ შმერლინგი, მიხეილ გრუშევსკი, იმანუელ კრასკიანკი, ვახუშტი კოტეტიშვილი, კოტე მახარაძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ელდარ და გიორგი შენგელაიები, ლატავრა ფოჩიანი, თენგიზ სუხიშვილი, ზვიად გამსახურდია, ლევან აბაშიძე, ზურაბ სოტკილავა, მაია ჩიბურდანიძე.

სხვა სასწავლებლებთან შედარებით, რომლებიც პირველი გიმნაზიის წარმატების შემდეგ ტფილისში მრავლად გაიხსნა, პირველ გიმნაზიაში გაცილებით მაღალი იყო აკადემიური მაჩვენებელი. გიმნაზიის კურსდამთავრებულებიდან, რომლებიც უმაღლესში მისაღებ გამოცდებს XIX საუკუნის 90-იან წლებში აბარებდნენ, თითქმის ყველა ჩაირიცხა. აღსანიშნავია, რომ აღდგენილი ქართული თეატრის ისტორიის პირველი დღეებიც კეთილშობილთა სასწავლებელს უკავშირდება. 1850 წელს გიმნაზიის სცენაზე პირველად დაიდგა ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლის – გიორგი ერისთავის-პიესა „გაყრა“. თბილისის გიმნაზიაში ფუნქციონირებდა საქართველოში პირველი მეტეოროლოგიური ობსერვატორია.

თბილისში ქალთა პირველი სასწავლებელი 1840 წელს იმპერატრიცა მარიას ბრძანებულებით გაიხსნა. სასწავლებლის ბაზაზე 1846 წელს კავკასიის მთავარმართებლის, თავადი ვორონცოვის მეუღლის, გრაფინია ელიზავეტა ვორონცოვას (ბრანიცკას) პატრონაჟით, შეიქმნა წმ. ნინოს სახელობის კეთილშობილ ქალიშვილთა საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ქალთა შორის განათლების გავრცელების ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუტად გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ სასწავლებელში სწავლა ნებადართული იყო ყველა ფენის წარმომადგენელი ქალიშვილისთვის. მაშინდელი ერმოლაევის (ახლა შ. ჩიტაძის) ქუჩაზე, ფუნიკულიორთან ახლოს „ქალთა ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და განათლებისათვის“ სასწავლებელი გაიხსნა. ქალთა პირველი სასწავლებლები მოიცავდა პროგიმნაზიასა და საკუთრივ გიმნაზიას. მათ მოჰყვა ქალებისთვის განკუთვნილი სკოლების გახსნა თბილისის მასშტაბით, რამაც ძალიან შეუწყო ხელი განათლების გავრცელებას ქალებს შორის. ქალთა პროგიმნაზიებში აუცილებელი საგნების რიცხვში შედიოდა: საღვთო რჯული, რუსული ენა, რუსეთის ისტორია და გეოგრაფია, არითმეტიკა, სუფთა წერა და ხელსაქმე; საკუთრივ გიმნაზიაში – საერთო გეოგრაფია და ისტორია, ბუნებისმეტყველება, ფიზიკა, გიმნასტიკა; ასევე, ფრანგული და გერმანული ენები, ხატვა, მუსიკა, სიმღერა და ცეკვები. ვაჟთა გიმნაზიებისგან განსხვავებით, ქალთა სასწავლებლებში შედარებით შემოკლებული იყო ალგებრის, გეომეტრიის და ტრიგონომეტრიის კურსები. შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ ქალ-გიმნაზისტებს გადაეცემოდა ატესტატი დაწყებითი კლასების მასწავლებლის წოდებით. რვა კლასის დამთავრებულებს ეძლეოდათ საშინაო მასწავლებლის (სახლში სწავლების უფლებით), ხოლო ოქროსმედალოსნებს – საშინაო მასწავლებლისა და აღმზრდელის წოდება. რვა კლასის კურსდამთავრებულებს უფლება ჰქონდათ, უგამოცდოდ ჩარიცხულიყვნენ ქალთა უმაღლეს კურსებზე.

 

მასალა მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი