პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოსწავლის ხმა

 

მინდოდა, ამ ინტერვიუსთვის, აი, ასე მარტივად დამერქმია: „მოსწავლის ხმა“, – როგორც მინიშნება გულწრფელ, ობიექტურ, უფროსებისგან გულდასმით ყურდასაგდებ სათქმელზე.

ეკატერინა ტერატურიანი ჩემი მოსწავლეა, მე-11 კლასშია და ყოველთვის აქვს საკუთარი, კარგად ნაფიქრი, აწონილ-დაწონილი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე. საოცარი პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ სიტყვას.

როცა კითხვები გავუგზავნე, თან მივწერე: ეცადე, ისაუბრო საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ გაითვალისწინე შენი თანატოლების გამოცდილებაც, რასაც ხედავ გარშემო, რაც გესმის.

 

– თუ გსმენია, წაგიკითხავს, გინახავს, როგორია მოსწავლეების ცხოვრება სხვა ქვეყნებში? თუ კი, რით განსხვავდება შენი მოსწავლეობრივი რუტინა მათი ყოველდღიურობისგან?

– ძალიან მიყვარს სხვა ქვეყნების მოსწავლეების შესახებ მეტის გაგება, ჩემი ყოველდღიურობის მათთან შედარება. აქ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

იაპონიაში მოსწავლეები სკოლაში შესვლისას ქუჩის ფეხსაცმელს თავიანთ კარადებში ტოვებენ, შენობაში კი მოხერხებული ფლოსტებით დაიარებიან. გაკვეთილების შემდეგ დიდიან-პატარიანად, თავად ალაგებენ და ასუფთავებენ საკლასო ოთახებს და მთელ შენობას. რაც მთავარია, ამას მათ არავინ ავალდებულებს, უბრალოდ, იციან, თუკი თავად არ დაალაგებენ საკუთარ სივრცეს, მათ მაგიერ ამას არავინ არ გააკეთებს, რადგან სკოლაში არ ჰყავთ დამლაგებლები. ასე იაპონელი ბავშვები მცირე ასაკიდანვე ეჩვევიან გარემოზე ზრუნვას, თვითმომსახურებასა და პასუხისმგებლობას. ნამდვილად ხომ მხოლოდ ის გარემო გიყვარს, რომელზეც თავად ზრუნავ, რომელსაც თავად ალამაზებ, აუმჯობესებ და მხოლოდ ასეთი სასურველი და საყვარელი სივრცე შეიძლება გახდეს შენი მეორე სახლი. ჩემს სკოლაში კი, სამწუხაროდ, ისეთი მოსწავლეებიც მინახავს, საკუთარი მერხის გასწორებაზეც პროტესტის გრძნობა რომ უჩნდებათ. ჩემთვის სკოლა არასოდეს ყოფილა მეორე სახლი.

ესტონეთში უფროსკლასელთა გიმნაზიაში ზარი არ ირეკება – მოსწავლეები თავად წყვეტენ, რამდენ ხანს გაგრძელდეს გაკვეთილი; საგნების უმრავლესობას თავად ირჩევენ (არაერთხელ მიოცნებია ამაზე!), რადგან უმეტესობას სკოლაშივე აქვს გადაწყვეტილი, მომავალში რა საქმეს გაჰყვება.

ევროპის ქვეყნების სკოლების უმეტესობაში გამოცდების შედეგები კლასში არ ცხადდება, რადგან ეს პირად ინფორმაციად ითვლება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეებისთვის ჯანსაღი თვითშეფასების უნარის ჩანერგვას.

მომწონს ასეთი მიდგომაც – ზოგ სკოლაში მოსწავლეებს არ აძლევენ საშინაო დავალებებს, უფრო სწორად, ისინი მათ გაკვეთილების შემდეგ სკოლაშივე, სპეციალურად განკუთვნილ სივრცეში, ერთად ასრულებენ. საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთსაც ეხმარებიან ახალი საკითხის უკეთ გაგებასა და განმტკიცებაში. ძალიან მინდა, ჩემს სკოლაშიც არსებობდეს მსგავსი სივრცე, რომელიც ყველა საჭირო ხელსაწყოთი და სამუშაო მასალით იქნება აღჭურვილი და სადაც თავისუფლად შევძლებთ ჯგუფური თუ პერსონალური დავალებების შესრულებას. იმიტომ, რომ არსებობს ათასი ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება შინ დავალების შესრულებაში ხელი შეუშალოს მოსწავლეს. მაგალითად, საკუთარი სამუშაო სივრცის უქონლობა, საჭირო მასალის სიმცირე, სტრესული გარემო ან თუნდაც რემონტი მეზობლებთან.

– შენი აზრით, არის თუ არა აუცილებლად შესაცვლელი რამე სწავლა-სწავლების პროცესში?

– ჩემი აზრით, სასწავლო პროცესში აუცილებლად უნდა შეიცვალოს ნიშნების მიმართ დამოკიდებულება. არ მესმის იმ მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების, რომლებსაც სწავლის ურთულესი და მრავალშრიანი პროცესი ბანალურ ნიშნის მიღებამდე დაჰყავთ. ჩემი თანატოლების არცთუ მცირე ნაწილი მხოლოდ იმისთვის სწავლობს, რომ ცუდი ნიშანი არ მიიღოს ან უკვე მიღებული ცუდი ნიშანი გამოასწოროს. ეს გარე მოტივაციაა და ამიტომ მასზე დაფუძნებულ სწავლას არავითარი შედეგი არ აქვს. ხშირად მოსწავლეებს ნიშნებისადმი ამ არაჯანსაღ დამოკიდებულებას თავიანთი ქმედებებით უფროსები უნერგავენ. რამდენჯერ გამიგონია მასწავლებლებისგან ასეთი მუქარა: „იცოდე, ორიანს დაგიწერ!“ ისეთ მშობლებსაც ვიცნობ, შვილებს ცუდი ნიშნების გამო რომ სჯიან ან სასწავლო წლის დასასრულისთვის ნიშნის გამოსწორების შემთხვევაში საჩუქარს ჰპირდებიან.

ნიშნები კლასში იარლიყის მიკერებისა და ე. წ. კლანებად დაყოფის საბაბად გადაიქცევა ხოლმე – ყველა კლასში არიან „ათოსნებიც“ (ამ სიტყვას, რა უცნაურიც უნდა იყოს, ჩემი თანატოლები დამამცირებელი მნიშვნელობითაც იყენებენ), „შვიდოსან-რვაოსნებიც“ და „გამოუსწორებელი ოროსნებიც“, რომლებმაც ისე შეიფერეს თავიანთი სტატუსი, რომ აღარც კი ცდილობენ რამის შეცვლას. უნდა გავიაზროთ, რომ შეფასება, ნიშანი მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტია სწავლის პროცესში, ის არ უნდა გადაიქცეს მიზნად ან მანიპულაციის საშუალებად, გადაულახავ ზღუდედ არ უნდა აღიმართოს მოსწავლესა და სწავლას შორის. ჩემი აზრით, შეუძლებელია, ადამიანის ცოდნა, შესაძლებლობები, უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები ნიშნით შეაფასო, არ აქვს მნიშვნელობა, ხუთქულიან სისტემაზეა საუბარი, ათქულიანზე თუ ასქულიანზე.

– შენ ბევრს კითხულობ და ნამდვილად ხარ გოგონა, რომელსაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა. გამუდმებით გვესმის, რომ ძნელია, კითხვა შეაყვარო ბავშვს (მეც ვეთანხმები). შენ როგორ და რატომ შეგიყვარდა კითხვა?

– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრს ვკითხულობ, ლიტერატურა კი ნამდვილად მიყვარს.

ეს, რა თქმა უნდა, ერთბაშად არ მომხდარა. ჩემს ოჯახში იყო და არის კითხვის ტრადიცია და იმ ფაქტმა, რომ კითხვის მოყვარულ ადამიანთა წრეში ვიზრდებოდი, უთუოდ მოახდინა გარკვეული გავლენა ჩემზე. აღფრთოვანებული ვუსმენდი ჩემს ძმას, რომელიც ყოველთვის დიდი შთაგონებითა და გატაცებით მიყვებოდა თავის საყვარელ წიგნებზე, მშურდა კიდეც მისი და მიკვირდა, როგორ ახერხებდა ამოდენა (!) ნაწარმოებების კითხვას, მაგრამ, რა უცნაურიც უნდა იყოს, 9 თუ 10 წლის ასაკამდე დამოუკიდებლად კითხვის სურვილი საერთოდ არ გამჩენია. რაღაცებს, რა თქმა უნდა, ვკითხულობდი მასწავლებლებისა თუ ახლობლების დავალებით, მაგრამ ამას სიყვარული არ ერქვა.

ერთხელ „პატარა უფლისწული“ ჩამივარდა ხელში, უფრო სწორად, მას ყოველდღე ვხედავდი წიგნების თაროზე და ერთ საღამოს მისი წაკითხვის სურვილიც გამიჩნდა. სავარაუდოდ, ნაწარმოების მცირე მოცულობამ და ილუსტრაციებმა მომხიბლა. წიგნის პირისპირ მდუმარებაში დარჩენისას საკუთარ თავთანაც მარტო დავრჩი. მახსოვს, დასასრულს ცხარე ცრემლებით ვტიროდი და ასე მეგონა, მთელი სამყაროს ტკივილს განვიცდიდი. ახლა ანტუან დე სენტ ეგზიუპერი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტორია, ხოლო ღამის მოწმენდილ ცას რომ ვუყურებ, ყველა ვარსკვლავი იცინის ჩემთვის.

მაგრამ ამ საოცარმა აღმოჩენამაც ვერ გამხადა აქტიური მკითხველი. მეშვიდე კლასში რომ გადავედი, ახალმა დამრიგებელმა, რომელიც წიგნის სიყვარულით გულანთებული უსაყვარლესი ადამიანია, მოსწავლეებს შემოგვთავაზა, ერთად წაგვეკითხა რეი ბრედბერის „451 გრადუსი ფარენჰეიტით“ და ეს უფრო კლასგარეშე საკითხავი იყო, ვიდრე საშინაო დავალება. საკუთარი წიგნიც გვათხოვა. ორი კვირის შემდეგ შთაბეჭდილებები გავუზიარეთ ერთმანეთს. ეს სრულიად ახალი გამოცდილება იყო ჩემთვის, რომელმაც, ვფიქრობ, ძალიან დამაახლოვა წიგნების სამყაროსთან. ზაფხულის არდადეგებზე „ბაბუაწვერას ღვინოც“ დავაგემოვნე. მისი წყალობით სამუდამოდ შემიყვარდა ბრედბერი და კითხვაც უფრო აქტიურად დავიწყე.

მერე გაგიცანით თქვენ, მასწ J, გავხდი „მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის“ წევრი და მისი დახმარებით – საჯარო ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი. ჩემი როგორც მკითხველის ისტორია მხოლოდ ახლა იწყება.

რატომ შემიყვარდა კითხვა, ძნელი სათქმელია. იქნებ იმიტომ, რომ წიგნის სიყვარული მარტოობის სიყვარულსაც გულისხმობს, იმიტომ, რომ მეგობარი აღმოვაჩინე მასში, ან იმიტომ, რომ წიგნის სიყვარულს ძვირფასი ადამიანების სიყვარულთან ვაკავშირებ. შეიძლება კი რამის გამო სიყვარული?! „კითხვის საფუძველი ხომ ისეთივე უცნაურია, როგორიც არსებობის“ (და ეს მე კი არა, დანიელ პენაკმა თქვა).

– შენი აზრით, რამდენად სწორად ისწავლება ქართული თუ უცხოური ლიტერატურა სკოლაში? (გაითვალისწინე შენი თანატოლების გამოცდილებაც, რომლებსაც სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლის)

– წინა კითხვაზე ჩემი პასუხიდან გამოდის, თითქოს სკოლის პროგრამაში შეტანილ ნაწარმოებებს არავითარი წვლილი არ მიუძღვით ჩემს მკითხველურ განვითარებაში. ეს მთლად ასეც არ არის. მახსოვს, მეოთხე თუ მეხუთე კლასში ძლიერ განვიცდიდი შვლის ნუკრის ამბავს, მერე კი საკუთარი ნებით ზეპირად ვისწავლე ვაჟას „საახალწლო ფიქრები“. დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის ნიკო ლორთქიფანიძის „საშობაო მინიატურები“, ნოდარ დუმბაძეც კი სკოლაში ნასწავლი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონითა“ და „კორიდით“ შემიყვარდა. ჰაგიოგრაფიითა და ძველი ქართულით სავსე რთულმა მეათე კლასმაც, ვფიქრობ, ბევრი შემმატა როგორც მკითხველს. მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო ისეთი უმნიშვნელოვანესი და ურთულესი ტექსტების, როგორებიცაა „შუშანიკის წამება“, „აბოს წამება“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, „სიბრძნე სიცრუისა“ და „ვეფხისტყაოსნი“, ერთ კლასში შესწავლა, იმის გათვალისწინებით, რომ „დავითიანზე“, ონლაინსწავლების გამო, დრო არ გვეყო. და ეს კითხვა, ვიცი, მარტო მე არ გამჩენია. ქრონოლოგია, ჩემი სუბიექტური აზრით, აქ მეორეხარისხოვანია – ნაწარმოების სწავლისას მთავარი ხომ მისი არსის წვდომაა, თანამედროვეობასთან პარალელების გავლება, გააზრება იმისა, თუ რატომ არის საუკუნეების წინ დაწერილი ნაწარმოები დღესაც ფასეული და აქტუალური და არა იმის დამახსოვრება, რა რის მერე დაიწერა. ვფიქრობ, თავისუფლად შეიძლებოდა ზემოხსენებული ნაწარმოებების სხვადასხვა კლასში გადანაწილება, თანამედროვე, მაგრამ იმავე თემაზე შექმნილ ნაწარმოებებთან ერთად სწავლება.

ყველა მასწავლებელს ლიტერატურის სწავლების საკუთარი მეთოდი აქვს და არც ერთი არ არის ცალმხრივად ცუდი ან კარგი, მაგრამ ვიცნობ მასწავლებლებს, რომლებისთვისაც ჟურნალის მიხედვით დაფასთან გამოძახება („დაჯექი, ორიანი!“) და ყოველ გაკვეთილზე ერთნაირი, მოსაწყენი დავალებების მიცემა ჩვეულებრივი რამ არის და რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ჩვენ, მოსწავლეები, „ყველაზე უწიგნური თაობა“ ვართ. ასეთ პედაგოგს კლასი, როგორც წესი, ვერ ეგუება და თავად მასწავლებელიც ნეგატიურად განეწყობა კლასის მიმართ. ჩემი მეგობარი, რომელიც ძალიან მონდომებული მოსწავლეა, წლებია მსგავს სიტუაციაში სწავლობს. მისი მაღალი აკადემიური მოსწრება მხოლოდ პასუხისმგებლობის გრძნობითა და შინაგანი მოტივაციითაა განპირობებული, რადგან თავადაც არაერთხელ უთქვამს, რომ ტექსტების დაზუთხვა და ერთფეროვანი თემების წერა ძალიან მოსაბეზრებელია.

შენი აზრით, როგორ უნდა ისწავლებოდეს ლიტერატურა, რომ სწავლაზე გულაცრუებული მოსწავლისთვისაც საინტერესო გახდეს?

– სადღაც წავიკითხე ასეთი ფრაზა: – სკოლა შეუმდგარ ფილოლოგებს კი არ უნდა უშვებდეს საზოგადოებაში, არამედ მკითხველებს, წიგნის მოყვარულ ადამიანებს. შემდეგი სიტყვები კი დანიელ პენაკს ეკუთვნის: „სკოლის ფუნქცია თითქოს მხოლოდ კითხვის ტექნიკის შესწავლაა, მხოლოდ ტექსტის გარჩევაში დახელოვნება და რაც მთავარია, კითხვისგან მინიჭებული სიამოვნების აკრძალვით წიგნისკენ მიმავალი ყველა გზის ერთხელ და სამუდამოდ ჩაკეტვა“. მეც არაერთხელ მიფიქრია ამაზე – მასწავლებლები მხატვრული ანალიზების, თემებისა და ესეების წერას ავალებენ ბავშვებს, რომლებიც წიგნთან დამეგობრებულები არ არიან. ამ დავალებების წყალობით კითხვა მათთვის მოსაწყსნ ვალდებულებად, ტანჯვად იქცევა.

როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნი? თავდაპირველად, ჩემი აზრით, მას კითხვის სიამოვნება უნდა ვაგრძნობინოთ. კითხვა თავგადასავლის სახით უნდა შემოიჭრას მოსწავლის ცხოვრებაში. ჯერ უნდა იყოს კითხვა-გართობა, კითხვა-დასვენება, კითხვა-სიამოვნება, მერე მოვა კითხვა-სიყვარულიც. როდესაც წიგნის სიყვარულით გულანთებულ ადამიანებს ვხედავ, მეც მიჩნდება წიგნებისადმი ინტერესი.

აი, რას წერს დანიელ პენაკი თავის წიგნში „რომანივით საკითხავი“:

„მთავარი და უცვლელი პირობა წიგნთან შესარიგებლად: არაფერი მოითხოვოთ კითხვის სანაცვლოდ. სრულიად არაფერი. არ ააშენოთ მასა და წიგნს შორის წინასიტყვაობის კედელი, არ დასვათ არანაირი შეკითხვა, არ მისცეთ დავალებები, არ დაუწყოთ ახსნა-განმარტებები, შეეშვით ლიტერატურულ ფასეულობებსა და ლექსიკის თავისებურებებზე ლაპარაკს. არ არის საჭირო არც ტექსტის ანალიზი და არც ბიოგრაფიული ცნობები… საერთოდ, დაივიწყეთ „წაკითხულის შესახებ“ საუბარი.

კითხვა საჩუქარი უნდა იყოს“.

„მათ წიგნებთან რომ შეარიგებთ, ისინი უკვე თავიანთი ნებით გაივლიან გზას წიგნიდან ავტორისკენ, ავტორიდან ეპოქისკენ, წაკითხული ამბიდან მის მრავლისმთქმელ სიმბოლიკამდე“.

რა თქმა უნდა, ეს მეთოდი ყველა მოსწავლისთვის არ გამოდგება. მე, საერთოდ, მგონია, რომ თითოეულ ადამიანს წიგნამდე მისასვლელი საკუთარი გზა აქვს, შეცდომებითა და წინააღმდეგობებით სავსე. იქნებიან ისეთებიც, წიგნის კითხვაზე, უფროსების ყველა მცდელობის მიუხედავად, უარს რომ იტყვიან. ეს უკვე მათი არჩევანი იქნება. ისევ და ისევ დანიელ პენაკისა არ იყოს, „შეიძლება, ადამიანმა წიგნი უარყოს; მთავარია, არ ეგონოს, რომ იგი წიგნმა უარყო“.

– შენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება ბავშვისთვის, რას აძლევს მას?

– არაფორმალურ სწავლებას დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ვყოფილვარ არაერთი სპორტული თუ ხელოვნებასთან დაკავშირებული წრის წევრი (რისთვისაც დიდი მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც ყოველთვის პატივს სცემდნენ ჩემს ინტერესებს და ახირებებს). ამჟამად ვარ თქვენ მიერ, მაია მასწ (ვითომ თავად არ იცით😊)), დაარსებული საოცარი საზოგადოების, „მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის“ წევრი. აქ თანატოლებთან ერთად ვკითხულობ წიგნებს, ვუყურებ ფილმებს, ვმსჯელობთ, ვაკრიტიკებთ და ბევრ საინტერესო საქმეს ვაკეთებთ.

ჩემს ორი წლის წინანდელ დღიურში ასეთ ჩანაწერს წავაწყდი: „კლუბი მაძლევს ყველაფერ იმას, რასაც ვერ მაძლევს სკოლა. ესაა დიდი თავისუფალი სივრცე ფიქრისა და განვითარებისთვის, საინტერესო, განსხვავებული და ხელოვნების სიყვარულით გაერთიანებული ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა, საკუთარი აზრის გაზიარების უფლება იმ გარანტიით, რომ მოგისმენენ და საკუთარ გამოცდილებასაც გაგიზიარებენ. კლუბი არის ადგილი, სადაც მე ვარ ის, ვინც მე ვარ. ყოველ პარასკევს მოუთმენლად ველი, იმიტომ, რომ ვიცი, არც ერთი ჩვენი შეხვედრა არ ჰგავს მეორეს. სკოლასთან შედარებით აქ დროც ძალიან სწრაფად გარბის, რადგან სულ საყვარელი და საინტერესო საქმით ვართ დაკავებულნი“.

ვფიქრობ, ეს ემოციური ჩანაწერი საკმაოდ ზუსტად ასახავს, რა მნიშვნელოვანი როლი აკისრია არაფორმალურ განათლებას მოსწავლის ცხოვრებაში. დავამატებ იმას, რომ მსგავსი სწავლება ბავშვს ისეთი საჭირო უნარების შეძენა-განმტკიცებაში უწყობს ხელს, როგორებიცაა ჯგუფში მუშაობა, დებატებში მონაწილეობა, შემოქმედებითობა და სხვა. ჩემი აზრით, სკოლა უფრო არაფორმალური უნდა გახდეს.

ხშირად გიგრძნია მასწავლებლებისგან თანამშრომლობითი დამოკიდებულება? შენი აზრით, საჭიროა თუ არა ასეთი ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის?

– ვერ ვიტყვი, რომ ხშირად და ალბათ ამის გამო თავად ვცდილობ, დავიკავო გარკვეული დისტანცია მასწავლებლებთან, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთი დამოკიდებულება საჭიროა. გული სიხარულით მევსება, როცა ვგრძნობ, რომ მასწავლებელი მექცევა როგორც თანასწორ, ჩამოყალიბებულ პიროვნებას და არა როგორც უბრალოდ მოსწავლეს.

როგორ ფიქრობ, რა აადვილებს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას?

– მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას, ჩემი აზრით, გულახდილობა და ურთიერთპატივისცემა აადვილებს. მხარეებს უნდა ჰქონდეთ ერთმანეთის გაგების სურვილი. ბავშვები მცირე სიყალბესაც ამჩნევენ და ძალიან არ უყვართ, როცა უფროსები მათ თავიანთი გამოცდილების სიმაღლიდან უყურებენ. მასწავლებელი, ჩემი აზრით, ზოგად ცოდნასთან ერთად თავის ცოდნასაც უნდა ჩუქნიდეს მოსწავლეებს, ანუ იმას, რასაც თავად მიაკვლია და რაც თავად განიცადა ცხოვრებაში.

 

ხშირად მგონია, რომ მე მასწავლებელი კი არა, მგზავრი ვარ, დროებით რომელიღაც კლასში შეჩერებული (იმ შეგრძნებით, დაღლილი მოგზაური პატარა დაბის მყუდრო სადგურს რომ წააწყდება და ჩამოისვენებს მატარებლის მოლოდინში), ჩემი მოვალეობა მოსწავლეების ყურადღებით მოსმენა და მერე, მათივე სურვილით, დახმარებაა. მინდოდა, თქვენამდეც მომეტანა ერთის პირით თქმული, დარწმუნებული ვარ, ბევრის სათქმელი. სტილიც დაცულია, ფორმაც, ღმერთი, რჯული – არაფერი მიკარნახია. არც გამოცდილი ინტერვიუერი ვარ, არც ილიაობას ვეპოტინები, მაგრამ „ჩემი ცდა მარტო იმაშია, რომ იმის აზრისათვის იმისივე ფერი შემერჩინა და იმის სიტყვისათვის – იმისივე კილო. თუ ეს შევასრულე, ჩემი განზრახვაც შემისრულებია“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი