ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სოციალური მედიის დიდთვალება მონსტრები

ჩვენ სოციალური მედიის მომხმარებლები ვართ, რომლებმაც ბევრი არაფერი ვიცოდით მის შესახებ და გზადაგზა ვარკვევდით მის თავისებურებებს, ხასიათს, ვსწავლობდით ქცევისა თუ მოხმარების წესებს.

სოციალური მედია სხვადასხვა შინაარსის მქონე გზავნილებით გაჯერებული გარემოა, სადაც ყოველდღიურად წამლეკავი რაოდენობის ინფორმაციასთან გვაქვს შეხება (და ეს რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება), ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი მისგან, როგორ ვასწავლოთ შვილებსა და მოსწავლეებს მისი კრიტიკული წაკითხვა და სასარგებლოდ გამოყენება.

დროის დინებასთან ერთად, ჩვენ თვალწინ და ჩვენივე მონაწილეობით, სოციალური მედია ძლიერ ინსტიტუტად იქცა და ჩვენი ცხოვრება მკვეთრად შეცვალა. შევიცვალეთ ჩვენც, მისი მომხმარებლები, ჩვენი ჩვევებით თუ ყოველდღიური განაწესით მას დავექვემდებარეთ. ახლა სოციალური მედიის შუქზე აღვიქვამთ საკუთარ თავს, სხვა ადამიანებს, სამყაროს, მომავალს. ჩვენ წარმოდგენებს სამყაროსა თუ ადამიანებზე სოციალური მედია განსაზღვრავს და ერთგვარი ილუზიაც კი ჩნდება, რომ თუ სოციალურ ქსელში არ ვიაქტიურეთ, თავი არ გამოვიჩინეთ და არ დავამახსოვრეთ გარშემო მყოფებს, არ შევქმენით სოციალური მედიისთვის საჭირო “პროდუქტი”, თითქოს არც კი გვიარსებია. რა თქმა უნდა, ჩვენ, მომხმარებლები, ვაძლიერებთ სოციალურ მედიას, ვმატებთ გავლენას და ავტორიტეტს. სოციალურ ქსელებში ჩვენი აქტიურობა განამტკიცებს ამ მოჯადოებული წრის საზღვრებს და სოციალურ მედიაზე ჩვენს დამოკიდებულებას.

ხშირად მიფიქრია, დღითიდღე როგორ რთულდება სოციალური მედიიდან თავის დაღწევა, როგორ ვებმებით ყველა, განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა, მის ქსელში და ვკარგავთ რეალობასთან კავშირს. კიდევ ერთი პრობლემა კი ის ზღვა ინფორმაციაა, რომლის გადამუშავებაც ყოველდღიურად გვიწევს.

ინფორმაციას, რომელსაც სოციალურ მედიასთან ინტერაქციისას ვიღებთ, მრავალი კუთხე აქვს და უნდა ვიცოდეთ, რას ემსახურება სხვადასხვა ამბავი, ვინ გვიგზავნის მას და რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს მის გავრცელებას, რათა მის ბრმა მომხმარებლებად არ დავრჩეთ. კრიტიკული თვალით წაკითხვა იმ გზავნილებისა, რომლებსაც ამ გარემოში ვხვდებით, ზოგჯერ – მათი უარყოფა, უფრო მეტად კი კრიტიკულ აღქმაზე კონცენტრირება სოციალური მედიის სასარგებლოდ გამოყენებაზე მიანიშნებს.

პანდემიამ კიდევ უფრო გაზარდა სოციალური მედიის გავლენა და მასზე კიდევ უფრო დამოკიდებული გაგვხადა. ონლაინსწავლებით, ონლაინშეხვედრებით, ონლაინლექციებით ჩვენ კიდევ უფრო ღრმად გადავეშვით ვირტუალურ რეალობაში და კიდევ უფრო გაგვიჭირდა იმ დროის ჭკვიანურად ორგანიზება, რომელსაც ეკრანებში თავჩარგულები ვატარებთ. ყოველდღიურად ვიღებთ უამრავ ინფორმაციას, უმეტესობა ნეგატიურია, ხშირად მის გასაფილტრავად და ავთენტურობის შესამოწმებლად დრო და ენერგია აღარ გვრჩება, ეს ყველაფერი კი ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

სოციალურ მედიას ძლიერი ბერკეტები აქვს ადამიანზე გავლენის მოსახდენად, მისი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად ან, პირიქით, მის დასაქვემდებარებლად. საიდუმლო არ არის, რომ Ჩვენ მის ტყვეობაში ვიმყოფებით, როდესაც მოხმარებისას არ ვიცავთ დროის მენეჯმენტს, არ ვაორგანიზებთ ჩვენს ყოველდღიურობას ისე, რომ ინფორმაციის წამლეკავ ზღვაში არ გვიწევდეს თავის გადარჩენა. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი წიგნიერება, უფრო მეტი კრიტიკული აზროვნება, რათა დავუპირისპირდეთ ინფორმაციის ამ ნიაღვარს და ვისწავლოთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ სოციალური მედია. დღეს მოზარდებისა და ბავშვებისთვის ამის სწავლება უმნიშვნელოვანესია.

ინფორმაციის წამლეკავ ნაკადსა და მედიაარხების აგრესიულ გზავნილებთან ერთად გვიწევს გამკლავება „რაღაცის გამოტოვების“ შიშთან – შიშთან, რომ სხვა ჩვენზე ადრე გაიგებს ახალ ამბავს. „დასწრების“ ეს ვნება არ გვაძლევს საშუალებას, თვალი მოვხუჭოთ, დავმშვიდდეთ და რეალური ცხოვრება არ გამოვტოვოთ.

ერთ დღესაც, როდესაც ყველა მედიაარხის გამოწერა გავაუქმე, ფეისბუქი აპლიკაციების საქაღალდეში შევინახე და დროებით მოვწყდი სოციალური მედიის სამყაროს, მივხვდი, რომ ხანდახან ამის გაკეთება საჭიროა, აუცილებელიც კი.

ვირტუალური გარემო, რომელშიც ჩვენი საქმეების პარალელურად უამრავ დროს ვატარებთ, ვწერთ ჩვენს საქმეებზე, სხვადასხვა საკითხზე აზრს ვუზიარებთ ერთმანეთს, ვკამათობთ და ჩვენი უპირატესობის დემონსტრირებას არ ვერიდებით, უფრო და უფრო აგრესიული ხდება და ემსგავსება იმ დიდთვალება მონსტრს, ბავშვობაში ძილს რომ გვიფრთხობდა. კარგი იქნებოდა, ეს დიდთვალება მონსტრი მოგვეშინაურებინა და მასთან გონივრული თანაცხოვრება გვესწავლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი