შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ცვლილებები ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ტესტში

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი ჩვენი განათლების სისტემის ავტორიტეტული და კომპეტენტური ინსტიტუციაა უდავოდ. უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდების 16-წლიანი პრაქტიკის მანძილზე არ ყოფილა ისეთი ხარვეზები, რომელთაც ამ უწყების რეპუტაციის შერყევა შესძლებოდა. სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებიც, მშობლებიც და  აბიტურიენტებიც ენდობიან საგამოცდო ცენტრს, აღიარებენ მის სპეციალისტთა მაღალ კვალიფიკაციას. ცენტრის სპეციალისტები, რომლებიც ჩართულნი არიან საგამოცდო ტესტების შედგენაში, საგანგებოდ ეუფლებიან ფსიქომეტრიის სწავლებებს. ეს სამეცნიერო დარგი  სწავლობს ტესტების ვალიდურობის საკითხებს. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე არ გვაქვს ფსიქომეტრიის სამეცნიერო შრომები და რესურსები, რაც ნამდვილად სჭირდებათ არა მხოლოდ საგამოცდო ცენტრის სპეციალისტებს, არამედ უნივერსიტეტების ლექტორებს, კერძო თუ საჯარო სკოლების პედაგოგებს, რომელთაც ხშირად უწევთ ტესტების შედგენა სხვადასხვა საჭიროებებისთვის. წლების მანძილზე პერიოდულად შედიოდა ხოლმე ცვლილებები ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში. ამჯერად საუბარი გვექნება მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდის ტესტზე. 2018 წლიდან ტესტი მოიცავდა სამ დავალებას: I – ტექსტის რედაქტირება, II – არგუმენტირებული ესე და  III – მხატვრული ტექსტის ანალიზი. 2018 წლამდე მხატვრულ ტექსტს ერთოდა მის გაგება-გააზრება-ანალიზთან დაკავშირებული 15 კითხვა, ე.წ. დახურული ტესტი 4 სავარაუდო პასუხით. ბოლო დროს იყო საუბარი იმაზე, რომ ტესტმა ამოწურა თავისი თავი და საჭირო იყო მორიგი ცვლილება. და აი, რამდენიმე დღის წინ ცენტრმა ოფიციალურად გამოაცხადა ცვლილებების შესახებ, ხოლო ვებ-გვერდზე დაიდო ტესტის პირველი ნიმუში და შეფასების კრიტერიუმები. ცვლილებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც მასწავლებლებში, ასევე აბიტურიენტებში, რადგან გამოცდისთვის მომზადების პროცესში იცვლება საგამოცდო პროგრამის ათვისება-რეალიზაციის პრინციპები და მიდგომები. ყოველი სიახლე, მოგეხსენებათ, იწვევს შიშსა და გაურკვევლობას, თუმცა დასაწყისშივე აბიტურიენტთა გასახარად უნდა ითქვას, რომ ტესტი კი არ გართულდა, პირიქით, განიტვირთა, გამარტივდა და გახდა უფრო იოლად დასაძლევი, რაც, აქვე უნდა აღვნიშნოთ, ზოგ აბიტურიენტს სულაც არ ხიბლავს, რადგან არგუმენტირებული ესესა და ანალიტიკური თხზულების წერის ტექნიკას კარგად იყო დაუფლებული, ეს უფრო საინტერესოდ და სიღრმისეულად მიაჩნდა და სულაც არ სურს ტესტის გამარტივება. ტესტის დავალებები ახალ ვარიანტში ასე გამოიყურება: I- რედაქტირება, II – კითხვებზე პასუხი,  III – ლიტერატურული ესე მოცემული მხატვრული ტექსტის გარშემო, რომელიც მოიცავს ტექსტში წამოჭრილი პრობლემის ლიტერატურული ანალიზისა და თანამედროვეობასთან მისი დაკავშირების/პრობლემის აქტუალობის სეგმენტებს. მოცემული ლიტერატურული ესე ერთი მთლიანი ნაწარმოები უნდა იყოს, თანმიმდევრული, ლოგიკური ჯაჭვებით შეკავშირებული და  არგუმენტირებული მსჯელობით გამდიდრებული. შემცირდა ტესტირების დრო 3 საათამდე, ტექსტის მაქსიმალური ქულაა 60, რომელიც ასე ნაწილდება: ტექსტის რედაქტირება – 16 ქულა+ტექსტის გააზრება – 10 ქულა+ლიტერატურული ესე მხატვრულ ტექსტში დასმული პრობლემების გარშემო – 34 ქულა.

ყველაფერს ამ სამყაროში აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. გამონაკლისი არც წინამდებარე ძველი და ახალი ტესტებია. ძველი ტესტის სირთულე იმაში გამოიხატებოდა, რომ ზოგჯერ მოდიოდა არგუმენტირებული ესე განზოგადებულ პრობლემაზე, რომლის სიღრმეებში შესვლას რომ თავი დავანებოთ, აბიტურიენტი საერთოდ არ იცნობდა სფეროს და არაფერი ჰქონდა სათქმელი, ხოლო ლიტერატურული ტექსტის ანალიზი რთული დავალება იყო, რადგან იდეურად, სახეობრივად და სტილურად ზუსტად უნდა გაგეხსნა ტექსტი, აუცილებელი იყო წვდომა ქვეტექსტებსა და კონტექსტებში, აუცილებელი იყო სინთეზირება, ლიტერატურული პარალელების მოხმობა. განსაკუთრებული სირთულე იყო დაკავშირებული მხატვრული სახეების გახსნასთან, რადგან, როგორც ცნობილია, მხატვრული ტექსტის სახე გარკვეული შიფრ-კოდებით არის შექმნილი, რის გამოც დიდი ლიტერატურული გემოვნება და ხედვა სჭირდება მის სიღრმეებში წვდომას. ასევე რთულია მწერლის სტილის, ლიტერატურული მიმდინარეობის მახასიათებლების, ჟანრების, მწერლის ენის, ემოციის, განწყობის, თხრობის დინამიკისა და არქიტექტონიკის, ტროპული საშუალებების ამოცნობა და მიმოხილვა. ამასთან, უსამართლოა ის მომენტიც, რომ ვსწავლობთ ქართული ლიტერატურის ისტორიას მეხუთე საუკუნიდან თანამედროვეობამდე და ტესტი არ გვეკითხება არაფერს გავლილი მასალის გარშემო. შეიძლება გამოცდაზე გავიდეს ადამიანი, რომელიც საერთოდ არ იცნობს ქართული ლიტერატურის პროგრამას, დასაწერად აირჩიოს უცხო ტექსტი და მასზე იმუშაოს გამოცდაზე. გაუგებარია, რისთვის ვასწავლით ქართული მწერლობის ნიმუშებს „შუშანიკის წამებიდან“ უკანასკნელი პერიოდის მწერლობამდე?

შეცვლილი ტესტის ნიმუშის საინტერესო და ძლიერი მხარე ისაა, რომ ის მოითხოვს თავისუფალ აზროვნებას, არ ითხოვს მკაცრი კონსტრუქციის ესესა და თხზულების აგებას. ლიტერატურული ესეს ფორმა აბსოლუტურად თავისუფალი, შემოქმედებითი და დამაფიქრებელია. აბიტურიენტს შესაძლებლობა აქვს, რომ თავისი არაშაბლონური, თავისუფალი ნააზრევი თამამად გადმოსცეს, იმსჯელოს მრავალწახნაგოვანი, მრავალშრიანი პრობლემის გარშემო, გამოთქვას ორიგინალური შეხედულებები ნაწარმოების ამა თუ იმ ასპექტის გარშემო. არგუმენტირებულ ესეს მკაცრი სტრუქტურა ჰქონდა, აუცილებელი იყო თეზისისა და ანტითეზისის გარშემო არგუმენტებითა და კონტრარგუმენტებით მსჯელობა, ტევადი რეზიუმეს შექმნა სათანადო რეკომენდაციების თანხლებით. ამჯერად ამის საჭიროება არ დგას. აბიტურიენტს შეუძლია იმსჯელოს თავისუფლად, უბრალოდ თანმიმდევრული და ლოგიკური უნდა იყოს მისი მსჯელობები. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, აბიტურიენტები ჩივიან, რომ მათ იოლად შეეძლოთ არგუმენტირებული ესეს სტრუქტურის დასწავლა, რაც უადვილებდათ დავალების შესრულებას, ესეს სქემა ხელს უწყობდა ნაშრომის მარტივად კონსტრუირებას. აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ ეს ცოდნა გამოიყენონ ახალი ტესტის ესეზე მუშაობაში.

შეფასების კრიტერიუმებში აღარ ვხვდებით არგუმენტირება-ციტირების სეგმენტს, ის ჩაანაცვლა მხატვრული ტექსტის ანალიზისა და პრობლემის აქტუალობის დასაბუთების კრიტერიუმებმა.

გამოცდების ცენტრის მიერ მოტანილ ტესტის ნიმუშში წარმოდგენილი იყო ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ ნაწყვეტი, გიორგის კონფლიქტი ომარაანთ მოჯამაგირესთან. ჩვენ შევეცადეთ, რომ დაგვეწერა ნიმუში, რომელსაც აქვე გთავაზობთ და რეკომენდაციის სახით გეტყვით, რომ ლიტერატურული ესეს სასურველი მოცულობა იქნება 600-700 სიტყვა. ინსტრუქციაში მითითებულია, რომ 150 სიტყვაზე ნაკლები მოცულობის ტექსტი ენობრივი კრიტერიუმებით არ გასწორდება, თუმცა აზრობრივადაც 150-200 სიტყვაში პრობლემის ამოწურვა და სრულყოფილი მსჯელობა წარმოუდგენელია. ჩვენი ნაშრომი მოიცავს 1000-ზე მეტ სიტყვას, თუმცა მისი შემოკლება მარტივად შეიძლება.

 

როგორია საზოგადოების დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც „სხვის საქმეში ერევა“.

 

იმსჯელეთ, როგორაა წარმოჩენილი ილია ჭავჭავაძის “ოთარაანთ ქვრივის“ მოცემულ მონაკვეთში ეს პრობლემა  და რამდენად აქტუალურია იგი დღეს.

 

I ნაწილი

არიან ადამიანები, რომელთათვისაც მხოლოდ პირადი საჭიროებებია მნიშვნელოვანი. მათთვის „ეგოა“ წარმმართველი, ხოლო საზოგადო საქმე არასდროს ანაღვლებთ. თუმცა მოქალაქეობრივი თვითშეგნება, საზოგადოების ღირსეულ წევრად ყოფნა სხვა რამეს გულისხმობს. ჩვენი თვალი და გულისყური თუ საზოგადო საქმესაც სწვდება, ეს უკვე მაღალი მოქალაქეობრივი მისიაა. ასეთი შეგნების ადამიანები აშენებენ ცივილიზებულ საზოგადოებას, ძლიერ სახელმწიფოს.

„ოთარაანთ ქვრივის“ ავტორმა მთელი სიცოცხლე მიუძღვნა საქვეყნო საქმის მსახურებას, ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებას, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას, მორალური ღირებულებების შეგონებას ხალხისთვის. „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი“, – ამ გაგების ადამიანთა გასაკრიტიკებლად დაიწერა მოთხრობა „კაცია-ადამიანი?!“ რომელშიც ილიამ ამხილა ქართველ თავადთა მცონარობა, გულგრილობა, სიბრიყვე, ხოლო „ოთარაანთ ქვრივის“ იდეა იყო, რომ მწერალს ხალხისთვის ეჩვენებინა, თუ რამხელა პოტენციაა ყოველ ადამიანში, თუნდაც დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელში. ოთარაანთ ქვრივი და გიორგი სრულიად ცვლიან რეალობას თავიანთ გარშემო. მათთვის არ არსებობს მხოლოდ პირადი ინტერესები, მათი ყოვლისმხედველი თვალი სწვდება ყველაფერს, რაც გარეთ ხდება, მათთვის უცხოა გულგრილობა.

მოთხრობის მოცემულ ეპიზოდში ჩანს, თუ როგორი უსიამოვნება გამოცადა გიორგიმ იმის გამო, რომ ომარაშვილის მოჯამაგირის სიზარმაცე, ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და ბატონის სამსახურის არაფრად ჩაგდება დაინახა და ამას გულგრილად ვერ აუარა გვერდი.  ხშირად საზოგადოების განწყობა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც „სხვის საქმეში ერევა“, ნეგატიურია. უმრავლესობას არ უყვარს კომფორტის ზონის დარღვევა, არც სხვისთვის თავის შეწუხება და არც სხვათა ჩარევა საკუთარ საქმიანობაში. ილიამ კონფლიქტის დამაფიქრებელი წახნაგები შემოგვთავაზა. გიორგი ოთარაანთ ქვრივის ღირებულებებზეა გაზრდილი და ვერ შეეგუება ვერც თანასოფლელთა მცონარობას, ვერც ცხოველების წვალებას, რადგან ომარაშვილის მოჯამაგირის საქციელი საზოგადო საქმეს აზიანებს. ბატონყმობის ეპოქა ის პერიოდია, როცა, თვით ილიასავე თქმით, ხიდია ჩატეხილი გლეხობასა და თავადობას შორის. გლეხი და თავადი არ ენდობიან ერთმანეთს, ბატონს არ სჯერა გლეხის ერთგულებისა, მასში ადამიანს ვერ ამჩნევს, არ ეცოდება, არ ესმის მისი, ხოლო გლეხი ბატონში მხოლოდ მჩაგვრელს ხედავს და ცდილობს მის სამსახურში მინიმალურად დაიხარჯოს, მოატყუოს, მოპაროს, ითვალთმაქცოს, რაც უმწვავეს კონფლიქტებში გადაიზრდება ხოლმე და ზარალდება ორივე მხარე. საბოლოო ჯამში კი ზარალდება ქვეყანა, რადგან საზოგადოების ორი ფენა გახლეჩილი და ანტაგონისტურია, რეალურად მტრობენ ერთმანეთს, რაც ხელს უშლის ქვეყნის წინსვლას, დოვლათის შექმნას, ეკონომიკის განვითარებას, ხოლო ამგვარ მოცემულობაში საქართველოს თავისუფლებისკენ სვლაზე საუბარიც კი ზედმეტია, რადგან ვერც მჩაგვრელები და ვერც ჩაგრულები სამშობლოს სამსახურში სრულფასოვნად ვერასდროს ჩადგებიან.

გიორგი წუხს იმის გამო, რომ ასეთი უსულგულო, უნამუსო, ზარმაცი, გულგრილი და თვალთმაქცი ადამიანები ყველაფერს აფუჭებენ. სოფლის სასამართლოზე ის მოკლედ და დამაჯერებლად ახსნის თავისი გაცხარების მიზეზს: „ის დავა მქონდა, რომ მაგისთანა ნამუსახდილ კაცისაგან ქვეყანაა დაღუპული. კაცი კაცს ვეღარა ჰნდობია. მაგის გამოისობით კარგ მოჯამაგირესაც ნამუსი აქვს გატეხილი. თითონ ხომ ეძინა და ეძინა, კამეჩებიც მიეღრძო ურემზედ. იმათ საცოდაობამ დამწვა, სხვა არა იყოს-რა”…

რაც შეეხება ომარაშვილის მოჯამაგირეს, ის, გარდა იმისა, რომ მცონარა და უმაქნისი კაცია, ამავე დროს აგრესიული, თვალთმაქცი და ნამუსგაწყვეტილია. მან არ მიიღო გიორგის შენიშვნა. „შენ რა ჩემი ფეხები გინდა?.. შენ რა გეპრიანება?“ – ეს იყო უხიაგი მოჯამაგირის პასუხი გიორგის მოწოდებაზე. როცა გიორგი მას ამუნათებს: „არამია შენთვის ჯამაგირი. ვთქვათ, პატრონს ატყუებ და ატყუებ, ე პირუტყვი მაინც არ გენანება, ქრისტიანი არა ხარ, მაგათი ცოდო მაინც არ გწვავს!..“ მოჯამაგირე ხეპრულად პასუხობს: “მაშ არადა თავზედ დავისვამდი… გამეშო-რა, მუქთი ფეხები მაქვს, მაგათ ძებნაში მერე სული ამომრთმევოდა“… შინ დაბრუნებული მოჯამაგირე ბატონს ატყუებს, გიორგის რისხვის სხვა მიზეზს ეუბნება. – ასე რატომ ტვირთავ ურემს? სხვასაც ხომ მოსთხოვენ ასე მუშაობას, ან საქონელი არ გეცოდება, ან სხვა გლეხებიო? – ურცხვადაც იცრუა ბატონთან, ცილი დასწამა გიორგის, შენც დედა და მამა საფლავში არ დაგიყენაო.

გიორგის მორალი ნამუსიანად ჭრის და კერავს. მისი ლოგიკა ასეთია: „თუ ეს მართლა ვაჟკაცია, საქმეს არ უღალატებდა, პირუტყვს შეიბრალებდა, და თუ ვაჟკაცი არ არის, რატომ ესე გაბედულად მომიშვირა გულ-მკერდი და თავმოწონებით ალვის ხესავით წინ გამემართაო?”

მართალია, ომარაშვილის მოჯამაგირე ვერ აცნობიერებს გიორგის ქცევის მოტივაციას, მაგრამ, საბედნიეროდ, გიორგისა კარგად ესმის სასამართლოს და თვით ომარაშვილიც კეთილად განეწყობა მის მიმართ. სოფელს კი უკვირდა ოთარაანთ ქვრივისა და გიორგის წუხილი სხვათა საზრუნავზე, ვერც კი ხვდებოდნენ, რომ საზოგადო სატკივრის გათავისება დედა-შვილს მაღალი მორალის გამოისობით შეეძლო, მაგრამ საბოლოო ჯამში ამგვარ თავის გამოდებას მაინც აქვს თავისი ღრმა მნიშვნელობა. ადრე თუ გვიან საზოგადოებას თვალი აეხილება, თუ ერთი ვერ გაუგებს საერთო საქმის გულშემატკივარს, მეორე მიხვდება რაღაცას, უკვალოდ სამყაროში არაფერი იკარგება… ომარაშვილი კმაყოფილი დარჩა გიორგის ქცევით და სასამართლომაც გამართლებული გიორგი შინ გაისტუმრა.

II ნაწილი

ილიას მიერ მოთხრობის ამ ეპიზოდში წარმოჩენილი პრობლემა აქტუალური იყო და არის დღესაც. მართალია, საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყანა ახლა სუვერენული სახელმწიფოა, ეროვნული და საზოგადოებრივი თვითშეგნებაც ბევრად მაღალია, მაგრამ დღესაც ხშირად ვაწყდებით საქვეყნო და საერთო საქმისადმი გულგრილობის მაგალითებს და აგრესიას იმ აქტიური ადამიანებისადმი, რომელთაც აღელვებთ ქვეყნის ბედი, რომელთათვისაც სულერთი არ არის საზოგადო საჭიროებები. სწორად უნდა გავიგოთ „სხვის საქმეში ჩარევა“. თუკი ეს იქნება ადამიანის პირად ცხოვრებასა და კერძო საქმიანობაში ჩარევა, რასაკვირველია, მიუღებელია, მაგრამ როცა საქმე ეხება საქვეყნო პრობლემებს, გაჩუმება და გულგრილობა აქ დაუშვებელია.

ყველა ილიასავით ლიდერული თვისებებისა და დამსახურებების ადამიანი ვერ იქნება. ილიას ჰქონდა მორალური უფლება, რომ ხალხის მენტალურ გაჯანსაღებაზე, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე სიტყვა ეთქვა და სხვას შესაძლოა არც ჰქონდეს საამისო რესურსი, მაგრამ თუკი ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნება გვკარნახობს, რომ საზოგადო სატკივარს მახვილი თვალი და ყური შევაგებოთ, რატომაც არა? ძალიან ხშირია მოქალაქეობრივი გულგრილობის ფაქტები სხვათა ჩაგვრის, უსამართლობის, სახელწიფო აპარატის მხრიდან უფლებების შელახვის, უკანონო გადაწყვეტილებებისა, ასევე ხშირად ვხვდებით დამაზიანებელი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის გატარების ფაქტებსაც და თუ ასეთ შემთხვევებში ხმის ამოღება ან დაგვეზარება, ან შეგვეშინდება, ეს უარყოფითად აისახება ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობაზე.

როცა საზოგადოება თავს დააღწევს მენტალობას, რომელიც გვკარნახობს: „რა ჩემი საქმეა?“ „სხვამ მიხედოს“… „სად მცალია საამისოდ?“ „ჩარევა ხომ საშიშია ჩემი კეთილდღეობისთვის?“ „ვისთვის გავწირო თავი?“ ცხადი იქნება, რომ საქმე გვაქვს მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ინდივიდებთან, რომლებიც არ დაუშვებენ თავიანთ გარშემო უსამართლობას, ჩაგვრას, კანონის უგულებელყოფას. აქტიური საზოგადოება აშენებს ძლიერ სახელმწიფოს გამართული ინსტიტუციებით.

მახსენდება შემთხვევა, რომელიც ჩემს უბანში ხდებოდა ხოლმე. ქმარი ხშირად ძალადობდა ცოლზე საჯაროდ, ქუჩაში. უბანი კი ჩუმად იყო. მოძალადე სულ უფრო და უფრო საშიში და აგრესიული ხდებოდა. ერთხელ გავბედე, როცა ის უბნის გასაგონად მეუღლეს ურტყამდა, გარეთ გამოვედი და უშიშრად მივმართე, რომ ვერ შევეგუებოდი ამ საშინელებას და ვაპირებდი პოლიციისთვის შემეტყობინებინა მისი ძალადობის შესახებ. ქალს შეეშინდა და მომიწოდებდა, რომ თავი დამენებებინა. ჩემმა გამბედაობამ უბანში სხვებიც გაათამამა და რამდენიმე ადამიანმა ხმა ამოიღო. მოძალადე გავაფრთხილეთ, რომ როგორც კი ძალადობის მორიგ ფაქტს დავაფიქსირებდით, პოლიციას ჩავრევდით საქმეში. ამ კაცმა ცოლზე ძალადობა შეწყვიტა. ქალიც ბედნიერი და მადლიერი იყო მეზობლებისა და აღიარა, რომ „სხვის საქმეში ჩარევა საჭირო ყოფილა“. ერთხელ მე და ჩემმა ნათესავმა ქუჩაში დავინახეთ, რომ დედა წნელით სცემდა პატარა გოგონას. ბავშვი გულსაკლავად ტიროდა. საშინლად ავღელდით, მივიჭერით ამ ქალბატონთან. ჩემმა ნათესავმა იცრუა, სოციალური მუშაკი ვარ, ასეთი ფაქტების გამოვლენა და რეაგირება მევალებაო. ქალმა გვითხრა, რომ შვილი მას არ უჯერებდა, აბრაზებდა, როს გამოც დასაჯა და ჩვენი საქმე არ იყო მათ ცხოვრებაში ჩარევა. ჩვენ ეს ქალბატონი სკვერში დავსვით და ნათლად ავუხსენით ამგვარი ძალადობის არსი, მისი სისასტიკის მნიშვნელობა, ბავშვის ფსიქიკის ნგრევის შედეგები. ქალმა მოგვისმინა, გაიაზრა თავისი დანაშაული და დიდი სინანული გამოხატა ჩადენილის გამო. ჩვენ გავაგრძელეთ დაკვირვება ამ ადამიანზე და გვიხაროდა იმის დადასტურება, რომ ქალმა პატარა გოგონაზე ძალადობა შეწყვიტა.

როცა საზოგადოების წევრები ფხიზლად არიან, კანონდამრღვევს, მოძალადეს და მჩაგვრელს არ ექნება შესაძლებლობა, რომ ვინმეს რამე დაუშავოს ან საზოგადო საქმე დააზიანოს. ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ ხმა ამოიღოს, როცა ამის საჭიროება დგება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი