პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

გელა ჩარკვიანის ალგორითმი

– მოდით, ჯერ მითხარით, რა ალგორითმი გვაქვს დღეს, – ასე იწყებოდა ყოველი შეხვედრა, რომელსაც მალე წიგნი უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ მანამდე გელა ჩარკვიანის დისციპლინა და პასუხისმგებლობა შენც იძულებულს გხდიდა, მისი თამაშის წესებს მიჰყოლოდი.

„ალგორითმი“, ცხადია, მზად მქონდა. წიგნის რედაქციას ეხებოდა ეს თუ ახალ გამოცემასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, მკითხველთან შეხვედრას თუ ტელევიზიებში სტუმრობას, გელა ჩარკვიანი ყველაფრისთვის საგანგებოდ ემზადებოდა. იშვიათად მინახავს ადამიანი, ვინც ასე პატივს სცემდა თავის საქმეს და ნათქვამ სიტყვას, შეთანხმებას. პირველ „ნაგერალაში“ უწერია კიდეც: „საქართველოში სიტყვის შეუსრულებლობის ნამდვილი პანდემიაა. ელემენტარული შეპირებაც კი, ისეთი, როგორიცაა „გადმოგირეკავ“, სრულდება დაახლოებით 10 პროცენტით. იმისათვის, რომ ჩვენს ცხოვრებას რამე დაეტყოს, ეს ციფრი 70-მდე მაინც უნდა ავიყვანოთ.“

ცხოვრების მთავარი წიგნის – „ნაცნობ ქიმერათა ფერხულის“ დაწყებამდე დამირეკა და მასთან მისულს რამდენიმე გაძეძგილი ყუთით დამხვდა. აჭრელებული გვერდების დასტა გამომიწოდა და მითხრა, – აქ არის თითქმის ყველა საკითხი, რაც არ უნდა გამომრჩეს. ამისთვის საჭიროა მივუბრუნდე იმ თანადროულ ჩანაწერებს, რასაც 90-იანებში, შევისთან მუშაობის დროს ვაწარმოებდი ყოველ დღე. მეხსიერებას ვერ ენდობი. ამიტომ როგორც კი დავრწმუნდი, რომ ეპოქალური მოვლენების ინსაიდერი ვიყავი, გადავწყვიტე, ყველა დღე ჩამეწერა იმ საღამოსვე. როგორც ვატყობ, ეს გამომადგა. დღეიდან ვიწყებ. ყოველდღე ერთ გვერდს დავწერ და პერიოდულად გამოგიგზავნი.

ეს იყო შრომისმოყვარეობისა და ჩანაფიქრის ზედმიწევნით შესრულების შთამბეჭდავი მაგალითი. წიგნი ნანას მიუძღვნა, ცხოვრების მთავარ სიყვარულს. განსაკუთრებით ემზადებოდა ეპილოგის დასაწერად, სადაც ამ სიყვარულის ცნობიერი, გამხელილი თუ გაუმხელელი იმპულსები უნდა ამოეწია, და ეს უმთავრეს ამოცანად ესახებოდა, – ერთი ამოსუნთქვით უნდა დაიწეროს და მკითხველმაც ასევე უნდა წაიკითხოსო.

ჯოისი და ჰაქსლი უყვარდა, „ულისე“ და „კონტრაპუნქტი“. ამიტომაც არ გამკვირვებია, ავტობიოგრაფიულ რომანშიც და ჩანაწერებში რიტმს, დინამიკურ სტილსა და პერსონაჟების ხატვის არაორდინარულ მანერას რომ ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას. და კიდევ – ადამიანის ბუნების შავ-თეთრი პერსპექტივიდან კი არა, სწორედ მრავალფერი შინაგანი პრიზმიდან დანახვას: „დიდი მენიუს მოყვარული ვარ. მიყვარს მრავალფეროვნება. მომწონს, როცა ბუკიას ბაღთან ინკები ცეკვავენ.“

ყოველ 18 მაისს, თავის ბინაში, მეუღლის – ნანა თოიძის დაბადების დღეს იხდიდა. პატიჟებდა უახლოეს ადამიანებს, ნანას მეგობრებს, კლასელებს, თავის თანატოლებს. ეს ტრადიციასავით იყო – მეუღლეს სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდგომ. თბილი და უშუალო ურთიერთობები, სიმღერა და სხვადასხვა თაობის ადამიანების მხრიდან ერთმანეთისადმი გამოჩენილი ყურადღება სამუდამოდ დამამახსოვრდა იმ დღეებიდან.

– გელა, გელა, კლუბნიკა გასინჯე? –  ერთხელ ნანას მეგობარი მიადგა დიდი თეფშით სავარძელში ჩამჯდარ, ცოტათი შეზარხოშებულ მასპინძელს.

– ოოო, – თვალები გაუბრწყინდა ბატონ გელას, მეც მომიბრუნდა, – არ გინდა? – თავი დავუკარი.

– ეს ხომ შენი გამომცემელია, გელა? ხოდა, იდეა მაქვს: შენ ხომ გააკეთე „ნაგერალა 1“, „ნაგერალა 2“, „ნაგერალა 80“ და ახლა გააკეთა ნა-გელა-რა. ხო კაია? – გელა ჩარკვიანმა გულიანად გაიცინა თავისი საფირმო სიცილით.

ისკეიპიზმი და შეთავაზება გამომცემლობიდან – ხშირად ამბობდა, რომ სწორედ ამ ორმა მიზეზმა გადააწყვეტინა წიგნების დაწერა. პირადი აპოკალიფსები – ირაკლის და ნანას გარდაცვალება – რეალობიდან გაქცევისკენ უბიძგებდა. ზოგი ამ დროს სერიალებში ჩაიძირება, ზოგს მულტფილმები გაიტაცებს, მე გადავწყვიტე, მეწერაო. ეს იყო მისი ალგორითმი: რამდენიმე წიგნში მოექცია თავისი უნიკალური გამოცდილება – ორი სისტემის შვილის, საოცარი ბიოგრაფიის კაცის, აღიარებული დიპლომატის, სიყვარულის მეცნიერებათა დოქტორის, ერთგული მეგობრის და თანამებრძოლის, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ლიბერალური ღირებულებების პოპულარიზატორის, უამრავი პოლიტიკური ივენთის თვითმხილველის, ინგლისური ენის განუმეორებელი მცოდნისა და მასწავლებლის გამოცდილება.

„ივენთი“ – ეს სიტყვა უყვარდა. ამტკიცებდა, რომ მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო ორი სრულიად განსხვავებული ივენთი: პრეზიდენტ კლინტონთან შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში და თავისი კატის – ფისო ივანიჩის ყოველდღიური თავგადასავლები.

თქვენობით მელაპარაკებოდა. ვერც ერთხელ ვერ შევბედე, გადამერწმუნებინა. სხვათა შორის, ამაში ძვირფას არიანე ჭანტურიას ჰგავდა – უმაღლესი რანგის ანგლისტს, მაგრამ გელა ჩარკვიანისგან სრულიად განსხვავებულ, ანაქორეტ კაცს.

ყეენაზე (მერაბ კოსტავა) და აკულაზეც (ზვიად გამსახურდია) ხშირად გვისაუბრია. დაუწერია კიდეც, მაგრამ პირადი საუბრებისას უფრო ჩავეძიებოდი ხოლმე. ჩემი კლასელები საქართველოს ეროვნული გმირები არიან და მთაწმინდაზე განისვენებენო, – სიამაყით იტყოდა. თვითონ ზვიად გამსახურდიას მტრისა და მოწინააღმდეგის ბანაკში მოუწია ყოფნამ, მაგრამ ის ორი ეპიზოდი – ზელიმხან იანდარბიევის სტუმრობა შევარდნაძესთან პირველი პრეზიდენტის საქართველოში დაკრძალვის თხოვნით („ნაცნობ ქიმერათა ფერხული“) და ლევან გურჩიანის (ავტორის პროტოტიპი „მერმისის ჭაღარა მთვარეებიდან“) შეფასებები ზვიად გამსახურდიას ღვაწლსა და დამსახურებაზე, განსაკუთრებული მნიშვნელობისა მგონია.

„ნაგერალა 80“ ასე დაასრულა: „ოთხმოცი წლის შევსრულდი, ჩემოდნებს ვალაგებ და მიხარია, რომ შთამომავლებს ისეთ საქართველოს ვუტოვებ, სადაც არ დასჭირდებათ ჩემსავით ცეკაში სირბილი ჩეხური კაფელის საშოვნელად.“ თანამედროვე და მომავლის საქართველოზე ფიქრი და თავისი პროგრესული მოსაზრებების ახალი თაობისთვის გაზიარება გელა ჩარკვიანის ყოველდღიური საქმე იყო. ამ მხრივ, განსაკუთრებით ფასეულია მისი რეკომენდაცია:

„ჩვენი ახალგაზრდები ფხიზლად უნდა იყვნენ, იმისათვის, რომ არ დაკარგონ ჩვენი ორი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი – საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფალი საზოგადოება. ისეთი არავინ უნდა წამოისკუპონ თავზე, ვინც შეძლებს საქართველო ისევ შეათრიოს სადღაც და ამ გზით გააუქმოს ქვეყნის სუვერენიტეტი. ფხიზლად უნდა იყვნენ, მაგრამ იმისთვის, რომ არ მოტყუვდნენ, უნდა იყვნენ განათლებულები. პოლიტიკოსები იოლად ატყუებენ მათ, ვინც საკმარისად განათლებული არ არის. უნდა იკითხონ რაც შეიძლება მეტი და თავის პროფესიულ ლიტერატურასთან ერთად, ვურჩევდი კარგად შეისწავლონ ისტორია და პოლიტიკური ფილოსოფია. უნდა იცოდნენ სახელმწიფოს მოწყობის მოდელები და ის, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია. ასე გამოუმუშავდებათ იმუნიტეტი ყოველგვარი სოციალური თუ სხვა ტიპის დემაგოგიის წინააღმდეგ. ამგვარად ჩვენ არამარტო შევინარჩუნებთ ჩვენს მონაპოვარს, არამედ გავზრდით და განვავითარებთ მას.“

სხვადასხვა დროს ქვეყნის სამ პრეზიდენტთან ურთიერთობა – ზვიად გამსახურდიას კლასელობა, ედუარდ შევარდნაძის გუნდის წევრობა თერთმეტი წლის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის მრჩევლობა და ოთხწლიანი ელჩობის პერიოდი ლონდონში, და რა თქმა უნდა ის, რაც მისი ცხოვრების ბედისწერად და საჩუქრად იქცა: „მეფის შვილი და მეფის მამა“. სწორედ ამ ავტოგრაფით უსახსოვრებდა თავის წიგნებს ახალგაზრდა მკითხველს და თან დაამატებდა, – სენდვიჩივით ვარ მათ შორისო.

წლების განმავლობაში მისი ოფიციალური ფეისბუკგვერდის მართვამ დამარწმუნა, რომ სულ რამდენიმე ადამიანს ვიცნობდი, ვისაც ამგვარი პატივისცემა, სიყვარული და აღიარება ხვდა წილად სიცოცხლეში. ყოველი ახალი პოსტი მოვლენად იქცეოდა სოციალურ ქსელში, ინბოქსი ვერ იტევდა აღმატებულ ეპითეტებს ნაცნობი თუ სრულიად უცნობი ადამიანებისგან. ბატონ გელასთან ვათანხმებდი ხოლმე ფეისბუკპოსტების თემატიკას, მათ შორის, პირველ ყოვლისა, ოდნავ პროვოკაციულებს. მახსოვს, რა აჟიოტაჟი გამოიწვია „ნაგერალადან“ აღებულმა ციტატამ: „მამიდათმავალი გახლავართ, თუ გყავთ სიმპათიური მამიდა, გამაცანით“. შუახნის და შუახანს გადაცილებული ქალების სიყვარულის ტალღამ ნიუსფიდი წალეკა.

წერილების ნაკადი არ წყდებოდა – ითხოვდნენ ავტოგრაფებს, მასთან სტუმრობას, მის სტუმრობას რეგიონებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში, საჯარო ლექციებს, ყველაზე ხშირად კი ინგლისურში მომზადებას ან სულ მცირე, რჩევას და დაკვალიანებას ამ მიმართულებით.

„English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“ თეონა და ნანა ჩარკვიანებს მიუძღვნა. ქალიშვილს და შვილიშვილს. მათ, ვისზე ზრუნვასაც პირადი აპოკალიფსების შემდეგ თავისი სიცოცხლის გამართლებად და აზრად მიიჩნევდა. ალბათ სიმბოლურიცაა, რომ უკანასკნელი წიგნი ატარებს იმ  გზავნილს, რაც გელა ჩარკვიანის ცხოვრების მიზანი იყო: ლინგუა ფრანკას სწავლება ნოვატორული მეთოდით და მისი მეშვეობით სამყაროს სხვადასხვა მხარეში მყოფი მილიონობით ადამიანის ერთმანეთთან დაახლოება.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ნანას ოდესმე ჩემზე მეტი ეცოდინებოდა. დღეს ასეა, მან იცის, რა არის არყოფნა“ – ჩაიწერა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ უბის წიგნაკში. დღეს გელა ჩარკვიანიც უკვე მათთანაა – მონატრებულ ნანასთან და ირაკლისთან ერთად, „საბოლოო ჭეშმარიტებაში, იქ, სადაც სრული სიცხადეა“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი