ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რჩევები აღმზრდელებს: როგორ გავაუმჯობესოთ სასწავლო პროცესი წლიდან წლამდე

„არსებობს სამი გზა სიბრძნის სასწავლად: პირველი – საკუთარ თავში ჩაღრმავება, რომელიც უკეთილშობილესია; მეორე – მიბაძვა, რომელიც უმარტივესია და მესამე – გამოცდილება, რომელიც უმწარესია“.

კონფუცი

აღმზრდელ-პედაგოგისთვის თვითრეფლექსია* ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის სტანდარტის ერთ-ერთი ინდიკატორია. საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, მიღწეული შედეგების პერიოდული შეფასება და გაუმჯობესება პედაგოგების მუშაობის განუყოფელი ნაწილია. ვაღიაროთ, რომ დიდ ჯგუფებში ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მუშაობისას ძნელია წლის ბოლომდე შეინარჩუნო ბალანსი, გამუდმებით იფიქრო შემოქმედებითად და გადაურჩე პროფესიულ გადაწვას, განსაკუთრებით ახლა, როცა პანდემიამ ყველა ჩვენგანის რუტინა თავდაყირა დააყენა.

 

წარმოიდგინეთ თქვენი თავი პროფესიაში შესვლამდე. რა იყო ის, რის გამოც ბავშვებთან მუშაობა გადაწყვიტეთ? გადახედეთ განვლილ გზას მას შემდეგ: რამდენი რამ ისწავლეთ მათთან ყოველდღიური მუშაობის პროცესში? ალბათ გქონიათ შემთხვევა, როცა გიღიარებიათ, როგორ გაიმარჯვეთ საკუთარ თავზე და კონკრეტულ ბავშვთან ხანგრძლივი მუშაობისას მიაღწიეთ დასახულ მიზანს. მინდა, ამ წერილში გაგიზიაროთ ხრიკები თვითრეფლექსიისთვის, რომლებიც პატარ-პატარა ნაბიჯებით დიდ მიზნებამდე მიგიყვანთ.

 

უპირველეს ყოვლისა, გამონახეთ დრო საკუთარ თავთან დიალოგისთვის. მოკალათდით მყუდროდ და ჰკითხეთ თქვენს თავს:

1) გასულ წელს რამ იმუშავა ნამდვილად კარგად? აქ მოძებნეთ თქვენი ის ძლიერი მხარე, რომელიც უცვლელია მასწავლებლობის პირველი დღიდან (ბუნებით მონიჭებული განსაკუთრებული უნარი) ან ის, რაზეც ბოლო წლებში ბევრი იმუშავეთ და განივითარეთ.

2) ძალისხმევის მიუხედავად, რამ არ იმუშავა ყველაზე მეტად? აქ ეცადეთ დაფიქრდეთ იმაზე, სად მთავრდება თქვენი როგორც მასწავლებლის შესაძლებლობები, რა არის ის ნიშა, სადაც შეგიძლიათ ცოდნის გაფართოება.

 

პიროვნული თუ პროფესიული განვითარების ტრენინგებზე ხშირად მომისმენია რჩევა: დაისახეთ მიზნები, ჩამოწერეთ სია და მიჰყევით მას მანამდე, სანამ არ შეასრულებთ. ბევრისთვის შესაძლოა ეს დამხმარე საშუალება იყოს, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მიღწევებზე მეტად შესაძლო შეცდომებზე კონცენტრირება ჭრის? სცადეთ ჩამოწეროთ თქვენი სისუსტეების სია და ყოველ წელს კონცენტრირდეთ ერთი მათგანის დაძლევაზე არა რაიმე სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, არამედ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ თავთან უკეთესი შედეგის მისაღებად.

მაგალითად:
* წელს ჯგუფში მყავდა უფრო მეტი ბავშვი, ვიდრე აქამდე. ვერ გავუმკლავდი, თავს დამარცხებულად ვგრძნობ.

* ვერ გამოვნახე დრო ბავშის ინტერესების გასაღრმავებლად.

* მუშაობის ყოველ ნაწილში მქონდა ჩავარდნა და გამიჭირდა არეულობასთან გამკლავდება.

* ძალიან ბევრ რესურსზე მაქვს წვდომა, რომელთა სასწავლო პროცესში ორგანიზებასაც ვერ ვასწრებ.

* გასულ წელს ჯგუფში გატარებული დრო ყველა ბავშვისთვის შედეგიანი არ მეჩვენება.

 

მესამე ხრიკი: დაგეგმეთ მომდევნო 12 თვე.

ამოირჩიეთ პროფესიული განვითარების ერთი კონკრეტული პრიორიტეტი, მოიძიეთ წიგნები და დაგეგმეთ ამ თემაზე დისკუსია კოლეგებთან, ადრეული და სკოლამდელი განათლების სპეციალისტებთან, გამოიყენეთ ღია ჯგუფები და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც კი ხედვის არეალს გაგიფართოებთ.

პირად დღიურში დაწერეთ: მიმართულება, რომელზეც მომდევნო 12 თვე ვიმუშავებ არის…

 

მეოთხე ნაბიჯი: შეიმუშავეთ გეგმა.
1. დაწერეთ თქვენი მიზანი;

  1. ამოირჩიეთ სწავლის თქვენთვის სასურველი მეთოდი:

– სამუშაო შეხვედრები;

– თანამშრომლებთან საუბარი;

– mastsavlebeli.ge-ზე სტატიების გაცნობა;

– წიგნების კითხვა;

– პირადი ტრენერის აყვანა;

– სასწავლო პროგრამის გავლა;

– კვლევითი სტატიების კითხვა;

– თემატური ბლოგების გაცნობა;

– ტრენინგების გავლა.

  1. განსაზღვრეთ პიროვნული განვითარების განრიგი. თქვენი რუტინიდან გამოყავით დრო ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად და აქციეთ ეს პრიორიტეტად.

 

მოიძიეთ და ამოირჩიეთ:

სამი წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ ამ წელს

  1. 2.
    3.ხუთი სტატია, რომელიც უნდა წაიკითხოთ მომდევნო 12 თვის განმავლობაში (ეცადეთ, ერთი მაინც იყოს სამეცნიერო)
  2. 2.
    3.
    4.
    5.

 

ერთი პროფესიული ელექტრონული რესურსი, რომელსაც რეგულარულად გაეცნობით

 

კარგი იქნება, თუ შერჩეულ თემატიკაზე წლის განმავლობაში ერთ ტრენინგს ან სასწავლო კურსს მაინც გაივლით.

 

ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავების შემდეგ აწარმოეთ ყოველდღიური მიმოხილვა.

თარიღი ___

რამ იმუშავა დღეს ძალიან კარგად?

რა იყო მთავარი სირთულე?

რაში დაგეხმარა ამ მიმართულებით ბავშვებთან მუშაობა? რატომ?

ხვალ რას გააკეთებ განსხვავებულად?

 

წლის ბოლოს, როცა ახალი გეგმის შემუშავებაზე დაიწყებთ ფიქრს, აღმოაჩენთ გაცილებით მრავალფეროვან გამოცდილებებს და შედარებით ადვილად შეიმუშავებთ გაუმჯობესებულ სასწავლო გეგმას.

ბანალურად ჟღერს, მაგრამ მაინც: გახსოვდეთ, ხვალინდელი დღე 365-გვერდიანი წიგნის პირველი ცარიელი ფურცელია.

 

_________

* თვითრეფლექსია საკუთარი გამოცდილების კრიტიკული გადამუშავების პროცესი, საკუთარი ქცევისა და აზროვნების ანალიზი, გაცნობიერება, შეფასება, დაგეგმვა და კონტროლი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი