ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

„არისტოტელე ხომ იცი?!“

ყველაფერი სერგო ბოლოტინისგან იწყება.

ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები რომ ყველაზე ძლიერია და უდიდეს გავლენას ახდენს პიროვნების ფორმირებაზე, ეს ჩემამდეც არაერთხელ უთქვამთ გამოცდილ ფსიქოლოგებს, მაგრამ ამბავი, რომელიც მინდა მოგიყვეთ, არცერთ ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოსა თუ ნაშრომში არ განხილულა. ეს ჩემი ბავშვობის ყველაზე უცნაური მოგონებაა.

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში გავიზარდე, კერძოდ, ე.წ. კონიაკის დასახლებაზე. დღემდე არ ვიცი, რატომ ვამბობდით ასე, „დასახლებაზე” და არა „დასახლებაში”, მაგრამ ეს მეათეხარისხოვანია, მთავარი კი ისაა, რომ მაინცდამაინც ამ მიყრუებულ უბანში, ჩემს პატარა ხრუჩშოვკას სერგო ბოლოტინის კიდევ უფრო პატარა ბინა ეკედლისმეზობლებოდა. ზუსტად არ მახსოვს სერგო რამდენი წლით იყო ჩემზე დიდი, ალბათ დაახლოებით სამოცით, და რადგან ვერცერთ ბაბუას ვერ მოვუსწარი, სერგო ჩემი პირველი და საუკეთესო ბაბუა-მეგობარი გახდა. მთელი ამ ამბის პეწი რომ შეიგრძნოთ, მოკლედ უნდა აღგიწეროთ სერგოს ერთოთახიანი ბინა: პატარა ჰოლი ტყის საბჭოთა ესთეტიკით შესრულებული ნახატით კედელზე, ასევე პატარა სამზარეულო და ერთი ოთახი, რომლის კედლებზეც, სამწუხაროდ, არ მახსოვს და ვერც მეხსომება რა იყო გაკრული, ან რა ნახატები ეკიდა, რადგან იქ არაფერი იყო წიგნების გარდა. ჰო, ირგვლივ წიგნების თაროები და უამრავი წიგნი, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთად დამამახსოვრდა სერგოს ბიბლიობინა. ეს ყველაფერი განსაკუთრებულ ჯადოსნურობას იძენდა იმ პერიოდისთვის, როცა სახლში არათუ კომპიუტერი და ტელევიზორი, რადიოც კი არ გვქონდა და მთელი ეს ბიბლიოსამყარო ჩემთვის ჯადოსნური ტერაბიტია იყო, რომელშიც ათასნაირი პერსონაჟი და ისტორიული პიროვნება ცხოვრობდა.

ახლა, როცა უკვე ძალიან მოკლედ აღგიწერეთ ბიბლიოფილი მოხუცისა და პატარა ბავშვის მეგობრობის მიზეზები, მთავარ ამბავზეც გადავალ. მე პირველ-მეორე კლასში ვიყავი, გაკვეთილების მომზადების შემდეგ ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე სერგოს, ისიც მშვიდად და დაუღალავად მათვალიერებინებდა სხვადასხვა უცნაურ წიგნებს, ისეთებს, რომელთა მსგავსიც კი არ მენახა მანამდე, ნახატებიანებს და ფერადებს. წიგნებს კოსმოსზე, დინოზავრებზე, შუა საუკუნეების რაინდებზე. ყველაზე მეტად ის მიყვარდა, რომ თანატოლივით მექცეოდა, არასდროს მიჩლექდა ენას და ძალიან შორს იყო დიდაქტიკისგან. „არისტოტელე ხომ იცი?!” – მკითხა ერთხელ, ექვსი წლის ბავშვს. რა თქმა უნდა, არ ვიცოდი. „უი, არ იცი, тода иди ко мне”. არისტოტელეს აფორიზმების კოსმოსისხელა წიგნი ახლაც მახსოვს. იჯდა სერგო და მიკითხავდა არისტოტელეს, მე კი ერთი აფორიზმი დამამახსოვრდა: „Познание начинается с удивления” (შემეცნება გაოცებით იწყება). სერგოც მუდმივად ახერხებდა ჩემს გაოცებას, დაინტერესებას და შემდეგ შემეცნებისადმი უსაზღვრო ლტოლვის გამოწვევას. მე ჩემი არისტოტელე მყავდა მისი სახით, ის კი, ალბათ, ასევე გრძნობდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ალექსანდრესთვის. ძირითადად სერგო არ სტუმრობდა ჩემ ბინას, ყოველთვის მე მივდიოდი მასთან, თუმცა იყო უფრო რთული დღეებიც, როცა ამ ერთი შეხედვით გოროზ, უტყვ და გულჩათხრობილ ადამიანს ერთი ჭიქა ადუღებული წყალი შემოჰქონდა ხოლმე ჩემთან, რომ ჩაი დამელია. ვიჯექით, ვსვამდი ჩაის და ვსაუბრობდით ხელოვნებაზე.

ერთხელ, სერგომ მითხრა, რომ სიბრძნე, შემეცნება და ცოდნაც ერთგვარი სასმელია, რომელიც კარგად უნდა დააგემოვნო და ისე შესვა. „აი წარმოიდგინე, საშკა, წყალი, რომელიც მუდმივად იცვლის გემოს და სულ უფრო და უფრო გემრიელი ხდება. ერთი ყლუპის მერე – ორი გინდება, ორის მერე – სამი, и так далее. შენ ჭურჭელი ხარ, მარა ეს ისეთი წყალია – არასოდეს გაგბერავს, თუ სწორად მიღება იცი. თუ სწორად ვერ მიიღებ, გაიბერები, გაიბერები და ისე გასკდები, как воздушный розовый пузырь”. მაშინ ზუსტად ვიცოდი, სერგოს უამრავჯერ ჰქონდა წყალი დანალევი და ყველაზე უკეთ იცოდა გემრიელი წყლის გემო. 

მე გვიანღა მივხვდი, რატომ დაიწყო სერგომ კოსმოსითა და დინოზავრებით და რატომ მივედით არისტოტელემდე. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ 7-8 წლის ბავშვისთვის არისტოტელეს აფორიზმების წაკითხვა წყლის ნაყვაა, მაგრამ გარწმუნებთ სერგოს ბიბლიობინაში ნაზიარებმა სიბრძნემ მთელ ჩემს აზროვნებაზე მოახდინა გავლენა. ჩვენ დავიწყეთ გაოცებით და მივედით შემეცნებამდე. სერგო ბოლოტინი ხშირად მეკითხებოდა აზრს და ჩემს ბავშვურ ტიტინს ისე ისმენდა, თითქოს ჩემი პირით აკადემიკოსი საუბრობდა. ისმენდა, ხან იზიარებდა, ხან არ, ხან მედავებოდა მთელი გამალებით და ისეთი შემთხვევებიც კი იყო, როცა ცხარე კამათის შემდეგ – მეთანხმებოდა. ასეთ დროს თავი არისტოტელე თუ არა, როგორც მინიმუმ სერგო ბოლოტინის დონის მოაზროვნე მეგონა. მთავარი კი ალბათ ისაა, რომ სერგომ ჩემი გაოცება შესძლო, თან ეს ისე მოახერხა, რომ ეჭვიც კი არ გამიჩინა, ამას წინასწარი გათვლებით აკეთებდა, თუ ისე, ბუნებრივად. მას შემდეგ წიგნების გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია, ყოველი ახალი წიგნის გადაშლისას კი ისეთ შეგრძნება მაქვს თითქოს მთაში დამქანცველი, რთული ლაშქრობის შემდეგ მთის ანკარა წყაროს მივადექი.

ის ღამეც მახსოვს. სერგოს მეუღლე, ვენერა, აფორიაქებული აკაკუნებდა ჩვენს კარზე. მე გამეღვიძა და საშინლად ავნერვიულდი. რამდენიმე წამის შემდეგ დედა სერგოს ბინაში გაიქცა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. ვენერა მოთქვამდა, არც თუ ისე მალე სასწრაფოც მოვიდა. დედა აქოშინებული შემობრუნდა სახლში, ჩემი გაკვირვებული და დაძაბული მზერის დანახვისთანავე მიხვდა, არ უნდა მოვეტყუებინე და პირდაპირ მითხრა, სერგო ბაბუა გარდაიცვალაო. მერე წყლისგან დაცლილი ჭიქა სამზარეულოს ნიჟარაში ჩადგა და თვითონ ვენერა ბოლოტინას დასამშვიდებლად გაბრუნდა, თან გამაფრთხილა, სერგოს ნაპირალი ჭიქაა და არ გამოიყენოო.

მე, რა თქმა უნდა, დედაჩემის გასვლისთანავე ონკანი მოვუშვი, ჭიქა ავავსე და უკვე ორი წამის შემდეგ დაუფიქრებლად დავეწაფე ჩემი არისტოტელეს ნაპირალ ჭიქაში დაგროვილ უგემრიელეს წყალს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი